ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: პოეზია
3 თებერვალი, 2015


  ჩამოტვირთვა

ამოსვლა



                            ზოგს - ნიკაპქვეშ მუშტი უნდა ამოჰკრა, ზეცისკენ აახედო და აიძულო     
                            დაინახოს ღრუბლები...თუ გიყვარს, რაღათქმაუნდა!

                                                                                          ლეა ქვინ

ესროლე ქამანდი!
იქნებ მიაწვდინო მწვერვალს...
იქამდე წრიაპი მოირგე – მოთმინება.
საგზლად –
ხმელი ლექსი (ის ერთი თუნდა...)
ბღუჯა ბალახი.
თბილად ჩაიცვი!
ჩაიცვი თბილად!
ლეოპარდივით არ გამეყინო!
მერე იტყვიან: რა უნდოდაო ამ სიმაღლეზე?
რას დაეძებდაო ასეთ ავდარში?
–გ ა ნ ა  არ ღირდა  კ ი ლ ი მ ა ნ ჯ ა რ ო?
დამიჯერე,
ჩაიცვი თბილი...თბილი...უძირო
ზეცა და კიდეც რომ გაათოვოს,
სხვაა  ხიდიდან უცქირო და
იისფერი გეჩვენოს თოვლი.
(ეგეც მთაა,
ოღონდ უფრო მაღალი)
იქნება!
იქნება ქარიშხალიც,
სულ გაშლილი მხრით
ხომ ვერ აგიშვებს?
მუხლისთავიც დაგეყვლიფება,
გზებიც გაგქანცავს,
ხელს თუ ჩაიქნევ?
თვალი მწვანე კორდებისკენ თუ გაგექცევა?
...........................................
თითქმის შუამდე ამოსულხარ,
(როგორ დავსველდით)
ამ ჯერზე კმარა!
აქ გაშლი კარავს,
გაშლი კარავს
და –
ჩაფიქრდები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები