ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია ჯაფარიძე
ჟანრი: პოეზია
20 მარტი, 2015


უადრესატო

არის  საწყისი და დასასრული. და როგორც წესი, დასასრული ვერ სჯობნის საწყისს.
ამ ცხოვრებაში ბევრი მძიმეა. მხოლოდ წერტილი არსებობს ერთი.
მიხვალ_ჩაწვები.
რაღას მიხვალ... _მიგაცილებენ.


ერთხელ მითხარი: ,,ჩემი ნაძვი ხარ . შორს, ფანჯრიდან გხედავ ყოველდღე.,,
ყოველდღე ვტკბები. ჩემი ნაძვი ხარ შორეული, დიდებული და უკარება,, 
გამეღიმა და არაფერი გითხარი მაშინ.

უხსოვარ დროდან აქ ვდგავარ და არ ძალმიძს წასვლა.
ოჰ, ეს ფესვები...
მეც უამრავი ჩემნაირი მეხვია ირგვლივ. ყველა წავიდა.
წაიყვანეს და ცხოვრება გაილამაზეს.
სულ  მარტო დავრჩი. გაზაფხულის პირველმა მეხმა დამაზიანა.
ყოველდღე ვუცქერ ნაჭრილობევს დილის ცვარში , შემოჩვეულ ორბის თვალებში.
(სულ მარტო დავრჩი . ფოთლოვანი აიყარა ტყე. 
ნეკერჩხლის ფოთოლს როდის იყო გაეგო წიწვის.
სულ არ სცალია, საკუთარი ფერებით იწვის და არც ნაღვენთი, ჩემი  ცრემლი  არა ჰგონია.
იცი? ყველა ხე ლამაზია  . ეს ყველამ იცის . მხოლოდ ნაძვია  სხვამ რომ უნდა გაალამაზოს.  )

ჩემამდე გზაა. გზა რომელიც ვერ გაიგენი.
მიცქირე! დატკბი !  ჩემს ნამეხარს არავინ უწყის.
მიცქირე! დატკბი!  მასე ტკბება ჩემით მავანი.
მეორე მხრიდან კი შემოვლას არავინ ცდილობს.
მეც მიხარია.
არავინ იცის ამ ტკივილის ავან-ჩავანი.
ჰო, მე ნაძვი ვარ!
ფერდშელეწილი .ის ჩემი გვერდი შენი ფანჯრიდან არასდროს ჩანდა.
უხსოვარ დროდან აქ ვდგავარ და არ ძალმიძს წასვლა.
არც შენ მოხვედი...
ყველა ქუხილზე ტოტებს ვიწვდი და ელვას ვუხმობ, გულში ჩამიკრას.


ამ ჩვენს ზღაპარს კი მე დავუსვი მრავალწერტილი ...  და როგორც მინდა დავასრულებ. ნება ჩემია.
ხან ერთში ვწვები_ მოხვალ და მნახავ.
ხან მეორეში_შორიდან მეტრფი.
ხან მესამეში_დიდი ხანია შენ უკვე აქ ხარ, ოღონდ არ უწყი.
სანამ ცხოვრება თვითონ  დასვამს ჩემს ბოლო წერტილს.


მე სამწერტილი რას მეყოფა.
ავიღე ბარი.
იქნებ იქ მაინც შენი გული ამოჰყვეს მიწას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები