ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
2 მაისი, 2015


პატარა თეონას პატარა ისტორიები. თავი 10. ალპინისტი

თეონა სოლოლაკში ცხოვრობდა, ბოტანიკურ ბაღში შესასვლელ გვირაბთან ახლოს.
ახლოს კი არა, შეიძლება ითქვას, რომ გვირაბის შესასვლელი მათ ეზოში იწყებოდა...

ეზოს ბავშვები სახლობანას გვირაბში თამაშობდნენ-ხოლმე. ყველაზე დიდი დარბაზი  თეონას “სახლი” იყო, რადგან ექო ყველაზე უკეთ სწორედ იმ დარბაზში ისმოდა. ძალიან უყვარდა თეონას გვირაბში თამაში, განსაკუთრებით კი - მისი ხმის ექო ართობდა.

ლამაზი და  წკრიალა ხმა ჰქონდა თეონას.
მათთან სახლში ყოველთვის აღნიშნავდნენ-ხოლმე დაბადების დღეებს. მამის და დედის მეგობრებს იმდენად უყვარდათ თეონას სიმღერის მოსმენა, რომ, ერთხელ, დაძინებული ბავშვიც კი გააღვიძეს,  მისი ნამღერი ”თბილისოს” მოსასმენად!...
სამი წლის თეონა ტელევიზორის თავზე დააყენეს და მამის ერთი მეგობარი აკომპანიმენტს უკეთებდა პიანინოზე, მეორე მეგობარი - მეორე ხმას მღეროდა, თეონას პირველი ხმა კი ზარივით წკრიალებდა...  და არავის უცდია მათ სიმღერაში ჩარევა, - სიმღერას არ აფუჭებდნენ...

ეზოს ბავშვები, ხშირად, სპეციალურად იწყებდნენ-ხოლმე ”კონცერტობანას” თამაშს, რათა თეონას სიმღერა მოესმინათ...  და თეონას ხომ ”იმღერეო”- თხოვნა არ სჭირდებოდა?
როგორც წესი, ”კონცერტი” გვირაბის დიდ  დარბაზში იმართებოდა-ხოლმე და ნეტა იცოდეთ, როგორ უხაროდათ ეს გვირაბის მოლარეს - კარინასა და გვირაბის კონტროლიორს - ძია ვანოს...
რატომ? იმიტომ რომ მიმდებარე სამმა-ოთხმა ეზომ მაინც იცოდა ამ "კონცერტის გამართვის" შესახებ და ოფიციალურად იძენდნენ ბოტანიკურ ბაღში შესასვლელ ბილეთებს გვირაბში მოხვედრის მიზნით...

იყო-ხოლმე რეპეტიციები, პროგრამების შედგენა, - ვინ ვის შემდეგ იტყოდა ლექსს, იმღერებდა თუ იცეკვებდა...  და ”კონცერტის” მამოძრავებელი ღერძი ყოველთვის  ზღვისფერთვალა და ოქროსთმიანი თეონა იყო. 
მოკლედ, თეონას ნახევარი თუ არა, მეოთხედი სოლოლაკი მაინც ნაღდად იცნობდა!

იმ დღესაც კონცერტისთვის ემზადებოდნენ.
თეონა ოთხი წლისა იყო უკვე და დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს.
- ამ ტაბით მე არ ვიმღერებ და სახლში უნდა წავიდე, დამოვიცვალოო... - კატეგორიულად გამოაცხადა თეონამ და გასასვლელისკენ გაემართა.

თეონა გვირაბის ”საკონცერტო დარბაზიდან” გამოსული არ იყო, რომ  ერთ-ერთი გოგონას, მარინას ნათქვამი მისწვდა მის ყურს:
- იმღეროს, თუ არა... გამომივიდა ესეც ვარსკვლავი!  ამ დარბაზში ყველას ხმა კარგად ისმის... აბა გვირაბის გარეთ იმღეროს?!... - და ეს ისეთი ტონით იყო ნათქვამი, რომ ყველამ უცებ დაიჭირა მარინას დედის ხმის ინტონაცია..."სირუშა ტოტას" ხმის ინტონაციას ან რა დაჭერა უნდოდა?!  მაშინვე  მიხვდნენ ყველანი!

გული დასწყდა თეონას, ზღვისფერი თვალები დაუსველდა... ცხელი ბურთი  მოებჯინა ყელში... მიბრუნება დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა და სირბილით გამოვიდა გარეთ.

რა ქნას? როგორ დაუმტკიცოს იმ მეტიჩარა მარინას, რომ თეონას ხმას  არაფერში სჭირდება გვირაბის ექო და მის გარეშეც შეუძლია სიმღერა?!

ჯერ იფიქრა, ”მოდი, რამაზიკოს ვეტყვი, გვირაბში კი არა, გვირაბთან ჩავატაროთ კონცერტიო”, მაგრამ გაახსენდა, რომ სხვები ვერ იცეკვებდნენ ოკრო-ბოკრო ასფალტზე.
გამალებით ფიქრობდა პატარა თეონას პატარა ტვინი, რითი დაემტკიცებინა თავისი სიმართლე...
დიდხანს არც უფიქრია და... კლდეზე აცოცება დაიწყო. დაიღალა, მაგრამ მაინც ზემოთ მიიწევდა. ზევით რომ აიხედა, ხელის მოსაკიდებელი ვეღარაფერი დაინახა და ამიტომ იქვე, კლდის ერთ-ერთ ქიმზე ჩამოჯდა.
... და ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან სივრცე გაჰკვეთა თეონას წკრიალა ხმამ.

მოლარე კარინამ სადღაც, ზევიდან გაიგონა თეონას სიმღერა და სალარო-ოთახიდან გარეთ გამოვიდა. ჯერ ირგვლივ მიმოიხედა, - არავინ იყო. ხმას ააყოლა თვალი... მისი მზერა ციცაბო კლდეს აუყვა ზევით და...
- მიშელეეეთ! - მთელი ხმით იყვირა კარინამ.
- რა მოხდა, რა ამბავია, რას ყვირი? - გვირაბიდან გამოეპასუხა ძია ვანო.
- ვანო ძიაჯან, ბავში, თეონა კლდეზეა ასოსებული, რა... მიშელე, შენი ჩირიმე!...
- კლდეზე რა უნდა თეონას, გოგო? თეონა სახლში წავიდა...
- რას ამბობ, ვანო ძიაჯან,  კლდეზე ასოსებულა ბავში!... აი, იქიდანა მღერის!...
- რას ამბობ, რას?!... რა კლდეზე... - და ვანოს სიტყვა გაუწყდა, როცა კლდის ქიმზე შემომჯდარი თეონა დაინახა....

კისერმოღერებული თეონა მთელი ხმით მღეროდა და თან  ცდილობდა, მათკენ არ გამოეხედა.
- თეონა, ბაბუ, რა გინდოდა მანდ?! რისთვის ახვედი?! რატომ აძვერი?!...
- აბა ”არ იცის სიმღერა და მხოლოდ დვირაბში მღერისო?”  - ცრემლნარევი ხმით გადმოსძახა თეონამ ძია ვანოს და თავი მიაბრუნა.
- ვინ თქვა, ვინ?!... როგორ არ იცი, ბაბუ, სიმღერა! იცი, ბაბუ, იცი!... ოღონდ, თეონა, ჩამოსვლა არ გაბედო მაქედან... გაიგე, ბაბუ, რას გეუბნები?... მანდ იჯექი და კამფეტს მოგცემ...
- ”დათუნიას”?...
- ჰო, ”დათუნიას”...
- ერთს თუ ორს?...
- სამ ”დათუნიას” მოგცემ, ბაბუ, მეტსაც, ოღონდ მაქედან ფეხი არ მოიცვალო, გაიგე, თეონა?...

ძია ვანო სწრაფად შევიდა გვირაბში და ბავშვებს გასძახა:
- თეონა კლდეზე ამძვრალა! რამაზ, მასთან სახლში გაიქეცი და დედამისს ან მამამისს უთხარი, სასწრაფოდ მოვიდნენ...
- ახლა რომ არ იქნებიან სახლში?
- აბა ვისთან არის ბავშვი?
- ბებიაა მხოლოდ... დავუძახო?
- არა, ქალს შეეშინდება მხოლოდ და ვერ კი დაგვეხმარება.
- მამაჩემს რომ დავუძახო? ახლა სახლში იქნება...
- დაუზახე, რამაზიკო, დაუზახე მამას!... შენი ჩირიმე, ცოტა შქარა...- ცრემლები წასკდა კარინას.
- კარგი, გოგო, რას აღვარღვარებ მაგ ცრემლებს?!  ბავშვი კარგად არის, სიმღერის ხასიათზეა... მე ვიყო ახლა მაგ ხასიათზე...
- და როგორ უნდა ჩამოიდეს?...
- ჰოოოდა, მეც მაგიტომ მჭირდება ვინმე,  უფროსი... ჩემი მუხლების იმედი აღარ მაქვს... ბოვშებო, გარეთ რომ გახვალთ ყვირილი და ტირილი არ დეიწყოთ არავინმა, გესმით, რას გეუბნებით?!... ჰო, წავალ ახლა მე და კლდესთან დავდგები... თქვენ კი ნელ-ნელა გამოდით, ვითომ არაფერი მომხდარა... გესმით, ბოვშებო?...
- ძია ვანო, რომ ჩამოვარდეს თეონა, მოკვდება? თუ მარტო რამე-რამეებს მოიტეხს?
- მოიტეხს კი არა, კვახივით გასკდება შუაზე!... მომხედეთ აქეთ, რომელმა უთხარით თეონას, სიმღერა არ იციო? ჰა?...

ბავშვებს შორის ყველაზე უფროსი, რამაზი, რომელიც შვიდი წლის იყო მხოლოდ,  შურდულივით გავარდა სახლისკენ.
მარინამ უკან დაიხია და ბავშვების ზურგს ამოეფარა. ბავშვებმა მარინას გახედეს... დამალვას აზრი აღარ ჰქონდა.
- მე ის კი არ უთხარი, სიმღერა არ იციო, მე ვთქვი, რო მარტო გვირაბში მღერის კარგადო... - წამოიტირა მარინამ და გვირაბის კედელთან ჩაჯდა.
- კარგი, ტირილის დრო არ არის... შენ აქ იყავი, არ გამოხვიდე... გესმის, მარინა?- მკაცრი ხმით თქვა ძია ვანომ და სწრაფად გამოვიდა გვირაბიდან.
მარინამ სლუკუნს უმატა.... მაგრამ გვირაბიდან გამოსვლა არც უცდია, ძია ვანოსი შეეშინდა.

ამასობაში რამაზმა მამამისი მოიყვანა.
მოყვანაც არის და მოყვანაც, - რამაზი წინ მორბოდა და ხელჩაკიდებული  მოარბენინებდა მამამისს.
- კარგი, ბიჭო, მაცალე, სული ნუ ამომართვი...
- აბა, ვანო ძიამ თქვა ”კვახივით გასკდებაო” და...
- ნუ გეშინია, აქ არა ვარ? ჩამოვიყვან...  - მაგრამ კლდეს რომ ახედა, სადაც თეონა იჯდა, მიხვდა, რომ არც ის იყო თეონას დაბლა ჩამომყვანი.

”როგორ აძვრა იმ სიმაღლეზე?!  გრძელი კიბეა საჭირო... მაგრამ ვის ექნება ამხელა კიბე?”... - ფიქრობდა რამაზის მამა, - ”ვის ექნება და... მეხანძრეებს!”
- თეონა, კამფეტები გიყვარს?
- მიყვარს, ”დათუნია”...
- აი, ზუსტად ”დათუნია” უნდა მეყიდა ახლა, იქ მივდიოდი... თუ გინდა, რომ შენც გაჭამო, მაქედან ფეხი არ მოიცვალო, კარგი?... - შემდეგ ძია ვანოს მიუბრუნდა, - თეონას მაქედან მხოლოდ სახანძროს კიბით თუ ჩამოვიყვანთ... მე წავალ და მალე დავბრუნდები...

ცოტა ხანში გვირაბის შესასვლელთან სახანძროს წითელი მანქანა მოგრიალდა.
- აბა, სად არის ბავშვი? - იკითხა ერთ-ერთმა მეხანძრემ.
- ზემოთ, კლდეზე... აიიი, იქ... - ყველას დაასწრო პასუხი ექვსი  წლის დათუნამ.

მეხანძრემ ზევით აიხედა და გაკვირვებით აიჩეჩა მხრები...
- ბავშვი კი არა, სკალალაზი ყოფილა, რა!... დაჟე ალპინისტი ვერ გაბედავდა მანდ თოკის გარეშე ასვლას... მანდ როგორ უნდა მივუდგეთ?!...
- გია ძია, მე ავალ!
- რას ახვალ, ზურა, გაგიჟდი?
- კიბით ავალ, გია ძია!...
- მანქანიდან გადახვალ?
- ჰო... რა, არ გამიძლებს?
- შენ ნაღდად გაგიძლებს...
- აბა, წავედი...
- ღმერთი შენკენ...

თეონა გაფაციცებით შეჰყურებდა ლითონის პრიალა კიბეს, რომელიც ნეეეელა მიიწევდა მისკენ. კლდის ქიმი საკმაოდ დიდი იყო იმისთვის, რომ თეონაც ზედ მჯდარიყო და კიბის კაუჭებიც ჩამოეყრდნოთ...

ძია ვანო ნერვიულობისაგან პაპიროსს პაპიროსზე უკიდებდა.
- ვახ, კაცო, ჯეელი ჯერ ისეც არ ვიყავი და ამ ბავშვმა კიდე ათი წლით დამაბერა! თეონა, ბაბუ, ერთი შემოსძახე რამე სიმღერა!...
- რა ვიმღერო? - გაუბრწყინდა თვალები თეონას.
- აი, დღეს რაც უნდა გემღერა!...
- ლალე?
- ჰოოო, ლალე, ლალე...

მეხანძრეებმა გაოცებით ახედეს პატარა გოგონას რომელიც კლდის ქიმზე შემომჯდარი, თავისი წკრიალა ხმით მთელი გატაცებით მღეროდა:
”ლაალეეე, ლააალეეეე,
დივლი-დალა- ლაალეეე...
ჩეემო ლამაზო სამშობლოოო,
შენ ტი დენაცვააალეეეე...
ჩემო ტბილო სათართველოოოო,
შეენ ტი დენაა-ცვააა-ლეეეე...”

- ვაჰ, ეს რა ბავშვი ყოფილა, კაცო! ეგრე კარგად დიდებიც ვერა მღერიან... თან ალპინისტ-სკალალაზი და  თან ეგეთი მომღერალი?!... არა, რაა!... იბადებიან ეგეთებიც, მაგრამ, ძალიან იშვიათობაა ეგეთი ხმა!...

სიმღერა მიჩუმდა. ახალგაზრდა მეხანძრემ,  ზურამ თოკი შემოიხვია და თეონასკენ დაიძრა.
- თეონა, თუ არ გაინძრევი მაქედან, კამფეტს მოგცემ...
- რომელ ტამფეტს?
- ”ციყვს”...
- მე რომ ”ციყვი” არ მიყვარს?
- სამაგიეროდ, მე მიყვარს...
- ჰოდა, ჭამე შენ შენი ”ციყვი”! მე ”დათუნია”ტამფეტები უნდა მომიტანონ!...
- კარგი, ნუ ხვანცალებ მანდ... ჩამაყვანინე შენი თავი დაბლა და მერე გინდა ”დათუნია” ჭამე და გინდა ბუს კვერცხები...
- ბუს ტვერცხებიც ტამფეტია? - გადაიკისკისა თეონამ...
- ოჰ, ერთი  თხუთმეტი წუთით მქნა მამაშენად და გაჩვენებდი, რა კამფეტებია ბუს კვერცხები...ნუ ხვანცალებ-მეთქი, ვერ გაიგე?

ამასობაში ზურამ თეონამდე ააღწია.
თეონამ ხელები კისერზე შემოხვია ზურას, რადგან იმედი ჰქონდა: ”დაბლა ჩასულს ბევრი კამფეტი დამხვდებაო”... ზურამ თოკით მიიბა თეონა და დაბლა დაეშვა.
- შენ რა დთვია, ზურა?
- ჰო, ზურა...
- ჩემთვის ამოძვერი?
- არა, ”ციყვუნია” კამფეტებისთვის...
- და მე რომ არ ავმძვრალიყავი, მაინც დაჭმევდნენ ”ციყვუნია” ტამფეტებს? ჰა, ზურა?
- არა, მაშინ არ მაჭმევდნენ... კარგად მომხვიე ხელები...
თეონა ლოყით მიეხუტა ზურას და გაყუჩდა.
სულ ორი-სამი კიბე-ღა ჰქონდათ დარჩენილი, რომ თეონამ თავი მიაბრუნა ზურასკენ და ლოყაზე აკოცა...
- რაო, თეონა? - გაეცინა ზურას...
- რომ არ ამოსულიყავი, იცი, როდორ მეშინოდა? ოღონდ არავის არ უთხრა, რა?... თუ დინდა, ჩემს ”დათუნია” ტამფეტებსაც შენ დაჭმევ... დინდა?
- არა, თეონა, არ მინდა!... მოდი, ყურში დამპირდი, რომ აღარასდროს აძვრები ამ კლდეზე... მპირდები?
- დპირდები... და სხვა ტლდეზე? - ჩასჩურჩულა თეონამ.
- არა, აღარც სხვა კლდეზე აძვრე, კარგი?...
- ტარდი, დპირდები... - თეონამ კიდევ ერთხელ აკოცა ზურას.
- კარგი გოგო ხარ, - ზურამაც მოხვია ხელები და ნაზად აკოცა პატარას ფერდაკარგულ ლოყაზე...

თეონამ უხმოდ  დაუქნია თავი ზურას და მიწაზე ჩამოხტა. ჯერ ძია ვანოს შეაჩერდა ხელებში კამფეტების მოლოდინში, მერე - რამაზიკოს მამას...
არავინ  ფიქრობდა თეონას კამფეტებზე...

თეონამ თავი დახარა, გვერდზე გავიდა და უფროსებისგან მოშორებით გაჩერდა, მაღალ ბორდიურზე, საიდანაც კარგად ჩანდნენ მეხანძრეები.

მეხანძრეებმა კიბე აკეცეს და მანქანაში ჩასხდნენ.
- თეონა, იცოდე, პირობა პირობაა...- დაძრული მანქანიდან გამოსძახა ზურამ...
- და მე რომ არ შემისრულეს პირობა,  ”რომ ჩამოხვალ, ”დათუნია”ტამფეტებს დაჭმევთო?”... ეჰ...  არც შენ დაჭმევენ, ზურა "ციყვუნია" ტამფეტეეეეეეებს!...  აღარ უნდა დაუჯერო არავიიიიიიიიის!..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები