ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პოეზია
25 მარტი, 2015


”პატარა თეონას პატარა ისტორიები”. თავი 6. დედულეთში

სამიწლინახევრის თეონა და  ორი წლის ნინუცა  სოფ. შუხუთში, დედას ბავშვობის სახლის ეზოში სახლობანას თამაშობდნენ.
იქვე, ეზოში კრუხი დაასეირნებდა თავის პატარა წიწილებს.
თეონას ყურადღება მიიქცია ერთმა პატარა ჭრელმა წიწილამ, რომელიც ხან მობუზული იჯდა  და ხან კი - ძლივს გადადგამდა-ხოლმე რამდენიმე ნაბიჯს.
- ნინუცა, ნახე, წიწილა ავად არის...
- რა იცი, რომ ავად არის, ჰა, თეონა?
- როდორ თუ რა ვიცი? ვერ ხედავ? ძლივს დადის!... დინდა ეთიმობანა ვითამაშოთ და წიწილა მოვარჩინოთ?
- მინდა, მაგრამ - როგორ?
- როდორ და... მოდი, ჯერ დავიჭიროთ...
- მეშინია კრუხის... - თქვა ნინუცამ და უკან დაიხია.
- ტრუხის მეც მეშინია, მადრამ... მოიცა, ახლავე!... ეტატერინე ბებიააააა!!! - მთელი ხმით იყვირა თეონამ და სამზადისკენ გაიქცა.
- რა იყო, გოგო, რავა თავგატეხილივით ყვირი, მოხდა რამე?
- ეს ტრუხი დვაშინებს, ეტატერინე ბებია!
- კრუხთან რა გინდა, გოგო?
- მე რა უნდა მინდოდეს? მადრამ... ამ ტრუხს რა უნდა ჩვენთან? ჩვენ ვთამაშობთ და ეს ტიდე  - დვაშინებს... - ვითომ ძალიან გაოცებულმა, ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა თეონამ.
- უი, შენ რა გითხარი, ბებია... ამოდენა გოგოს კრუხის გეშინია?
- მე ტი არ მეშინია, ნინუცას ეშინია...
- არა, ბებია, არაფერს გიზამთ აი კრუხი...
- დვიზამს, დვიზამს... მიდი, რა, დააბი?
- ოი, დედა! კაი, ბატონო! დავაბამ, მარა... არ არის ეს კრუხი აგრესიული...
- როდორ თთვი, ეტატერინე ბებია?... ადრე სიული? არა, ადრე არა! ახლა არის სიული... მარტო დღეს...
- შენ არ მოუკვდი, ბებია, შენს პატრონს!  ”ადრე  სიულიო?...”    - სიცილისგან ცრემლები გადმოსცვივდა  ეკატერინეს...

ეკატერინემ კრუხი დააბა და სამზადში შებრუნდა.

კრუხი რომ დაბმული დაინახა, თეონა მაშინვე ავადმყოფ წიწილასთან მიიჭრა და ხელში აიყვანა, შემდეგ კი - სამზადში შევარდა.
- ეტატერინე ბებია, ეს წიწილა ტვდება?
- მაჩვენე?... უი, ავად გამხდარა!... სხვებსაც არ გადასდოს... დასვი, ბებია, მერე გადავაგდებ, თუ მოკვდა...
- ტარდი, წავიყვან...
თეონა სწრაფად მივიდა ნინუცასთან და ხმამაღლა განაცხადა:
- ეს წიწილა ავად ყოფილა!... ჩვენ უნდა მოვარჩინოთ!... ნინუცა, მომიტანე  შპრიცი!... რამე წვეტიანი ჯოხი მიპოვე, ნინუცა!

ნინუცამ პატარა წვეტიანი ჯოხი მოიტანა.

და დაიწყო პატარა წიწილას წამება!
თეონამ წვეტიანი ”ნემსი” წიწილას შეურჭო და მის რეაქციას დააკვირდა.
აწივლდა წიწილა, თეონას ხელიდან გადაუფრინდა და... პირდაპირ ტალახიან გუბეში ჩაფრინდა.
- უი, უი, როდორ დაისვარე, პატარავ!!! ახლავე დადბან... ნინუცა, მომეხმარე, რა?!...
- როგორ?
- წყალი მომიტანე!
- რითი?
- შენი ვედროთი!
- ოოო, თუ კაია, შენს ვედროში დაბანე...
- ტარდი, სულერთია, რომელი ვედრო ითნება....

ნინუცამ პატარა სათამაშო ვედრით მოიტანა წყალი.
თეონამ წიწილა ჯერ საპნით დაბანა, შემდეგ -  თავისი ცხვირსახოცით გაამშრალა და მზეზე დასვა.
წიწილამ ერთი კი ”გაიბრძოლა” და თვალები აატრიალა.
- ნინუცა, ათ ეს ვერ დაშრება! სადმე უნდა ჩამოვტიდოთ! წამო...

თეონამ ღობეზე მზიანი ადგილი მონახა, წიწილა კისრით ჩააცურა ღობის ორ ფიცარს შორის, შემდეგ კარგად მოქაჩა კიდეც და როცა წიწილის კისერი მნიშვნელოვნად  დაგრძელდა,  ცოტა ხნით ასე დატოვა.

ნინუცამ და თეონამ ჰამაკში მოიკალათეს და ქანაობა დაიწყეს... დაავიწყდათ კიდეც, მზეზე ”გაფენილი” წიწილა, რომ...
- მიშველეთ!... ეს რა უქნია ამ ყაჩაღანას!... ვაიმე, დედა! ჩემს სიცოცხლეში წიწილს ვეღარ გავეკარები! რაა ეს, თეონა, ა?!  თინიკო!!! თინიკო, შენი ხელით მოკალი ეს ბავშვი, ვიდრე მე შემომაკვდება ხელში!!! ვაი, დედა, ეს რა ვნახე! - გაისმა ღობესთან ეკატერინე ბებიას მოთქმა და ვიშვიში...

თეონა კისრისტეხით გავარდა სახლში და დედის კალთას ამოეფარა.

. . . . . . .

თეონას ძალიან უყვარდა დედას ბიძაშვილთან სტუმრობა, რომელიც ზუსტად მათი სახლის გადასწვრივ, ქუჩის მეორე მხარეს ცხოვრობდა.
იორდანე ბიძიას ორი შვილი ყავდა, თენგო და ნუნუკა. ისინი ძალიან დიდები იყვნენ,- ერთი მერვე კლასში იყო და მეორე კი - მეექვსეში (არა, მართლა ძალიან დიდები კი არ იყვნენ, -  თეონას ეჩვენებოდა ასე).

ერთ მშვენიერ დღეს თეონამ ნუნუკასთან გადაწყვიტა წასვლა. დედას გასძახა: ”ნუნუტასთან მივდივარო” და ეზოდან გაიქცა.
სოფლის გზაზე მხოლოდ ხანდახან თუ გაივლიდა მანქანა და ამიტომ დედასაც არ ეშინოდა თეონას მარტო გაშვებისა.

თეონას იორდანეს ჭიშკარი ბოქლომით დახვდა დაკეტილი.
დაღონებული დაბრუნდა სახლში.
- დაბრუნდი, თეონა? - გასძახა დედამ ჭიშკარში შემოსულ ბავშვს.
- ხო... არ იყვნენ სახლში... სად წავიდოდნენ ნეტა? ჰა, დე? სად წავიდნენ?
- არ ვიცი... მალე დაბრუნდებიან, რადგან არაფერი დაიბარეს....

თითქმის ორი საათი ელოდა თეონა იორდანეს დაბრუნებას. დაიღალა ლოდინით...
ყოველ ათ წუთში ერთხელ მიდიოდა ჭიშკართან და ბოქლომს ხელით სინჯავდა....

ლოდინი მობეზრდა თეონას... და ნაცვლად იმისა, რომ სახლში დაბრუნებულიყო, ჭიშკარზე აცოცება დაიწყო. ბოლომდე ავიდა, ჭიშკრის ისარივით წვეტებს გადაალაჯა და ეზოს მხარეს ჩავიდა.
სახლიც დაკეტილი დახვდა.
სამზადიც....

ყანისკენ გაიქცა ”იორდანე ბიძიას” ძახილით....
არავინ გამოეპასუხა...
არავინ იყო სახლში და ვინ გამოეპასუხებოდა?

დაღონებული თეონა იორდანეს ეზოში დაბრუნდა და გადაჭრილ მორზე ჩამოჯდა.

საათზე მეტი იჯდა ასე.
მოშივდა.
ჭიშკართან მივიდა და იმავე გზით გადაწყვიტა დაბრუნება, როგორც გადაძვრა.
ჭიშკრის ისარივით წვეტებს გადმოალაჯა, მეორე ფეხიც გადმოიტანა და დაბლა დაიწყო ჩამოცოცება რომ...
”ფხრწ...”
გარკვევით გაიგო ქსოვილის ხმა და ჭიშკრის ერთ-ერთმა ისარმა ცელქი გოგონა დაბლა აღარ ჩამოუშვა, - ისარმა კაბის ზურგის ქსოვილში გაიარა და კისერთან გამოძვრა.
თეონა ნაჭრის ტიკინასავით დარჩა ჩამობმული ჭიშკარზე.
- დედაააა! - დაიყვირა თეონამ, მაგრამ მისი ხმა არავის გაუგონია...

თეონას რომ შეაგვიანდა, თინიკომ იფიქრა, ”იორდანე დაბრუნებულაო” და მშვიდად განაგრძო საქმიანობა.
ამასობაში ნინუცას დაძინების დრო მოვიდა... თინიკომ ნინუცა სახლში აიყვანა, კარი მოკეტა და გვერდით მიუწვა. ნინუცას და თინიკოს ერთად ჩაეძინათ და ამიტომ თეონას ძახილი უპასუხოდ დარჩა.

თეონამ ხელი მოიჩრდილა და ორივე მხარეს ზემოდან გადახედა გზას, - არავინ  ჩანდა გზაზე.
ფეხების ფხარკალი დაიწყო, - უშედეგოდ... მაგრად ეჭირა ჭიშკრის ისარს...
თეონა ბედს შეურიგდა და სიმღერა დაიწყო, - იფიქრა, ყვირილი თუ არ ესმით, იქნებ სიმღერაზე მომხედონო...
არც სიმღერის გამო მოხედეს, - თეონა ხომ სულ მღეროდა, როცა არ ეზარებოდა?!
და არც არასოდეს ეზარებოდა!!!

ეკატერინემ თეონას სიმღერა რომ გაიგონა, იფიქრა თეონა სახლში დაბრუნებულა და ეზოში მღერისო და სამზადში გააგრძელა საქმიანობა.

თეონამ შორიდანვე დაინახა გზაზე მომავალი ორი ადამიანი და გულში იმედის ნაპერწკალი გაუჩნდა.
”იქნებ მოვიდნენ აქამდე?”... 
წეღანაც კი დაინახა ვიღაც, მაგრამ ვიდრე თეონამდე მოვიდოდა, მან მანამდე გადაუხვია გზიდან და ერთ-ერთ ეზოში გაუჩინარდა.

თეონამ იმ სოფლის მაცხოვრებლები, ნუნუკას კლასელები ამოიცნო და ხელების ქნევა დაიწყო. მერე ერთ-ერთის სახელიც გაახსენდა:
- ზურიააა! მიშველეეეე!!!..... ტაცი არა ხაააარ? მიშველე, რაააა!.....
- ზურია, ეს  ნუნუკას მამიდაიშვილი არ არი, სტუმარი ბაღანა? რა უნდა ჭიშკარზე?
- გოგო, შენ თეონა არ ხარ?
- ტიიიი, თეონა ვარ!!!
- მერე? რა გინდა მანდ?
- ჭის წყლით დავსველდი და ვშრები!... რა უნდა მინდოდეს? ვერ ხედავ?  ვტიდივარ!!!
- მერე რეიზა კიდიხარ?
- დამიჭირა ჭიშტარმა!!! ახლა არ მტითხო, ”რატო დადიჭირაო”... მოვეწონე და იმიტო!

ამასობაში ზურია ჭიშკარზე აძვრა და თეონას ჩამოხსნას ლამობდა.
- ბიჭო, რამდენს ლაპარაკობ? ამოი ზეით, ჩამომახსნევინე აი ბაღანა... - გადმოსძახა ზურიამ ზევიდან.
- ზურია, შენ მაღალი ხარ! მოი, შენ ჩამოი და თეონა კისერზე შეისვი, მე კი ავალ და მის კაბას გავათავისუფლებ...

ასეც მოიქცნენ. ზურიამ კისერზე გადმოიწყო თეონას ფეხები და ცოტა ფეხის წვერებზეც აიწია, მისმა მეგობარმა კი თეონას  კაბა ისრის წვერზე გადააძრო და ბავშვი გაათავისუფლა.
თეონა ზურიამ კისრიდან ჩამოსვა, თავზე ხელი გადაუსვა და ალერსით უთხრა:
- მეორედ ჭიშკარზე აღარ ახვიდე. ჩვენ რომ არ გამოგვეარა, კიდევ რამდენ ხანს მოგიწევდა ასე, დროშასავით ფრიალი ამ ჭიშკარზე, ა?
- ვიდრე ნინუცა არ გაიღვიძებდა... ის მაინც მომნახავდა... აბა, უჩემოდ ხომ არ ითამაშებდა?
- ცა, ჭიშკარზე ჩამობმულს რა გამღერებდა? არ ჯობდა, რომ გეყვირა?
- მოდი, ჩამომაბი ისევ და ვიყვირებ... ვერავის დავადონე ჩემი ყვირილი და აღარც მემღერააა? უუჰ!...
- უი, დედა, რა გრძელი ენა აქვს! მუგუზალს ეიღებს ენით...

თეონა გულიანად აკისკისდა ამის გაგონებაზე.
- მე სულ არა მათვს დრძელი ენა!... აი, ნახე?! - თეონამ მთლიანად გადმოაგდო ენა.
- გრძელი ენა გაქ, აბა რა!
- დრძელი ენა ჩემ მეზობელს ათვს, მურაბას რომ შეჭამს და ცხვირზე რომ მოეცხება, ენით იწმენდს ცხვირის წვერს... - კისკისებდა თეონა.
- კარგი, წავედით... აბა შენ იცი, კარგად იყავი და აღარ ჩამოება-ხოლმე... - დაემშვიდობა ზურია და მეგობარს მიუბრუნდა, - წავედით...
- დმადლობ, ზურია, შენც დიდი მადლობა, მეორე ბიჭო...

თეონამ ხელი დაუქნია და  სირბილით შევიდა ეზოში.
თავის ოთახში აირბინა.
ნინუცას გაღვიძებოდა და ახლა დედას აღვიძებდა, - ტანზე ჩამაცვი, თეონას უნდა ვეთამაშოო...
კისკისებდა თეონა:
-  შენ ჩემი ტუდი ხარ? უჩემოდ ვერ უნდა ითამაშო?
-  რა ვარ, თეონა?
-  ტუდი, ტუდი... აი, ფისოებს, ცუდებს და მელატუდებს რომ ათვთ...
- თეონა, ფისოები რატომ არიან ცუდები?
- უიმეეე, არაფერი დესმის, რა... ფისო ტი არ არის ცუდი? ცუდას ათვს ტუდი-მეთთი... როდის უნდა ისწავლო თართული, უუჰ?
- მე კი არა, შენ ვერ ლაპარაკობ კარგად და...
- ადე, ადე...  დეეე, ჩააცვი, თორემ არ მოდვასვენებს..

თინიკომ ნინუცას ტანზე ჩააცვა და გოგონები ეზოში  გაუშვა... ახალი თავგადასავლებისთვის.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები