ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 მარტი, 2015


  ჩამოტვირთვა

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
სიძულვილისთვისაც შეიძლება, ვუყვარდეთ უფალს,
უფრო კი მაშინ, ჯიბეში ხურდების ჩხრიალით,
რომ ჩავუვლით, შიმშილისაგან გონ-დაკარგულ მათხოვარს.
საღამოთი კი ძილის წინ , გძულდეს საკუთარი თავი,
მიუხედავად იმისა რომ, იმ უკანასკნელი ხურდებით,
წამალი იყიდე საკუთარი თავის გადასარჩენად.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
მე სიკვდილის კი არა, სიკვდილის შემდეგ, ცაში გაფრენის მეშინია.
ზემოდან ყველაფრის, ღიად ყურების მეშინია.
ჩემი ჯოჯოხეთი ეგ იქნება: დამსვა სადმე ღრუბლის კიდეზე
და მაყურებინა მთელი ქვეყნის ცოდვა ბრალს.
როგორ კლავს ძმას, ძმა. როგორ ღალათობენ ერთმანეთს,
როგორ თელავენ ყოველგვარ სიწმინდეს.
ამდენს ვერ გავუძლებ, მეორეთ ჩაასვენებენ ჩემს სულს,
ღრუბლის თეთრ კუბოში.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
როგორ მოვიდა სიზმარი ჩემამდე?!
ამ გზას ვეძებ, რომ უკან დავბრუნდე.
დავბრუნდე უკან , აბსოლიტურად ფხიზელი, იებით ხელში
და სიზმარს ვთხოვო, რაც შეიძლება ხშირად მომაკითხოს,
მე ის მჭირდება, რომ გავძლო.
ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე:
სამყარო სახლია, თვითვეული ადამიანი, ამ სახლის სარკმელი.
გაიხედავ ზოგ სარკმელში და ულამაზესი ხედი იშლება,
ზოგ სარკმელს საერთოდ, ახლოსაც ვერ გაეკარები,
ზოგ სარკმელს სისხლის სუნი უდის.
ისეთი სარკმელებიც არიან, შორიდან რომ უჩვეულოდ მიგიზიდავენ.
მისვლისას კი სანამ გაიხედავთ , ობობის ქსელში აღმოჩნდებით.
მე ის სარკმელი ვარ , აგერ კუთხესთან, მთელი თავისი სამყოფელი,
მერცხლის ბუდეებს რომ დაუთმო.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები