ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
22 აპრილი, 2015


შენ, მეგობარო!...

შენ, მეგობარო, საქართველოს სადარაჯოზე
დგახარ და გულით ჩვენი ქვეყნის რუკა გიჭირავს,
სიმართლე გითხრა, მე ქალს სულაც არ ვგავარ ზოგჯერ,
და მგონია, რომ ამ მიწა-წყლის მცველი ბიჭი ვარ.

სამშობლოს ყოველ ალიონზე სუნთქვას ვუკოცნი,
ღამით კი, მუდამ ფორიაქა მის პულსს ყურს ვუგდებ,
მამულის გვემით გამუდმებით მეწვება ხორცი,
ვბედავ და უფალს შევთხოვ სულის შებერვას გულზე.

შენ, მეგობარო, პესიმიზმის უფლება არ გაქვს,
დიდ ტკივილებზეც ახლა მხოლოდ ლექსად საუბრობ,
სადღაც წარსულში მოიძიებ უძლეველ ლაშქარს
და ვეღარ არჩევ, მტკივნეული არის რა უფრო:

ძველი დიდების გახსენება, აწმყოზე ფიქრი
თუ შეგრძნება, რომ ყველაფერი მხოლოდ მითია,
რაც უნდა იყოს, ამას მაინც ნურასდროს იტყვი -
"დროებით, რადგან ჩვენი ყოფაც დროებითია".

ჩვენ გავგრძელდებით, მეგობარო, როგორც აქამდე,
ლოცვით და დარდით, ლხინით, ტანჯვით, ბრალით, უბრალოდ...
რაც მთავარია, შევეცადოთ, შემოქმედს ვგავდეთ,
და, რა თქმა უნდა, სულით ვიყოთ თავისუფალნი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები