ნაწარმოებები



ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პროზა
23 მარტი, 2015


სასრიალო

იმ წელს იშვიათად უხვთოვლიანი ზამთარი იყო.
ქუჩა, რომელზეც ჩვენ ვცხოვრობდით, მოყინულიყო და ვინაიდან დამრეცად იყო განფენილი, ერთი დიდ სასრიალოს დამსგავსებოდა.
სიტყვა ჟრიამული მანამდე რომ არ არსებულიყო,აუცილებლად მე გამოვიგონებდი, რადგან ერთი სიტყვით სწორედ ჟრიამული ჰქვია, რაც იმ საღამოს გარეთ ხდებოდა და თუ მაინცდამაინც, სურათის ზუსტი წარმოდგენა გჭირდებათ, მაშინ სიტყვა ჟრიამულთან მიმართებით, ნებისმიერი თქვენთაგანის გონებაში წარმოქმნილი ასოციაცია გამოდგება.
მე, მაშინ 20-21 წლის ვიყავი, სალომე კი ჩემზე 4-5 წლით უმცროსი.
ის ძალიან პერსპექტიული ბალერინა იყო, თუმცა მე მაგდენი არ მესმოდა, რადგან მიუხედავად მოწიფული ასაკისა, ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა მომავალზე, მას კი თურმე უზარმაზარი გეგმები ჰქონია. ჩემთვის მთავარი მხოლოდ ის იყო, რომ სალომეს ჩემი ვარცხნილობა მოსწონდა, მე კი მისი ყველაფერი!
სანამ მთავარზე გადავიდოდე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ტექსტის დასაგრძელებლად, აქ, კიდევ ბევრი "ბლა-ბლა-ბლა" შეიძლებოდა. მაგალითად ტექსტის მხატვრული ღირებულების გასაძვირებლად შეიძლებოდა მომეყოლა, როგორ გახუჭინებენ თვალებს გუგებზე დაცემული თოვლის ფანტელები და ამგვარად არ გაცლიან მათ მიღმა დამალული ცის დანახვას. მეტი ინტრიგისათვის ჩავრთავდი პერსონაჟებს. მაგალითად ქუჩაზე ჩამოვლილი მანქანის პატრონს, რომლის მანქანასაც იმდენი ბავშვი ჩამოეკიდა, რამდენმაც ხელის მოსაკიდი უპოვნა. ასევე გაგაცნობდით ვინმე ჩვენ უბნელ უფროს ბიჭს, რომელიც მანქანის პატრონის მიერ გალანძღულ ბავშვებს გამოექომაგა. მეტი სიმძაფრისთვის მათ შორის სიტუაციასაც დავძაბავდი და მერე კეთილადაც მოვაგვარებდი, მაგრამ სანამ მოკლე სიტყვის გრძლად თქმის შესაძლებლობაში დამირწმუნებიხართ, თქვენი ძვირფასი დრო მიმითვისებია და თავიც მომიბეზრებია, ისევ მთავარს დავუბრუნდები.
მე და სალომეს ხელები გვქონდა ერთმანეთზე ჩაკიდებული და აღმართს მივუყვებოდით ქუჩის ბოლოსკენ. ვერ გეტყვით ისე ხშირად მართლა უსრიალებდა ფეხი თუ თავს იკატუნებდა, რომ მე შევშველებოდი და ამით ჩემი ყურადღება და მხარდაჭერა მეგრძნობინებინა? სისულელე...! რა თქმა უნდა უბრალოდ უსრიალებდა (!) და არა მარტო უბრალოდ უსრიალებდა, ღიმილითაც უბრალოდ მიღიმოდა, მაშინ როცა მე, მის ღიმილში ჩემი ვარცხნილობის და არამარტო ვარცხნილობის დანახვას ვცდილობდი.
მას ხელთათმანი ეკეთა ხელზე და ეს მთელი გზა მტანჯავდა, რადგან მეგონა, რომ ის ხელთათმანი მასთან უშუალო კონტაქტში მიშლიდა ხელს. ბევრჯერ მოვიშორე ეს აზრი და ვეცადე მეღიარებინა, რომ ეს, წმინდა წყლის თავის მართლება, თითიდან გამოწოვილი მიზეზი იყო. რომ მე, მისი ხელი ხელში მეჭირა და არ ჰქონდა მნიშვნელობა, ეკეთა თუ არა მას ხელთათმანი, მაგრამ მე ის ხელთათმანი პირდაპირი მნიშვნელობით არასოდეს მიგულისხმია და ამიტომაც ამ მიზეზს ყოველთვის მიზეზად ვტოვებდი.
წვალებ-წვალებით, ფეხის სრიალითა და მხარდაჭერით ავიარეთ აღმართი და ქუჩის ბოლოში მოვექეცით. იმ გადმოსახედიდან ქუჩა კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა, ხოლო ამ ბუნებრივ სასრიალოზე ჩასრიალება ერთბაშად სასურველიც და ლოგიკურიც. მაგრამ აქ მოხდა ყველაზე მთავარი: - მე, ჩასრიალების საოცარმა შიშმა შემიპყრო...
არა, არ იფიქროთ, რომ წაქცევის, კისრის მოტეხვის ან სხვა დაზიანების მიღების პერსპექტივამ შემაშინა.
არა, არა, არც სალომესი!
ეს სხვა შიში იყო. ეს მიღწეულით დატკბობის ერთგვარი შიში იყო, ძნელად მოპოვებულის ადვილად განიავების შიში, და ბოლოს ეს იყო შიში სალომეს დაკარგვისა, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა, რადგან სალომე არასოდეს უყურებდა სასრიალოს გადატანითი მნიშვნელობით,  ჩემთვის კი ის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი აღმართი იყო, რომელზეც დღემდე ვდგავარ, ჩასრიალების შიშით შეპყრობილი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ნინო კახიძე ვულოცავთ დაბადების დღეს