ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
10 მარტი, 2015


უილიამ ბლეიკი - აჩრდილი და ემანაცია

i

დღითა და ღამით მსდევს ჩემი ლანდი,
მცველად მიჩენილს წააგავს ნადირს;
ემანაცია კი - ღრმად დაფლული,
ჩემს შეცოდებებს დასტირის მუდმივ.

ii

„თვალჩაუწვდენელ უსაზღვრო ხრამში
დავხეტიალობთ და ცრემლებს დავღვრით;
ზუზუნ-გრგვინვაში უძღებ ქარიშხლის,
უკან მოგყვება ჩემი აჩრდილი.

iii

შენს ნაფეხურებს  თოვლში იყნოსავს,
აგედევნება, რომც იყო შორსაც,
გაივლის ისხარს და ზამთრის სეტყვას,
როდის ინებებ კვლავ დაბრუნებას?

iv

ქედმაღლობაში ოდეს ზიზღს გარევ,
ქარიშხლით მავსებ ყოველ ცისმარე,
ეჭვიანობით, შიშით და ელდით -
ღამე მატირებ ცხარე ცრემლებით.

v

ჩემს შვიდ სატრფოდან ყველა მათგანი
გამოასალმე სიცოცხლეს დანით;
და მარმარილოს ძვალშესალაგი
ავუგე ცრემლით და შიშის ზარით.

vi

კიდევ  შვიდი კი ტირის ნიადაგ,
სადაც მეტრფენი სამარხში წვანან;
და კიდევ შვიდი ყოველი ღამით,
ჩემს სარეცელთან მოდის ჩირაღდნით.

vii

საწოლში შვიდმა მიჯნურმა ვაზით
შეამკო ჩემი მწუხარე თავი;
დიდსულოვნებით  ბრალი შეგინდეს,
შეცოდებანი დიდი თუ მცირე.

viii

როდის ინებებ მოსვლას და ნახავ,
მკვდრეთით აღმიდგენ მეტრფეთ ხელახლა?
მითხარი, ჩემთან როდის იცხოვრებ?
ვით მე  შეგინდე, შემინდობ ცოდვებს?“

a

„ჩემს შეცოდებანს დასტირი, ოხრავ:
რატომ არ გლოვობ შენს შეცოდებანს?
დასტირი, გლოვობ ჩემს თანანადებთ,
შენს თანანადებთ არაფრად აგდებ“.

b

„რა შემიცოდავს ან მიძღვის ბრალი,
შენი ცოდვების ტოლფარდი, მსგავსი?
როსკიპ ცოდვების  ქცეულხარ ვასლად,
მე სარეცელი მაქვს მათ საფლავად“.

ix

„არ დავბრუნდები უკან მორჩილი,
არამედ მხოლოდ ძლევამოსილი.
ჩემი იქნები, ცოცხლობ სანამდე,
მკვდარს გაგიხდები მერე სამარედ.

x

მიწის, ზეცის და ჯოჯოხეთს მიღმა
ვეღარ ჩაიხშობ როსმე ფორიაქს,
აგედევნები გაფრენილს ყველგან
და განვაახლებ დღე და ღამ დევნას“.

c

„საწყალი, მკრთალი და შესაბრალი,
გრიგალში ვისაც ვუდგევარ კვალში;
რკინის ცრემლები, ოხვრები ტყვიის,
შემომხვევია მტკივან თავს ირგვლივ“.

xi

„ქალის სიყვარულს სანამ ზურგს ვაქცევ
და ამოვძირკვავ ჯოჯოხეთურ ტევრს,
მანამ არასდროს ვიქნები ღირსი,
მარადისობის რომ გავხდე მკვიდრი.

xii

შენგან დაცინვას შევწყვეტ, იცოდე -
გამოგასალმებ კლდეზე სიცოცხლეს!
და შენ მაგივრად ისეთ არსს შევქმნი,
მორჩილი იყოს ჩემი სვე-ბედის.

xiii

მოდი შევთანხმდეთ - შევწყვიტოთ ტრფობა,
ჯოჯოხეთური ტევრიც აღმოვფხვრათ;
შემდეგ დავბრუნდეთ, ორივემ ვნახოთ,
მარადისობის ამო სამყარო.

xiv

სამარადისოდ შეგინდობ შენს ბრალს,
შენც მომიტევებ ჩემს ცოდვებს ნაცვლად.
ვით მაცხოვარმა წარმოთქვა უწინ:
„ესე არს ღვინო, ესე არს პური““.


10 მარტი, 2015 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ: http://www.bartleby.com/235/110.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები