ნაწარმოებები



ავტორი: თეთრი პოეტი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2015


* * *

დღეს ბოლო ნივთები ჩავალაგე ჩემს მწვანე ჩემოდანში,
ძალიან ბევრი რამ მქონია,
არა და სულ ვფიქრობდი არაფერი გამაჩნდა...
რაღაცები ჩემს მეზობლად რომ ნინა ცხოვრობს იმას ვაჩუქე,
აი ჩემი ზამთრის მანტო ვაჩუქე ნინას,
მართალია ისე ლამაზად არ ადგანს ტანზე,
როგორც მე მქონდა,
მაგრამ ნინას საოცრად გაუხარდა.
ნინა ლამაზი გოგოა,
არა ლამაზი კიარა,ძალიან სუფთა გოგოა ნინა,
სუფთა ემოციები აქვს,
მისნაირი ადამიანები არ არსებობენ.
ერთხელ როცა ბებო ცუდად გაუხდა
და ექიმმაც ხელი ჩაიქნია_ამას აღარაფერი ეშველებაო,
მეგონა ნინა ტირილით გასკდებოდა,
ამის მაგივრად შუა ზაფხულში ნაძვისხე მორთო,
თვითონაც თბილად ჩაიცვა,
ყურებიანი ქუდიც კი დაიფარა და მეც მთხოვა
ასე მოვქცეულიყავი.
ბევრი ტკბილეული მივიტანეთ სახლში,
მართალია მე გაკვირვებული დავყვებოდი ნინას გვერდით
და ის როლინგიც,რომ ჩამომაფხატა,
სულს მიხუთავდა,
მაგრამ როცა მე და ნინამ მაშხალები გავისროლეთ და
ფერადი ბუშტები გავუშვით აივნიდან,
მოხუცი წამოიწია...
არასდროს დამავიწყდება მისი თვალები,
აღარ მეგონა ახალ წელს თუ მოვესწრებოდიო
თქვა და ჩვენთან ერთად მოიყვანა ორიათასმეთხუთმეტე წელი
შუა ივლისში...
ამის მერე ნინას ბებიას სამი დღეც არ უცოცხლია,
ამის მერე მივხვდი,რომ მე
ვერასდროს ვიზრუნებდი იმგვარად ადამიანებზე,
როგორც ზურუნავდა ნინა.
აი ახლაც,ბოლო ნივთები ჩავალაგე ჩემოდანში,
ნინა ჩემს წინ ზის და იღიმება,
არ იმჩნევს რომ გული სწყდება,
არც სენტიმენტალურ სიტყვებს მესვრის
არც...არც...
ზის ნინა ჩემს წინ,ჩემი ნაჩუქარი მანტო აცვია და
ხოლმე უხერხულად იხედება ფანჯარაში.
ნინამ იცის,რომ მე ათეისტი ვარ
და ჩემზე ლოცულობს ხოლმე,როცა სანთელს ანთებს,
ეს ჩემთვის არ უთქვამს ნინას,
ამას მე ვგრძნობ ხოლმე...ეს მე თვითონ ვიცი.
სანამ წახვალ აუცილებლად ჩამეხუტე,
რომ შენი სუნი დამრჩეს..._ამბობს ნინა
და სასწრაფოდ აყოლებს,რომ გარეთ საშინლად ცივა,
ამას იმიტომ აკეთებს,რომ მე უარის თქმა ვერ მოვასწრო,
მე ხომ საშინლად ფეხებზემკიდია ტიპი ვარ,
მე ხომ მსგავს რამებზე მხოლოდ მეცინება.
ჩემს მწვანე ჩემოდანს მივაგორებ...
ნინას ჩემს სუნს ვუტოვებ და
უკანმოუხედავად მივდივარ წინ...
ნინა არაჩვეულებრივი გოგონაა,
ნინამ ადამიანების სიყვარული იცის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები