ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
11 თებერვალი, 2015


პატარა თეონას პატარა ისტორიები. თავი 1. დაბადება

მარტი იწურებოდა.
უჩვეულოდ თბილოდა იმ დღეს. საღამოს პირს კი ცივმა ქარმა დაუბერა. აგრილდა.
ოჯახის წევრები ტელევიზორს შემოსხდომოდნენ, - ის ხომ "ახალი ხილი" იყო არა მხოლოდ მათი ოჯახისთვის, არამედ  მეზობლებისთვისაც?!  ტელევიზორი და თანაც რომელი!  "რეკორდი"! უზარმაზარი ეკრანით! უზარმაზარი იყო, აბა რა? რამდენჯერ დააზომეს სასკოლო რვეულს? ეკრანი გაცილებით დიდი იყო, ორი სანტიმეტრით მაღალი და სამი სანტიმეტრით განიერი.  სპეციალური ტუმბოც შეიძინეს მის დასადგამად და აი, მთელი ოჯახი სულმოუთქმელად შეჰყურებს მე-20 საუკუნის ამ სასწაულს, ტელევიზორს და "ახალი ამბების" დაწყებას ელოდა.
ოჯახის რძალი, ახალგაზრდა ცისფერთვალა თინიკო მაგიდას მისჯდომოდა და პატარა ბლოკნოტში სტუდენტების გვარ-სახელებს იწერდა. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო?  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ  კათედრაზე ლაბორანტის თანამდებობაზე დანიშნეს და სასემინარო ჯგუფშიც შეუშვეს, -  დაუფასდა წარჩინების დიპლომის აღება... 

აი, ზუსტად რვა საათი შესრულდა და  ახალი ამბების გადაცემაც დაიწყო რომ მუცელში საშინელი, აუტანელი  ტკივილი იგრძნო თინიკომ. ერთი კი შეჰყვირა და  გაჩუმდა, - დედამთილ-მამამთილის შერცხვა. ტკივილმა კი ისევე სწრაფად გადაუარა, როგორც დაეწყო.
- რა დაგემართა, თიკი? - მაშინვე იკითხა მეუღლემ, გიზომ და ფეხმძიმე ცოლთან მიიჭრა.
- არაფერი, რაღაცამ გამკრა მუცელში... მაგრამ გადამიარა. - უპასუხა თინიკომ და მეუღლეს გაუღიმა.
სახეზე შეეყინა ღიმილი, - მეორე დარტყმა პირველზე ძლიერი იყო.
მამამთილი ფეხზე წამოხტა, პალტოს დაავლო ხელი და კარისკენ წავიდა, თან კი ოჯახის წევრებს გამოსძახა: "ტაქსს გავაჩერებ და შემოვიყვან, საავადმყოფოსთვის ჩანთა გაამზადეთო".
ნინო ფეხზე წამოხტა და უკვე რამდენიმე დღის წინ ჩალაგებულ ჩანთას დაავლო ხელი.
- ნუ გეშინია, შვილო, ყველანი შენს გვერდით ვართ. ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია გახსოვდეს, მშობიარობა მტკივნეულია, მაგრამ შვილის გამო ყველაფერს უნდა გაუძლოს ქალმა... და იცი, რა ტკბილია შვილი? ყველანაირ ტკივილს დაგავიწყებს. დამიჯერე, სამი შვილი მყავს გაჩენილი...

თინიკო რომ სამშობიაროში მიიყვანეს, საღამოს ცხრა საათი იყო.
ექიმმა, ბატონმა დავითმა  მშობიარე გასინჯა და გიზოს უთხრა:
- ბავშვი ღამის ორიდან სამ საათამდე დაიბადება. წინასწარ შემიძლია მოგილოცოთ ვაჟიანობა, ტიპიური ბიჭის მუცელი აქვს თქვენს მეუღლეს... მანამდე შეგიძლიათ სახლში წაბრძანდეთ, მოისვენოთ...

ბატონ დავითს ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: თუ ბიჭი დაიბადებოდა, ”ოჰ, ეს მამაძაღლიო”, ამბობდა, გოგონას დაბადების დროს კი - ”ოჰ, ეს მაიმუნიო”...

ბიჭის დაბადებას თინიკოს, ლამის, წინასწარ ულოცავდა მთელი საავადმყოფო, - ამ ექიმს ჯერ არასოდეს შეშლია ბავშვის სქესი... და თუკი მან თქვა, რომ ბიჭი დაიბადებაო...

ბავშვი ზუსტად ღამის სამის ნახევარზე დაიბადა, ისე, როგორც ეს ექიმმა განსაზღვრა, მაგრამ...
- ოჰ, ეს მაიმუნი ბავშვი,  როგორ გააწვალა დედიკო!...  უი, ნახეთ რა უცნაური ბავშვია? ეს რა აქვს ცხვირზე?

სამშობიარო ტკივილებით გათანგულ თინიკოს გულზე მოხვდა ექიმის ”დაშვებული შეცდომა”...
- რაღა ჩემს შვილზე შეეშალა?... ”მამაძაღლის”  ნაცვლად ”მაიმუნი” თქვა... ალბათ დაიღალა, გვიანი ღამეა  უკვე... - გაიფიქრა...
- გილოცავ, გოგონა შეგეძინა! - გაიგო ექიმის ხმა და გაოცებულმა შეხედა.
- გოგონა?... არა, მე ბიჭი უნდა გამეჩინა...
- კი, ალბათ გინდოდა, რომ ბიჭი გაგეჩინა, მაგრამ - გოგოა...
- და გოგო უნდა წავიყვანო აქედან? აბა - ბიჭიაო?... - ისე ალალად გაუკვირდა თინიკოს, რომ ექიმსაც და ექთნებსაც გულიანად გაეცინათ.
- რა ვიცი, აბა, ხვალ ჩამოვივლი პალატებს და თუ გაგიცვალა ვინმემ... ვნახოთ!...

მეორე დღეს თინიკოს თეონა მოუყვანეს.
თინიკომ დახედა და...
- მიშველეთ, ბავშვი მარჯვენა თვალით ბრმა არის, - შესძახა მან.
- როგორ თუ ბრმა? ჯერ რა იცი, გუშინ დაბადებული ბავშვი ბრმა არის თუ არა? - გაუკვირდა პალატის ექთანს.
- აი, მარჯვენა თვალი დახუჭული აქვს, მარცხენა კი - ღია! და თანაც, ეს რა აქვს ცხვირზე? გეხვეწები, ექიმს დაუძახე, რა?
- მართლა რა უცნაური ცხვირი აქვს? ასეთი არაფერი მინახავს... თან როგორი მელოტია?!  თმის ერთი ღერიც არ აქვს თავზე...

ბავშვს  პაწაწა ცხვირზე კანის წვრილი ძაფით ”პომპონი” ჰქონდა ჩამობმული. ”პომპონი” თმით იყო დაფარული და აქეთ-იქით ქანაობდა.

და ახლა, ამ ”პომპონიან” ცხვირს დახუჭული ცალი თვალიც რომ დაემატა, თინიკომ სიმწრით იყვირა:
- დაუძახეთ, რა, ექიმს?!...

მალე პალატის ექიმი შემოვიდა და თინიკოს მიუახლოვდა.
- აბა, სად არის ჩვენი ცალი თვალით ბრმა ახალშობილი? რომელი თვალი აქვს დახუჭული?
- მარჯვენა, ექიმო...

ექიმი ბავშვთან მივიდა, დახედა და...
- კი, მაგრამ, ახლა რომ მარცხენა თვალი აქვს დახუჭული?
- არა, ექიმო, მარჯვენა...
- რას ამბობ, გენაცვალე, მარჯვენა და მარცხენა ვეღარ გამირჩევია, თუ იცი?

თინიკოც მივიდა ბავშვთან და...
- უი, ახლა მარცხენა თვალით დაბრმავებულა... - ამოისლუკუნა.
- გოგონი, ბავშვი ორმოცი დღე ვერაფერს ხედავს... ამას მეორმოცე დღეს დაადგენ, ბრმა არის თუ არა... ჯერ კი მხოლოდ თვალს გვიკრავს პატარა...  - დაამშვიდა თინიკო ექიმმა.
- და ხელებს რომ პარჭყავს? რომ ვხსნი, ხელებს პარჭყავს... არა, მე ამას ვერ წავიყვან...
- აბა, ვის უტოვებ ამ ხელებგაპარჭყულ კუტუზოვს? შენი გაჩენილი ეგ არის, ბიძიკო და... შენვე მიხედე... ქმარი ხომ გყავს?
- კი, აბა ისე როგორ გავაჩენდი?
- ნუუუუ...  ხო, რა თქმა უნდა!...

თინიკო მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, ეს მახინჯი, პარჭყია ბავშვი როგორ ეჩვენებინა ოჯახის წევრებისთვის... რას ეტყოდა გიზო?... ან დედამთილ-მამამთილი?...  ახლობლები?... მეზობლები?...
მესამე დღეს თინიკოს დაბლა ჩასვლის უფლება მისცეს, სადაც დიდი თაიგულით ხელში ელოდა გიზო.
- თიკი!...
- გიზო, ბიჭის მაგივრად გოგოა... - ცრემლები მოადგა თვალებზე.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი! მე გოგო მინდოდა...
- მართლა?
- მართლა!... როგორია? ვის ჰგავს? ლამაზია, ხომ? - კითხვები დააყარა გიზომ და დაუდევრად ჩამოგდებული ქერა კულული გადაუწია თინიკოს  შუბლიდან.
- ჰო, რა ვიცი, მე მომწონს და... გიზო, ბავშვს რა დავარქვათ? - აკანკალებული ხმით იკითხა თინიკომ.
- ცისიერი...
- რაო? ცისიერი? საიდან მოიტანე ეს სახელი?
- დარწმუნებული ვარ, ცასავით თვალები ექნება ჩვენს გოგოს... და ცის იერიც ექნება...
- უუფ... - თინიკო კინაღამ ჩაიკეცა იმის გაფიქრებაზეც კი, თუ როგორ უნდა დაეძახა ამ მახინჯი, პარჭყია, ცხვირზე ჩამობმულ პომპონიანი ბავშვისთვის ეს უცნაური სახელი "ც ი ს ი ე რ ი!" - გიზიიი, არ გვინდა, რა ცისიერი?
- სხვა სახელი გქონდა შერჩეული? - გულდაწყვეტილმა იკითხა გიზომ, მაგრამ ხათრი ვერ გაუტეხა მეუღლეს.
- ჰო, მე თეონა მინდოდა... იყოს, რა, თეონა? გთხოვ... 
- თეონა? ძალიან კარგი სახელია... თე-ო-ნააა!... ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს გოგოს, ჩემს პაწაწინა თეონას... - გიზომ გულში ჩაიკრა თინიკო და ცისფერი თვალები დაუკოცნა.

მოვიდა გამოწერის დროც.
გულის კანკალით გამოიყვანა თინიკომ ბავშვი მოსაცდელში, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი. ყველას აინტერესებდა ახალშობილის ნახვა.
- უი, ნახე, ცხვირზე რა აქვს?
- აბა, აბა... ასეთი ცხვირი არც გამიგონია...
- ცხვირია თუ ქუდის ”პომპონჩიკი”?...

ბავშვს რომ დახედა, გიზოს სისხლი შემოაწვა სახეზე, მაგრამ... მართლები იყვნენ  ”ისინი” და ხმა ვერ ამოიღო!...  თეონას ხელი დაავლო და მოსაცდელი სწრაფად დატოვა.

თეონას და თინიკოს  სახლში ბავშვის ულამაზესი სარწეველა საწოლი დახვდათ. საწოლში დიდი თოჯინა  იჯდა  უზარმაზარი ცისფერი თვალებით  და პატრონს ელოდა....

* * *
სწრაფად გავიდა  ორმოცი დღე.
ბავშვი  სამი და ექვსასი  დაიბადა და ნელ-ნელა წონაში იკლებდა, ორმოცი დღისა - ორკილონახევარს-ღა იწონიდა....
რომელ ექიმს არ აჩვენეს, რა არ გაუკეთეს, - თეონა კატასტროფულად იკლებდა წონაში.
თინიკოს ძალიან კარგი, ნოყიერი რძე ჰქონდა... თან ბევრიც... რასაც თეონა ვერ ჭამდა, თინიკო თავის რძეს ბოთლით აძლევდა მეზობელ ბავშვს, რომლის დედასაც რძე არ ჰქონდა.
პატარა ელენე, თინიკოს რძის წყალობით, მოსუქდა და დამშვენდა... თეონა კი ძვალი და ტყავი-ღა იყო დარჩენილი.

იმ დღეს თინიკო სამსახურში დაიბარეს და, ”შემთხვევით არ დამაგვიანდეს და ბავშვი მშიერი არ დამრჩესო”,  - თეონასთვის ბოთლით დატოვა რძე.
თეონას ჭამის დრო მოვიდა, თინიკო კი - არ ჩანდა, ამიტომ  მამიდა ლიტამ  რძიანი ბოთლი შეათბო და თეონას ისე მიუმარჯვა, რომ ბავშვს თავისით შეეძლო დალევა, საწოლიდან ამოყვანის გარეშე, - ეშინოდა ამ ძვლებადქცეული ბავშვის ხელში აყვანა. მერე იფიქრა, ”მოდი, ბოთლს ქვემოდან რამეს დავუფენ, რომ რძე საწოლში არ ჩაეღვაროსო”, შებრუნდა, პირსაწმენდი აიღო და ისევ თეონას მიუბრუნდა, - რძის ბოთლი ცარიელი იყო...
- ვაიმე, რძე დავღვარე! - შესძახა ლიტამ და თეონა სწრაფად ამოიყვანა საწოლიდან.
საწოლი მშრალი იყო, ბოთლი კი - ცარიელი!!!

ლიტას ყვირილზე ნინო ბებიაც გამოვიდა.
- დედა, ბოთლში რძე გაქრა!
- რას ქვია ”გაქრა”? დაგეღვარა ალბათ...
- მეც მასე მეგონა, მაგრამ... ნახე, საწოლი მშრალია!
- აბა სად წავიდა რძე?!
- არ ვიცი, დედა! გავგიჟდები! შევბრუნდი, პირსაწმენდი ავიღე და მოვტრიალდი... არსად წავსულვარ! ბოთლში რძე გაქრა... ბავშვი მშიერი დაგვრჩა!...მაგრამ ესეც რომ არ ტირის?
- ნეტა მაგი როდის ტირის? შია, - ჩუმად არის,  ჩაიფსამს, - მაინც არ იღებს ხმას...
- დედა! შეხედე! ”პომპონი” აღარ აქვს!... აი, აქ გდია, საწოლში!...
- თავისით მოძვრა? გიზო გაგიჟდება სიხარულით...

ამ დროს თინიკომაც შემოაღო კარი.
- თიკი, მოდი, რა, აჭამე თეონას! რძე დამეღვარა, მაგრამ... სად დავღვარე, ვერ ვნახე...
- ახლავე, ტანზე გამოვიცვლი ოღონდ...

თეონამ ძუძუ პირში ჩაიდო, ერთი ორჯერ მოქაჩა და... ჩაეძინა.
ხან ცხვირზე მოქაჩეს, ხან ლოყაზე მოუთათუნეს ხელი, - თეონა ვერ გააღვიძეს.

- ლიტა, ხვალაც წასასვლელი ვარ უნივერსიტეტში... რძეს ისევ ბოთლით დაგიტოვებ, კარგი?
- კარგი... თიკი, სად წავიდოდა რძე?
- დაგეღვარა ალბათ... არაფერია, გაიღვიძებს და მერე ვაჭმევ.

თეონამ მალე გაიღვიძა და ძუძუს დაუწყო ძებნა.
მთელი საათი ჭამდა თეონა და ასე, ჭამაში ჩაეძინა...

მეორე დღეს ლიტამ რძიანი ბოთლი სახესთან რომ მიუტანა, თეონა აწრიალდა, აცქმუტუნდა, შემდეგ ბოთლის საწოვარას პირით წაეტანა და... ერთ წუთში ჩაცალა კუთვნილი ულუფა!
ლიტა გაოგნებული უყურებდა ხან თეონას  და ხან ჩაცლილ ბოთლს...
- შიებია ბავშვს! დედა, ნახე, რა! ზუსტად ერთ წუთში დაცალა ბოთლი... იქნებ ბავშვი ვერ ჭამს ძუძუდან?
- რას ამბობ, ლიტა! ჩვენ ელიკოს ვაძლევთ რძეს და ამ დროს თეონა მშიერი რჩება?

თინიკო დაბრუნდა თუ არა სამსახურიდან,  სტაცეს ხელი და თეონასთან ერთად იქვე, მეზობლად მცხოვრებ პედიატრთან გადაიყვანეს.
ექიმმა თეონა ჭამამდეც აწონა და ჭამის შემდეგაც. ერთი საათის განმავლობაში თეონამ სულ ათი გრამი შეჭამა, ნაცვლად ორასისა.

- რატომ არ მოვკვდები... ბავშვს შიმშილით ვკლავდით თურმე... - შეიცხადა ნინომ.
ამის შემდეგ თინიკო თეონას მხოლოდ ბოთლიდან აჭმევდა და ბავშვმაც სწრაფად დაიწყო მატება.

ამასობაში ზაფხულიც დადგა.
თეონა დედულეთში წაიყვანა თინიკომ.
სოფელში თინიკოს დეიდა, ეკატერინე ცხოვრობდა და ის ეხმარებოდა ბავშვის მოვლაში.

მხოლოდ თვენახევრის შემდეგ ჩამოაკითხა ნინო ბებიამ, - მანამდე გიზოს ელოდებოდა, მაგრამ...  ბოლოს მარტო წასვლა არჩია.
თინიკო და ეკატერინე ეზოში დახვდნენ. სამზადში შეიპატიჟეს ნინო.
- თინიკო, ბავშვი სად არის?
- ზევით, სახლში...

ნინო მაშინვე ზევით ავიდა, აივანზე დაფენილ ლეიბზე დაგორებულ თმახუჭუჭა, ზღვისფერთვალება ბავშვს გვერდით ჩაუარა, ”ვისი ხარ ნეტავი?...ნეტაი შენს მშობლებს, ასეთი ლამაზი რომ ხარ...სულ ჩვენსას არ გავხარო?”- ჩაილაპარაკა და სახლში შევიდა.

ნინო თეონას საწოლთან მივიდა და...
საწოლი ცარიელი დახვდა!
- თინიკო, თეონა სად არის? - გადმოსძახა აივნიდან.
- მანდ არის... სად იქნება?
- აქ არ არის ბავშვი!
- რას ამბობ, დედა? სად უნდა წასულიყო სამი თვის ბავშვი?! - თინიკომ კიბეზე აირბინა და...  - რატომ მაშინებ? აგერ არ არის თეონა? - მერე ეს  "ვიღაც თმახუჭუჭა, ზღვისფერთვალება" ბავშვი ხელში აიყვანა და გულზე მიიხუტა.
- ეს... ეს... თეონაა?... - გაოცებისაგან ნინოს პირი დარჩა ღია.
- დიახაც, ასეთი კარგი გოგო ვარო, ბებოოოო! - თქვა თინიკომ და თეონა ნინოს გაუწოდა.

სწრაფად გაიარა ერთმა კვირამ.
თბილისში დაბრუნებულ ნინოს თეონას საწოლში ოთხი ცალი  ახალი დიდი თოჯინა დახვდა.
- გიზი, თეონა ყველა ამ თოჯინას სჯობს! ასეთი ბავშვი მე ჯერ არ მინახავს!
- ჰო, აბა რა?!  მასეთ ბავშვს სად ნახავ სხვაგან?! - მწარედ ჩაიცინა გიზომ.
- არა, გიზი, თეონა რაღაც საოცრად არის გალამაზებული... შენ აუცილებლად უნდა ჩახვიდე სოფელში და შენი თვალით ნახო ბავშვი...
- კაი, კაი, დედაჩემო... მომავალ კვირას წავალ!... ჩემი გაჭირება მყოფნის... ნუღარ მახსენებ მაინც?! - გიზომ ხელი ჩაიქნია და სამსახურში წავიდა.

შემდეგ კვირას გიზო სოფელში ჩავიდა ... და წამოსვლა აღარ უნდოდა!
ძლივს დაითანხმეს გიზო, რომ აგვისტოს ბოლომდე  დაეტოვებინა დედა-შვილი სოფელში.
თბილისში ჩამოსულმა ყველა თოჯინა ამოალაგა თეონას საწოლიდან, - ”ამ საწოლს უკეთესი პატრონი ჰყავსო!”...
სოფელში ყოველ შაბათ-კვირას  ჩადიოდა გიზო ბავშვის სანახავად და ყოველი წამოსვლის დროს სულსა და გულს თეონასთან ტოვებდა!

თბილისურ "იტალიურ" ეზოში საჭორაოს რა გამოლევდა?
როცა ხედავდნენ, როგორი სიყვარულით ახსენებდა გიზო თავის თეონას და როგორი გაბადრული დადიოდა, მეზობლები თავს იქნევდნენ და ჩუმად ჩურჩულებდნენ:
- რას იზამ, ყვავსაც უყვარს თავისი ბახალაო!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები