ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2015


ბუნიათას დედაბერი

ტირილს არ გამოტოვებდა.
ყველა პროცესიას უკან მიჰყვებოდა ორადმოხრილი .
შავი, გრძელი კაბა ეცვა, კალთებამოკეცილი და წელზე შემორტყმულ შავ ქამარში ჩამაგრებული. წელზე გრძელი კაკლის ჯოხი ჰქონდა გადებული, ზედ მკლავები ამოეკეცა , რომ მიწას ცხვირით არ შეხებოდა. იჭერდა ჯოხს დავარდნისაგან და იჭერდა ჯოხი დაცემისაგან.
მიწას თვალებში ჩასციცინებდა , ბუტბუტებდა, თითქოს რაღაცას ემართლებაო. ქამარზე მწვანე ჯაყვა ჰქონდა ჩამოდებული. ფრჩხილებს ნარინჯისფრად იღებავდა ქრისტესისხლათი. თავზე ვერცხლისფერზანზალაკებიანი თავსაფარი ეხურა. ,, ათასის დარდი მაქვს თავზე წაკრული და ყველა თავისას ჩივისო,, -ამბობდა. 

მიჰყვებოდა პროცესიას. კრეფდა ძირს დაყრილ ყვავილებს, აცლიდა გვირგვინებს და ივსებდა კალთას. დგებოდა საფლავის შორიახლოს და უსმენდა მიყრილი მიწისა და მოთქმის ხმას. როცა ყველაფერი მიჩუმდებოდა, მიწკრიალ-მიკუნკულდებოდა საფლავთან. გადააცლიდა დაწყობილ გვირგვინ -თაიგულებს . ერთად მოყრიდა და დააკოცონებდა. ამოყრიდა კალთიდან ფერად-ფერად ყვავილის ფურცლებს და მოფარავდა საფლავს.
მძიმედ, დიდი ძალისხმევით ჩამოჯდებოდა კუთხეში. ამოიღებდა ჯაყვას და კაკლის ჯოხს ასანთისხელა ღერს ააჭრიდა. ჩაასობდა საფლავის კიდეზე და ჩაიბუტბუტებდა: ,,ღამეს გაგითევ. ნუ გეშინია. მე შენს საფლავთან ვრჩები ამაღამ. ოღონდ ერთი სურვილი შემისრულე. შვილი მომკითხე. უთხარი ,არა მიჭირს,  ერთხელ მესიზმროს მხოლოდ,,  _და მთელი ღამე სდარაჯობდა უსულოს სულიერი.

ეშინოდათ და პატივს სცემდნენ.
მადლიანიაო , ამბობდნენ. მისი ჩასობილი კაკლის ღერებიდან კაკლის ხეები ამოდისო.
თითო ღამეს იმიტომ უთევს რომ დაფესვიანდნენო. ლოცვებს უკითხავსო.
მართლა იზრდებოდნენ კაკლები. მაღლები და დაბლები. განიერები და ვიწროები, აშოლტილები და დაგრეხილები.
სულ საფლავების პატრონებს ჰგვანანო _ამბობდნენ.

არავის ახსოვდა როდის დასახლდა სოფელში ბუნიათას დედაბერი.
მისი ყოველი სიტყვა კი ყველას პირზე ეკერა. რჩევის საკითხავად მიდიოდნენ. სარჩევადაც.
ერთხელ ვიღაც მდიდარი ქალბატონი მიბრძანებულა.
_ მიმკითხავეო.
_მარჩიელობა შემეძლოს , ჩემს თავს ვურჩევდიო, უთხრა.
_ის მაინც მითხარი ცარიელი ფურცლიდან თუ შეიძლება ცხოვრების დაწყებაო.
_ცარიელი ფურცლები არ არსებობენ. ყველა ფურცლიდან გამხმარი ფოთლების შრიალი ისმის და ყველა მათგანზე დაღუპული ხეების ისტორია წერია. თეთრით თეთრზე. ახლა კი გამეცალეო.
ჩაუვლიდა გლეხებს და :
_ნელა, სიმინდის თესვისას, თოხი ძირს არ დაგივარდეს, ყანა დაგიწვებაო.
ჩაუვლიდა სოფლის წყაროსთან ჩამომსხდარ მოწუწუნე დედაკაცებს :
_დადუმდით, საქმე აკეთეთ, თქვენი წუწუნი სხვისი მოთქმის მოსმენაში გიშლით ხელს. თვალი გაახილეთ და ღმერთს მადლობა შესწირეთ. თორემ უბედურებას მოიწევთ. მუხლი მოგეკვეთებათ , გული მოგეწურებათ , შიშის ოფლში დაიწყებთ ცურვას...
მიხვალთ მასთან. აანთებთ სანთლებს. გადაუხდით მადლობას. შეგიბრალებთ...
და ისევ გაახელთ თვალს,ისევ გაიგონებთ სხვის ხმას,ისევ გეტკინებათ სხვისი ტკივილი.
მომავალ დაბრმავებამდეო _ქვევიდან ამოხედავდა.

_გვალვაა და გვიშველეო._ისიც კენჭებს შეულოცავდა , ცოლზე უღალატებელ მამაკაცს ამოარჩევდა და მდინარეში ქვებს ჩააკიდინებდა.  გაწვიმდებოდა.

_ჩაალპო მიწამ ნათესი და გვიშველეო.._ისიც ცოცხებს გამოატანინებდა ეზოებში და ცეცხლს წააკიდებინებდა.  გამოიდარებდა.

ამბობდნენ ,შვილი დაკარგა. მის საფლავზე ამოსული კაკალი მოჭრა და წელზე გაიდო. დღეის იქით მზესთან საქმე დავასრულე მიწას უნდა ვუყურო, ერთი უნდა ვნახო როგორ გამისწორებს თვალსო. და შესცქეროდნენ ერთმანეთს მიწა და ბუნიათას დედაბერი თავლებში. და კითხულობდა დედაბერი მიწას.

შემოდგომით, როცა კაკლები მსხმოიარობდნენ, მიდიოდა სოფელი ასაკრეფად.
რა შესახედავია და რა ჭრუ გული ჰქონიაო.
რა დაგრეხილია და რა გულიანიო.
კერკეტიო და გულჩურჩუტიო, სიკრიკაკალაო და დიდგულაო. შავგულაო და გულგაუტეხელიო.
კრეფდნენ და ლაპარაკობდნენ. ლაპარაკობდნენ და რცხვენოდათ. წარმოიდგენდნენ მათ საფლავებზე ამოსულ კაკლებს და გულში ყველას უნდოდა ბუნიათას დედაბერი მათზე ადრე მომკვდარიყო.
დედაბერი კი არ კვდებოდა.
ილეოდა კაკლის ჯოხი და ილეოდა დედაბერი.
ერთ დღესაც გაქრა.
მისი შვილის საფლავზე უფოთლო, უზარმაზარი კაკალი ამოვიდა. ერთი შეხედვით გამხმარი გეგონებოდათ. გადაფარა მისმა ვარჯმა ყველა ხე, მაგრამ არ გამოიღო ფოთოლი და არ დაჩრდილა სხვები. მხოლოდ ერთხელ მოისხა  მუჭისხელა ,  თეთრგულა ნაყოფი.  სამაგიეროდ ჩიტების ბუდეებით დაიფარა ხე.
ამბობდნენ, როცა ახალი საფლავი ჩნდება,  იმ  კაკალზე ახალი ჩიტი იკეთებს ბუდესო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები