ნაწარმოებები



ავტორი: აირინი
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2015


როდინობის კვირა ( ნაწილი II )

ნიკამ იმ ღამის შესახება გიორგის აცნობა. გიორგიმ-ლევანს.
- პოლიცია უნდა ჩავრიოთ.-გამოსავალი მონახა ლევანმა.
- რას ამბობ?- გაგიჟდა გიორგი.- მაინც, რას ეტყვი კონკრეტულად პოლიციას?
- ბავშვობის სურათები. სხვა მონაცემებიც.
- აქეთ მოგდებენ შარს სხვის კოპიუტერში ძრომიალისთვის.
- კაცი აშკარად ცუდად გრძნობს თავს.
- ზომაზე მეტს სვამსო.
- სიგამხდრე, საშინელი ფერი სახეზე და ღამის კოშმარები?
- მუშაობით გადაიქანცაო.
- მაშ, გამოსავალი არ ყოფილა?
- ჩვენ უნდა გავერკვეთ ყველაფერში. იმათ არ იციან, რომ ჩვენ რაღაც ვიცით. უფრო მომგებიან პოზიციაში ვართ. კლუგეს იმდენი ფული აქვს, ნებისმიერი სიტუაციიდან დაიხსნის თავს.
- ხიფათის სუნი მცემს.
- გეშინია?
- არა, ვფრთხილობ. ისინი მარტო არ ცხოვრობენ. ყავთ დაცვა, მომსახურე პერსონალი.
გიორგიმ იმედიანი მზერა მოავლო წიგნებით გადაჭედილ თაროებს.
- იცი ლევან, ბევრი, ერთი შეხედვით ჩახლართული, ბურუსით მოცული საქმე საოცრად ადვილად და მარტივად გახსნილა.. .

*
გიორგიმ ჟანგიან რკინის სოლზე მიბმული ნავი ახსნა და მდინარეში შეცურდა. მეორე ნაპირზე ყურესავით იყო შეჭრილი. ნავი იქ მიაყენა. შავი სათვალეებიდან  დაზვერა მიდამო. კლდის ქიმზე გენადი გადმოდგა.
- ძმაო!- დაუძახა გიორგის.-თევზაობ?
- ვაპირებ.
- იქით ვერ ითევზავებ? წადი, აქაურობას მოსცილდი!
- გინდა თქვათ რომ თქვენს ტერიტორიულ წყლებში შემოვიჭერი? რა ვქნა, ვერაფრით მივხვდი, თქვენი სასაზღვრო ზოლი სად გადის?
გენადიმ ჩაიმუხლა.
- არ მინდა გავბრაზდე.
- ეს ნაპირი პრივატიზებული გაქვთ?   
- გვაქვს.
- საბუთი მიჩვენე.
გენადიმ ქუიდი მოიხადა და თავი გაინიავა.
- რა მოგიხერხო ახლა მე შენ?
გიორგი უდარდელად გადაწვა კიჩოზე.
- მშვენიერი ადგილია!
- ეს ადგილი და ის სახლი მე მაქვს ჩაბარებული.
- ვაშავებ რამეს? გადმოვედი ნაპირზე? გემუქრები? გაგინებ? არაფრით ვარღვევ ამ ნაპირის უსაფრთხოებას. ეს მტკვარი ყველასია. სადაც მინდა იქ ვითევზავებ. თუ გავაფრინე, შეიძლება თავიც დავიხრჩო. შეიძლება, შენ დაგბრალდეს ეს ამბავი. ვიღაცეებმა უკვე დაგვინახეს.
- აქ თითქმის ყველას ვიცნობ. ვისთან ხარ?
მეორე ნაპირზე წამოჭიმულ, გენადის საპატრონო სახლზე არანაკლებ მდიდრული აგარაკისკენ გადააქნია თავი გიორგიმ.
გენადი ცხელ ლოდზე ჩამოჯდა. იარაღის ტარი გამოუჩნდა.
- რევოლვერია?
- სტეჩკინის ავტომატური პისტოლეტია, ჩეჩნებმა მაჩუქეს.
- მძიმე ჩანს, როგორ დაგაქვს? 
- კილოზე მეტია, ტყვიების გარეშე. ოც ტყვიას იტევს და სულ მცირე ორას მეტრში ისვრის.
- არაა?!
- გინდა დაგიმტკიცო? დაგცილდები მაგ მანძილზე. თავს ზემოთ რაღაც დაიჭირე და გიჩვენებ ჩემს ოსტატობას.
- რომ მომახვედრო?
- არ არსებობს!
ნაპირ- ნაპირ მიდიოდა გენადი და უზარმაზარ ტერფებს წყალში ატყაპუნებდა.როცა დარწმუნდა, რომ ორასი მეტრი გაიარა,გიორგის ხელი დაუქნია. გიორგიმ გამხმარი კუნძი მოძებნა, გამოსაჩენ ადგილზე დადგა და მკლავი მაღლა აწია.

ტყვიამ წივილით გააპო ჰაერი და კუნძი ნაფოტებად აქცია. სროლის ხმა ექოდ გახმიანდა ხეობაში. ჩიტები ჟივჟივით აფრინდნენ  ნაძვებზე. ამ დროს, ვანდა აუზში ნებივრობდა. სროლის ხმაზე წყლიდან ამოვიდა და ფეხშიშველი გაეკიდა დაცვის ბიჭებს. ტერასა ზიგზაგურად ეშვებოდა მდინარეზე. ფრთხილად გადაიხედა ბეტონის მოაჯირიდან. გენადი უცნობ მამაკაცს ელაპარაკებოდა ხელების ქნევით. ის უცნობი იდაყვით გასაბერ რგოლს ეყრდნობოდა. მარჯვენა სიგარეტიანი ხელი მუხლისთავზე ედო და  ყურადღებით უსმენდა გენადის. ძალიან გავდა სიქსტის კაპელაზე გამოსახულ მიქელანჯელოს ადამს. ისეთივე ზვიადი გამოხედვა, დაკუნთული, თითქოს ბრინჯაოსგან ჩამოსხმული მკლავები, მკერდი, ღონიერი კისერი. ისეთი მამაკაცური იყო, ისეთი ვნებიანი. ასეთი კაცი ცხოვრებაში არ ენახა ვანდას.

უცნაურ სურათებად გადაბმულიყო ერთმანეთზე: გიორგი  ნავში. ცოტა ზემოთ- გენადი, კიბეზე ამავალი ვანდა, მზემოკიდებულ  ტანს გამომწვევად რომ მიაქანებდა და წელამდე სცემდა ჩალისფერი თმა. ვანდას რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩებოდნენ დაცვის ბიჭები. სულ ზემოთ, გზის დამცავ ფოლადის ძელზე გადმოყუდებული სოფლელი გოგოები, მუჯლუგუნების კვრით რომ ახედებდნენ ერთმანეთს ქვემოთ. კრიალა ცაზე  ყვავები ყრანტალით მისდევდნენ ერთმანეთს.

საათზე მეტი ილაპარაკეს გენადიმ და გიორგიმ. გიორგი ამიერიდან  გენადის ძმა და მეგობარი იყო. ნებისმიერ დროს შეეძლო  მასთან  სტუმრობა,  აგარაკზე და სახლში. საჭირო წვრილმანებიც გაიგო:

1.    გენადი კლუგეებისთვის მეტად საჭირო კაცი იყო.
2.    ცოლ-ქმარი შვენივრად ფლობდა ქართულ ენას.
3.    ვანდა ადვილად შედიოდა კონტაქტში უცნობებთან. მოსწონდა ქართველი მამაკაცები.
4.    სებასტიან კლუგე კვირაში ორ დღეს ღვინის ქარხანაში ატარებდა.
5.    კლუგეები უშვილოები იყვნენ.
 
იმ დღის შემდეგ,  ხშირად სტუმრობდა გენადის აგარაკზე. თითქმის ყველა გაიცნო. ქალბატონ ვანდასთანაც ქონდა ხანგრძლივი და საინტერესო საუბრები, მოულოდნელი შეხვედრები გზაზე, ჭიშკართან, ბაღში, გენადისთან სეირნობისას და ასე შემდეგ.

ვანდამ თავი დაკარგა. გაცნობიდან  ერთი თვის  შემდეგ,  მკლავებში ჩაუვარდა  გიორგის. მიხვდა, რომ ამ კაცის გარეშე, სიცოცხლე არ შეეძლო და მდინარეზე  ჩასასვლელი საიდუმლო გვირაბის გასაღები ჩააბარა.

არ მოელოდა ბუკინისტი საქმის ასე შემოტრიალებას. მშვენივრად თამაშობდა სიყვარულით გადარეული კაცის როლს და აოცებდა საკუთარ თავში, მოულოდნელად აღმოჩენილი, არტისტული მონაცემები.
 
*
ვანდა ნიკას საძინებლიდან გამოვიდა. იგრძნო ჰოლში მარტო არ იყო. აკვარიუმის გვერდით  გიორგი  შენიშნა. შეშინებულმა ხელისკვრით შეაგდო სტუმრებისთვის განკუთვნილ ოთახში. გაუფრთხილებლად რატომ მოხვედიო, უსაყვედურა. მომენატრეო, ჩურჩულით იმართლა თავი გიორგიმ და ლოყაზე დაუსვა ხელი. ვანდას გააჟრჟოლა, მოეშვა და კისერზე ჩამოეკიდა. . .

ქლმა ფარდები გადაწია ფანჯარაზე. მთვარის შუქით აივსო ოთახი. ბარიდან  ჭიქები გადმოიღო და სასმელით შეავსო. გიორგი მოულოდნელად  გადმოტრიალდა  და დაინახა, როგორ ჩაყარა ვანდამ ერთ ჭიქაში რაღაც ფხვნილი.

სებასტიანის ხმა მოისმა შორიდან, ვანდას ეძახდა. ქალმა ჭიქები დაბალ მაგიდაზე დადგა, თითი ტუჩზე მიიდო და გავიდა. გიორგიმ თავისი სასმელი კაქტუსს ჩაუსხა ქოთანში და ახალი დაისხა. ვანდა მალე დაბრუნდა.  გადაუდებელი საქმე აქვს მეუღლეს, უჩემოდ თავს ვერ ათმევს და მოგიწევს რაღაცა დროით მარტო ყოფნაო. ერთმანეთი ადღეგრძელეს და ჭიქები ბოლომდე დაცალეს.

გიორგი  მთქნარებით მიწვა პატარა ბალიშებზე და მსუმბუქი ფშვინვა ამოუშვა. ვანდამ ხელი გადაუსვა  ლამაზ სხეულზე. ზიზღით გაიხსენა ქმრის გამხდარი, ჭაღარა ბალნით დაფარული წვივები.
- მაპატიე ძვირფასო! არაფერი მოგივა. დაგაძინე მხოლოდ.
ტუჩებში აკოცა და ფრთხილად გაიხურა კარი. ცოტა ხნის შემდეგ, გიორგი წამოდგა. ეზო მათვალიერა. დაცვის ერთი წევრი მობილურზე საუბრობდა. მეორე სიგნალიზაციას ამოწმებდა. ძაღლები რაღაცას ღრღნიდნენ. გენადი  არ ჩანდა.

ჩაბნელებულ ჰოლში გავიდა. ერთი კარი ბოლომდე გაიღო. სინათლის სხივი წრიულ კედელზე ირიბად გადატყდა. ყვავილებს ამოეფარა და მხედველობა დაძაბა. კლუგეებმა საკაცე ერთი ოთახიდან მეორეში შეაგორეს. ვანდამ აივნის კარზე საკეტი შეამოწმა და უკან შეტრიალდა.

სუნთქვაშეკრული გიორგი კარის ჩარჩოს აეკრა. წითელ ოთახში  სანთლების შუქზე რაღაცას აგვარებდა წითელხალათიანი ცოლ-ქმარი. საკაცეზე ნიკა იწვა. გონდაკარგული და წელზევით შიშველი. სებასტიანმა უხეში მოძრაობით გადააბრუნა ბიჭი. ნიკას მარჯვენა ხელი უღონოდ ჩამოუვარდა. ვანდამ პულსი გაუსინჯა ნიკას.

- რაო?
- ასე გაგრძელება არ შეიძლება. ამ საქმეს უნდა შევეშვათ.
- სხვისთვის ხომ არ ვირჯებით.
- არ ვიცი,  რამდენს გაუძლებს?
- ახალგაზრდაა, ჯანმრთელი.
- ამისი ფერი არ მომწონს. სისხლის გადასხმა დასჭირდება.
- გადავუსხათ, გენადი აქ არ გვყავს?
- მეცოდება ეს უბედური. ძალიან თავაზიანი და განათლებულია.
სებასტიანმა ტუჩები დაბრიცა.
- ხომ არ შეგიყვარდა?
- შვილად მერგება, რას ამბობ?!
- ალისია ბრეიხოვა რატომ არ გეცოდებოდა?
- ლოგინში უგორდებოდი და იმიტომ.
- კამერა სად გაქვს?
- აქ მაქვს, აქ.- გაღიზიანდა ვანდა.
- ბოლო დროს უგულოდ ეკიდები საქმეს.
- გეჩვენება.

სებასტიანი ნიკას თავთან დადგა. უგონო ბიჭს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ვანდას მომზადებული შპრიცით რაღაც სითხე შეუყვანა ზურგში და საათს დახედა. ნიკას გააკანკალა და პირიდან სისხლი წასკდა. ხელებს იჭამდა გიორგი. შევარდნილიყო და ერთმანეთზე დაეკლა ცოლ- ქმარი? მერე, როგორ ეშველა ნიკასთვის? რა უნდოდა, რა ჭირდებოდა გონს მოსასვლელად? ბოლომდე უნდა გაეძლო და  გაეგო ყველაფერი .

სებასტიანს სახე გაუბრწყინდა.
- დაეწყო ვანდა, დაეწყო!
ვანდამ კამერა მოიმარჯვა და ნიკას წინ დადგმულ ეკრანს დაუმიზნა ობიექტივი. ნიკამ ქუთუთოები მძიმედ აწია. მისი თვალებიდან, როგორც საპროექციო აპარატიდან გამოტყორცნილი სინათლის ორი, თითქმის ფოსფორული ნათების ნაკადი ეკრანზე შიშინით დაიფრქვა და ქალის და კაცის გამოსახულება გამოჩნდა. საშინელი და ძრწოლის მომგვრელი სანახავი იყო წითელ ოთახში თვალებიდან  შუქისმფრქვეველი ადამიანის ხილვა. ნიკა სხვისი ხმით ლაპარაკობდა. ნაწყვეტ- ნაწყვეტად ისმოდა რაღაც სიტყვები და ფრაზები: “შეენ?!”, “არა, გთხოვ!” “გახსოვდეს! გახსოვდეს! “ “მერე, შვილები?”

აღტაცებული სებასტიანი საკაცეს გარს უვლიდა.
- მიდი ვანდა, მიდი!
ვანდა მონდომებით იღებდა ეკრანზე მიღებულ გამოსახულებას.გიორგი წამიერად გაელვებულ ფრაგმენტებს ხედავდა. გამოსახულებას ნელ-ნელა ეკარგებოდა სიმკვეთრე. წამალი ძალას კარგავდა. სებასტიანმა  წელზე ხელი დაარტყა ნიკას მოწონების ნიშნად.
- ეს ბოლო იყოს, კარგი?- შეეხვეწა ვანდა.
- არა, ეს ჩვენი ბედისწერაა! ერთი ის ვიცი, რომ ყველაფერი ეს სიკვდილამდე არ მომბეზრდება.
- უნდა გაგცილდე.
- აბა გაბედე! ძვირფასო, გახსოვს დედაშენი როგორ დაიღუპა?
- დედაჩემი რა შუაშია?
- ფრთხილად! გვარში ტრადიციად არ გექცეთ უბედური შემთხვევები.

     
ვანდა ოთახში დაბრუნდა. გიორგიმ ხელი სტაცა და ზურგით კედელს ააკრა. მძიმედ სუნთქავდა.
- მომისმინე, ძუკნა!- არ გაგიმეორებ. ყველაფერი დავინახე. რამის უარყოფა არც გაბედო. თორემ, მოგკლავ, შენს ბებერსაც ზედ დაგაკლავ და ორივეს მდინარეში გადაგიძახებთ. ჯერ რამდენიმე შეკითხვაზე მიპასუხე. ისტერიკების გარეშე!
ვანდამ თავი დაუქნია.
- ნიკა გონს როდის მოვა?
- დილით.
- თავისით თუ . . .
- თავისით.
- დაჯექი და დაწვრილებით მომიყევი, რა ხდება ამ ბუნაგში? არაფერი გამოტოვო. თუ მივხვდი, რომ შენს მონაყოლს რაღაც აკლია, დანაპირებს აგისრულებთ. 
ვანდა ატირდა. მდაბიურად, მაჯით მოიწმინდა ცხვირი.

-- ჩემი მეუღლის პაპა სებასტიანი პირველ მსოფლიო ომამდე გენერალ შლიფენის პირად ექიმად მუშაობდა. შლიფენი გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი იყო მრავალი წლის განმავლობაში. გენერალი ომის დაწყების წინ ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. ომის დამთავრების შემდეგ სებასტიანმა გადაწყვიტა, რომ მას შტაბში აღარაფერი ესაქმებოდა.სამსახურს თავი დაანება და არქეოლოგიურ ექსპედიციას გაყვა ეგვიპტეში. ექსპედიციის მიზანი იყო, ასუანის კაშხალის მიმდებარე ტერიტორიაზე დატბორილ და შედეგ ამომშრალ უბნებზე არქიტექტურული ძეგლების მოძიება და რესტავრაცია.
 
ჭაობიანმა ადგილებმა, კოღომ, მალარიამ იმოქმედა სებასტიანის ჯანმრთელობაზე. ერთი წლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მეუღლესთან და შვილთან ერთად ქალაქ შტუდგარტში დასახლდა. სახელი გაითქვა, როგორც არქეოლოგური სიძველეების ანტიკვარმა-კოლექციონერმა. მალე მამიდისგან ანდერძით დიდი ქონება მიიღო და ეგვიპტურ ნივთებს საბერძნეთიდან, ირანიდან და ინდოეთიდან ჩამოტანილი იშვიათობანი დაამატა.

ერთი ეგვიპტური ჭურჭელი ჰქონდა.- ვიწროყელიანი ამფორა, განივი ფერადი ზოლებით. ძალიან მოსწონდა. ეგვიპტიდან ორი წლის დაბრუნებული იყო. ერთ დღეს, როცა საყვარელ ნივთს ათვაალიერებდა, ხელი რომელიღაც წერტილზე მოუხვდა. ამფორა, როგორც ლოტოსის ყვავილი ზოლებზე გადაიშალა და ორმაგ ფსკერზე ბრტყელი კოლოფი და დახვეული პაპირუსი გამოჩნდა. პაპირუსზე ჟანგისფერი იეროგლიფებით რაღაც ეწერა. კოლოფი ბლანტი სითხით იყო სავსე.

სებასტიანმა იეროგლიფების გამშიფრავი საუკეთესო სპეციალისტი მოძებნა. ბორდოში მცხოვრები ჟან რენუა. რენუამ ერთი თვე დაყო სებასტიანის მამულში და ბრწყინვალედ გაართვა თავი სამუშაოს. სებასტიანმა კარგი გასამრჯელო მისცა რენუას და სამშობლოში გაისტუმრა.
- რა ეწერა პაპირუსზე?
- გეტყვი. ის პაპირუსი მეცხრე დინასტიის დროინდელი აღმოჩნდა. ფარაონის ექიმის საკუთრება. მხოლოდ უფროსი ქურუმისთვის გასანდობი, უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელი და დაუჯერებელი.

კოლოფს ორი სიტყვა აწერია. “ყველაფერს ვხედავ”. ტექსტის მიხედვით კოლოფში მოთავსებული სითხე არის წარმოუდგენელი ძალის მქონე ნივთიერება, რომელიც არ ორთქლდება. ხმარების შემდეგ იგივე რაოდენობას იმატებს თუ რჩეული ადამიანის სისხლის ერთ წვეთს ჩაუმატებ. ამ სითხის ორი წვეთი ღმერთების რჩეულ ადამიანს უკეთდება, იმას, ვისაც ხერხემალზე, კეფასთან ახლოს ხალების სამკუთხედი აქვს. პაპირუსში დაწვრილებით არის აღწერილი სითხის გამიყენების ტექნოლოგია და სარიტუალო რჩევები.

ძველი ეგვიპტელებისთვის კარგად იყო ცნობილი სისხლის მიმოქცევის კანონი. სისხლის ჯგუფები და ნერვული სისტემა. ადამიანის ტვინი პროგრამული მანქანასავით არის. რა მითითებასაც მისცემ, იმას შეასრულებს. სითხე შედის ხალების ცენტრში და აღმგზნებ ზეგავლენას ახდენს მხედველობის იმ ნერვზე, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანს სიკვდილამდე უმოქმედოდ რჩება. უკვე გაღვიძებული ნერვი გამხსნელი კოდია ოცდაათი ათასი გენიდან ერთის, რომელიც ადამიანის შინაგან ხედვას ბიძგს აძლევს და მოქმედებაში მოყავს. ერთდროულ, რიტმულ მუშაობას იწყებს: ნერვი, გენი და მხედველობა.

ხედვის სიჩქარე სინათლის სიჩქარეს არაფრით ჩამოუვარდება. დაპროგრამებული ადამიანი იმას ხედავს, რაც პროგრამით მოეთხოვება. ხედავს მითითებული ადამიანების ირგვლივ მიმდინარე და წარსულ მოვლენებს. მე და სებასტიანი ვაანალიზებთ ნახულს, მოსმენილს და მაღალი რანგის პირებისთვის მზად გვაქვს რჩევები და სამომავლო პროგნოზები. “ნიშნიანი” ადამიანის თვალები მისტიური ძალით ასხივებს დანახულს და მაგნეტიზირებული წყლით სავსე ეკრანზე აისახება.

გიორგიმ ვისკი მოსვა
- ნიშნიანმა ადამიანმა შეიძლება უამრავი, უკვე მომხდარი რამ დაინახოს. იმ დომხალიდან რა აზრი გამოგაქვთ ან რას არჩევთ?
- ობიექტი მხოლოდ კონკრეტულ, მითითებულ პიროვნებაზე ხედავს ყველაფერს და ესმის.
- დაუჯერებელია!
- ფაქტი სახეზეა.
- შემდეგ?
- სებასტიანი განდიდების სურვილმა შეიპყრო. ექსპერიმენტის ჩასატარებლად მხოლოდ ერთი რამ იყო საჭირო,- ადამიანი, რომელსაც ზურგზე ხალების სამკუთხედი ექნებოდა. ასეთ ადამიანს ყველგან ეძებდა. ეძებდა თავის ახლობლებში, პაციენტებს შორის. საქმეს ხალების დაფარული მდებარეობა ართულებდა. პარალელურად სწავლა დაიწყო ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე.

ხუთწლიანი ძებნის შემდეგ ბედმა გაუღიმა. ბულგარეთის ქალაქ ვარნაში, ზღვისპირა კურორტზე ახალგაზრდა, ნიშნიანი მედდა- ინა დიმიტროვა გაიცნო. სებასტიანმა ინა თავისთან მიიწვია სამუშაოდ. ინაზე ჩატარებულმა ცდებმა გაამართლა. ექიმმა და იურისტმა სებასტიან კლუგემ მალე მიიპყრო ფართო საზოგადოების ყურადღება. მისი პროგნოზები და ანალიზი ფინანსურ და პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის ამართლებდა. გახსნა რამდენიმე ბურუსით მოცული მკვლელობა. სებასტიანი კანცლერის საგანგებო მრჩევლად დანიშნეს.

პაპირუსში მკაცრად იყო განსაზღვრული სითხის მიღებიდან მიღებამდე ინტერვალი. სებასტიანმას დრო შეამოკლა. შედეგმაც არ დააყოვნა. ინა დიმიტროვა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალა. სებასტიანმა ძალიან განიცადა ქალის სიკვდილი. გაუჭირდა იმიჯის შენარჩუნება და თავი მოიკლა.

ჩემი მეუღლის მამა ფრანცი გიტლერული არმიის მაღალი რანგის ოფიცერი იყო. ფრანცი არ ივიწყებდა მამის ანდერძს. მისი აგენტები საკონცენტრაციო ბანაკებში ეძებდნენ ნიშნიან ადამიანს. ერთმა აგენტმა ოსვენციმში გაზის კამერისკენ მიმავალ შიშველ ტყვეთა რიგში ულამაზესი კავკასიელი შენიშნა, რომელსაც ზურგზე ისეთივე ნიშანი ჰქონდა. ფრანცმა მრავალჯერ გამოიყენა ტყვის ხედავა. მალე გიტლერის საგანგებო მრჩეველი გახდა. გახსნა რამდენიმე შეთქმულება, იხსა ორი მაღალჩინოსნის სიცოცხლე, რომელთაც ბრალი ამერიკელების ჯაშუშობაში ედებოდათ და ასე შემდეგ. ფული ზღვასავით მოდინებოდა ფრანცის ანგარიშზე. მასზე ლაპარაკობდნენ, მასზე წერდნენ. მასთან მიღებაზე მოხვედრა პატივი იყო იმ ადამიანებისთვისაც კი, რომლებიც მილიონობით ადამიანის ბედს განაგებდნენ. ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე, ნიკოლოზ ნაკაიძემ მისთვის განკუთვნილ სპეციალურ საკანში თავი ჩამოიხრჩო. ნაკაიძის სიკვდილიდან ორი კვირის თავზე, ბერლინში, საჰაერო იერიშის დროს ბომბმა ფრანცის მანქანა მიწაში ჩაასრისა.

ფრანცს ორი შვილი დარჩა,- უფროსი ანა და უმცროსი, რამდენიმე თვის, პაპის მოსახელე, ჩემი მომავალი მეუღლე სებასტიანი. სრულწლოვან სებასტიანს მამის ანდრძი გააცნეს და საგულდაგულოდ შედგენილი ნაკაიძის დოსიეც ჩააბარეს. ფრანცის სურვილი იყო, სებასტიანს პაპის და მამის საქმე გაეგრძელებინა. ევროპაში თუ ვერ აღმოაჩენდა ნიშნიან ადამიანს, მოეძებნა ნიკოლოზ ნაკაიძის შვილი, რომელიც მამამ თვეების დატოვა ფრონტზე წასვლის წინ საქართველოში, თბილისში. თუ ისიც ნიშნიანი აღმოჩნდებოდა, სებასტიანი ვალდებული იყო, თავი საგვარეულო საქმეებისთვის მიეძღვნა.

ვანდამ თხრობა შეწყვიტა.
- ხომ  არ მიმატოვებ ?
- არ ვიცი. მიდი, ბოლომდე მოყევი!
- ფულს დიდი ძალა აქვს. სებასტიანმა მოახერხა და საბჭოთა საქართველოში აგენტი შეაგზავნა. მალე გაირკვა, რომ ნიკას მამა, დავითი, ნიშნიანი არ იყო. სებასტიანი მემკვიდრეობითობას არ გამორიცხავდა და ელოდა, როდის ეყოლებოდა  დავითს შვილი. პირველი, უნიშნო ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ მოგვიანებით ნიშნიანი ნიკა შეეძინა. ნიკა ორთაჭალაში, მეოთხე სამშობიაროში დაიბადა. აქაც გვყავდა აგენტი. მომვლელი სვეტლანა, რომელიც ახლა ჩვენთან მუშაობს. ყურადღებით ვადევნებდით თვალს ნიკას ბავშვობას.

- ამ ხნის მანძილზე, მშვიდად ელოდით, როდის გაიზრდებოდა ნიკა?
- არა. გვყავდა მანამადე ერთი ნიშნიანი, ჩეხი მსახიობი ალისია ბრეიხოვა, რომელიც შემდეგ სებასტიანის საყვარელი გახდა. ამ ქალის დამსახურებაა ჩვენი სახელი და სიმდიდრე. ბრეიხოვა ერთ დღეს სასტუმროს ნომრიდან გადმოხტა. გორბაჩოვის “პერესტროიკის” შემდეგ გაადვილდა საბჭოთა კავშირში შემოსვლა. მისი დაშლის შემდეგ რამდენჯერმე ჩამოვედით საქართველოში. ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვუტანეთ წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებს.

გიორგიმ დაკვირვებით შეათვალიერა ვანდა. იმდროინდელ ამბებს ყვება ეს ქალი, ორმოცდაათ წელზე მეტი იქნებაო, გაიფიქრა. ვანდა ჭიქას ჭიქაზე ცლიდა.

- სად გავჩერდი?
- ჰუმანიტარულ დახმარებაზე.
- ნიკამ ინსტიტუტე დაამთავრა და ჩვენც შევუდექით ჩვენი გეგმის განხორციელებას. ეს ვენახები და ღვინის ქარხნები სულ არ გვჭირდება. აქედან მიღებული მოგება წვეთია იმ სიმდიდრესთან შედარებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ყველაფერს რომ ბუნებრივი სახე ქონოდა, კონკურსი მოვიგონეთ. იქ, მასზე ბევრად ჭკვიანი ახალგაზრდებიც იყვნენ, მაგრამ ნიკა უნდა გამოსულიყო გამარჯვებული. ჩვენს აგარაკზე მივუჩინეთ ოთახი. მივეცით საუკეთესო მანქანა. დიდი ხელფასი. ყველაფერში ხელს ვუწყობთ, ვანებივრებთ.
- ხელს უწყობთ?! ქართული სად ისწავლეთ?
- ერთმა ემიგრანტმა, ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორმა მარიანა ენდელაძემ გვასწავლა.
- რუსულად რატომ დაწყევლე კლუგე წითელ ოთახში.
- მამა რუსი მყავს, სოკოლოვი.
- ვაა! სოკოლოვა ვალია ხარ? მოკლედ, ჩემო ვალიჩკა. . .

გიორგიმ  დანას ფხა გაუსინჯა. ვანდა  გულში ჩაეკრა.
- აჰა! გამგუდე! დანა გამიყარე! მიდი, გამომჭერი ყელი!
გიორგიმ  ხელუკუღმა გაულაწუნა. ვანდა ტახტის ფეხთან მიიკუნტა.
- ნიკა რა არის შენი?
- ჩემს ხელში გაზრდილი, ჩემი ძმა და მეგობარი.
- არ მიმატოვო , გეხვეწები! უშენოდ მოვკვდები.
- არ მოკვდები. მე მოგკლავ.
- არ მომკლავ. ეგ რომ გდომოდა, აქამდე მომკლავდი.
- ფსიქოლოგიც ბრძანდები ქალბატონო? ნიკას ხედვით ვის იღებდით?
- პარლამენტარი X- ცოლმა მოკლა ქალაქგარეთ. არავითარი მაფია, შავი ძალები და ტერორისტები.
- რატომ მოკლა?
- ღალატის გამო.
- როგორ აპირებ ამის ახსნას, იტყვი, რომ დაგესიზმრა?
- ქალმა ქმარს ახლოდან დაახალა ტყვია. იარაღი ძველი საფლავის ქვის ქვეშ ღრმად შემალა და მანქანით გაეცალა მკვლელობის ადგილს.  მე მოვითხოვ დანაშაულის ადგილის ხელმეორედ დათვალიერებას. იქ უამრავი ცნობისმოყვარე მოგროვდება. მე გულმოდგინედ დავათვალიერებ დანაშაულის ადგილს და იარაღს ვიპოვი.
- მანქანის კვალი ვერავინ შეამჩნია?
- იმ საღამოს კოკისპირულად წვიმდა და ყველა კვალი წაიშალა.

ვანდამ წითელ ოთახში შეიყვანა გიორგი. იატაკზე დაღვრილი სისხლი გახმობას იწყებდა. სეიფი გახსა. თაროებზე  წარწერებიანი ფირები, კასეტები და საქაღალდეები ეწყო. წარწერები თარგმნა ვანდამ.

    1. ინა დიმიტროვა- ბულგარელი.
        გახსნა-სამი მკვლელობა. ოთხი რჩევა.
    2. ნიკოლოზ ნაკაიძე- ქართველი.
        გახსნა- ორი მკვლელობა, ორი შეთქმულება, ორი ბრალდება, ოთხი რჩევა. 
    3. ალისია ბრეიხოვა.- ჩეხი.
        გახსნა- სამი მკვლელობა ერთი შეთქმულება, ხუთი რჩევა.
    4. ნიკა ნაკაიძე- ქართველი.
        სამი რჩევა, ერთი მკვლელობა.

გიორგიმ  პარკში ჩაყარა ყველაფერი.
- პაპირუსი და სითხე!
- ქმარს რა ვუთხრა? გამოძიებას დაიწყებს და მოგაგნებს.
- რის გამოძიებას დაიწყებს, რა უნდა მოძებნოს, რა დაკარგა?
ვანდამ სურათის უკან დამალული პატარა სეიფი გახსნა. გიორგის მძაფრი, მოტკბო სუნი ეცა. პაპირუსი გამოსცემდა ამ სუნს. პაპირუსი და მისტიური სითხე ძლივს გამოგლიჯა ხელიდან ცრემლიან ვანდას და ისინიც პარკში ჩაყარა..
- ამ ნაგავს საიმედო ადგილზე შევინახავ. ერთი კვირის ვადას გაძლევ. ნიკას თუ უკეთესობა არ დაეტყო, გაჩენის დღეს გაწყევლინებთ. თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მესიამოვნება და გამიხარდება, მერე მოვიფიქრებ, როგორი ურთიერთობა გვექნება მომავალში. გასაგებია?
ვანდამ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ძალიან, ძალიან უყვარდა ეს კაცი.

             
თმააბურძგნული სებასტიან კლუგე ვანდას საძინებელში შევარდა. ვანდას ბალიშზე ედო თავი და ჩუმად იცრემლებოდა.
- ვანდა!- დაუძახა ცოლს ჩახრინწული ხმით.   
- რა?
- გაგვქურდეს?!
- რას ამბობ?!
- ჩვენი განძი წაიღეს.
- რომელი განძი?
- პაპირუსი და სითხე.
ვანდამ ამოიგმინა და ბალიში აიფარა სახეზე. სებასტიანმა ხელი მიიჭირა შუბლზე.
- ამას ასე არ დავტოვებ. რომ ვერ მივაგნოთ? რა გვეშველება? რა ჯანდაბას აკეთებდა დაცვა. ის ოხერი გენადი სადღა დაიკარგა? საზიზღარი ლოთი!

გასვლა დააპირა. ვანდა ხალათის კალთაზე ჩაებღაუჭა.
- გაგიჟდი, სად უნდა დარეკო? როგორ იტყვი, რა დაკარგე?
- მართალი ხარ. ღმერთო, სადან გაიგეს ჩვენი რიტუალების ამბავი?
- ძარცვის მიზნით შემოვიდნენ ალბათ და რაც ხელთ მოხვდათ, ყველაფერი  წაიღეს.
- გარეთ გავალ, ჰაერი არ მყოფნის.

ეზოში ჩავიდა. ვანდამ აივნიდან გადმოხედა. თავდახრილი სებასტიანი აუზთან მივიდა. შეზლონგი ფეხით მიითრია და ჩამოჯდა. მერე, ცოლს ახედა საწყალი თვალებით. თითქოს რაღაცის თქმა დააპირა. ხელები აიქნია და მარმარილოს ფილაქანზე დაეცა მოწყვეტით.

*
კლუგეს ქვრივი და  გიორგი გერმანიაში გაფრინდნენ. ერთი თვის შემდეგ, უკვე გამოჯანმრთელებულმა  ნიკამ  უნაკლოდ გაფორმებული საბუთი მიიღო -“მუდმივი რწმუნებულება საკუთრებაზე”, სადაც ეწერა:

ეს მუდმივი რწმუნებულება საკუთრებაზე გაცემულია ვანდა კლუგეს მიერ გერმანიის რესპუბლიკაში, ბერლინში. ქალაქის სამმართველოში.

"მე უფლებას ვაძლევ ნიკოლოზ ნაკაიძეს (მცხოვრებს ქუჩა №,თბილისი, საქართველო.) გახდეს ჩემს საკუთრებაზე მინდობილი პირი და უფლებამოსილს ვხდი იმოქმედოს ჩემი სახელით ყველა საქმეში, რომლის გაკეთებასაც მე შევძლებდი.

ჩემი რწმუნებული უფლებამოსილი იქნება იმოქმედოს, როგორც ჩემმა სამოქალაქო საქმეთა მეურვემ. თუ საჭირო იქნება, რომ აღასრულოს, დაიცვას ან წარმომადგინოს ნებისმიერ სამართალწარმოებისას. ჩემი რწმუნებული უფლებამოსილია და ხელი მიუწვდება ჩემს საბანკო ანგარიშებზე, რათა განკარგოს ჩემი ბიზნესი საქართველოში.

ჩემს რწმუნებულს შეუძლია მიიღოს ანაზღაურება ჩემი საკუთრებიდან მის მიერ რწმუნებულის მოვალეობის აღსრულებასთან დაკავშირებული სამსახურისთვის. თანახმად დადგენილი საჰონონარო სკალის X ნომრის და ჩემი პირადი სურვილის მიხედვით.

“მუდმივი რწმუნებულება საკუთრებაზე” მოქმედების ძალაში შედის ქვემოთ მოცემული თარიღის მიხედვით და არ  არის არავითარი პირობებისა და შეზღუდვების ჩარჩოში მოქცეული.”
თარიღი. . . ხელმოწერა. . . ბეჭედი . . .

 
- ნიკ, გახსოვს, შემთხვევითობასთან და იღბალთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებები, რომ გაგანდე?.
- მერე?
- პატარა შესწორება მინდა შევიტანო ჩემს ფილოსოფიურ ხედვაში.
- შეიტანე ბატონო!
- შემთხვევით, არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე.
- ნუთუ?! როდის აპირებ ჩამოსვლას?
- არ ვიცი. მაკუშა როგორ არის?
- წიგნების ნახევარზე მეტი გაყიდა. ცოდოა, დაურეკე.   
- ლევანი?
- ესმის თავისი საქმე. ჭკვიანი ბიჭია. გიორგი, რატომ მიმალავ, რა ხდებოდა ჩემს თავს?
- სათქმელად არ ღირს.
- მითხარი, გთხოვ!
- გეტყვი, მხოლოდ, ახლა არა.
- როდის ?
- როდინობის კვირას.




-----------------------------
" როდინობის კვირა"- არასოდეს.
             



 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები