ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
31 იანვარი, 2015


როდინობის კვირა ( ნაწილი I )


               

სებასტიან კლუგე  სავარძლის საზურგეს  დაეყრდნო და კონკურში მონაწილეებს ღიმილით მოავლო  ცისფერი თვალები.

- ბატონებო! მინდა მოგახსენოთ, რომ ჩვიდმეტმა კონკურსანტმა წარმატებით გაიარა პირველი ტური. თითოულის ცოდნის დონე  მაღალია. სადაც არ უნდა იმსახუროთ, დარწმუნებული ვარ, კოლეგების და უფროსების პატივისცემას და ნდობას დაიმსახურებთ. იძულებული ვარ, თქვენგან მხოლოდ ერთი ამოვარჩიო. ის ერთი დაიკავებს ჩემს კომპანიაში  უფროსი ტექნოლოგის ადგილს. ძალიან მიჭირს პირველი ტურის შედეგებით არჩევანის გაკეთება.  გადავწყვიტე, ძალიან ორიგინალური და სახალისო მეორე ტური მოგიწყოთ. მოგცემთ  დავალებას, რომელიც ნახევარ საათში უნდა შეასრულოთ. რაც შეიძლება მოკლედ, რამდენიმე წინადადებით  მოხაზეთ" საზიზღარი კაცის პორტრეტი" ვისი ნაწერის გმირიც მართლა  საზიზღად მომეჩვენება, ის იქნება გამარჯვებული. ასე მაქვს ჩაფიქრებული. რატომ? უფლებას ვიტოვებ, არ გიპასუხოთ. ვინც  გადაიფიქრა მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, შეუძლია ახლავე დაგვტოვოს. მოემზადეთ!  წავიდა დრო!

ლაღი მოძრაობით აიქნია მკლავი. საათს  დახედა და ფანჯარასთან დადგა, ზურგით დარბაზისკენ. სიჩუმეს ფურცლების შრიალი, ბუტბუტი, სკამის ჭრიალი და ფეხის ნერვიული ბაკუნი არღვევდა. ოცდაათი წუთის შემდეგ კლუგე შემოტრიალდა.

- დრო ამოიწურა, შეწყვიტეთ წერა!
კონკურსანტები დაყრუვდნენ. კლუგე პირველ მაგიდასთან შეჩერდა და სათვალიანი ბიჭისკენ დაიხარა.
- ერთი სიტყვა დამრჩა-თქვა ბიჭმა.
- ჩვენ ხომ შევთანხმდით?
- ვიცი, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა.
- როგორ გეკადრებათ!
- წინადადებას ხომ არ გთხოვთ.
- საშუალება მოგეცით ტურის წინ, არჩევანი გაგეკეთებინათ.
- ეს ტური კი არა, რაღაც ახირებაა.
- ეს ჩემი კომპანიაა და თავს ახირების უფლებას ვაძლევ. იცით, რომ ტესტური გამოცდები თქვენნაირების ფსიქოფიზიოლოგიური და პიროვნული მახასიათებლების გამოსავლენად არის მოგონილი? ეს ჩემი გამოგონება არ გახლავთ. ინგლისელ ფსიქოლოგს, გალტონს უნდა ვუმადლოდეთ. ახლა დაგვტოვეთ!

სათვალიანი შორს არ წასულა. წრიულ  დერეფანში დაიწყო ბოლთის ცემა. უზარმაზარ აკვარიუმს თითი მიუკაკუნა. ჟანგისფერი მღვიმეებიდან გველებივით წვრილი, გრძელი თევზები გამოცურდნენ და წყალმცენარეებს შეერივნენ. კედლებზე მოდერნისტული სურათები ეკიდა. დაბალ ,დეკორატიულ ვაზებში ცეცხლისფერი ვარდები ჩაეხვავებინათ. ნელა გაუყვა რბილ ნოხს. ერთი კარი სანახევროდ იყო ღია. მაგიდაზე უხვად ელაგა ათასნაირი ნუგბარი. ნერწყვი გადაყლაპა. დიდმკერდიანი ქალი სიგარეტის ბოლებით დასტრიალებდა სუფრას და ვიღაცას ძალიან განაზებული ხმით ელაპარაკებოდა. იმ ვიღაცის, მხოლოდ გაპრიალებული ფეხსაცმლის წვერი მოჩანდა.

მეორე კარი არ გაიღო. მესამეს მიადგა. ახლად შეღებილი ოთახიდან საღებავების მძაფრი სუნი გამოდიოდა. ფანჯრიდან მეზობელი აგარაკის დაქანებული სახურავი და ხეთა კენწეროები მოჩანდა. დაიბნა, ვერ მიხვდა სად იყო გასასვლელი. მომდევნო ოთახში მორიდებით შეაბიჯა. უამრავი წიგნი, ფრინველების ფიტულები, ბუხარი და საწერი მაგიდა იყო ამ ოთახის მშვენება. პატრონს კომპიუტერი დარჩენოდა ჩართული. ეკრანზე ბიჭის სურათს მოკრა თვალი. ერთ-ერთი კონკურსანტი იცნო. მარჯვნივ ამ ბიჭის ბიოგრაფიული მონაცემები და სისხლის ჯგუფი იყო განთავსებული. მაგიდაზე შავ-თეთრი და ფერადი ფოტოები ეყარა.  ბიჭი წელიწადის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ასაკში გადაეღოთ. ფეხის ხმა მოესმა. გვარი, სახელი,  მისამართი დაიმახსოვრა და ოთახში მთასავით  დაცვაც  შემოვარდა ქოშინით. . .
   
აივნის მოაჯირზე გვერდულად ჩამომჯდარმა კლუგემ ხმამაღლა გადაიკითხა ნიკა ნაკაიძის “საზიზღარი კაცი”-“ოფლიანი, გაუპარსავი, დამსკდარი ტუჩის კუთხეში ასანთგაჩრილი და მწვანე  პიჯაკში კიტრივით გამოკრული, თვალებამღვრეული ლოთი. . ."

ასე გამოიყურებოდა კლუგეს ნაჩუქარ პიჯაკში გამოწყობილი , ერთდროულად-აგარაკის დაცვის უფროსი, ელექტრიკოსი და საჭიროების შემთხვევაში  ნებისმიერი საქმის შემსრულებელი გენადი. კლუგემ ტუჩები დაბრიცა. აი, ამ კაცმა  ჩააგონა  მეორე ტურის  თემა. ეს კაცი წარმოადგენდა ნიკასთვისაც საზიზღარი ადამიანის ნიმუშს.  ვაჟბატონს კი წარმოდგენაც არ ქონდა, რა როლს თამაშობდა კონკურსის ამბებში. მთქნარებით იხვევდა მკლავზე შლანგს და დორბლიან ძაღლს ისე ელაპარაკებოდა, როგორც ადამიანს.

კლუგემ ნიკას ნაწერი  უბეში ჩაიდო. დანარჩენი, თექვსმეტი კონკურსანტის წაუკითხავი “შედევრები” მოჭმუჭნა და კალათაში დამიზნებით ისროლა.

*
დრო სწრაფად გარბოდა კლუგეს კომპანიაში. გადარბენებზე იყო ნიკა,- კონკურში გამარჯვებული და უფროსი  ღვინის ტექნოლოგი. კვირაში ხუთი დღე კლუგეების ოჯახში ცხოვრობდა. დადიოდა ვენახიდან ვენახში, ქარხნიდან ქარხანაში, საქმიან შეხვედრებზე და ასე შემდეგ. ოჯახი წელში გაიმართა. საყვარელ გოგონას სებასტიან კლუგეს რეკომენდაციით პრესტიჟული სამსახური უშოვა. ძალიან  კარგ ადამიანს და ოჯახის ახლობელს- ბუკინისტ გიორგი ხაჩიძეს, ინტერნეტკაფე გაუხსნა. რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გაუჩნდა. მეზობლები მტკიცე პროგნოზს აკეთებდნენ ნიკას მომავალთან დაკავშირებით - ეს ბიჭი მალე გახდებაო მილიონერი. პოტენციური მილიონერი თავს არ ზოგავდა. გულში მადლობას უხდიდა მშობლებს ღვინის ტექნოლოგიურზე რომ შეიყვანეს. სამუშაო მოსწონდა.

კლუგემ ახალი ქართველებისგან იაფად შეიძინა საკოლექციო ღვინოების დიდი საცავი. სართულებიან თაროებზე ჩამწკრივებული, ობში და აბლაბუდაში გახვეული შამპანური ღვინოები წლობით ელოდნენ მნახველს და დამლევს. ნიკა საცავების ტემპერატურას პირადად აკონტროლებდა. სხვადასხვა ტონალობის ღვინოები შენახვის სხვადასხვა რეჟიმს საჭიროებდნენ.

კლუგესთვის საკმარისი არ აღმოჩნდა სხვა პატრონის ხელში გამოვლილი, მუხის კასრებში, რეზერვუარებში და მამაპაპურ ქვევრებში შენახული ღვინოების რაოდენობა. გადაწყვიტა რამდენიმე ყურძნის ჯიშის შერევით ახალი ორდინალური ღვინო გამოეშვა. დიდხანს ათვალიერებდა ეტიკეტების ნიმუშებს. ბოლოს, თვითონ მოიგონა- “ოქროსფერი შამპანური ღვინო-ვანდა. კლუგეს ზვრებიდან”. ეტიკეტის შუაში, დიდგვაროვანი ქალბატონივით თავდაბურული და პროფილში გადაღებული კლუგეს ძვირფასი მეუღლე  იღიმებოდა.

ახალი ღვინოების დეგუსტაციას კლუგეც ესწრებოდა. შემოუსხდებოდნენ მარანში გრძელ მაგიდას. მუცელგაბერილი ჭიქებით ნელ-ნელა, ყლუპებით აჭაშნიკებდნენ სასმელს. შუქზე გახედავდნენ, დაყნოსავდნენ, დააგემოვნებდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ. ასისტენტი ქალიშვილი გულმოდგინედ იწერდა მონაცემებს: ფერი-ჩალისფერი. გემო-ხავერდოვანი. ბუკეტი-სასიამივნო. არომატი-ხილის ტონების. მჟავიანობა იმდენი, სიმაგრე ამდენი. . .

სამსახურიდან დაბრუნებულ ნიკას დაბარებულივით ხვდებოდა ვანდა სიგარეტით ხელში. საშინელი ჩვევა ჰქონდა  ქალს, ძალიან ახლოს იცოდა მოსაუბრესთან მისვლა. დააცქერდებოდა ნიკას ჯერ ყელზე, მერე ნიკაპზე, მერე ცხვირზე და ბოლოს თვალებში ჩახედავდა.

- როგორ მიდის საქმეები ნიკ?
- კარგად.
- ვწურავთ ყურძენს?
- დიახ, ქალბატონო ვანდა.
- ახალი ხაზი როგორ მუშაობს?
- არ ვუჩივით.
- რას მეტყვი კარგი გამოვა “ვანდა”?
- იმედი მაქვს.
- როგორი, მაინც როგორი იქნება?
- რბილი.
- კიდევ?
- სასიამოვნო არომატით.
- სულ ეს არის?
- ქარვისფერი, ოქროსფერში გადასული.
- სპირტიანობა?
- დაახლოებით თერთმეტი, თორმეტი გრადუსი.
- ეს საკმარისია?
- ამ ღვინისთვის კი.

ვანდა უფრო ახლოს იწევდა ნიკასკენ და სახეში აორთქლებდა სასმელის, თამბაქოს და ყავის სუნს. გამუდმებით დასალევს სთავაზობდა. ნელ-ნელა ანადგურებდა  ეს ქალი პორტუგალიურ მადერას, ფრანგულ კონიაკს, უნგრულ “ტოკაის”. რუსულ არაყს კი არაფრით სწყალობდა. ვანდას,  თავის ქვეყანაში ცნობილ იურისტს, საქართველოს მთავრობამ საეჭვო ვითარებაში მოკლული  პარლამენტარის საქმის გამოძიება მიანდო. ხშირად შედიოდა ვანდა ნიკასთან საძინებელში და დაწვრილებით უყვებოდა გამოძიების დეტალებს.

ღამით მკვდარივით ეძინა ნიკას. დროდადრო  პოლიტიკური შინაარსის სიზმრებს ხედავდა, საშინელ კოშმარებს, მფრინავ ქალებს და კაცებს, პირსისხლიან კლუგეებს. მტანჯველი გრძნობით ცდილობდა გამოფხიზლებას, მაგრამ უხილავი მაჯლაჯუნები მკერდზე აწვებოდნენ და წამოდგომის საშუალებას არ აძლევდნენ.

*
სათვალიანს არც ამჯერად დახვდნენ ნაკაიძეები სახლში. მეზობლის მოხუცმა ქალმა დააკვალიანა,ისე, რომ ჯაჭვი არც მოუხსნია კარიდან. ნიკა კომპანიის პატრონის სახლში ცხოვრობს. ძმაკაცი ყავს, ბუკინისტი გიორგი, აქედან მესამე  კორპუსში მუშაობს. იმას ეცოდინება, მის შესახებ რაც გაინტერესებსო.

დარბაზის ერთ ნაწილში ბუკინისტური იყო, მეორეში - ინტერნეტკაფე. ორი მოზარდი კოპიუტერული  თამაშებით ერთობოდა. ერთს  ხაჭაპური ეჭირა და მადიანად ილუკმებოდა. გიორგი იკითხა. სიგარეტზე გავიდა და მალე მოვაო.

ჯერ, ვიღაც ქალი შემოვიდა ქოშების ბაკუნით. მიიხედა, მოიხედა და უსიტყვოდ გატრიალდა. იღლიებში წიგნებივით ჰქონდა ამოჩრილი რუხი პურები. მერე, ვიღაც  ორმოც წელს მიტანებულმა კაცმა შემოაბიჯა. დახლზე მუშტი ჩამოდო და იატაკს ჩააჩერდა ჩაფიქრებული.გავიდა ხუთი, ათი წუთი. ხაჭაპურისმჭამელმა შემთხვევით მოიხედა და  ანიშნა, ეგ არისო გიორგი.

- უკაცრავად, გიორგი ბრძანდებით?
ბუკინისტმა  სახელოებშემოგლეჯილ და ჟილეტად გადაკეთებულ ჯინსის პერანგიდან თეთრი ძაფის ნაწყვეტი მოიცილა. ნავარჯიშევი, ღონიერი სხეული ჰქონდა. ყურადღებით შეათვალიერა შეკითხვის ავტორი.- 
- გახლავართ
- ნიკაზე მინდა დაგელაპარაკოთ. მითხრეს, რომ კარგი მეგობრები ხართ. როგორ არის, კმაყოფილია სამსახურით?
- კი.ეს კაფე მაგან გამიხსნა. ბავშვების მოსაძებნად შემოსულ მშობლებს იქნებ გვერდზე გაექცეთ თვალი და ერთი წიგნი მაინც გააყოლონო ხელს.
- არავისზე გამოუთქვამს საყვედური?
- ჩემთან არა.
- რამე ხომ არ აწუხებს?
- რა ვიცი, რა უნდა აწუხებდეს?
- იქნებ. . .

გიორგიმ სიგარეტის ნამწვი ჭუჭყიან თეფშზე დაასრისა და გარეთ გაიხედა. ტრამვაის ლიანდაგებს ყრიდნენ მუშები.

- ბიჭო, ხედავ ჩემს ხელებს? შემიძლია რელსი დავგრიხო და მერე, გავასწორო. პირდაპირ მითხარი, რა გინდა? სხაპასხუპით!
- კი ბატონო. ნიკასთან ერთად კონკურსში მეც ვიღებდი მონაწილეობას. მეორე ტური იყო სრული უაზრობა და უცბად მოგონილი. ნერვებმა მიღალატა და კლუგეს რაღაცეები ვუთხარი. გამომაგდო. დავიბენი და შემთხვევით შიდა დერეფანში ამოვყავი თავი. რამდენიმე ერთნაირი კარი გამოდიოდა. ხან რომელში შევედი, ხან რომელში. ბოლოს პატრონის კაბინეტში ავღმოჩნდი. კომპიუტერში  ნიკას სურათი დავინახე. ბიოგრაფიული მონაცემებიც ეწერა. მაგიდაზე  სხვადასხვა ასაკში გადაღებული ნიკას სურათები ეყარა. ამაზე უფრო საინტერესოს გეტყვით. ბიოგრაფიის ბოლოში მითითებული იყო სისხლის ჯგუფი .ჩვენ რომ შევავსეთ, იმ ანკეტაში ეს პუნქტი არ იყო ნახსენები. სხვა რამის წაკითხვა ვერ მოვასწარი, დაცვა დამადგა თავზე.
- რა გქვია?
- ლევანი.
- ლევან, როგორ ფიქრობ, საიდან და რატომ აქვთ ნიკას ბავშვობის სურათები?
- წარმოდგენა არ მაქვს. ერთს მივხვდი მხოლოდ, ის კონკურსი ფარსი იყო, თამაში. ნიკა უნდა ყოფილიყო აუცილებლად გამარჯვებული. 
- ძალიან ჩამაფიქრა შენმა მონაყოლმა. ისე, ნიკა ბოლო დროს რაღაც დაბნეული მეჩვენება. გახდა. თითქოს რაღაც აწუხებს, მაგრამ რა, ვერ ვაკონკრეტებ. გასაგებია, რომ დატვირთულია, ბევრს მუშაობს. . .
- როგორ მოვიქცეთ?
-  ვნახავ ამ დღეებში. არაფერს ვეტყვი. რისთვის ავაფორიაქო? საუბრის დროს შეიძლება რაიმე ხელმოსაჭიდი დავინახო და მერე ვნახოთ.

*
გიორგიმ ტელეფონზე საუბარი დაამთავრა  და  მაღალ ქუსლებზე აწოწილი მსუმბუქი ყოფაქცევის მაკუშაც შემოპაკუნდა.  კანაფით შეკრულ წიგნებზე ჩამოჯდა უხმოდ.
- ადექი!
- რა იყო, შიდსი კი არ მჭირს?
- ჩამოსაჯდომად სკამი არსებობს.
მაკუშა ასლუკუნდა.
- ფული არ მოგცეს?
- ეგ არა.
- აბა?           
- მცემეს.შენი ბრალია ყველაფერი!
- რა არის ჩემი ბრალი?
- მთლად შენი არა, აი, იმ წიგნის. . .
- რა აბდაუბდას ლაპარაკობ? მოყევი ადამიანურად!

მაკუშამ პარიკი მოიშვლიპა თავიდან. ცრემლიანი თვალები იმითი მოიწმინდა და ისევ ატირდა. დიდყურება, მოკლედ თმაშეჭრილი, ტუჩებგაბუშტული მაკუშა ამ დროს ძალიან საყვარლად, საცოდავად და უმანკოდ გამოიყურებოდა.გიორგიმ საჩვენებელი თითით აუწია ნიკაპი. ტუშით შეფერადებული ცრემლები ყურის ძირში ჩამოუგორდა გოგოს. საფეთქელთან ლურჯი ლაქები აჩნდა.

- მომიყევი!
- გახსოვს წიგნი რომ მაჩუქე?
- უამრავი წიგნი გაჩუქე.
-  “ჰარი მორგანი”, “ მეხუთე კოლონა”. აქედან რომ წავედი, ავტობუსში ჩავჯექი. თავისუფალი ადგილი მოვნახე, ის წიგნი ამოვიღე და გადავფურცლე. დრო უამრავი მქონდა.“ჰარი მორგანის” კითხვა დავიწყე. რამდენიმე გაჩერების შემდეგ თავი ავწიე და გავშტერდი. ერთი მგზავრი ისე გამოიყურებოდა, როგორც ყდაზე გამოსახული ჰემინგუეი. იგივე წვერი, იგივე ჯემპრი, გამოხედვა, წარბები. რამდენჯერმე შევხედე.
- ისე, უბრალოდ შეხედე?
- ჰო ,აბა! შენ ხომ არ გგონია, რომ. . .
- რა მგონია ეგ ჩემი საქმეა. მერე?
- ხელი სავარძლის საზურგეზე მედო. იმ კაცმა ადგილი გამოიცვალა. ჩემამდე მოაღწია და თავისი დიდი ტორი ჩემს ხელს უსიტყვოდ დაადო. აიღეთ მეთქი  ვთხოვე. ირონიით ჩაიცინა. თითქოს ასპროცენტიანი უფლება ჰქონდა ასე გვემგზავრა. ყველა ჩვენ გვიყურებდა.
- შეგრცხვა?
- შემრცხვა.
- ნწუ, ნწუ!
- ატეესთან ცოტა დიდხანს აჩერებს ავტობუსი. მგზარები რომ ამოვიდნენ, იმ საზიზღარმა ინება და ხელი ამიშვა. დრო ვიხელთე, წამოვხტი და ფანჯარაში გავყავი თავი. პირველი, რაც ენაზე მომადგა ის დავიძახე.- ჰარი! ჰარი! ლუდის ჯიხურთან შეგროვილ კაცების ჯგუფს ერთი სახენაიარევი გამოეყო. მისალმების ნიშნად ხელი აწია და ავტობუსისკენ წამოვიდა.
- ნაცნობი იყო?
- არა. მე ნიშნის მოგებით გადავხედე “ჰემინგუეის”. ის კაცი ჰარია, ჩემი ქმარი. ახლა ამოვა და საკუთარ უკანალს უსარკოდ დაგანახვებს მეთქი. სახენაიარევმა სიგარეტი ბორბლებში შეაგდო, გაიღიმა და კარებში ძლივს შემოატია განიერი მხრები. იმ კაცს შეეშინდა და უკანა კარიდან ჩახტა.  სახენაიარევმა ბორძიკით გაარღვია ხალხი და ბოლო სავარძელზე ვიღაცეებს გადაეხვია. ის გაბითურებული იდგა. მიყურა, მიყურა და გადააფურთხა. ტუჩებს ისე აცმაცუნებდა მგონი მაგინებდა. მეორე დღეს, ცაცას სალონთან რომ ბნელი, ვიწრო ადგილია იქ გამოვდიოდი. ზურგიდან ვიღაც მომეპარა. ფეხი დამიდო და გავიშხლართე. ჯერ წიხლები მირტყა. მერე თმებში ხელი ჩამავლო, თავი უკან გადამიწია და მუშტები წამიშინა. მცემდა და დამძახოდა,  მაშ, ჰარი ჰქვია არა შენს ქმარსო. რაც იმას ვწყევლე. . .
- რა გეშველება?!
მაკუშა მოიბუზა და ხმაურით ჩაყლაპა ცრემლები.
- იცი, შენ ახლა რა გინდა? ოჯახი, სულ მცირე სამი, ოთხი ბავშვი და  ჯანიანი, მუტრუკი ქმარი.
- მუტრუკი რა საჭიროა?
- საჭიროა. ცემა წამალივით რომ გამოგიწეროს ზოგჯერ.
  მაკუშას თვალები გაუბრწყინდა.
- იცი, რატომ მიყვარხარ?
- ვიცი.
- არაფერიც არ იცი. იმიტომ, რომ სხვა კაცებივით არაფერს მთხოვ. როცა შენ მელაპარაკები თავს ადამიანად ვგრძნობ. გიყურებ და მიკვირს. შენისთანა კაცი ცოლმა როგორ მიატოვა?

გიორგი  გაწითლდა და კედელს გამეტებით დაარტყა მუშტი.
- გიკრძალავ, გესმის? მეორედ მოუკრაფავში გადასვლა არ გაბედო!

შეშინებულმა მაკუშამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. გიორგი მაგიდას გადაეყუდა და ტელევოზორი ჩართო . ამერიკულ ფილმს უჩვენებდნენ. ჟიმაობაში უნდა ამომეხადა შენთვის სულიო. სინანულით გასძახოდა მიტოვებული კაცი ცხენისთავა ქლს. მაკუშა ხმის ამოღებას ვერ ბედავდა. პარიკზე მონდომებით ასწორებდა წითურ კულულებს. ვერ გაიგეს, ისე შემოვიდა ნიკა. გამხდარი და თვალებამოღამებული.
 
- მგონი ვკვდები.
გიორგიმ პირდაღებულ მაკუშას გახედა.
- მაკუშ, დაგვტოვე!
- ვიქნები რა, იქნებ რაში დაგჭირდეთ.- ყელი გამოიწია მაკუშამ
- წადი, გთხოვ!
მაკუშამ პარიკი ჩამოიფხატა და კარი გამოაღო.
- ჩემი გოგო, დაადევნა გიორგიმ.- იმ ნაბიჭვარს მოვძებნი და შენს ლამაზ ფეხებთან ვახოხიალებ.
- ხოო, აბა!- არ დაიჯერა მაკუშამ და გარეთ გავარდა.
- მგონი ვგიჟდები.- საკუთარ თავს მეორე დიაგნოზი დაუსვა ნიკამ.
- ეს რა მესმის ღმერთო! ერთი სცემეს. მეორე ჯერ კვდება, მერე -გიჟდება. მოგვიანებით შეიძლება ვიღაცამ ყავარჯნებით შემოალაჯოს. გინდათ გავაფრინო?
- კომპანიიდან უნდა წამოვიდე. არც იმათი სამსახური მინდა, არც ხელფასი, არც მანქანა.
- გაჩმორებენ.
- პირიქით.
- არაფერი  მესმის.
- არც მე მესმის. გახსოვს, წინანდალში რომ წავედით მთელი კურსი პრაქტიკებზე? რაც იქ ღვინო ვსვით და ვილოთეთ! სხვისი არ ვიცი და მეორე დღეს თავს ჩიტივით ვგრძნობდი. კლუგეებთან თავიდან კარგად იყო ყველაფერი. ეს ერთი თვეა გამოწურული ლიმონივით ვარ. საღამოს მოცელილივით ვეცემი საწოლზე. არაფრის თავი არ მაქვს. დილით ხან ვინ მაღვიძებს ხან ვინ. გაბრუებული დავდივარ. მხედველობაც დამაკლდა. სიარულის დროს მუხლები მეკეცება. ამას კიდევ რა უჭირს, იმისთანა კოშმარებს ვხედავ სიზმარში, გაღვიძებულს თმები ყალყზე მიდგება. არაფერი მტკივა. მაგრამ შინაგანად ვიშლები და ვიფიტები.
- თანამშრომლები თუ გამჩნევენ მაგ ცვლილებებს?
- კი. კლუგეს ვენახებს ნუ გადაყვებიო მაფრთხილებენ.
- ის რაღას ამბობს?
- წუხს. მებოდიშება ასეთი დატვირთული რომ ვარ.

ნიკა  ვიტრინასთან მივიდა. გახურებული შუბლი მინას მიაყრდნო.

- იცი, კლუგეს ცოლის ატანა არ მაქვს. გაუთავებელი შეკითხვებით სული ამომხადა. ნიკ, აბა რას გვეტყვი ახალს? ნიკ, როგორ გეძინა? ნიკ, რაზე ოცნებობ? ფუჰ, სულში მიფათურებს ხელებს. ნამდვილი გველია დედას გეფიცები. ზოგჯერ სურვილი მკლავს, ვაგინო ან გავულაწუნო.

გიორგიმ ნიკას პერანგზე ზურგთან ათთეთრიანის ტოლი  სისხლის ლაქები შეამჩნია. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა.

- კიდევ რაღაც მინდა გითხრა. რამდენჯერმე რომ განმეორდა, ყურადღება მივაქციე. ერთხელ ჩაცმულს ჩამეძინა. დილით კი ტრუსებში გავიღვიძე.
- იქნებ ნახევრად მძინარემ გაიხადე?
- ერთხელ შეიძლება ვერ გავიხსენო, მაგრამ რამდენჯერმე? ერთი საეჭვო დეტალიც.- დილით აღმოვაჩინე, რომ წინდები მეცვა ლოგინში.  მე, ახალგაზრდა კაცი თბილ ამინდში წინდებით ვწვები? სამჯერ ისიც დავაფიქსირე, თავი იმ მხარეს მედო, სადაც ფეხები მაქვს ხოლმე. სამსახურში აღარ დავბრუნდები.
- იცი, მთელი ცხოვრება სინანული დაგტანჯავს, რატომ არ გაარკვიე, რა ხდებოდა შენს თავს. უკან დაბრუნდი! მე მივხედავ მაგ საქმეს. საღამოს სასმელი თუ შემოგთავაზეს, პირი არ დააკარო. კლუგეს აგარაკის სიახლოვეს თუ დამინახე, არ მიცნობ. რაც კი საეჭვოდ მოგეჩვენოს, მაცნობე .

*         
ნიკას გამოეღვიძა. შუქი აანთო და საათს დახედა. პირველი ხდებოდა. წყურვილი იგრძნო. ტუმბოზე ჭიქა შენიშნა. რაღაც წვენი ჩარჩენილიყო ფსკერზე. გიორგის  გაფრთხილება გაახსენდა. ანერვიულდა. ოთახში საეჭვო და საგანგაშო ვერაფერი შენიშნა. სასადილოში გავიდა და პირდაპირ ონკანიდან დალია წყალი. ჰოლში მიმავალმა მუხლებში სისუსტე იგრძო. კედელს მიეყრდნო. ერთი კარიდან, სხვა დროს ღია რომ არ ენახა, სუსტი შუქი გამოდიოდა. ცნობისმოყვარეობამ სძლია. თავს ძალა დაატანა და კართან მიიპარა.

ვიწრო ჭრილში სავარძლის ზურგი და ტელევიზორი ჩანდა. სახელურზე მამაკაცის ხელი იდო. პულტს აწვალებდა. ჩახველებაზე იცნო სებასტიან კლუგე. ნიკამ მხედველობა დაძაბა. კლუგე შავ-თეთრ, ძალიან ძველ  დოკუმენტურ ფილმს უყურებდა. . .

"თეთრხალათიანი მამაკაცები გრძელ დერეფანში მიდიოდნენ და უკან იტოვებდნენ დერმატინაკრული კარებების მთელ რიგს. . . მაღალჭერიან კაბინეტში სვასტიკიანი დროშის და ფიურერის პორტრეტის ქვეშ გაჭიმული მაღალი რანგის ოფიცერი მოუთმენლად ისწორებდა ტყავის  ხელთათმანებს. ერთმა  რაღაც მოახსენა. მალე ახმახმა ჯარისკაცმა ხელისკვრით შემოაგდო კაბინეტში ახალგაზრდა ტყვე მამაკაცი. ყველანი ფარული კარით გავიდნენ მეზობელ ოთახში. ორი დიდი ნათურით იყო იქაურობა განათებული. ოპერატორმა ახლოდან გადაიღო საოპერაციო მაგიდა,  ინსტრუმენტები, ჟანდბადის ბალიშები და მბზინავი ცილინდრები. ტყვეს სასოწარკვეთა გამოეხატა სახეზე და გაქცევა სცადა. ჯარისკაცმა ავტომატის კონდახი ჩასცხო ფერდში და დააჩოქა.

ექიმებმა ტყვეს რიგრიგობით გაუსინჯეს: წნევა, გული, მხედველობა, ნერვული სისტემა და ოფიცერს დასკვნები მოახსენეს. წელს ზემოთ გაშიშვლებული ტყვე სამსხვერპლო ხარივით წამოაქციეს მაგიდაზე. პირქვე დაამხეს და ხელ-ფეხი სამარჯვებით დაუმაგრეს. ტყვე გამხდარი ხელების ქნევით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას.

მაღალი, ტუჩებმოკუმული ქალი იხმეს, მკლავზე ებრაელის ნიშანი ეკეთა. ოფიცერმა რაღაც კითხა. ქალმა თავი დაუქნია და სტენოგრაფიულ აპარატს მიუჯდა. ექიმები გავიდნენ. ოპერატორი ყველა წვრილმანს აფიქსირებდა. ოფიცერმა მუნდირი გაიხადა. შანდლებში  შავი სანთლები დაანთო და ტყვეს რაღაც  ჩასჩურჩულა ყურში.ახლა აქ გადაიღეო, ანიშნა ოპერატორს და ტყვის ზურგზე მიუთითა. ნიკამ ძლივს შეიკავა ყვირილი. ტყვეს ხერხემალზე ისეთივე ხალების სამკუთხედი ჰქონდა, როგორიც თვითონ. ნახევრად ბურანში მყოფს იმის აზრი შემორჩა, რომ ხმა არ ამოეღო.

ოპერატორმა ახლოს აჩვენა შიშჩამდგარი, მოლოდინად ქცეული თვალები. ისეთი ნაცნობი სახე ჰქონდა იმ ტყვეს, ისეთი რომ. . .ოფიცერმა ხალების სამკუთხედში წრე შემოხაზა და ობიექტივს გაუღიმა. იმასაც ისეთი ნაცნობი სახე ჰქონდა, ისეთი რომ. . .

ნიკამ მკერდზე მუშტი მიიჭირა. საშინლად და არათანაბრად უცემდა გული. დაძაბულობისგან წნევამ აუწია. ძილიც თავს ართმევდა. მტკივნეულად უვლიდა საფეთქლებზე მოწოლილი სისხლი.

ოფიცერმა ფიურერის სურათის უკან დამალულუ სეიფიდან პატარა, ბრტყელი კოლოფი გამოიღო. კოლოფიდან საჭირო რაოდენობის სითხე ამოტუმბა და ტყვეს ხალების ცენტრში გაურჭო ნემსი. ტყვე მაგიდაზე არახუნებდა თავს. ოფიცერმა კისერზე დააჭირა ხელი. საცოდავი მოეშვა. მძიმედ სუმთქავდა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ტყვე ალაპარაკდა. პირდაღებული სტენოგრაფისტი გაშტერებული დასცქეროდა აკორდებს და აცახცახებული ხელებით უკაკუნებდა კლავიშებს. ტყვემ თვალები გაახილა და. . ."

ვანდა გამოჩნდა მოკლე ხალათის ფრიალით და ნიკამ ვეღარ დაინახა რა ხდებოდა ეკრანზე. ვანდამ ზიზღით გადახედა კლუგეს.
- რამდენჯერ უნდა ნახო, არ მოგბეზრდა?
- არა. ცოტა დამრჩა. მოდი, ერთად ვუყუროთ.
- ეგ მაკლდა ამ შუაღამისას. ძილის დროა.
-  ნიკა რას აკეთებს ახლა?
- სძინავს, სხვას რას უნდა აკეთებდეს.

კლუგეს პულტი დაუვარდა. დაიხარა და რაღაც თქვა. ნიკამ ვერ გაიგო.

- კი, თანაც ძალიან მაგრად.-უპასუხა ვანდამ და ხალათი გაიხადა. 
დიდი, ჭორფლიანი მკერდი ქონდა. კლუგე ოხვრით წამოდგა და ტელევიზორი გამორთო. ნიკა კედელ-კედელ მიუყვებოდა დერეფანს. რაღაცას წამოედო და იატაკზე გაიშხლართა. უკანასკნელად, რაც ყურში ჩარჩა, დაცვის ბიჭების ოთახიდან ამოსული ტელერეკლამა იყო: “რიკო, ხარისხიანი პრეზერვატივების ფართო არჩევანი.”
   
გენადი ასანთის ღერით იჩიჩქნიდა კბილებს.
- ბიჭო, ნიკა! რა მალე გეკიდება სასმელი, რა არის?
- არ მესმის რაზე ლაპარაკობთ.
- ძლივს აგაყენეთ მთვრალი.
- ამაყენეთ?!
- დერეფანში ეგდე გათიშული.
- ვეგდე და ვეგდე. თქვენ ვინ დაგავალათ ჩემი აყენება?
- ქალბატონმა ვანდამ. ბატონმა სებასტიანმა. კარგა მძიმე კი ხარ, აი!
- მადლობას მოგახსენებთ ძვირფასო გენადი!
- გეკადრება! ძმები არ ვართ ბიჭო?
      ვანდამ ჩაიარა. ჭრელი საცურაო კოსტუმი ეცვა. გენადიმ ასანთის ღერი ჯიბეში შეინახა და ნერწყვი გადაყლაპა.


გაგრძელდება
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები