ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
17 აპრილი, 2015


ანდერძი (მეუღლეს)

გათენებამდე დამიკრიფე გულზე ხელები...
გათენებამდე დამიხუჭე ორივე თვალი...
ვიფიქრებ მაინც, რომ მზე მიშველის...
რომ მზე გაათბობს ჩემ ცივ სხეულს -
როცა ამოვა...
და მერე, მერე...
გულხელდაკრეფილს, გაციებულს, თვალებდახუჭულს -
მეფერე დიდხანს, უსასრულოდ დიდხანს მეფერე...
მაგრამ მანამდე დიდი დროა ერთად სავლელი...
უკვე გათელილ ბილიკებზე ჩვენ ხომ ვერ ვივლით;
ჩვენ ჩვენი წილი ბილიკები უნდა გავთელოთ...
უნდა გავცვითოთ,
უნდა დავღალოთ
და ფეხშიშველნი,
ღონემიხდილნი,
მიწიანი ხელისგულებით
დავბრუნდეთ სახლში...
სადაც მზეა,
სადაც სითბოა,
სადაც მე და შენ ავიშენეთ პატარა ბუდე
და ჩვენი წილი სიხარული გამოვიგონეთ.
მერე კი, მერე...
როცა თმაში ჩამოთოვს თეთრად,
შვილიშვილები გადამალულ კამფეტს მოგვთხოვენ,
გადამისვი შევერცხლილ თმაზე დაკოჟრილი ხელისგულები
და კვლავ მითხარი, როგორ გიყვარვარ...
და აისამდე დამიკრიფე გულზე ხელები,
გათენებამდე დამიხუჭე ორივე თვალიც,
რომ მზის ამოსვლის იმედი გვქონდეს
და შენც ჩემსავით დაიჯერო, რომ
მზე მიშველის...
მანამდე დროა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები