ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 მარტი, 2015


უილიამ ბლეიკი - გვინი, ნორვეგიის მეფე (სრული ვერსია)

ბალადა

მეფენო, ყურად იღეთ ნამღერი,
მოგითხრობთ ამბავს, როდესაც გვინი,
ერებს მართავდა სასტიკი კვერთხით,
ხელთ ნორვეგიის ეპყრა გვირგვინი;

მის სამეფოში თავადნი ღატაკთ
ტოვებდნენ მშიერს, ართმევდნენ საზრდელს,
წაგვრიდნენ ღარიბს ერთადერთ ბატკანს,
წყალობის მთხოვნელს უკეტდნენ კარებს.

„აღარ იძლევა მიწა მოსავალს,
მშიერ ცოლ-შვილის  გვესმის გოდება;
ჯობს ავუჯანყდეთ ხელმწიფეს მტარვალს,
თორემ ჯალაბი დაგვეხოცება!“

გორდრედს მუდარით  მიადგა ხალხი,
გამოეღვიძა ქვაბულში დევგმირს,
გიგანტის ბიჯით შეირყა მთანი,
მოჯანყის დროშა აღმართა ზევით.

აჰკიდებია მას ვით გრიგალი,
სისხლის მძებნელთა დიდძალი ჯარი,
ლომის ბოკვრები თითქოს ღრიალით
მსხვერპლს დაეძებენ ველ-მინდვრად ღამით.

ბლერონის მთისკენ სუყველა ჩქარობს,
ღრუბლებს აწვდება მათი ხმაური,
მთიდან მოვარდნილს მოაგავს ღვარცოფს,
ცხენთ თქარუნის ხმა, აბჯრის ჩხარუნი.

ჯალაბთა გროვა უკან ჯარისკაცთ
ასდევნებია ყვირილით,  ვიშით,
მგლების ყმუილად, ლანდთა ძახილად,
სუსხიან დღეში  მკვნესართ ხმა ისმის.

„დროა, ტახტიდან გვინი დავამხოთ
და მოვუსწრაფოთ სიცოცხლე ტირანს,
ათი ათასი მზად ვართ სანაცვლოდ,
რომ შევეწიროთ ზვარაკად მიზანს“.

კოშკიდან კოშკზე ღამის დარაჯთა
გადაძახილის გაისმის ხმები -
„ხელმწიფე გვინო, აღსდექი სწრაფად,
გარს მოგდგომია ურიცხვი მტერი!“

უმალ ხელთ იპყრა გვინმა ფარ-ხმალი,
მისი მთავრების დასიც მოჯარდა,
ავდრის ღრუბელს ჰგავს ყველა მათგანი,
ლაპარაკობენ რაინდნი ხაფად.

ვითარცა ქვები სამარის ირგვლივ,
გარს შემორტყმიან მხედრები მეფეს;
მოუმარჯვიათ შუბნი, მახვილნი,
აწკარუნებენ მათ ჯავარდენებს.

მიაგდო მხვნელმა  გუთანი, კავი
და დაიკავა სანაცვლოდ ხმალი;
თავზე დაირქვა ჩარჩმა ჩაჩქანი
და მიატოვა სავაჭრო დახლი.

სტვირი გააგდო ხელიდან მწყემსმა
და დაიჭირა ნაღარა, ბუკი;
გრდემლზე მიაგდო ურო  მჭედელმა
და აღიჭურვა აბჯრით და ზუჩით.

ბარატონისას მოჰგავს მაღალ ლანდს,
ავდარში რომ ჩანს ცაში ზმანებით,
გვინი, რომელიც მოუძღვის ლაშქარს,
თითქოს  მოგელავს მომსვრელი სენი.

მოაგელვებენ ცხენებს და ეტლებს
და შუბოსნების მოსდევთ გუნდები,
მოიმღერიან გლოვის სიმღერებს,
შეჯგუფდებიან, ვითარც ღრუბლები.

შედგნენ - გვინმა როს ასწია ხელი;
„იერიშისთვის ემზადეთ!“- ბრძანა,
„აი, გამოჩნდა ჯარით გორდრედი,
რომ შეაშფოთა ჩვენი ქვეყანა“.

სასწორის პინებს მოჰგავს ორი სპა,
რომ უკავია უცთომელ მსაჯულს; -
„მოგვშორდი, გვინო, რომ არ მოისრა,
თორემ აგივსებთ ყოფის საწყაულს!“

ჯარები ერთურთს ეკვეთნენ შმაგად,
ვით მეომარი ძალუმი ზღვები;
ზეცაც კი შეძრა მათმა გნიასმა,
ცა დაიფარა ასული მტვერით.

სისხლიან მიწას სდის ოხშივარი,
გმინავს მის შვილთა დაღვრილი სისხლით,
სისხლის ზღვა მოჩანს, ოღონდაც თვალით,
არ ჩანს ვრცელი ზღვის მთრთოლი ნაპირი.

ამ სასტიკი ზღვის ნაპირას დაძრწის
გაპარტახება, შიმშილი, კვდომა;
შიმშილით კვდება ქალი თუ ბავშვი,
ისმის განწირულთ ტყება და გლოვა.

შორს მოჩანს გვინი, მეფის ამალაც,
ანადგურებენ მომხდურის რაზმებს,
იმ აალებულ კომეტებს ჰგვანან,
სიკვდილს რომ თესენ ცხროიან ღამეს.

მეფე მტერს ჩეხავს, ვით კრავებს ლომი,
ტრამალზე ისმის დაჭრილთა კვნესა,
ოდნავ შესუსტდა ველ-მინდვრად ომი,
თუმც გორაკებზე მძაფრად გრძელდება.

სიკვდილი გაძღა და ცოცხალ-მკვდარი
დაჭრილებისგან აივსო ველი,
გროვად დახვავდა ცხენი თუ ფარი
და ირგვლივ ყრია ურიცხვი ლეში.

ომის ღმერთია სისხლისგან მთვრალი,
დედამიწამ კი ცნობა დაკარგა;
ცას გული მისდის სისხლის სიმყრალით,
ლანდებით გაძღა  ჰადესის ხახა.

რით იმართლებენ  მეფენი თავებს
წინაშე წმინდა, საშინელ ტახტის,
შურისგებისთვის როს შეჰღაღადებს
უფალს ურიცხვი სული მომწყდარის!

აალებული კომეტათ მსგავსად,
რომ შეარყევენ ცაში ვარსკვლავებს,
მწიფე ხილივით დაყრიან დაბლა
და ვარსკვლავთცვენა ღამეს ანათებს, -

შეხვდნენ გორდრედი და მეფე გვინი,
მათ ბედს გადაწყვეტს პირველი დარტყმა;
გაასხმევინა გორდრედმა ტვინი,
ხმლით მეფის თავი შუაზე გაჭრა.

დაეცა გვინი, მისი ლაშქრიდან,
ვინც კი გაქცევა შეძლო, გაიქცა,
დარჩენილებს კი გორაკზე, მინდვრად,
დააცხრათ ბლომად ლეშიჭამია.

წარეცხა სისხლი  დორმანის წყალმა
და შეუერთა ჩრდილოეთის ზღვას;
შვილნი იგლოვა ზღვამ და გამწყრალმა,
სამხრეთის ქვეყნის მიწა დაფარა.

15 მარტი, 2015 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://www.bartleby.com/235/17.html

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მელ.ზ. ვულოცავთ დაბადების დღეს