ნაწარმოებები


გთხოვთ დავეხმაროთ საიტის წევრს კონკურსში გამარჯვებაში. დეტალები იხილეთ ნაწარმოების ბოლოს https://urakparaki.com/?m=4&ID=113471     * * *         * * *         * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მე-კალ-მე
ჟანრი: პროზა
17 თებერვალი, 2015


სარი

  მამა ვერაფრით შეეგუა სახლს, რომელშიც დევნილობის გამო ჩაგვასახლეს. ყველაფერი ენატრებოდა: ჩვენი სოფელი, იქაური ჰაერი, მიწა, ჭის წყალი, მუშაობა...  ჩვენს ახალ სახლს ეზო პატარა ჰქონდა, სულ რამოდენიმე კვადრატული მეტრი... გავიდოდა მამა სახლის წინ, ჯორკოს დადგამდა და  ჯოხით მიწას ჩიჩქნიდა, ან გაყინული სახით მზეს შეჰყურებდა... ასეთ დროს მის გაქვავებულ სახეზე მხოლოდ ცრემლები მოძრაობდნენ, თვალებიდან, ნაოჭების გავლით, ნიკაპამდე... როგორც კი შენიშნავდა, ვინმე უყურებდა, თავს დახრიდა და გახუნებული სამოსის სახელოებით მოიწმენდდა ცრემლს.
  ერთ დღეს საიდანღაც აკაციის უზარმაზარი სარი მოათრია. იმ ადგილას, სადაც ჯორკოს დგამდა, მიწა ამოთხარა და შიგ ჩაარჭო.
  -ეს სარი სატვირთო მანქანიდან გადმოუვარდა ვიღაცას, ვეძახე, მაგრამ ვერ გავაგონე. გზა გააგრძელა. ჰოდა, იქ ხომ არ დავტოვებდი? როცა ცოტა მოვღონიერდებით, მიწას შემოვიერთებთ და სიმინდის დასათესი ადგილი გაგვიჩნდება, ამ სარზე ჩალას, ან თივას შემოვაცვამთ ხოლმე. მოხერხებული იქნება - თქვა და სულ ოდნავ გაკრთა მის თვალებში იმედის სხივი.
  ოცნება ისწავლა მამამ. ცდილობდა, ფესვები გაედგა ახალ მიწაზე...

  არ დასცალდა.  თებერვალში გარდაიცვალა. სახლის წინ ვიპოვეთ, ჯორკოიანად წაქცეული. თვალებზე ჯერაც არ ჰქონდა შემშრალი ჩამავალი მზის ცქერისას დადენილი ცრემლი.

  დრო გავიდა. დაბრუნების იმედიც მისუსტდა...
  მეზობლისგან მიმდებარე მიწის ნაკვეთი ვიყიდეთ და შემოვიერთეთ (როგორც მამა ოცნებობდა). სიმინდიც დავთესეთ. თითქმის მთელი წელი თივით, ან ჩალით იყო შემოსილი მამის ნახელარი სარი...
  ვუყურებდი ხოლმე ფანჯრიდან ხან ჩალის, ხან თივის ზვინებს და მამას ვხედავდი, რომელიც ან ჯოხით მიწას ჩიჩქნიდა, ანაც ჩამავალ მზეს შეჰყურებდა სხივჩამქრალი თვალებით.

  წლები გავიდა. მე სტუდენტი გავხდი. დედაქალაქში გადავედი საცხოვრებლად, მხოლოდ არდადეგებზე თუ ჩავიდოდი სახლში.
  ერთ ზამთრის საღამოს დედამ ტელეფონში მომიყვა, რომ მეზობელს თავის ეზოში გამხმარი სარაველებისთვის ცეცხლი წაუკიდებია, ქარისგან გაძლიერებული ცეცხლი  ვერ დაუმორჩილებია და ჩვენს მიწის ნაკვეთზე გადმოსულა. ნუ დარდობო - დამამშვიდა დედამ - ყველა დაგვეხმარა და მთელი თივა სახლის უკან გადავზიდეთო. მთელი სამეზობლო წყლით სავსე სათლებითა და ჯამებით დარაჯობდა სახლს სახანძროს მოსვლამდე, მათაც არ დაიგვიანეს და გადავრჩითო... ჩვენი სოფელი გამახსენდაო, იქაური მეზობლობა და გვერდში დგომა...

  გამოცდებს მოვრჩი და სახლში დავბრუნდი. ღამე იყო. ძალიან მეძინებოდა და პირდაპირ დასაძინებლად წავედი. რომ გამეღვიძა, ჩვეულებისამებრ, ფანჯრიდან გავიხედე... ეზოში აღარაფერი იყო მშობლიური, ვერც მამა დავინახე ჯორკოზე მჯდარი, თვალებში ცრემლჩამდგარი... ცეცხლს დაეწვა მამის ნახელარი, მისი ერთადერთი სახსოვარი...
  "ნუ დარდობო"... "თივა სახლის უკან გადაზიდესო"... "სათლებითა და ჯამებით იცავდნენო სახლს ცეცხლისგან"... "დროულად მოვიდაო სახანძრო"...
  თავში ყველაფერი ამერია.
  ჰო... რაც ფასეული იყო, გადაარჩინეს...
 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები