ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
26 აპრილი, 2015


პატარა თეონას პატარა ისტორიები. თავი 9. თეონა და "დედა ენა"...

მაისის ბოლოს მოწაფეებს საზაფხულო არდადაგები ეწყებოდათ.
ერთი სული ჰქონდა თეონას ამ არდადაგების დაწყებამდე!...
ხომ არ გგონიათ, თეონას სწავლა ეზარებოდაო?
არა, ბატონებო! თეონა სამი წლისა იყო მხოლოდ!!!
არდადაგების დაწყება კი იმიტომ უხაროდა, რომ მისი სანუკვარი წიგნი, ”დედა ენა” მისი გახდებოდა!
ღმერთო ჩემო, როგორ მოსწონდა თეონას ეს წიგნი! რამდენი ნახატი იყო შიგ, ნახატების  გვერდზე კი -  რაღაც-რაღაცები ეწერა!
და აკი შეპირდა კიდეც მისი მეზობელი გულიკო: ”მე რომ დიდი გავიზრდები და მეორე კლასში გადავალ, ამ ლამაზ წიგნს შენ გაჩუქებო?!”
- დულიტო, როდის დაიზრდები დიდი?
- მალე, სულ მალე... ზაფხულის არდადაგები რომ დაიწყება!
- როდის, ერთ ტვირაში?
- არა, თეონა, ორ თვეში... მაისის ბოლოს გავიზრდები დიდი...

და თეონაც მონდომებით ელოდა გულიკოს გაზრდას.

დადგა მაისი.... დიდი ხნის ნანატრი მაისი...

- დედა, როდის მოვა 24 მაისი? რამდენ დღეში?
- აი, თეონა, 24 ცალი მოხეული ფურცელი რომ მოგიგროვდება, მაშინ...

ვერავინ ასწრებდა თეონას ყოველ დილით კალენდრის ფურცლის მოხევას!
24-მდე დათვლაც კი ისწავლა 2 დღეში!
ხანდახან ჩუმად მიეპარებოდა კალენდარს, აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედებოდა-ხოლმე და, თუ არავინ უყურებდა, ორ ფურცელს ერთად ხევდა... ეგონა, ამით უფრო სწრაფად გაილეოდა თვე!...

და აი, აღსრულდა ოცნება:  დადგა ნანინანატრი 24 მაისი!
სკოლიდან დაბრუნებულმა გულიკომ, მთელი ეზოს თვალწინ, ზარ-ზეიმით გადასცა თეონას უძვირფასესი საჩუქარი, - იაკობ გოგებაშვილის ”დედაენა”!...
თეონამ წიგნი გადაშალა და ასოებს დაუწყო თვალიერება.
- დულიტო, ეს რა ასოა?
- ეს არის  ”ა”...
- ეს?
- ეს  ”ი”...
- დულიტო, დულიტო, ეს?
- ეს ”თ”... თეონა, ნახე, რა გიჩვენო? წიგნს გადაშლი თუ არა, ნახატებია... ხედავ? აქ არწივი ხატია და გვერდით ”ა” უწერია... ბატის გვერდით ”ბ” წერია, წიწილას გვერდით კი - ”წ”... რაც ხატია, იმის პირველი ასო წერია გვერდით... მიხვდი?...
- ტი, დავიდე!... დმადლობ, დულიტო!...
თეონამ გულში ჩაიკრა ძვირფასი საჩუქარი და სწრაფად შევიდა სახლში.

უჯრიდან მისი დედიკოს რვეული ამოიღო, ერთი სუფთა ფურცელი ამოხია და... სწავლას შეუდგა.

”მოდი, ჩემს სახელს დავწერ?!”
”თვითმფრინავი...  ენა...  ობობა... ნავი... არწივი...  აბა, დედიტო თუ მიხვდება, რა დავწერე?”
- დე, ათ რა დავწერე? ნახე, აბა?
- ”თეონა”... დედიკო, ვინ გასწავლა ეს ასოები? როგორ დაწერე?!
- აი, ამ წიდნმა მასწავლა! ნახე?
- რა ლამაზად დაგიწერია!... ეს ”დედა ენა” ვინ მოგცა, თეონა?
- დულიტომ მაჩუთა...
- ჩემი ჭკვიანი გოგო! შენით დაწერე, დედიკო, ”თეონა” თუ გულიკომ დაგაწერინა?
- არა, დულიტომ არა! ჩემით დავწერე, დე!... - თეონამ ბედნიერი სახით შესცინა დედას.

მთელი ზაფხული ხელიდან არ გაუშვია თეონას წიგნი...
და როცა მშობლებს ეგონათ, რომ ”ბავშვი წიგნში ნახატების თვალიერებით არის გართულიო”, თეონამ საკუთარი ხუთი თითივით აითვისა ქართული დამწერლობის 33-ვე ასო და მერე - მთელი წიგნიც...

აგვისტოს ბოლოს მამამ ბავშვებს დიდი და ლამაზი, ნახატებიანი წიგნი მოუტანა, რომელზეც ავაზაზე გაწოლილი ბიჭი ეხატა.
- "რა-დი-არდ  ტი-პლინ-დი"... ”მა-უ-დლი”...
- რა თქვი, თეონა?
- ”მაუდლი”... და ტიდეეევ... დამავიწყდა ეს სიტყვა... მოიცა, ვნახო... "რა-დი-არდ..."
- შენ რა იცი, რომ ეს წიგნი ”მაუგლია?” - გაუკვირდა მამას. რადიარდ კიპლინგის "მაუგლი" სულ რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა წიგნის მაღაზიის თაროებზე... ასე რომ მისი ცოდნა თეონას არაფრით შეეძლო... თანაც ეს სახელი და გვარი...
- ათ წერია, მაა!...
- თეონა, შენ რა,  კითხვა იცი, მამიკო?
- ტი, ვიცი... - სერიოზული სახით თქვა თეონამ და ვიდრე კიდევ  დაუსვამდნენ შეკითხვას, წიგნი გადაშალა და... ხმამაღლა დაიწყო კითხვა.

დედა, მამა და ბებია გაოცებულები შეჰყურებდნენ თეონას, რომელიც უშეცდომოდ კითხულობდა...
- მამიკო, ვინ გასწავლა კითხვა?!
- აი, ამან! - თქვა თეონამ, ბავშვების ოთახიდანგულში ჩახუტებული წიგნი გამოიტანა და და მოწიწებით გადასცა მამას.
- ”დედა ენა”.... თეონა, იცი, ეს რა წიგნია?
- ტი... ასოების მასწავლებელი...
- შენ გადამრევ, მამიკო! ან ამაშენებ და ან დამაქცევ!
- შენ უნდა დაითცე? აი, ჩვენ რომ დავრბივართ, ისე უნდა დაითცე, ჰა, მამა?
- არა, მამიკო... არა! არსად გავიქცევი. შენგან სად უნდა გავიქცე, ჩემო უჭკვიანესო და ულამაზესო?!... დედიკო  საღამოობით  წაგიკითხავთ ხოლმე მაუგლის და შენ და ნინუცამ მე მომიყევით-ხოლმე, კარგი, მამი?
- დედამ რატო უნდა წადვიტითხოს? მე ჩემით წავიტითხავ-ხოლმე...
- და ნინუცა რომ ვერ წაიკითხავს? ცოდო არ არის ნინუცა?
- მამიტო, ნინუცასაც მე წავუტითხავ-ხოლმე ”მაუდლის”...  ტარდი, მამა?

აგვისტოს ბოლოდან თეონა ყოველდღე უკითხავდა ნინუცას ”მაუგლიდან” რამდენიმე გვერდს. თითქმის მარტის ბოლომდე ეყოთ ეს ერთი წიგნი.
მეორე წიგნი - ”იზარდე, მწვანე ჯეჯილო” იყო,  ლამაზი ლექსებითა და უსაინტერესოესი მოთხრობებით...

აპრილის დასაწყისში თეონამ ნინუცა გვერდით მოისვა და ”მასწავლებლობანას” თამაში დაიწყეს.
- ნინუცა, მოდი, ლეთსი უნდა დასწავლო...
- რომელი ლექსი?
- აი, ეს...
”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ
ჩვენს ეზოში დილ-დილასო,
ვერ წამართმევ, არ დადატან
ჩემს პატარა წიწილასო”...
- ნინუცა, აბა, დაიმეორე: ”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ”...
- ”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ”...
- ”თორო” ტი არა, ”თო-რო”...
- მერე, მასე არ ვამბობ? ”ჰაუ, ჰაუ, თორო ნუ ფრენ”...
- შენ ”თორო”- ს ამბობ და უნდა თთვა ”თო-რო”....
- ”თო-რო”... ოოო, რა გინდა, რა?!
- ნინუცა, თორი არ იცი, რა არის? აი, დიდი ჩიტი როა, რო დაფრინავს და წიწილებს რო ჭამს...
- აა, ქორი? ხოოო!!!  ”ჰაუ, ჰაუ, ქორო ნუ ფრენ”...
- ასე, რა? ყოჩაღ!  ”ჩვენს ეზოში დილ-დილასო”...
- ”ჩვენს ეზოში დილ-დილასო”...
- ”ვერ წამართმევ, არ დადატან”...
- ”ვერ წამართმევ, არ დადატან”...
- ოოო, ტიდე შენებურად დაიწყე? ვითომ არ დესმის, არა? ”დადატან” ტი არა, ”და-და-ტან”... ბე, უთხარი, რა, ნინუცას, როდორ უნდა თთვას?
- არ გაგატანო, ბებიკო, წიწილებს არ გაგატანო...
- ხოოო, მერე, მასე ვერ მეტყვის?
- ხო დეუბნები, მადრამ არ მისმენ და...
- ძალიან კარგადაც გისმენ...  შენ ლაპარაკი არ იცოდე, ჩემი ბრალია? ოოჰ!

თეონამ თავი დახარა და ოთახიდან უხმოდ გავიდა.
თვალები აუწყლიანდა, მაგრამ ცრემლი არ ჩამოვარდნია! გულში ჩაეღვარა თვალიდან გადმოსადენი ცრემლები.
ამით დამთავრდა თეონას ”მასწავლებლობა”... მანამ, სანამ გამართულად არ დაიწყო ლაპარაკი (ეს კი მხოლოდ ივნისის თვეში მოხდა)....

ისევ დადგა მაისი.
გულიკო კიდევ უფრო გაიზარდა, მესამე კლასში გადავიდა!...
სკოლიდან მოსულმა ამაყად გადასცა თეონას კიდევ ერთი წიგნი: ”Русская речь”.
- შენი წიდნია, დულიტო? მე რომ არ მინახია?
- არა, თეონა, ჩემი არ არის!... მესამეკლასელებს გამოვართვი... შენთვის... აჰა, გამომართვი!

და ისევ მთელი ზაფხული ”მეცადინეობდა” თეონა.

ჰო, მართლა,  თეონა რუსულ ბაღში დადიოდა, მაგრამ მთელი წელი რუსულად ხმა ვერ ამოაღებინეს. ან ლაპარაკობდა ქართულად, ან საერთოდ არ ამბობდა არაფერს...
ცოტა უკან უნდა დავბრუნდე.
მაისის შუა რიცხვები იყო, როცა თეონას ჯგუფის მასწავლებელი, როზა ხრისტაფოროვნა სახლში ეწვიათ.
დედას და ბებიას გაუკვირდათ მასწავლებლის სტუმრობა და რაღაც საშინელის მოსასმენად  მიემზადნენ. თეონას და ნინუცას რომ არაფერი სჭირდათ, ფაქტი იყო, - გოგონები იქვე, ეზოში თამაშობდნენ.
მასწავლებელი რომ დაინახა, თეონა სახლში შემოვიდა, მეორე ოთახში გავიდა და გაიყურსა.
- Жалко девочку... - ამბობდა როზა ხრისტაფოროვნა, - Она же ничегошеньки не понимает по-русски... только сидит в группе да молчит... Я Вас прошу, верните девочку в грузинский детсад... И для неё лучше будет, и для нас... Ну, я пошла... Этот год пусть докончит у нас, а с будущего года  - заберите её, очень прошу!...
მეორე დღეს, ჩვეულებრივად, თეონა და ნინუცა დედამ ბაღში წაიყვანა.
თეონა ჯგუფში შევიდა და თავის მაგიდასთან მოთავსდა ლიანასთან, კოტესა და მალხაზთან ერთად.
დილის საუზმის შემდეგ ჯგუფი მეცადინეობას შეუდგა, - ლექსი ჰქონდათ სასწავლი.
როზა ხრისტაფოროვნამ იკითხა:
- Дети, мы вчера изучили новое стихотворение про Танечку. Ну-ка, кто мне скажет это стихотворение?
თეონამ გაუბედავად აიწია ხელი...
- Тебе чего, Теона, выйти хочешь? Иди, деточка, иди...
- Нет, я хочу стихотворение стазать! - და ვიდრე როზა ხრისტაფოროვნა გონზე მოვიდოდა, ჯგუფის წინ დადგა და რიხიანად (უშეცდომოდ!!!) თქვა ლექსი.
- С ума можно сойти! Почему-же ты молчала до сих пор, девочка?!  А, Теона?!
- Я же не всё знала хорошо?!
- А что ты ещё знаешь?
და თეონამ თავისი ”კარონნი ნომერი” გაიმეორა, - მოაღო პირი და რაც კი მის ჯგუფს მთელი წლის განმავლობაში ლექსი უსწავლია, ყველა ერთად თქვა.
როზა ხრისტაფოროვნა ლამის გულწასული გაიყვანეს გარეთ.

მთელი ზაფხული ”მეცადინეობდა” თეონა, ნახატების გვერდით მიწერილ ასოებს იმახსოვრებდა და თანდათან მიიწევდა წიგნის ბოლო გვერდებისკენ.
აგვისტოს ბოლოს თეონა გამართულად კითხულობდა რუსულად.
და როცა სექტემბერში უფროს ჯგუფში მიიყვანეს თეონა, როზა ხრისტაფოროვნა მხრებს იჩეჩავდა: ”Чему мне её обучать? За это лето она освоила материал для третьего класса!  А ей и пяти  нет... ей  всего-то четыре годика с лишним... ”

ოქტომბრის ბოლოს სტუმრად მოსულ მამიდას ოთხიწლინახევრის თეონა ეზოში დახვდა:  პატარა სკამზე ფეხი-ფეხზე გადადებული იჯდა და რაღაც მსხვილ წიგნს კითხულობდა.
- მამიდა, რაღაც, ამ სიტყვის    შ ი ნ ა ა რ ს ი  ვერ გავიგე...
- მაჩვენე, თეონა!...
და მამიდას კინაღამ წიგნი გაუვარდა ხელიდან:  თეონას ხელთ ეპყრა ო’გენრის თხზულებები რუსულ ენაზე და  მონდომებით კითხულობდა.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები