ნაწარმოებები



ავტორი: როენა_0310
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2015


წერილი


წერილს გწერ და თუ მიკითხავ, მე გეტყვი, რომ არა მიშავს,
დგეს გაწვიმდა ზღვის ქალაქში, ზღვიდან აფროდიტე იშვა...
ცაზე რუხმა ღრუბლის ფარამ სულში სევდა შეარხია,
თუმც ნასევდარ მოგონებას მისხალი არ შელახვია..
არც წყენა, არც საყვედური გულს არ გამიკარებია,
შენზე მეტად ის ჩავლილი წლები უფრო მყვარებია..
არ მეგონა..( მაგრამ რა ვქნა, სიმართლეს ვერ გაექცევი)
თურმე ზოგჯერ სიყვარულსაც ცელავს წარმავლობის ცელი..
ზოგჯერ ბედი ვერუფიქრალ გზა-ბილიკებს მოგატარებს,
ზოგჯერ რაც გულს არა სჯერა, გინდა დააჯერო თვალებს..
არა მიშავს...მერე რა რომ, დრო და ჟამი გაილია,
მერე რა, რომ დღეს ღიმილი ჩემი ცრემლისნაირია..
მერე რა, რომ ზესავალთან ბილიკები გატყიურდა,
ვისურვილე?- წყალი ვნაყე და დღეს ის მაქვს-რაც არ მსურდა...
როგორ გხატე, როგორ გძერწე, გეფერე და გესათუთე,
მაისის მზე ასე ჰკოცნის ჩემს ეზოში დახრილ თუთებს..
ასე რიდით, მოწიწებით, სანთლებს ანთებს ღვთის წინ მრევლი,
ასე სუფთა და წრფელია სინანული კათაკმევლის..
ასე იმედს აბრწყინებენ სალოცავში ოლარებად,
შენთვის მეთქვა ყველაფერი-რასაც ვგრძნობდი-მქონდა ნება..
ახლა გწერ და ეს ბარათიც შენთან არასოდეს მოვა..
კიდევ კარგი, რომ ვერ ხედავ ჩემს ნაქარალ თმებში თოვას...
შენი ტვირთიც მიმაქვს მხრებით, გოლგოთასთან ტკივილმიჯრილს...
როგორ მიჭირს, ,,შეუნდეო“ უფალს ვთხოვო, როგორ მიჭირს!
თუ ოდესმე მომიკითხავ, მაინ გეტყვი-არა მიშავს!-
დღეს გაწვიმდა ქალაქში და ზღვიდან აფროდიტე იშვა..
გიგონებ და ფიქრში დარდი მემატება ერთი ასად..
და მიჭირავს ხელით გული, აქილევსის ქუსლის მსგავსად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები