ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
18 თებერვალი, 2015


პატარა თეონას პატარა ისტორიები. თავი 3. ალაპარაკებული მუნჯი

თეონა უკვე ორი წლის და სამი თვისა იყო და... ჯერ კიდევ არ იცოდა ლაპარაკი!...
არა, საუბარს არ ვგულისხმობ, - ლაპარაკი არ იცოდა!
ორად ორ სიტყვას ამბობდა მხოლოდ: ნტაჲ (ანუ ”წყალი”) და მომო (”მომეცი”)... ეს იყო მისი ”დედაც”, ”მამაც”... მოკლედ, მუნჯი იყო თეონა!

თუ რამე უნდოდა, მივიდოდა დედასთან, ბებიასთან, მამასთან თუ მამიდასთან, ტანსაცმელზე დაქაჩავდა, შემდეგ უმწეოდ გაიშვერდა ხელს და...
- მომო... - ნაღვლიანი ხმით იტყოდა-ხოლმე.

- თეონა!... - დაუძახებდნენ თუ არა, მაშინვე მორბოდა და მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა  დამძახებელს.

მხრებს იჩეჩავდა ყველა, - ბავშვი, რომელსაც ჩურჩულიც კი ესმოდა, არაფერს ამბობდა!
- ამ ბავშვის ცოდვით აღარ ვარ!... ან როგორ შეიძლება, ასეთი აბსოლუტური სმენის პატრონმა ვერაფერი თქვას?
- მუნჯია, თორემ ყრუ კი არა? - "ამშვიდებდნენ" მშობლებს ექიმები და თავადაც მხრებს იჩეჩავდნენ, - ვერაფერი დაუდგინეს პატარას.

თოჯინებით თამაში უყვარდა. ჩაისვამდა თოჯინას კალთაში და...
- ააა-აააააა-ააააააა!!! - უსიტყვოდ, მხოლოდ ხმით  უმღეროდა-ხოლმე და თანაც როგორ უმღეროდა!

- გიზი, არ შეიძლება, რომ თეონა მუნჯი იყოს. ნახე, როგორ მღერის?
- ჰო, სმენა ნამდვილად აქვს ჩემს შვილს... - დაღონებული იტყოდა-ხოლმე და როცა ძალიან შეაწუხებდა ეს სიმუნჯე, მაშინ "თოჯინა დააძინეო" - სთხოვდა ხოლმე...
- გიზო, იმ ორ სიტყვას ხომ ამბობს, არა? სხვა სიტყვებსაც ისწავლის... დროთა განმავლობაში... - ამშვიდებდნენ გიზოს მეზობლები, თუმცა თავადაც არ სჯეროდათ საკუთარი ნათქვამისა.
- მაგიჟებთ? თუ ასე ცდილობთ ჩემს დამშვიდებას? "მუმუს" ტურგენევის მუნჯიც ამბობდა... ნუ, ის "მუმუს" ამბობდა და ეს "მომოს" ამბობს...
- და "ნტაჲც" რომ იცის?
- ენის წკლაპუნი დიდი ხანია ლაპარაკად ითვლება? შემეშვით, თუ ღმერთი გწამთ... - ჩაიქნევდა-ხოლმე ხელს გიზო და სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა სამსახურში, რათა თეონას სიმუნჯეზე საფიქრებლად ვეღარ მოეცალა.
მაგრამ ვერ იცლიდა კია?
ჰაი-ჰაი, რომ მეტზე ვეღარაფერზე ფიქრობდა. კიდევ კარგი, ჭკვიანი და დაკვირვებული მოადგილე ჰყავდა, თორემ იმდენ შეცდომას უშვებდა საბუთების გაფორმებაში, რომ საციხოდ გაუხდებოდა საქმე.

ამასობაში ზაფხულიც მოვიდა.
გიზო მანგლისში ავიდა და სამი თვით იქირავა ბინა.
სახლი პატარა კორომის პირას იდგა,  რომელსაც დამსვენებლები "პატარა როშჩას" ეძახდნენ.
პატარა კორომი მანგლისის ცენტრს საკმაოდ იყო დაშორებული. არადა ცენტრში იყო კინოთეატრიც, ატრაქციონებიანი დასვენების პარკიც, ფოსტაც, საკოლმეურნეო ბაზარიც...  წყაროც კი არ იყო ახლოს,  არადა წყალი წყაროდან უნდა ეტარებინათ, რადგან ონკანებიდან, ძირითადად, წყლის ნაცვლად, მხოლოდ მშრალი ხრიალის ხმა გამოდიოდა. სამაგიეროდ მანქანების შიში არ ჰქონდათ დამსვენებლებს. პატარა კორომთან მისასვლელად გზა ჯერ დაბლა, მდინარემდე  ჩადიოდა, მერე ფიცრებით შეკრულ ხიდზე გადადიოდა და ბოლოს ციცაბოდ მიემართებოდა მაღლა.  ასეთ გზაზე სიარულისგან ყველა მძღოლი იკავებდა თავს. მანქანით სახლებამდე მისასვლელად ორი თუ სამი  სოფლის შემოვლით მიემართებოდა გზა.

მანგლისის ცენტრში  დიდი კორომიც იყო, - "დიდი როშჩა".  მის სიახლოვეს უფრო მცირე ზომის ოთახებს თითქმის ორჯერ ძვირად აფასებდნენ სახლის პატრონები და თანაც ოთახს კი არა, საწოლებს აქირავებდნენ. ის დამსვენებლები, ვინც დიდი კორომის ახლოს ქირაობდნენ ბინას, ცხვირზე ბუზს არ იფრენდნენ, აქაო და, "ნახეთ, რა შეძლებულად ვცხოვრობთო". არა და, იქ ისეთივე მტვრიანი იყო ჰაერი, როგორც თბილისში, თუ უფრო მეტადაც არა, - თბილისის გზებზე ასფალტი მაინც იყო დაგებული, მანგლისში კი გრუნტის გზაზე გავლილი ყოველი მანქანა საშინლად ამტვერებდა გზას და სუნთქვას შეუძლებელს ხდიდა.

პატარა კორომისპირა სახლების დამსვენებლები  სუფთა ჰაერით ივსებდნენ ფილტვებს და გათენებიდან დაღამებამდე ამ პატარა კორომში "ცხოვრობდნენ". ლამის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჰამაკები იყო ჩამობმული. ფიჭვის გადმოწოლილ სქელ ტოტებზე - საქანელები კონწიალობდნენ.  ნაძვის ფისის სურნელი იდგა ირგვლივ. ამ ფისიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები ნაძვის კევს ამზადებდნენ, რომელიც  კბილებს ათეთრებდა და სუნთქვას აუმჯობესებდა.

გიზოს ნანახი სახლის მეორე სართულზე  რამდენიმე ოთახი ქირავდებოდა. ამ ოთახებს ერთი დიდი აივანი ჰქონდა, რომელიც წიწვნარ პატარა კორომს გადაჰყურებდა. მათკენ კორომის მხრიდან ადიოდა კიბე.
ეზოს მხრიდან ცალკე კიბე ადიოდა მცირე აივანზე, სადაც ორი ოთახი იყო განთავსებული. დამქირავებლები ამ ორივე ოთახს ერთად ქირაობდნენ-ხოლმე და სახლის პატრონებიც, უკვე ტრადიციულად, ამ ოთახებს ერთად სთავაზობდნენ დამსვენებლებს.
გიზოს ეს ორი ოთახი ძალიან მოეწონა, რადგან დილის სხივები ერთი მხრიდან ეცემოდა აივანსა და ოთახის ფანჯრებს და შუადღის ხვატისგან კი კორომის სიგრილე იცავდა ოთახებს.  ერთი სიტყვით, საკმაოდ მყუდრო და მშვიდი გარემო სუფევდა.

მაისის ბოლოს თინიკოს მეცადინეობები დაუმთავრდა უნივერსიტეტში და, როგორც ორი მცირეწლოვანი ბავშვის დედას, შვებულება ივნისიდანვე გაუფორმეს. თინიკო, ნინომ და ლიტამ ორი-სამი დღე მოანდომეს მომზადებას, ჩემოდნების ჩალაგებასა და ბარგის შეკვრას. ნამცხვრებიც დააცხვეს, პროდუქტიც მოიმარაგეს, რომ ყოველ წუთს არ დასჭირვებოდათ მაღაზიაში სირბილი და მანგლისისკენ გაემგზავრნენ.
ერთადერთი ნაკლი ჰქონდა ამ ადგილს, - წყაროდან იყო შორს, ამიტომ წყლის მოტანა დედისთვის და მამიდისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა. თუმცა ეს პრობლემა სრულიად არ აწუხებდა თეონას....

თეონას მისი პატარა დაიკო, ნინუცა ჯერ ცხრა  თვისა იყო მხოლოდ, ამიტომ დედის ყურადღება უმცროსისკენ იყო მიმართული.
თეონას ჰამაკი ისე  ჩამოუბეს, რომ სხვათა დაუხმარებლადაც შეძლებოდა მასში ჩაჯდომა და გაქანება. როგორც უკვე ვთქვი, მანქანის შიში იქ არავის ჰქონდა, ასე რომ თეონა საკუთარი სურვილის შესაბამისად გარბოდა-ხოლმე  კორომში თავისი ჰამაკისკენ.  ჰოდა, ჩაჯდებოდა თეონა ჰამაკში, ქანაობდა და თან გაფაციცებით  უსმენდა დედას, რომელიც ხან იავ-ნანას უმღერდა პატარა ნინუცას, ხანაც ლექსებს უკითხავდა შვილებს  საბავშვო წიგნებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მის წაკითხულ ლექსებს ვერცერთი იმეორებდა.
თუ კარგი ამინდი იყო, სადილის შემდეგ თეონას იღლიაში ამოჩრილი ლამაზი თხელი გადასაფარებელი და პატარა ბალიში მიჰქონდა-ხოლმე ჰამაკისკენ. ეცინებოდათ დედას და ბებიას, - "თავისი თავის ქალია, დასაძინებლად წავიდაო"... და მართლაც სულ რაღაც თხუთმეტიოდე წუთში ჰამაკში მშვიდი და უშფოთველი ძილით დაძინებულს ხედავდნენ თეონას. ლიტა მაშინვე წიგნს დასტაცებდა-ხოლმე ხელს, თეონას ჰამაკის გვერდით შლიდა ბრეზენტის შეზლონგს და კითხვას იწყებდა, თან კი თეონას ძილს სდარაჯობდა.

- შენ ბავშვებს მიხედე, სადილზე და სარეცხზე კი - მე ვიზრუნებო, - მანგლისში ჩასვლისთანავე შესთავაზა ნინომ თინიკოს ფუნქციების განაწილება.
- არა, დედა, ბაზარშიც მე წავალ-ხოლმე. სულ სახლში ხომ ვერ ვიჯდები? შაბათ-კვირას გიზოც ამოიტანს-ხოლმე პროდუქტებს  თბილისიდან. რძის პროდუქტებს - სახლის პატრონისგან ვიყიდით-ხოლმე და... არაფერია, კარგად დავისვენებთ ყველანი.

ლიტას, უფროსებიდან  როგორც ყველაზე უმცროსს, შეთავსებითი მუშაობა ერგო წილად, - ხან დედას ეხმარებოდა სადილის კეთებაში და ხან თეონას უვლიდა. პატარა ნინუცა მხოლოდ დედის საკუთრება იყო, - თინიკო  ვერავის ანდობდა ბავშვს.
ნინოს და ლიტას  ძალიან უკვირდათ  თინიკოს ასეთი დამოკიდებულება ნინუცასადმი, მაგრამ არაფერს ეუბნებოდნენ.
მხოლოდ ერთხელ ჰკითხა ლიტამ რძალს:
- თეონა და ნინუცა რომ ერთნაირად გიყვარს, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ... ნინუცას არ გვანდობ და თეონა კი ჩემთან არის, დედაჩემთან თუ მანგლისის რომელიმე დამსვენებელთან, თითქოს სულერთია შენთვის.
- რა სისულელეს მეუბნები, ლიტა? ნინუცა პატარაა... თეონა კი დიდი გოგოა უკვე... ესაა და ეს...

ამასობაში ზაფხულის ორი თვეც მიილია. ივლისი იწურებოდა.
იმ დღესაც იგივე მეორდებოდა, - დედა ბავშვებს ართობდა, ლიტამ კი წყაროდან ორი დიდი სათლით წვალებით მოიტანა წყალი. 
ნინო სადილის კეთებას შეუდგა. ლიტამ -  ბავშვების ტანსაცმელი ჩაყარა გამთბარ წყალში გასარეცხად.
თეონამ ჰამაკში ქანაობით გული იჯერა, შემდეგ ჩამოხტა და სახლისკენ წავიდა.
- სად მიდიხარ, თეონა? - იკითხა დედამ და თეონამაც ხელის მოძრაობით ანიშნა, თოჯინა უნდა მოვიყვანოო...
- მალე მოდი... გელოდები, წიგნს წაგიკითხავ...
თეონამ თავი დაუქნია და სახლისკენ გაიქცა.

- რა გინდა, თეონა? - ჰკითხა ლიტამ  სახლში შესულ გოგონას.
- ნტაჲ... მომო ნტაჲ...
- მიდი,  ჭიქა მაგიდაზე დევს, შენით დალიე... დიდი გოგო ხარ უკვე...

თეონა ოთახში შევიდა, წყალი დალია, თოჯინას და მის ლოგინს  ხელი დაავლო და ისევ დედისკენ გაიქცა.
ჰამაკთან მისულმა თოჯინას ლოგინი გაუშალა და... საბანს დაუწყო ძებნა. აშკარად ახსოვდა, რომ წამოიღო, ჰამაკამდე კი - არ მიუტანია.  ”გზაში დამივარდებოდაო” იფიქრა და ისევ სახლისკენ გაიქცა. დედამ თვალი გააყოლა თეონას  და ნინუცას მიუბრუნდა, რომელსაც ეძინებოდა და ამიტომ ჭუჭყუნებდა.

თოჯინას საბანი ტალახში ეგდო...
თეონამ საბანი აიღო და მამიდას უხმოდ გაუწოდა.
- ახლა არ მცალია, წადი, ოთახში აიტანე ეს საბანი.  ტალახში ჩაგიგდია... გასარეცხია... შენ კი სხვა რამე დააფარე შენს თოჯინას. ახლა არ ცივა და უსაბნოდაც არ გაგიცივდება... მიდი, მამიდა...

თეონამ კიბეზე აირბინა, ოთახში შევიდა და... სუფთა წყლით სავსე სათლში საბნის ”რეცხვა” დაიწყო...

მამიდამ ეზოდან გახედა ოთახს.   
- თეონა! - გასძახა ხმამაღლა, მაგრამ არავინ გამოსულა.
”ეტყობა ვერ დავინახე, ისე გამოვიდაო”  - იფიქრა და რეცხვა განაგრძო. ცოტა ხანში ოთახში შევიდა და რას ხედავს:  სათლის გარშემო წყლის გუბე დგას, ერთიანად გაწუწული თეონა კი მონდომებით წურავს ”გარეცხილ” საბანს.
- ეს რა არის, თეონა, არ გრცხვენია? - გაუბრაზდა ლიტა და ტაკოზე შემოარტყა ხელი, - დედაშენი სადღაა? შენ ხომ გცემე, ახლა წავალ და იმასაც ვცემ, შენ რომ აქეთ გამოგიშვა!...

თეონამ, რომელიც შექებას ელოდა საბნის დამოუკიდებლად გარეცხვის გამო, წყენის ცრემლები, დიდი ლუკმასავით, ძლივს გადაყლაპა და დედასთან გაიქცა.
დედა ნინუცას აძინებდა.
თეონამ დედას კაბის კალთაზე მოქაჩა, მაგრამ...
- სუუუ... - ჩუმად უთხრა დედამ.
- დედა, ლიტა მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ დცემოს!... - გაუბედავად თქვა თეონამ და დედას მიაჩერდა.
- რა მითხარი? ვერ გავიგე...
- თალო, შენ რა, დაყრუვდი? მამიდამ მე უტვე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ დცემოს!... მე რო საბანი დავრეცხე, იმიტო!...

და უცებ დედამ დააფიქსირა, რომ ყოველივე ამას თეონა მიმიკებით კი არ აგებინებს, ხმით ეუბნება!
- მიშველეთ! ბავშვი ლაპარაკობს!!! - მთელი ხმით იყვირა დედამ და ერთდროულად მთელი ხმით ატირდა დედის ყვირილით შეშინებული ნინუცა.
- თიკი, რა მოხდა, რატომ ყვირი? - შეშინებული მოცვივდნენ ნინო და ლიტა.
- რა მოხდა და თეონამ დაილაპარაკა! და რა თქვა, იცი?  ”მამიდამ მე მცემა და ახლა უნდა მოვიდეს და შენ გცემოსო”......
- თიკი, ალბათ ჩემი ხმა გაიგე და...
- რას ამბობ, გოგო?! თეონას ხმა სახლიდან კი არ გავიგე, თქვენი ხმები რომ ამრეოდა?!... ან ხმებიც როგორ ამერეოდა?!  ბავშვმა ხმით მითხრა, როცა ჩემთან დაბრუნდა!...
- თეონა, მამიდა, თქვი, აბა, რამე?! თქვი, სიხარულო...
- შენ შემოგევლე, ჩემო სიხარულო! ბებო, მითხარი რამე...
- დედიკო, აბა კიდევ მითხარი, რა გითხრა მამიდამ?!...

ხმა არ გაუღია თეონას, წავიდა და ჰამაკში ჩაჯდა....
მთელი დღის განმავლობაში ეხვეწებოდნენ თეონას, კიდევ ეთქვა ერთი პატარა სიტყვა მაინც...
უშედეგოდ!!! თეონა ხმას არ იღებდა და მხოლოდ ”ნტაჲ მომოს” ამბობდა-ხოლმე.

მათ მეზობლად, დიდი აივნის ერთ-ერთ ოთახში პედიატრი ცხოვრობდა.
- თინიკო, ბავშვს ნუღარ ეხვეწებით დალაპარაკებას... რადგან ერთხელ თქვა სიტყვა, ესე იგი კიდევ იტყვის... ასეთ ბავშვებს დრო სჭირდებათ მხოლოდ...
- იტყვის კი?... - იტყოდა-ხოლმე დედა და ჩუმად იწმენდდა თვალზე მომდგარ ცრემლებს.
- იტყვის, თინიკო, აუცილებლად იტყვის!...

გაიარა ერთმა კვირამ. თეონას აღარავინ აწუხებდა ხვეწნა-მუდარით, რომ ერთი  სიტყვა მაინც ეთქვა...

და აი, ერთ მშვენიერ დღეს, როცა დედა ნინუცას აძინებდა, თეონა თავის ჰამაკში მოთავსდა და... ლექსების თქმა დაიწყო! ჯერ ჩუმად ამბობდა, გაუბედავად, შემდეგ გათამამდა, ხმას მოუმატა და ბოლოს თავისი წკრიალა ხმით ”იავ-ნანა” წამოიწყო...

დედას სულ დაავიწყდა ნინუცაც და მისი შუადღის ძილიც, გაოგნებული უსმენდა თეონას, რომელიც პაუზის გარეშე გადადიოდა ერთი ლექსიდან მეორეზე, მესამეზე, მეათეზე, ოცდამეათეზე... დედას სათვალავი აერია, ვეღარ დათვალა თეონას ნათქვამი ლექსები... მათი რაოდენობა კი კატასტროფული სიჩქარით მატულობდა...

სახლის წინ მანქანა გაჩერდა. პარასკევი იყო და მამიკომ ჩამოაკითხა ბავშვებს. თან თეონასთვის უზარმაზარი თოჯინა ჩამოიყვანა, - თეონა ხომ ორი წლის და ხუთი თვის ხდებოდა?
სხვა დროს ყველა ერთად ეგებებოდა ხოლმე გიზოს, ახლა კი თინიკო ადგილიდან არ იძროდა და თეონას შესცქეროდა გაფართოებული თვალებით.
- თიკი, რა მოხდა? - შეშფოთებული ხმით იყვირა გიზომ და მათკენ დაიძრა.
მამის ხმა გაიგო თეონამ, თავი გზისკენ მიაბრუნა და...
- მამაააააა!  - მთელი ხმით შესძახა, ჰამაკიდან გადმოხტა და მამიკოს შემოეხვია კისერზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს