ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
5 თებერვალი, 2015


მე-6, მე-7 სერია

მე გავხდი საოცრად სუსტი და ქალური,
ამის არშემჩნევა საკმაოდ რთულია,
გაუდის საკრალურ ტაძარსაც ჩავუვლი,
საკუთარ აწმყოსაც გავცდები სრულიად.

შენ იცი, რომ წასვლა შემეძლო ყოველთვის,
მერე რა, თუკი ეს მიჭირდა საშინლად,
აღარდაბრუნება ნიჭია პოეტის,
როცა ვერ იკავებს ტკივილებს, მაშინაც.

მწამდა, რომ ამგვარი მძაფრი შეგრძნებები
განმიახლდებოდა, თუმცა არ ველოდი,
სიზმრებს მოასწრებდნენ ახდენას ლექსები,
ხსნად თუ მომივლენდა მუზას ანგელოზი.

მე გავხდი ზემდეტად ქალური და გავხდი
იმდენად, რომ ზოგჯერ მგონია, ლანდი ვარ,
შიშველი ნატურა, ტილოზე ნახატი,
ჩემი სხეულივით თვალს იპყრობს ადვილად.

შენ ახლა სიტყვასაც ვეღარ ძრავ გრძნობებზე
და მონუსხულივით ერთ წერტილს დაჰყურებ,
მაინც არ შევმცდარვარ, ალბათ, რომ მოგენდე,
სხივზე ჩამოვკიდე ზურმუხტის საყურე.

ამ ქუჩის კუთხიდან ზღვისკენ გადავუხვევ,
ერთბაშად მიწყდება გნიასი, ხმაური,
ნაბიჯს ვუჩქარებ და იმ ფრაზას ვაუქმებ,
რომ გავხდი, თითქოსდა, სუსტი და ქალური.


***


აქ პოეზიაა ვნებათა სათავე,
გარდასულს ჩაბარდა ნატიფი განცდები,
თითები ქვიშაზე სურვილებს ხატავენ,
რომლებსაც აქამდე წყურვილით ვავსებდი.

ქარიც ჩამდგარია - რა სიმბოლურია,
და მხოლოდ სიჩუმე მაცილებს კარამდე,
წყალსაც წაუღია, რომ სიყვარულია
სიგიჟე, რომელიც ვერაფრით გადაგდე.

არადა, რა ძნელი ყოფილა სულერთი
უწოდო იმას, რაც დაგიჯდა ტკივილად,
რის გამოც სიცხადეს სიზმარში ურევდი,
წასვლით დაასრულო, არამარტივია.

არნახულ აივნებს შეგრძნებით ვეხები,
ფუნჯებს ზეცისფერი ეღვრებათ თმებიდან,
გარდაუვალია სიშორე, შენც ხვდები,
ესაა ის წასვლა, რომელიც მე მინდა.

შედეგად იმედის, რომელიც დავკარგე
უდროოდ და ზარებს ავუწყვე ფეხის ხმა,
თხელი ჩუქურთმები მოჰგვანან ნაქარგებს,
მესმის, საშინელი ცოდვაა შერისხვა.

ვიცი, არც გაქცევა ყოფილა საშველი
არასდროს, მაგრამ მე უბრალოდ მივდივარ,
ვთმობ გრძნობას, რომელიც ხანგრძლივად ვაშენე
და უკანასკნელი სტროფივით მშვიდია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები