ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
14 თებერვალი, 2015


პატარა თეონას პატარა ისტორიები. თავი 2. გალაკტიონი

1959 წლის თებერვალი დგას.
თებერვლის კვალობაზე - საკმაოდ თბილა. თბილისის ქუჩებში მოსეირნე წყვილები გამოჩნდნენ. ზამთრის მოლიპულ გზებზე სეირნობა რა ბედენაა, აბა?! აი, დათბა და... მზესთან ერთად გამოანათეს სახლებიდან ბედნიერმა სახეებმა...  ეზოებიდან ბავშვების ჟივილ-ხივილი მოისმის... მოხუცები, ვისაც შორს სიარული აღარ შეუძლიათ, სახლების წინ სკამებზე ჩამომსხდარნი  ითბობენ ბებერ ძვლებს.

ქუჩაში ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მიაბიჯებს. სიამოვნებს მზის სხივების სითბო. ხანდახან ჩერდება და თვალდახუჭული უშვერს სახეს მოალერსე მზეს. საბავშვო ეტლით პატარა, ზღვისფერთვალა, ოქროსფერკულულებიანი გოგონა მიჰყავს. ქალს დაღლილი სახე აქვს, მაგრამ გოგონას ღიმილით შესცქერის, - მისი პირველი შვილი, პირველი სიხარული - თეონა დღეს 11 თვის შესრულდა.

სოლოლაკის "იტალიური" ეზოების წინ  მზესუმზირის გამყიდველი ქალები ჩამომსხდარან. ერთმანეთის კონკურენტები არიან, მაგრამ თან - არც, - ყველას თავისი საკუთარი მუშტარი ჰყავს. მყიდველები ხომ იცნობენ თავის გამყიდველს? მთავარია, რომ ყველა გამყიდველი სახელით ცნობს საკუთარ მუშტარს.
- თინიკო, რამეს არ დეეჯახო, ცავატანემ... 
- ნუ გეშინია, სირუშ-ტოტა, არ დავეჯახები...
- სემიჩკა არ გინდა, გოგო? სულ ახლა მოვხალე. ნახე, ჯერ კიდე ცხელია...
- მომეცი, სირუშ-ტოტა, შენ მართლა გემრიელად ხალავ მზესუმზირას.
- გემრიელია, მაააშ?!  რამდენის ჩავყარო, ათი კაპიკისა გეყოფა?
- ბარემ ოცისა მომეცი... ვააჰ, თანაც რა ბარაქიანი ჭიქა გაქვს? ამდენი მზესუმზირა მთელ ეზოს ეყოფა...
- სხვას არ აჭამო. მოვიდნენ და თითონ იყიდონ. ფული არა აქთ თუ რა?...
- კარგი, სირუშ-ტოტა, არავის ვაჭმევ. მხოლოდ მე შევჭამ ბოლომდე... - იცინოდა თინიკო.
- საით გაგიწევია?
- ბავშვს გავასეირნებ... ქაშუეთთან, ალექსანდრეს ბაღში მიმყავს...
- ერთი აქეთ გამაახედე შენი გოგო... ცავატანემ, ეს რამხელა გაზდილა, ჰა? ვაჰ, ვაჰ... თანაც რა ლამაზი ბავშია... რამდენისაა?
- დღეს გახდა  თერთმეტი თვისა...
- ბავშზე თვეს არ ამბობენ, ბალაჯან, უნდა თქვა თერთმეტი წლისააო...
- რას ამბობთ, სირუშ-ტოტა, თეონა და თერთმეტი წლის? - გულიანად გაეცინა თინიკოს. - კარგი, წავედი, თორემ როდის მივაღწევ იქამდე?
- წადი, ბალაჯან, წადი... და ეს სემიჩკა სულ არ შეჭამო, კუჭზე არ დაგაწვეს...

დიდხანს სეირნობდა დედა-შვილი ალექსანდრეს ბაღში. საათს დახედა თინიკომ, - ბავშვის ჭამის დრო ახლოვდებოდა და სახლისკენ აიღო გეზი.
ქაშუეთს რომ გაუსწორდა, შეჩერდა და თითქოს პირველად ხედავსო, ისეთი თვალებით მიაჩერდა ტაძარს. სათითაოდ აკვირდებოდა ეკლესიის ყველა ჩუქურთმას...
მერე სწრაფად დაძრა ადგილიდან ეტლი და...
- ფრთხილად, შვილო... ასე საით მიგეჩქარება? - ეტლის წინ ხნიერი მღვდელი იდგა.
- მაპატიე, მამაო... ტაძარს ვუყურებდი და...
- არაფერია, შვილო, ხდება ხოლმე...  რა ლამაზი ბავშვია?! შენი შვილია?
- დიახ...
- სახელი?
- მე თინათინი მქვია და ამას - თეონა... დაგვლოცე, მამაო...
- სუფთა და ნათელი თვალები გაქვს, თინათინ... ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს, შვილო... უფალი გფარავდეს... თეონა კი... ღმერთო, რა საოცარი ფერის თვალები აქვს ამ ბავშვს? მოლივლივე ზღვისფერი... თანაც, სანაპირო ზოლისა კი არა, ზღვის სიღრმისფერი... უფალი გფარავდეს, თეონა... - მღვდელმა ჯვარი გარდასახა ორივეს და თეონას თმაზე კიდევ ერთხელ გადაუსვა ხელი, - საოცარია, უცნაური სითბო მოდის ამ ბავშვიდან...  - ეს უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა მღვდელმა და გვერდზე გადგა.
- გმადლობ, მამაო... - თინიკომ მდაბლად დაუკრა თავი მღვდელს და გზა განაგრძო.
თავში უამრავი ფიქრი აერია...
"ახლა რომ ვინმეს დავენახე... არ იტყოდნენ, რამ გადარია ეს ქალიო?... ჯერ ხუთი წელი არც გასულა, რაც ჩემმა მშობლებმა რეაბილიტაცია მიიღეს და... და რა? რა შუაშია ოცდაჩვიდმეტი წლის რეპრესიები დღევანდელ დღესთან?... არავითარი კავშირი არ არსებობს!... უბრალოდ, რძით დამწვარი, წყალსაც სულს ვუბერავ... არაფერი მომხდარა... რატომ  განვიცდი ასე?...  ჰმ...  რა კეთილი თვალები ჰქონდა იმ მღვდელს? სახლში რომ მივალ, მოვყვე თუ არა მღვდელმა რომ დაგვლოცა ორივე?... მოვყვე თუ არა?!..."

ამ ფიქრებში მაჩაბლის ქუჩასთანაც მივიდნენ...
”როგორ გაგრძელდა გზა... ამსიგრძე ეს ქუჩა არასდროს ყოფილა! არა და, ხომ ამბობენ, ”სახლისკენ მიმავალი გზა ყველაზე მოკლეაო?...”  ტყუილია!... ეს ეტლი რაღამ დაამძიმა ასე? ხელით ხომ არ მიმყავს? არა, მაჩაბლის ქუჩა გრძელი ყოფილა  და აქამდე ვერ ვამჩნევდი...” - ფიქრობდა თინიკო.

სუფთა ჰაერზე საკმაოდ დიდხანს ყოფნის მერე თეონას უსწორმასწორო გზაზე ჯაყჯაყში ჩაეძინა, სახლამდე კი...  ჯერ ისევ შორი გზა ედოთ წინ.

”ან მე რამ დამღალა ასე?!... რა ვქნა, ისევ ფეხმძიმედ ხომ არ ვარ? ამაზეც ასე ვიღლებოდი ხოლმე!... მოდი, ეტლს შემოვაბრუნებ, იქნებ უფრო ადვილად ვატარო?!...”

ასეც მოიქცა. თავად წინ წავიდა, ეტლი კი ზურგს უკან მოიქცია.
გაუადვილდა ეტლის ტარება. ”აქამდე სად ვიყავიო?!”- გაიფიქრა.

თინიკო ისევ ფიქრებში გაერთო. ეტლიც მსუბუქად მიჰყვებოდა უკან. ცას ახედა, - მზე ღუბლებს მოეფარა და სწრაფად აგრილდა... რას იზამ? თებერვალი - თებერვალია... ჯერ ისევ ზამთარია!
გზაჯვარედინს მიუახლოვდა.
ეტლი წინ გამოაგორა და... გაშრა!
საბავშვო ეტლი ცარიელი იყო!!!
ვერც იყვირა, ვეღარც იტირა, - მეტყველების უნარი დაკარგა თითქოს.
გზას გახედა, - გზა ცარიელი იყო...

ეტლი იქვე, შენობის კედელთან მიაგორა და სირბილით გაუყვა გზას უკან.
ქუჩაში უკვე კანტი-კუნტად მიმავალი ადამიანები გაკვირვებით უყურებდნენ ქაღალდივით გაფითრებულ ქალს, რომელიც გარბოდა და თან დაბნეული დაჰყურებდა ასფალტს.

ვიღაც მოხუცმა ქალმა ხელი წაატანა, შეაჩერა და ალერსით ჰკითხა:
- რას ეძებ, შვილო?! იქნებ  მოგეხმარო?...
- შვილს ვეძებ, დეიდა, ჩემს შვილს!...
- ასფალტზე, შვილო?! - მოხუცმა ქალმა გაკვირვებით შეხედა და თავი გადაიქნია: შვილდაკარგული ქალი აშკარად არ ჰგავდა არანორმალურს...  - აბა, მითხარი, აქ რა უნდა შენს შვილს? აქ როგორ დაკარგავდი?! - მერე ირგვლივ მიმოიხედა. ბავშვი კი არა, უპატრონო კატაც კი არ იყო ქუჩაში.
- საბავშვო ეტლში მეჯდა... ეძინა... - თინიკოს ცისფერი, ლამაზი თვალები ცრემლებით აევსო, - არ ვიცი, რატომ, მაგრამ დღეს ძალიან დავიღალე... წინ მე წავედი, ეტლს კი ჩემს უკან მივაგორებდი. ცოტა ხანში რომ შევხედე, ეტლი ცარიელი დამხვდა!... მიშველეთ, დეიდა, მაპოვნინეთ ჩემი თეონა! - და თინიკოს  ცრემლები წასკდა თვალებიდან.

ამასობაში გზაჯვარედინი სწრაფი ნაბიჯით გადმოჭრა შავპალტოიანმა და ცილინდრიანმა ჭაღარაწვერიანმა მამაკაცმა.
თინიკო სხვა დროს, ალბათ, აღტაცებული მიაჩერდებოდა ამ  ჭაღარა მამაკაცს - დიდ გალაკტიონს, მაგრამ ახლა მისკენ გახედვის თავიც კი არ ჰქონდა. გალაკტიონი კი პირდაპირ მისკენ წამოვიდა. 
თინიკომ  თავი ასწია, შეხედა და ... გაშეშდა, -  გალაკტიონს თეონა ეჭირა ხელში და ნაზად ეფერებოდა ხუჭუჭა თმაზე.

- აი, ჩემი თეონა!...  ბატონო გალაკტიონ, სად იპოვეთ ჩემი გოგონა?!... - გაოგნებულმა ამოილუღლუღ-ამოიტირა თინიკომ და ბავშვისკენ გაიწვდინა ხელები, მაგრამ გალაკტიონმა ბავშვი უკან დასწია.
- სად ვიპოვე და საბავშვო ეტლში, რომელსაც დედამისი პირუკუღმა მიაქანჩალებდა! ქალო, ვის დაჰყავს ასე  ბავშვები?! ბავშვი რომ ამოვიყვანე ეტლიდან, ჯერ უკან მოგყვებოდი, ვიფიქრე, აი, ახლა მიხვდება, ეტლი რომ ცარიელია და აი, ახლა-მეთქი, მაგრამ... შენც არ მომიკვდე! მერე გზის მეორე მხარეს გადავედი და ისე მოგდევდი!... კარგია, სახლში მისვლამდე გაგახსენდა ბავშვი!  დაკარგავ, ბიძიკო, ამ ანგელოზს, და-კარ-გაავ!  აჰა, დაიჭირე შენი შვილი და იცოდე, ბავშვს თვალი არასდროს მოაცილო! გაიგე, ბიძიკო?!..

გალაკტიონმა შუბლზე აკოცა მისი წვერის წეწვით გართულ პატარა გოგონას, შემდეგ ფრთხილად გადასცა ცრემლებშემშრალ დედას და... ბანცალით გაუყვა გზას მწერალთა კავშირის სასახლისაკენ.
- ღმერთო ჩემო!  გალაკტიონი თავს იმთვრალებს! წუთის წინ ხომ ის აბსოლუტურად ფხიზელი იყო?! არც ფეხი ეშლებოდა და არც - ენა!... - მერე თეონა ჩაიკრა გულში თინიკომ და ჩუმად ჩაილაპარაკა, - ჩემი თეონა დიდ გალაკტიონს ეპყრა ხელთ! რა ბედნიერ ფეხზე გამოვედი დღეს სახლიდან? აი, ამას კი აუცილებლად მოვუყვები ყველას!

. . . . . . . . . .

ერთი თვის შემდეგ, 1959 წლის 17 მარტს გალაკტიონის ”ცოდვილი” სხეული  უმოწყალოდ დაენარცხა ქვაფენილს, მისი ნათელი სული კი ზეცას გაფრინდა და მარადისობას შეუერთდა!...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები