ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვ.ხაბეიშვილი
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2015


ეს,სხვა ქარია !

ქარია...
ჩამომპალ ჩარჩოში
თხელი მინები
დაბრაგუნობენ...
ზღვის ზედაპირი, ვით
დელფინების თეთრი მუცელი
ნავმისადგომთან მშობიარობს მგზავრგაცლილ გემებს.
ასი წელია არ მიტირია,
ასი წელია რაც ცრემლები,
არ მკადრულობენ.
და დღეს
ქარია...
ჰაერში თოლიებს, უმისამართოდ
დააქვთ გადახდენილი ისტორიები...
ახლა შეჯიბრი შავ ანგელოზთან
ნაკლებ საშიში
ნაკლებ მკვლელია...
ახლა ქარია, უნდა სცადო
უნდა გადახტე
იქნებ შემორჩე რომელიმე
აივანს ქვემოთ...
ახლა ხეები , თავის წვეროებს
უღიტინებენ კორპუსებს
ნეკნთან,
ხელი ჩაჭიდე, მის ამპლიტუდას
მოდი წაგიღოს.
.
თავისუფლება...
.
გაბუღულ ბაღში იჭრება-
''მუნკი'' .
საზარელდება ახლა ხმებით
უფრო ქაოსი
და თოლიები ფრენენ
უმისამართოდ -
კონტრასტული შავი
ამბებით.
. . .
თავშებურული მოხუცის ცრემლი
სახეზე მხვდება,
როგორც -წვიმა,
მონაბერი ქარის ეტლებით.
ასი წელია არ მიტირია
და დღეს მე
ვტირი -
უცნობი ქალის
უცნობ ცრემლებით.
ქარია...
სამყარო სუნთქავს, მთებზე მიმავალ,
გახშირებულ ,მთასვლელის სუნთქვით.
ჩამპალ ჩარჩოში
ბრაგუნობენ თხელი მინები...
ეს სხვა ქარია-
''ბებიაქარი'' ...
ზღვა მშობიარობს...
მშობიარობს რკინის ნაფოტებს.
იბადებიან , მკვდარი გემები.
.
უნდა
გავუძლო...
.
იქნებ გადავხტე
იქნებ ვცადო
იქნებ შემოვრჩე...
.
იქნებ ვცადე.
იქნებ გადავხტი.
იქნებ მაბოდებს...
და იქნებ ქვემოთ,
რომელიმე მყარ აივნიდან,
ხის კენწერომდე,სისხლის წვეთები
შავ ღამურებმა -უკვე ალოკეს.
.
ახლა ქარია.
წყვდიადის ქარი...
და ყველაფერი
შეიძლება -
მოხდა
ან
მოხდეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები