ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 აპრილი, 2015


”პატარა თეონას პატარა ისტორიები”. თავი 7. თეონა და თოჯინა


თეონას მამიკო ”ბავშვთა სამყაროში” მუშაობდა  და ყველაზე ლამაზი თოჯინები მოჰქონდა გოგონებისთვის.
”ჩემია-შენია” გოგონებისთვის უცხო იყო, ყველა სათამაშო საერთო ჰქონდათ... გარდა თითო-თითო თოჯინასი, რომელსაც ”შვილებს” ეძახდნენ.
”შვილებს” ყველაზე მეტად უვლიდნენ...
ცივ ნიავს არ აკარებდნენ...
ეზოში მხოლოდ სასეირნოდ გაჰყავდათ-ხოლმე, მაგრამ არა სათამაშოდ... ამისთვის მათ უამრავი სხვა თოჯინაც ჰყავდათ!!!
და ვერც ითამაშებდნენ გოგონები ”შვილებით”, მათი ზომების გამო: ”შვილები”, თითქმის, ნინუცას სიმაღლენი იყვნენ.
ფაიფურის ამ უზარმაზარ თოჯინებს ულამაზესი კაბები ეცვათ: ერთს - ცისფერი და მეორეს - სალათისფერი.
ქერათმიანი, ცისფერთვალა, ცისფერკაბიანი ”ციალა” - თეონას შვილი იყო...
წაბლისფერთმიანი, მწვანეთვალება, სალათისფერკაბიანი ”ნატუკა” კი - ნინუცასი.

და აი, ერთ მშვენიერ დღეს, როცა ოთხი წლის თეონა ”ციალას” ეზოში ასეირნებდა, თოჯინას ხელების  სამაგრი რეზინა გაწყდა და ”ციალას” ხელები დასცვივდა...
შეწუხდა თეონა!
როგორ მიიყვანოს ”ციალა” სახლში? მშობლებმა ხომ გააფრთხილეს, ”ამ თოჯინებით ეზოში არ ითამაშოთო”?
როგორ უშველოს თავის საყვარელ ”შვილს”?

ბევრი არ უფიქრია და მის თანატოლ თაზოს მიაკითხა.
- თაზო, შენ ხო დინდოდა, ”ციალას” მამა რომ ყოფილიყავი? ჰა, ხომ ხარ ამ თოჯინას მამა?
- ხო, ვიქნები მამა! მერე? მეც მათამაშებ-ხოლმე მაგ თოჯინით?
- დათამაშებ ტი არა, ვერ ხედავ, ”ციალას” ხელები რო სტტივა? წამო, საავანტყოფოში წავიყვანოთ...
- საავანტყოფოში?... მერე და სად არის საავანტყოფო?
- მივადნებთ... მთავარია, წამომყევი...

თეონამ ბევრი აღარ ალაპარაკა თაზო, ხელი ჩაკიდა და ქუჩაში გაიყვანა...
- საავანტყოფო, მდონი, ზევით არის...
- ზუსტად იცი?
- არა, ზუსტად არ ვიცი... მოდი მწერლების სასახლეში მივიდეთ... ით, რა, არ ეცოდინებათ?

ენგელსის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩაზე გადაუხვიეს და მწერალთა კავშირის შენობაში შევიდნენ.
მწერალთა კავშირის შენობაში თეონას ყველა იცნობდა. ძალიან ხშირად ცენტრალური კიბის საფეხურებზე თამაშობდა-ხოლმე ”სახლობანას”.
ერთხელ დამლაგებელმა სათამაშო ჭურჭლის ქვაბი იპოვა კიბესთან. დარაჯმა გამოართვა და შეინახა, - ”ჩვენს თეონას დარჩებოდაო...”
თეონა და თაზო ”მწერლების სასახლეში” შევიდნენ. 
ამ დროს კიბეზე ახალგაზრდა მწერალმა, ნოდარ დუმბაძემ ჩამოირბინა და ბავშვებთან ორიოდე წუთით შეჩერდა, მოეფერა.
- ნოდარი ბიძია, შენ არ იცი საავანტყოფოს დზა? - იკითხა თეონამ და მძიმედ ამოიოხრა.
- თეონა, რა გინდა საავადმყოფოში? - ჰკითხა ნოდარმა  და ბავშვი  ხელში აიყვანა.
- აი,  ციალა მიმყავს... ხელები სტტივა და...
- მერე, შენმა მამიკომ ვერ მოურჩინა ხელები?
- არა, მამიტომ არ იცის... მომტლავენ, ციალას უხელებოდ რომ ნახავენ...
- რაო, რაო, რას მიზამენო?
- მო-მტლა-ვენ!...
- ააა! არ მოგკლავენ, ნუ გეშინია! საავადმყოფოში ნუ წაიყვან შენს ”ციალას”... თუ დღეს მამიკომ ვერ მოურჩინა ხელები, ხვალ მე მოვიტან იარაღებს და ოპერაცია გავუკეთოთ, კარგი? ახლა კი  სახლში წადით ორივე... - ნოდარმა თეონას ლოყაზე აკოცა,  ჩამოსვა და შენობიდან გავიდა.
- არა, მაინც მომტლავენ!... თაზო, წამო, წამო საავანტყოფოში...
- მეშინია, თეონა!
- რისი დეშინია? ტაცი არა ხარ?
- მეშინია! - და თაზომ ტირილი დაიწყო...
- შენს სახლში წასაყვანად არ მცალია! თუ დინდა, ათ დამელოდე! მე მივდივარ საავანტყოფოში.... - თეონამ ”ციალა” გულში ჩაიხუტა და სწრაფად გავიდა შენობიდან.

მაჩაბლის ქუჩა გაიარა და კიროვის ქუჩით ლენინის მოედნისკენ დაეშვა.
დაიღალა... დიდი იყო ფაიფურის ”ციალა”...  და მძიმეც... ხომ არ დაგავიწყდათ, რომ თეონა ოთხი წლის იყო მხოლოდ?!...
”დავისვენებო”-იფიქრა, სადარბაზოში შევიდა და კიბეზე ჩამოჯდა. სადარბაზოს კარი ღია იყო და თეონა გამვლელ-გამომვლელთა თვალიერებით გაერთო...
კარგა ხანს იჯდა ასე....
ქუჩაში გამვლელთა ნაკადმა მოიმატა, - ხალხი სამსახურიდან სახლებში ბრუნდებოდა.
და უეცრად ძალიან ნაცნობი ხმა შემოესმა ქუჩიდან... მერე იმ ხმის პატრონიც დაინახა, რომელიც მეგობართან ერთად მიუყვებოდა ქუჩას...
- პაპა!... პაპა!!!...- მთელი ხმით იყვირა თეონამ.
- თეონას ხმა იყო!... - შალიკომ ირგვლივ მიმოიხედა.
- მოგეჩვენებოდა! აქ რა უნდა თეონას?! - უთხრა მეგობარმა და ის იყო, გზა უნდა გაიგრძელებინათ, რომ...
- პაპა!!! ათ არ დამტოვო!... - აშკარად გაიგეს თეონას ხამა.
- თეონა, სად ხარ, შვილო! - იყვირა შალიკომ და კვლავ ირგვლივ მიმოიხედა.
- ათა ვარ, ათ!!!  ტიბეებთან!... - სადარბაზოსთან  თეონა გამოჩნდა თავის ”ციალასთან” ერთად.
- თეონა, აქ რა გინდა?! დედაშენი სად არის?
- დედა სამსახურშია...
- და ბებიაშენი?
- სახლში...
- აბა, შენ რა გინდა აქ?! მარტო წამოხვედი?
- ციალა წამოვიყვანე საავანტყოფოში... მარტომ არა, თაზოც იყო...
- თაზო სადღაა?!  გამაგიჟებს ეს ბავშვი!
- თაზო მწერლების სასახლეში დავტოვე... ტიროდა... შეეშინდა და... მე არ შემეშინდა!...
- ჰო, შენ რა შეგაშინებს! ტყიდან გამოვარდნილი ძუ მგლის არ შეგეშინდება, ალბათ! წამო, დროზე... თაზო არ წავიდეს სადმე! ბავშვი არ დაიკარგოს!
- პაპა, დავიღალე! ”ციალა” შენ წამოიყვანე, რა?
პაპამ მსუბუქად აიტაცა ხელში ”ციალა”, თეონას ხელი ჩაჰკიდა და სწრაფი ნაბიჯებით  წავიდა ”მწერალების სასახლისკენ”, სადაც ატირებული თაზო დატოვა თეონამ.
თაზო ისევ კიბეებზე იჯდა და ტიროდა.
დარაჯი უშედეგოდ ცდილობდა მის დაწყნარებას.
- თაზო, შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ? რა გატირებს, ა?
- თეონამ დამტოვაააა!...
- მერე? რატო დაგტოვა?
- მე არ წავყეეეევიიიიი!..
- კაცი არა ხარ? რა გატირებს?! შენ არ წაყევი და კიდე შენ ტირი?... ბიჭო, გოგო მარტო როგორ გაუშვი? აი, შეგარცხვინე შენ... კარგი, ხო...
- სახლში მინდააააა!
- წადი მერე...
- მეშინიააააააააააა!....
- ვახ, კაცო, რა ხათაბალაში გამხვია ამ გოგომ? ვის დაუტოვა ეს ცრემლების გუდა აქ, ა?
- არა ვარ ცრემლების გუდააააა! მე თაზო ვაააააარ!....
- მაიცა, შვილო, ჩამოვა მაღლიდან ვინმე და  და გავატან შენს თავს....

ამ დროს სასახლის კარებში თეონა და შალიკო გამოჩნდნენ.
- აი, პაპა, ათ დავტოვე თაზო!... უი, ტიდე ათ ყოფილა! ადე, თაზო, სახლში წამოდი!
- ვაა, კიდე კარგი, მოაკითხეთ ბავშვს! ყურები წაიღო ტირილით...

თაზომ, თეონა რომ დაინახა, ტირილი მყის შეწყვიტა, ფეხზე წამოხტა და გახარებული ამოუდგა გვერდით.
- რატო ტიროდი, თაზო, ჰა?
- შემეშინდა  და იმიტო...
- მე რო წავედი იმისი შედეშინდა?  დედონა, აღარ მოვაო? ჰა, თაზო?
- ხო!...
- და სახლში რატო არ წახვედი? ვერ მიადნებდი?
- მივაგნებდი, მაგრამ... მე ქუჩაზე გადასვლა არ ვიცი... შენ - იცი და მე - არა!...
- მადას რა უნდა? დაიხედები ზემოთ და თუ მანთანა მოდის, - დაჩერდები, თუ არ მოდის, - დადახვალ!!! დაიდე?...

იმის აღწერას არ დავიწყებ, რა ორომტრიალი ატყდა ეზოში, როცა გაიგეს, რომ ორი ბავშვი ერთად დაიკარგა! ან იმ სიხარულს რა აღწერს, როცა ორივე ბავშვი საღ-სალამათი დაუბრუნდა მშობლიურ ეზოს?!
ვიტყვი მხოლოდ, რომ ორივეს, თეონასაც და თაზოსაც კატეგორიულად აეკრძალათ... ეზოს გარეთ  ”სახლობანას” თამაში  და ქუჩაში ”ცხვირის გაყოფა”.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები