ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
20 თებერვალი, 2015


21.01.2015 - 20.02.2015

                * * *
შესვენებაზე -
მივდივარ  „პარნასში“.
ისევე,  როგორც  მზემდე  ზეცაში -
(ვფიქრობ  თან  გზაში -)
„ზე“-მდეც  შორია.
არა,  მოხვედრა  პირველ  ასში
ნაღდად  ჭორია.
გულში  ვიღიმი,
გამახსენდა  ჭაღარაც  თმაში,
(როგორც  ნამზრალი,  დილის  თრთვილი,  ჭვავის  ყანაში.)
შევდივარ,  ვჯდები.  უკვე  ორია.
ღვეზელს  ვყიდულობ...
და  ასე  გადის  დრო  უაზროდ  ჭამა-ჭამაში.

21.01.2015

გაზაფხულის  ალიტერაციული ფანტასმა

                  (ეს ლექსი მივიწყებული მქონდა, ასე, 3-4 წლის
                  წინანდელი იქნება ალბათ. ახლახანს ქაღალდებში
                  ვიპოვე და ცოტა ხელი წავკარი)

სურნელია  ტყეში თოთო წიწვის,
გაზაფხულით აფუებულ მიწის.

„ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“-
ჩასჩურჩულებს ყურში გოგოს ბიჭი.

ტყე ზარხოშობს სიყვარულის ნიჭით,
იწვის, ეჭვით ალეწილი ფიჭვი.

27.01.2015

        იაფრითმიანი  მონოლოგი ...

ხანდახან ლამის დამიბინდოს ბრაზმა გონება,
დღევანდელ ყოფის შემხედვარეს და მეგინება,
ამ დროს არ მინდა სულიერის ხმის გაგონება,
მერე და მერე, დრო რომ გადის, კი მეცინება.
არა მჩვევია დიდი ურვა და შეღონება,
არც მამონის და სიამეთა მიყვარს მონება,
მხოლოდ ის მკმარა რაც ოდესღაც თვითონ ინება -
და არასოდეს მითხოვია რამეს ქონება.
ტყუილ-მართალი ალბათ სწორად აიწონება,
დე, მან განსაჯოს, თუ მექნება მერე ცხონება,
რომ არ მაღელვებს ლეთას წყლების მღვრიე დინება,
შემინდობს ალბათ დემიურგი, არ ეწყინება.

04.02.2015

            ფანტაზია თემაზე,  რა დამემართებოდა 
            მონავარდისაშვილს რომ ავყოლოდი ...
            ანუ მოდელირებული ამბავი

„რაბაროზოვი“ აცეტდა,
მოუნდა ნანადირევი,
მთელი თუშეთი დათოფა,
ჰეღო, ჭონთიო, გირევი.

ახლა ახალი აზრი აქვს,
ააწყო როგორც მძივები,-
ჯავახეთს მოვინადირებ,
უნდა შევკრაო ტივები.

მიმიპატიჟა იხვებზე,
შემოგარენში ხანჩალის,
ცეცხლს ვანთებთ შეშა არა გვაქვს
ბალახ-ბულახის, ხან ჩალის.

სიცივე რბილში გავიდა,
ძვალს დაეტაკა ქვასავით,
სულს ძლივს ვიბრუნებ არყის თუ
ჟიპიტაურის ნაზავით.

ვიღას ახსოვდა იხვები,
ქარი სტვენს, ყმუის, გასწივის,
სანატრებელი გაგვიხდა
კოცონი ხმელი აქ წივის.

...............................

"რაბაროზოვი" - მამუკა ბექარის ძე მონავარდისაშვილი;
აცეტდა - უსაფუძვლო სიმსუბუქით იწყო მოქმედება;
ჰეღო, ჭონთიო, გირევი - თუშეთის სოფლები;
ხანჩალი - ტბა ჯავახეთის ზეგანზე, ნინოწმინდასთან;
ჟიპიტაური - სუსტი არაყი;
წივა - ხმელი ფუნა (მთიან რეგიონებში ხშირად საწვავად ხმარობდნენ).

06.02.2015

                * * *
ცას თითქოს რაღაც უნდოდა ეთქვა,
დილიდან თოვდა ...
თეთრი „ფერთალი“ დაეფინა ტოტებზე ძელქვას ...

09.02.2015

            * * *
ხმა წარსულიდან -
შრიალებენ ხმელი ისლები...
“ბოშო, დამიგე ქვეშაგები,
აი, ის ლები.”

მოგონებები ფერმკრთალობენ,
როგორც ნისლები.
მერე, ცრიატი თითქოს ქრება, 
თითქოს ვიშლები...

14.02.2015

                    * * *
სარკმელთან ვდგავარ,
დაყრდნობილი ფანჯრის რაფაზე
და უნებურად გულში ვფიქრობ ათას სხვარამზე ...
სავალ ნაწილზე პატარები გადაჰყავთ დედებს -
ჩვენს წინ სკოლაა ...
გარეთ ნელ-ნელა
თებერვალი ათეთრებს ხედებს,
გადათოვილი ეს ქალაქი წააგავს ედემს.

18.02.2015

                  * * *
თებერვლის ბოლოს ზამთარი ჩამოდგა...
განა არ ველოდი,
უბრალოდ, ისე, გამეხარდა,
ამინდის პროგნოზი რომ მართალი გამოდგა.
მოკლედ, გვეწვია ზამთარი და
აქა-იქ  ქარიც ამოქშინდა, როგორც აფთარი...
რა გინდა რომ ქნა,
უკვე ავადაა თბილისის ნახევარი
და იარება დიდ-პატარა ვით „ ავატარი“ -
ლურჯი ცხვირების დეფილეა დედაქალაქში...

19.02.2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს