ნაწარმოებები



ავტორი: რენუარი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
5 მაისი, 2015


მინიმების იკებანა

 
***
მწერ - აცივდაო,
თურმე ქარიც დაქრის ვერაგი.
....................
აქ, კარადაში,
შენს ეულად დარჩენილ კაბას,
გავიხადე და –
მოვახურე ჩემი პერანგი.


***
მშვიდობით!
ხიდს გაღმა აერო–
პორტია,
ხომალდი:"თბილისი–კაირო".
შენ ალბათ, გადაფრენა მერცხლებმა გასწავლეს,
მაგრამ დაბრუნება –
ვაი, რომ....



მინიმა – „იმპრესია“

მონე.
ტილოდან მზე ამოდის.
ყურე...გემები...
................
ვზივარ.
ტალღების აუდიოჩანაწერს ვუსმენ,
ნიჟარების ყურთსასმენებით.


ეჭვი

ჩემი მეტოქე -
იასამანი სასაფლაოზე.
თავზე დაგხარის,
ფესვებით გეხვევა.
ერთხელაც მოვალ,
გაუფრთხილებლად,
ჩაგიწვებით!…


აჰა, იხილე!

ლაზერის სხივი
უმზერს ტურინის სუდარას.
....................
თითქოს,
ურწმუნო მოციქული იცქირება
გახვრეტილი ხელისგულიდან.


***
ახლა რომ ჩავწვე გაზაფხულამდე
და ლოყის ქვეშ,
თათებივით – ლექსი დავიდო,

ჩემი ქოთნის ყვავილები,
მე რომ ვუვლიდი –
თუ მომივლიან?


ბომჟის მინიმა

გამშობლიურებულ ტროტუარზე ასვენია,
გასხვისებული
სახლ-კარის სევდა.


მეზობელი

სადარბაზოსთან  შემხვდა გუშინ,
ის - სიფრიფანა.
მოვიკითხე:
მოხუცი დედა, პატარა ბავშვი.
მას კი პასუხად
მიჰქონდა სახლში,
ც ა ლ ი  ფუნთუშა
და შუშა – წამლით.



მართალი

–როგორ ხარ?
–როგორც ჩემი ქვეყანა.
-სად ცხოვრობ?
-მთებში.
....................
ტანზე ეცვა -"სექენდ ჰენდში" ნაყიდი ფლასი,
"ჯაყოს ხიზნები" ეჭირა ხელში...


ლიფტისმინიმა

მეორე.
მესამე.
მეოთხე.
ინთება ტაბლოზე სართული.
მე ხომ უცნაური ჩვევა მაქვს –
ყველაფერს ვართულებ!
ახლაც მეეჭვება - სახლში ხარ?
ან იქნებ აღარც კი მიმელი.
აჰ, სხვა დროს!
აჰ, სხვა დროს, ძვირფასო!
....................
მესამე.
მეორე.
პირველი.


მარტოხელა მინიმა

განა რაა?
ქუჩის გადაღმაა მინიმარკეტი.
მე კი უბრალოდ, მომენატრა ვინმე „ასეთი“:
–„რომ წამოხვალ,
პური წამოიყოლე“....


უსინათლო მინიმა

"ჩემი საცოლე-
სულის სიმწვანეში მოქათქათე თეთრი ყვავილი"...
....................
ეს შედევრია!
დაიწერა ოღონდ ბრაილით.


ნიუანსის მინიმა

არ არსებობენ ნიუანსები.
დღეს დილით-
პარკში აკრეფილი ხმელი ფოთლები
საქმიანი ვიზიტების დღიურში ჩავდე.
...და თითქმის ყველა შეხვედრაზე დამაგვიანდა.


მეორე  შვილი

 
-ჯერ არ გვილხინსო,
გაგეხარა უარი ტესტის.
....................
და მე პირველად დამწყდა გული -
შენს სიხარულზე.



მონატრების მინიმა
 
აგარაკზეა ჩემი პატარა!
....................
ამ ცხელ ქალაქში,
წუხელის მისი დათუნია მეწვა კალთაში.


ანატომიური მინიმა

როცა პირველად ვნახე გული,
გავიფიქრე:
ბედნიერი  ვიყავი როცა–
"გულის ფორმის" მეგონა.



***
სისხლის წარმოქმნას
„ჰემო-პოეზი“ჰქვია...
მაშ პოეზია - სისხლში გვქონია.



საავადმყოფოს მინიმა
 
ვერახდენილი ნატვრით სავსე,
ცარიელი დამხვდა პალატა.
საწოლი ცივი...
....................
დღეს ოცდაცხრაა.
ოცდაათში ჩამოდის შვილი.


SMS მინიმა

მესიჯი შორიდან:
"გეხვევი"...
ღმერთო, რა კარგია!
(მზე ღრუბლებს მიმოსწევს)
და მაინც -
"გეხვევის" რაღაცა აკლია,
ისე ვით -
მკლავები მილოსელს.



შალომო

სამი რამ ჩემთვის დახშულია,
ოთხი - არ ვიცი.
გზა:
თევზის - წყალში,
ცაზე - არწივის,
ქვიშაში - გველის.
და გზა,
რომელიც მე მომელის,
შენ რომ გაგცდება.


 




 

 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები