ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნარმო
ჟანრი: პროზა
5 მაისი, 2015


ძებნა(ტრილოგია)

   


სამივე ამბავი მიდევს,აქ,საიტზე,მაგრამ ცალ-ცალკე,ხოდა გუშინ რომ დავფიქრდი მივხვდი რომ ეს სამივე,ერთი და იგივეა,მაგრამ ცოტა სხვა სიტყვებით გადმოცემული,ანუ ერთ ამბის სამი რეინკარნაცია.ამიტომ გადავწყვიტე ერთად დამედო აქ ეს კოკტეილი,თან სამივეს სათაური შევუცვალე და როგორ ვატყობ,მოუხდა,მაგრამ ეს საერთოდ სათაური ისევ მშრალი მგონია,საბოლოო ჯამში მგონი კარგი რამეა,ნელ-ნელა მეც ვიწყებ მოწონებას.რავიცი,წაიკითხეთ,ვისაც არ წაგიკითხავთ,არაა ძნელი ენით დაწერილი,არც სიღრმეებშია ზედმეტად გადასული და არც ზედაპირზე ტივტივებს.უბრალოდ მგონი ძალიან სევდიანი და უიმედო გამოვიდა.რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. 



                                                         

                                                                                            ძებნა



                                                                                              1

                                                                        ყარიბობა გვარში უკანასკნელისა.
                               
                                                                                                     


ნიას...
ძველი დანაპირები...



„რომელი უნდა გელეწნა რასა
და მერამდენე გემტვრია რომი,
როცა დაეშვი დაუდგრომელი
და მზე გტეხავდა ბარბაროსული.“

-გოგლა ლეონიძე


ყიშლაკში მთვარის მკრთალი შუქი მხოლოდ ერთი ფანჯრიდან შემოდიოდა და რასაც კერაზე დანთებული ცეცხლი ვერ ერეოდა,ვერცხლის თხელ ფენას ადებდა.თაზიმი ფიცრებისაგან შეკრულ დაბალ ტახტზე იწვა და მთელი დღის ნაშრომ სხეულს ასვენებდა.ცეცხლის პირას,სითბოში პატარა გოგოს ეძინა აკვანში,თაზიმის ცოლი კი მოპირდაპირე კუთხეში ტრიალებდა და  ჭურჭელს აჩხაკუნებდა.
-ტალულა,მთელ სოფელს გააღვიძებ,-თვალების გაუხილავად თქვა თაზიმმა,შემდეგ კი ხელებზე წამოიწია და ცალი თვალით  ცოლს გახედა,-მოდი ჩემთან.
ცოლი ექვსი წელი იყო,რაც მოეყვანა,როგორც კი სალდათიდან ჩამოვიდა,მისი პოლკი აღმოსავლეთის რომელიღაც უწყლო,გამომხმარ პროვინციაში იდგა და ყოველთვის ვიღაცასთან ომობდა.ჩამოვიდა იქიდან და ძმების დახმარებით პატარა სახლი დადგა სოფელში.გაზაფხულზე კი მამამისთან ერთად გვერდით სოფელში წავიდა ერთ წესიერ ოჯაში ძღვენითა და საჭმლ-სასმლით,აბა ქალს ვინ არ მისცემდა თაზიმს.ტალულას პირბადე მხოლოდ მაშინ აჰხადა,როცა საკუთარ სახლში მოიყვანა.მის მერე ცხოვრობდნენ და შრომობდნენ.სურიც ეყოლათ,ამ წყალობისათვის ღმერთს ყოველ დილას მადლობას სწირავდნენ ორივე.ახლაც,როცა მისი მშვიდი ფშვინვა ესმოდა,მშვიდდებოდა და დაღლილობაც სადღაც ქრებოდა.
-დიახ,ბატონო,-თაზიმი ვერ ხედავდა ტალულას ეშმაკურ ღიმილს,მაგრამ გრძნობდა მის ხმაში ამას,-რა გავაკეთო თქვენთვის?

-შეძლებს კი ქალბატონი,რომ ქმრის დაღლილ სხეულს შვება მოჰგვაროს.
ტალულა ტახტზე დაიხარა და ის იყო უნდა ეკოცნა,რომ ეზოში ძაღლმა დაიწყო ყეფა,თაზიმმა თავი ფანჯრისკენ მიატრიალა.
-ტურა თუ იგრძნო ბატონო,-ჩასჩურჩულა ყურში ცოლმა და აკოცა,მაგრამ თაზიმს გული რაღაცამ გაუვსო.ძაღლი უფრო და უფრო უმატებდა ყეფას.
-ტურა არ იქნება,-თაზიმი წამოდგა,ტალულა ტახტზე დასვა და ფანრჯისკენ წავიდა.მისას უკვე სხვა ძაღლებიც აყოლოდნენ და ახლა მთლი სოფლის ძაღლებს აეტეხათ ხმაური.
  ქოხის ფანჯრიდან არაფერი ჩანდა,მისი კი ნაგაზი აწყვეტას ცდილობდა,მაგრამ დაბალ ლეღვის ხეზე გამობმული საბელი ამის საშუალებას არ აძლევდა და პირზე დუჟმომდგარს ახრჩობდა.ყეფა უკვე ხავილში გადადიოდა.თაზიმმა ორღობეს გახედა,თითქოს არაფერი იყო,მაგრამ ძაღლს რა სჭირდა.ფანჯარას მოსცილდა და კარისკენ წავიდა.ძაღლებისთვის უკვე ძროხებსაც აებათ მხარი და ბოსლიდან ზმუილი ისმოდა.
-თაზიმ..-ტალულას შეშინებული ხმა მოესმა თაზიმს,-არ გახვიდე...
-ჩუმად,ნუ გეშინია,-თაზიმს მხოლოდ რამდენჯერმე გაეგონა საკუთარი სახელი ტალულას პირიდან და გაუკვირდა,ესეიგი მანაც იგრძნო რაღაც.მიბრუნდა და გაუღიმა დასამშვიდებლად.თან ხის ურდული ჩამოსწია,რომელიც წვრილი ტოტებისაგან შეკრულ კარს კეტავდა.კარი  გააღო და სანამ ეზოში გავიდოდა კიდევ მიმოიხედა,მხოლოდ ამის შემდეგ გადადგა რამდენიმე გაუბედავი ნაბიჯი და გარეთ,ეზოში გავიდა.
-გაჩუმდი!-დაუყვირა ძაღლს.გულში კი საკუთარ თავს სწყევლიდა ასეთი სიმხდალისათვის.ძაღლმა მხოლოდ წამით გამოხედა და ისევ განაგრძნო ყეფა.
-ჰე ჰეი!-თაზიმმა გასამხნევებლად გასძახა სიბნელეს.იქ თითქოს არაფერი იყო,მაგრამ იმ წამს სულ ახლოს,ეზოს კარებთან,ყვითლად მოელვარე თვალები დაინახა,რომლებიც პირდაპირ მას უყურებდნენ,არსება თითქმის მეტრნახევარი იქნებოდა სიმაღლეში,გზაზე იდგა და თავი მისკენ შეეტრიალებინა,ფერს წესიერად ვერ არჩევდა.ძაღლმა წკმუტუნი დაიწყო.ორღობიდან,სადაც ხეები მთვარის შუქს ეფარებოდნენ,ხმადაბალი ღრენვა ისმოდა.თაზიმი როგორც იქნა გამოერკვა და ხმამაღლა დაიყვირა,რომ დაეფრთხო.ნადირმაც თითქოს მას ელოდებოდაო,დაიღრიალა,თაზიმზე ათასჯერ უფრო ძლიერად.
  ქოხის კარგთან მდგარ ადამიანს ძარღვებში სისხლი გაუჩერა ამ ხმამ.მისი სიმამაცე,რომელმაც ამდენ გამოცდა გაუძლო,სადღაც გაქრა.ბოროტი სული ლეგენდებიდან მის წინ იდგა.
-თაზიმ!-მოესმა ყვირილი და სახლისკენ გაიქცა.ტალულა ისევ ტახტზე იჯდა შეშინებული სახით.-თაზიმ,რა ხდება,-თითქმის ტიროდა ტალულა,მაგრამ ლაპარაკის დრო არ ჰქონდა,უნდა მოეფიქრებინა როგორ დაეფრთხო ნადირი.
-კედელთან დადექი,-კარების მოპირდაპირე კედლისკენ მიუთითა თაზიმმა ცოლს,თვითონ კი კერაზე დათებულ ცეცხლს მივარდა.ხელები ნაკვერჩხლებში ჩაჰყო,რამდენიც შეძლო მობღუჯა და კარისკენ გადაყარა.რამდენიმე კედელს მოხვდა ნაპერწკლებად დაიშალა,დანარჩენი კი ეზოში დაცვივდა.თაზიმი ცეცხლს გადაახტა,საწოლში მძინარე სური აიტატა და გულში ჩაიკრა.ტალულამ ყვირილი დაიწყო.თაზიმმა ისე,რომ კარისთვის თვალი არ მოუცილებია,ცოლთან მიიჭრდა და პირზე დამწვარი ხელი ააფარა.ტალულას თვალებში ჩახედა და მათში საკუთარი შეძრწუნებული სახე დაინახა.ცოლს ბავშვი მიაწოდა.თვითონ კი კარისკენ მიტრიალდა და სიბნელეში დაიწყო ყურება.მიწაზე კოცონის გაფანტული ნარჩენები სუსტად ანათებდნენ იქაურობას,მაგრამ ისინიც ქრებოდნენ.თაზიმი ყოველ წამს ელოდა,რომ მხეცი ქოხში შემოვარდებოდა,ბავშვი ტიროდა,გაგიჟებული საქონელი ბოსელში ზმუოდა,ძაღლი კი მიჩუმდა,მხოლოდ შორიდან მოდიოდა ყეფის ხმა.გარშემო თვალები მოაცეცა,რათა რაიმე  იარაღი ეპოვა,რითიც თავს დაიცავდა,მაგრამ ვერაფერს ისეთს ვერ მოჰკრა თვალი,რომლითაც ოდნავ ზიანს მაინც მიაყენებდა მას.საბოლოოდ იქვე მიგდებულ ცოცხს დასწვდა და ცეცხლს მიუშვირა,ცოცხი უმალ აბრიალდა და ქოხის ბნელი კუთხეები გაანათა.თაზიმი ცეცხლმოკიდებული ცოცხით წინ წავიდა.ცოცხს უკვე დამწვარი ბოლოები სწყდებოდა და ძირს ცვიოდა, გზაზე სადაც ის ფრთხილად მიაბიჯებდა.სანამ ისევ გავიდოდა ეზოში,ტალულას  გახედა,მან რაღაც ამოილუღლუღა,თაზიმმა ბავშვის ტირილში ვერ გაიგო,კიდევ ერთხელ სცადე გაღიმება მაგრამ არ გამოუვიდა და ტუჩები უცნაურად მოებრიცა.ისევ კარისკენ განაგრძო სვლა.ალაგ-ალაგ ფეხს უქცევდა მიწის იატაკზე დაყრილ ჯერ კიდევ მბჟუტავ ნაკვერჩხლებს,რომლებიც რამდენიმე წამის წინ შიშველი ხელებით ეჭირა.მხოლოდ ახლა იგრძნო ტკივილი და ხელის ზურგებზე დამწვარ კანსა და სითხით სავსე ბებერებს დააკვირდა.წარმოდგენაც კი არ მოუნდა,რა დღეში ექნებოდა ხელის გულები,რომლებითაც ცოცხის უხეშ ტარს ბღუჯავდა.ცოცხმა გაახსენა,რომ გარეთ უნდა გასულიყო და ისევ წინ წავიდა.სოფელში ადამიანები ყვიროდნენ.

                       

                                                                                                  ***




დიდი ხანია ეძებს,ბევრი მთვარე ამოვიდა იმის შემდეგ,რაც გზაზე გამოვიდა.რა აზრი აქვს.ელოდება,რომ ყოველ მომდევნო ხევსა ან რაღტაფში იპოვის,მაგრამ ხვდება,რომ ტყუილია,აქამდე იგრძნობდა მის სიახლოვეს,ის აქ არაა.ამიტომ წინ უნდა წავიდეს.აუყვეს ამ დაწყევლილ მდინარეს აღმა და ეძებოს იქამდე სანამ არ იპოვის.სხვა არაფერს აქვს აზრი,სხვა არაფერს ებღაუჭება მისი ბრჭყალები.საჭმელიც კი არ უჭამია რამოდენიმე დღეა,მხოლოდ მდინარის მღვრიე წყლით იკლავს წყურვილს.აქაურ ჭალებში მრავლად დაშლიგინობენ გარეული ღორები და ირმები,მარამ ნადირობა მხოლოდ შეაყოვნებს,მანამდე კი შიმშილს ბალღამი მოუკლავს,რომელსაც მისი გული გაუვსია და ახლა თავშიც კი გრძნობს მას.
  ხშირად ავიწყდება სად არის და დაუფიქრებლად გარბის სადღაც,ისე რომ სიფრთხილესაც ივიწყებს,ამ დროს მისი ხმა მთელ ტყეს ესმის და შიშით ძრწის,რადგან არ იციან რამ შეიძლება გაამხეცოს ასე სულიერი.
  რამდენჯერმე ხალხსაც მოჰკრა თვალი,რომლებიც ტყეში ხეს ჭრიდნენ,მაგრამ მაშინვე მოეფარა თვალს,ახლა არც ისინი აინტერესებს,არავინ მის გარდა.
გაგიჟებული,თითქოს მას აბრალებდა ყველაფერს,ჯავრს ხებსა და ბუჩქებზე იყრის.ძირიანად გლეჯს ახალგაზრდა მცენარეებსა და ერთიანად ბრდღვნის ასწლოვან მუხებს,ბოლოს ძალაგამოლეული,მაგრამ მაინც შმაგი,მის წარმოსახვით მსხვერპლთა შორის წევს და ღმუის შესაბრალისად.ვაი,იმას,ვინც იტყვის რომ ის ცოდოა,სჯობს ცხრა მთას იქით გადაიკარგოს და მის მზერას არ წააწყდეს,რადგან მაშინ ვერ უშველის ვერც ეშვი,ვერც რქა და ცეცხლიც კი არ იქნება მისი დამცველი...მაგრამ მისი სუნთქვა ნელდება,მშვიდდება, და ის იძინებს.მოსვენება კი არც იქ აქვს.



                                                                                                ***



  სიზმარი ნახა,მაგრამ ვერ დაიმახსოვრა,ცდილობდა მისთვის კუდში ჩაევლო ხელი და თათებს შორის ყინულისფერი თევზივით გაუსხლტა.ცოტა ხანს თვალდახუჭული იწვა და ნესტიან ტყეს უსმენდა.მის თავზე,ხეზე ჩხიკვი დახტოდა ტოტებზე და ალბათ გაკვირვებული უყურებს,რადგან მისნაირი ჯერ არ არ ენახა.დილის ნიავს მდინარის ჭაობიანი ნაპირების ლელიანის შრიალის ხმა მოჰქონდა,სადღაც შორს,ღორი მიწაში იქექებოდა და ნოტიო ფოთლების ფენის ქვეშ ჯერ კიდევ კარგად შენახულ ხილს და თხილს ეძებდა.სულ ერთი წამით მოშივდა.თბილი სისხლი ენაზე,ლაშებზე,ნიკაპზე,ყელზე და შიშის სუნი,რომელიც ყველაფერს დაავიწყებს ქვეყანაზე,მაგრამ სულ ერთი წამით.
  თენდებოდა,მაგრამ აღმოსავლეთით მზე არ ჩანდა,ცაა მგლისფერ ღრუბლებს დაეფარათ,რომელნიც მართლაც საწვიმრად ემზადებოდნენ,მისგან მარცხნივ,შორს,იქიდან საიდანაც მდინარე მოდიოდა,უკვე წვიმდა,ღრუბლებს უკვე ჩამოეშვათ თავისი ჩამოძონძილი კალთები.
ფეხზე წამოდა და გაიზმორა,წყლისკენ ჩავიდა,მდინარე უკვე მოდიდებულიყო,ამღვრეულს ნაირგვარი ნაგავი მოჰქონდა.როგორც კი წყალს ენა შეახო,წვიმაც დაიწყო,პირველი იშვიათი წვეთები მდინარეზე რგოლებს აჩენდნენ და დინებას მიუყვებოდნენ,შემდეგ მოუხშირა და თითქმის გაზაფხულის თქეში დაატყდა თავს.წყლის ზედაპირი აირია და წვიმის წარმოქმნილმა ბუშტებმა დაფარეს,რომლებიც გაჩენისთანავე ჰქრებოდნენ.
  მთელი დღე წვიმდა,ის კი მიძუნძულებდა,სახეზე  წვიმა ჩამოსდიოდა და ენაზე მლაშე გემოს ვეღარ გრძნობდა.მიწა წყალს დაეჟიებინა და ფეხები ტალახზე დიდრონ ნაფეხურებს ტოვებდნენ,რომლებიც მალევე ივსებოდნენ წყლით.როცა დაბნელდა თავით ფეხებამდე სველი სასწაულით ფოთლებშერჩენილი ხის ქვეშ დაჯდა და მდინარეს დაუწყო ყურება,ისევ წვიმდა,სიცივეს შეეპყრო მისი სხეული და აღარ უშვებდა,ისიც ცდილობდა არ გაეწია წინააღმდეგობა,რადგან არ აქვს აზრი ბრძოლას,როცა უკვე წააგებული ხარ.ვინ ასწავლიდა მას სიცივის ატანას.იმ ღამეს აღარ დაუძინია.ტკივილი იყო,მაგრამ ვერ გრძნობდა,მდინარეს უყურებდა,მაგრამ სულ სხვას ხედავდა და სიზმარი გაახსენდა..



                                                                                              ***



  შავი ღრუბლები მეწამულ ცაზე მისრიალებდნენ მთის წვერისაკენ,კლდეზე შემდგარი ციხის გადაღმა,რომელიც ოღროჩოღროდ აეშენებინათ უხსოვარ დროში,ნაირგვარი ქვით და ალაგ-ალაგ ამოხეთქილი წითელი აგური გახსნილ ჭრილობებსავით წითლად უჩანდა.ციხეს ლაშქარი შემოსწყობოდა და ზედ აწყდებოდა,რომ კარი ეპოვნათ და შეენგრიათ.მეომრები მთაზე მიბობღავდნენ რათა  ციხის კედლებამდე მიეღწიათ,იქ  მცველები ჩეხდნენ და ისევ ძირს ყდიდნენ,მაგრამ ყოველი მოკლულის ადგილს ახალი ჯარისკაცი იკავებდა. მთის  ძირში,ძველი სამეფოს ხელმწიფე თავის ბანაკში,ვერცხლით მოქარგული კარვის წინ იდგა და ციხეს ასცქეროდა.ტანზე მბზინავი ჯაჭვის პერანგი აესხა,თავზე კი გვირგვინი ედგა,რომელზეც აღმოსავლეთის სამი ვარსკვლავი ბრწყინავდა.გარშემო ყველაფერი მოძრაობდა,მალემსრბოლებს ცნობები მოჰქონდათ ბრძოლის ველიდან და უკან ახალი ბრძანებებით ბრუნდებოდნენ.მკურნალებს დაჭრილი ჯარიკაცები ჩამოჰყავდათ მთიდან და იქვე გზებზე უხვევდნენ ჭრილობებს.ხელმწიფის კარავში სარდლები მაგიდისაკენ დახრილიყვნენ და თათბირობდნენ,იშვიათად მისკენაც გამოაპარებდნენ ფრთხილ თვალს.ჯარისკაცების დაუსრულებელი ნაკადი მიდიოდა ციხისაკენ,ისინი მწყობრი ნაბიჭით ჩაუვლიდნენ ხელმწიფეს და ოცნებობდნენ პირველები შევარდნილიყვნენ ციხეში,ერთნაირად მაღლებს და გაუღიმარებს სიკვდილიც კი არ ედარდებოდათ,რადგან როცა ღმერთს ასე ახლოს გრძნობ შენთან,რთულია სიკვდილზე იფიქრო.მთის კალთებზე სისხლი ნაკადებად ჩამოედინებოდა და თითქმის მათ ფეხებთან მიჩუხჩუხებდა.ხელმწიფეს კი არ აინტერესებდა ისინი,ყველას ამ ციხის კედლებს შეაჭყლეტდა,თუკი დასჭირდებოდა,ხელმწიფეც თავის ჯარისკაცებს გავდა.გაუნძრევლად აჰყურებდა ციხე-სიმაგრეს,მარჯვენაში ხმლის ვადა ეჭირა,მარცხენათი კი ვეფხვს ეფერებოდა თავზე,რომელიც მის გვერდით იდგა.


                                                                                                          ***


სიმღერის ხმამ გამოაფხიზლა,ხმა მდინარიდან ისმოდა და ახლოვდნებოდა.ცოტა ხანში ტივი დაინახა,რომელიც წყალს მოჰყვებოდა.ტივი ვიწრო იყო,მხოლოდ გრძელი,მსხვილი ხის მორებისაგან შეეკრათ.სადაც ცხვირი უნდა ჰქონოდა,იქ დამაგრებულ წვრილ ბოძზე ფანარი ჩამოეკიდათ,მის გვერდით კი კაცი იდგა გრძელი ჭოკით და ყურადღებით ჩაჰყურებდა ფანრის სუსტი შუქით განათებულ წყალს,თან დაბალის ხმით ღიღინებდა რათა არ დასძინებოდა.ტივის ცენტრში ცეცხლი დაენთოთ,მის გარშემო ნაბადში გახვეული ორი კაცი იჯდა დაბალ სკამებზე და ჩუმად ლაპარაკობდნენ,გვერდში პატარა კასრი მოედგათ,სადაც საჭმელი ეწყო,ხელში კი თიხის ფიალები ეჭირათ და დროდადრო მოიყუდებდნენ ხოლმე.ცეცხლი სუსტად ანათებდა მათ დაღლილ და სველ სახეებს.ტივის ბოლოში კარავი გაეშალათ,კარავიც დაესველებინა წვიმას და კალთები დაემძიმებინა.შიგნიდან სუსტი სინათლე გამოდიოდა,შიგნით ვიღაც იყო.ტივს იქამდის აკვირდებოდა,სანამ მდინარის ნაპირზე მდგარ ხეებს არ მოაფარა დინებამ,შემდეგ კი ადგა და თითქმის სირბილით გაუყვა ნადირთა გაყვანილ ბილიკს,რომელიც ეკლიან ჯაგებს შორის იკარგებოდა.



                                                                                              ***


შემდეგ საინტერესო აღარ არის,ის ქალაქთან მივიდა,სადაც მისვლასაც არ ჰქონდა აზრი.ქალაქს არც იერუსალიმი ერქვა და  მითუმეტეს არც ტროა.

                                                                                              ***






გიორგობა იყო მოსული თითქმის და სოფლის წყაროს სპილენძის პრიალა პირიდან წყალი ძლივსღა მოწანწკარებდა.,ამიტომ რიგიც გრძელი იყო და ათამდე ადამიანი შეკრებილიყო,თითქმის ყველა ქალი,გვერდში სხვა და სხვა ზომის თუნგი თუ კოკა მოედგათ და სოფლის ამბებსა ჰყვებოდნენ,წყაროს ხავსიანი ნავიდან კი პატარა ვირი ნელა,თითქოსდა დაგემოვნებით ხვრეპდა წყალსა.
  სოფელს ერთი წყარო ჰქონდა და მასთან მოდიოდა კიდეც სოფლის ოთხივე გზა.ორი აღმა-დაღმა უბნებისა,ერთიც ახლო ქალაქისა,სადაც აქაურები მაწონსა და ხორცს ჰყიდნენ და ერთიც ტყის გზა იყო,საიდანაც შეშა მოჰქონდათ და წყარო ჩამოსდიოდათ.
  მზე ჯერ არ იყო შუბის ტარზე შემდგარი,ამიტომ ხის გრძელ სკამზე,წყაროს გადაღმა,სადა სოფლის ჯალაბობა იყრიბებოდა,მხოლოდ ორი მოხუცი იჯდა,ნაბდის შავი ქუდები მოეხადათ და ნოემბრის უგულო მზეს უშვერდნენ ყოჩაღად დამჭკნარ სახეებს.ალაგ-ალაგ თუ წაიჩიფჩიფებდნენ ორ სიტყვას,რადგან ძვლები გასთბობოდათ და ალბათ გაზაფხულს რომ იხსენებდნენ რომელიმესა.
  ერთს გაბრიელი ერქვა,მაგრამ გაბუას ეძახდნენ ტოლი ბიჭები,ქალს ამოჰყოლოდა წყაროზე,წყლით სავსე სამ ჩაფიან კოკას მარტო ვერა სწევდნენ,ერთად კი გამოუდიოდათ ჯერ-ჯერობით.ახლა ფეხები გაეჭიმა და მოჭუტული თვალებით მთებს გაჰყურებდა,რომლებიც ქალაქის მხრიდან შემოსწყობოდნენ სოფელს.
  გვერდით მარტია ეჯდა,ვირი მისი იყო,ტყეში მიდიოდა,ფიჩხის ჩამოსატანად,მაგრამ სკამზე გაბრიელი რომ დაენახა,მისულიყო ისიც იქა.ახლა კი ჯანგამთბარს ადგომა და ტყეში წაჩაქჩაქება ეზარებოდა.
მაგრამ როგორც კი ჭრიალის ხმა გაიგონეს,ორივემ თვალები ჭყიტა და ქალაქის გზას გაჰხედეს.
-არუთინაც მოსულა,-ჩაილაპარაკა მარტიამ.არუთინა ნავთით ვაჭარი იყო და ყოველ ორ კვირაში ამოაჭრიალებდა ოთხთვალა ცხენშებმულ ურემს,რომელზედაც ნავთის ჭურჭელი ედგა.ამოვიდოდა,დასდგებოდა წყაროს წინა და დაიწყებდა „ნავთი,ნავთის“ ძახილს.სოფლელებმა უკვე იცოდნენ რომელ დღეებში უნდა მოსულიყო არუთინა და სწრაფად შექუჩდებოდნენ ხოლმე.
  ახლაც დააყენა ურემი შუა გზაზე,საგორავი დაუდო თვალსა და მოხუცებს აუწია ხელი,იმათაც თავის ქნევით უპასუხეს,ანიშნა მოვალ ახლავეო და ურმიდან თუნუქის დაჭეჭყილი სათლი ჩამოიღო,ცხენისთვის წყალი რომ მოეტანა,ერთი-ორ ტალახიან გუბეს მარჯვედ გადაახტა,სათლი ნავში ჩაჰკრა და წყალი ცხენს წამოუღო.ამასობაში პირველი მუშტარიც გამოჩნდა,პატარა ბიჭს მოკალული თუნგი ეჭირა ხელში და ურემთან ელოდებოდა.
-აბა შვილო,გაგიმსო ესა?-თუნგი გამოართვა არუთინამ.
-ბაბომ სთქო,-ბიჭს ენა ებმოდა და ნერწყვს ხშირ-ხშირად ჰყლაპავდა,-ბაბომ სთქო,ესეც აგიმსოს და ფულს მერმის გავუსტუმრებო,ძველებთან ერთადო.
-ვისი ხარ შენა ბიჭო,-ქვევიდან გაჰხედა არუთინამ,-შაშუასი არა ხარ?
-ჰო,ამოილუღლუღა ბიჭმა,-ამ ერთხელაცო,ბაბომ..
-ერთხელაცო?-თუნგს უყურებდა ცოტა ხანს არუთინა,-კაი,კაი,მა რას ვიზამ კაცო,-გამოართვა ჭურჭელი და ურმისაკენ მიტრიალდა.ნავთის კასრიდან ამოსაღებად პირმომტვრეული გაშავებული კოკა ჰქონდა,ის ჩაჰყო ხის კასრში და თუნგში ფრთხილად დაიწყო ჩასხმა.
-გამომართვი,-ფრთხილად მიაწოდა ბავშვს,-არ დაგეღვაროს იცოდე.ხო არ გემძიმება?
-მადლობა არუთინ ძია,ეს რა მძიმეა, - გაიჯგიმა ბიჭი, - ამაზე დიდები არ დამაქ რო?წყლისები!
-ძაანაც კაი,ციმ-ციმ წაიღე აბა შინა.მამაშენის არაფერი იცით ისევ?
-ბაბო იძახის ჩამოვაო,-ბიჭს თუნგი გულზე მიეხუტებინა ორივე ხელით და თავს გვერდზე სწევდა,ცხვირი რომ მოერიდებინა სუნისათვის,-სიზმარი ვნახეო.
-ჩამოვა კაცო,ჩამოვა,მა სად წავა,-თვალები დახარა არუთინამ,-ამე,ქალაქში ყოველდღე ჩამოდგებიან მატარებლები,ერთშიაც მამაშენი იჯდება.მა სად წავა შვილო,-ბიჭმა გაიღიმა და წასასვლელად მიბრუნდა,მაგრამ არუთინამ გააჩირა და ჯიბეებში დაიწყო ქექვა,აჰა ესეც შენაო და ბიჭს უბეში ფოჩიანი კამფეტი ჩაუგდო.
-მადლობა არუთინ ძია,-დაიძახა ბიჭმა და გაიქცა,მაგრამ მენავთის ძახილზე,არ გაიქცე,წაიქცევიო,დამნაშავის ღიმილით გამოხედა და პატარა ნაბიჯებით განაგრძნო გზა.
  არუთინამ ჯიბიდან დასვრილი ნაჭერი ამოიღო და ხელების წმენდით მოხუცებისაკენ წამოვიდა.
-როგორა ხართ კაცებო, - გვერდში ჩამოუჯდა მოხუცებს, - ძაან კი დავიღალე,თქვენი გზა მიშვება.ერთ-ორ წელიწადში იქნებ ვეღარც ამოვიდე.
-მაშ, - უყურადღებოდ დაეთანხმა გაბრიელი,-არუთინ ქალაქს რა ხდება,შენ კი გეცოდინება.გვითხარ რამე.
-დასდევენ და ჰხოცამენ,ვისაც მისწვდებიან,-ხელი ჩაიქნია არუთინამ,-ერთ მაგათიცა,ალალი გულითა და ჯანმრთელითა...
-ქაქუცაზე რაო, - აღარ დაამთავრებინა მარტიამ, - რას ამბობენ,აღარ უნდა მოგვხედოს?სანამდის ვიყვეთ ესე?
-იჰ,აღარც ქაქუცაა და აღარც არავინა, - ჩაქინდრა თავი არუთინამ, - ტყეშიაო,იძახიან,რას გაიგებ.
ორივე მოხუცმა წამოყვეს თავები რაღაცის სათქმელად,მაგრამ გაჩუმდნენ მაინც და ცოტა ხანს სამივე თავჩაქინდრულები ისხდნენ სკამზე და ფეხებს მტვერში ურევდნენ.
ურემთან კიდევ მოვიდა ხალხი,არუთინა ზანდად წამოიწია სკამიდან და იქით წავიდა.
ასე ისხდნენ მხრებჩამოყრილები და დაღლილნი მძიმე ფიქრებისაგან,რომლებიც ღამეებს ათევინებდნენ და გულს ბოღმით უბერავდნენ,მაგრამ რა დარჩენოდათ გარდა იმისა,რომ კიდევ ცოტა ხანს ეფრატუნათ მოკლე ნაბიჭებით დედამიწაზე და პაპებისაგან გაგონილი ძველისძველი ამბებით ახალგაზრდებისათვის გული გაეკეთებინათ.


                         
                                                                                                            ***




ტყის გზაზე ორი ძმა მოდიოდა,ცხენებით,ჩოხებით,თოფებით.მალე მოსახვევს გამოსცდებოდნენ და მოხუცებიც დაინახავდნენ.უმცროსს თავისდაუნებურად ეღიმებოდა,ნანადირევი გადაეკიდა ცხენზე,მაგრამ ზემოდან ნაბადი ეფარა და არ სჩანდა რა მოეკლა.უფროსი წინ მოდიოდა,ჩაფიქრებული,თავჩაღუნული.ხანდახან თუ აიქნევდა მხარს,გადაკიდებული სასროლი რომ შეესწორებინა,ალბათ ფიქრი ჰქონდა რაიმე.ქვედა ტუჩს იწვალებთა ხელით,სადავით ცხენი მოჰყავდა.ვერც კი შეამჩნია რომ წყაროსთან მოსულიყვნენ და ძმა ეუბნებოდა რამეს.უმცროსმა სადავე გამოართვა და წყლის დასალევად გაიქცა.უყურებდა როგორ გადმოდგა ერთ-ერთი მოხუცის კოკა გვერდზე და ხელების დაბანვა დაიწყო.შემდეგ ერთი ხელით სპილენძის პრიალა მილს დაეყრდნო და წყლის სმა დაიწყო,დიდი ყლუპებით,როცა მორჩა კოკა ისევ შეუდგა წყალს,იქაურებს მადლობა გადაუხადა და უკან გამოიქცა ჩოხის კალთების ბერტყვით.ძმას გაუღიმა,რომელიც უსიტყვოდ უყურებდა,სადავე გამოართვა და ისევ განაგრძეს სიარული.როცა მოხუცების სკამს ჩაუარეს,უმცროსმა თავი დაუქნია და გამარჯობა უთხრა.უფროსმა კი მოულოდნელად ცხენი გზიდან გადაიყვანა,პატარა არხს გადააბიჯა,სადაც თავდაღმით წყაროს წყალი ჩამოდიოდა და მოხუცებთან მივიდა.ხელი ჩამოართვა ორივეს.ძმას თვალებით ანიშნა,რომ მოსულიყო.პატარა ძმამც ჩამოართვა ხელი ორივეს,მხოლოდ იმის მერე,რაც თვითონ გამოუწოდეს ხელი.უფროსმა რაღაც უთხრა მოხუცებს და ნანადირევს ნაბადი გადააძრო,ცხენზე ცხოველი გადაეკიდათ,ტალახსა და სისხლი მოსვრილი,სისხლში იმიტომ,რომ ბეჭზე ჭრილობა უჩანდა,რომელსაც ბეწვი დაეჟიებინა და ქვევით კისრისა და ყელისაკენ ჩამოსულიყო,იქიდან კი მიწაზე წვეთავდა იშვიათი წვეთებით.ერთ-ერთმა გაოცებულმა მოხუცმა ცხოველს თავში ხელები მოჰკიდა და შეეცადა კარგად დაეთვალიერებინა დიდი ყვითელი თვალები,რომლებშიც კიდევ ჩარჩენილიყო სიკვდილისწინა რისხვა.როგორი გამხადარიაო,თქვა მეორე მოხუცმა.ნადირს ოდესღაც ერთ-ერთ უდიდესს,მართლაც აღარ შერჩენოდა ხორცი,პირველმა მოხუცმა თქვა,რომ ეს დარდისაგან იყო,რადგან შეუძლებელია, მისნაირ არსებას უნდოდეს და საჭმელი არ ჰქონდეს.უმცროსმა ძმამ კი ნანადირევს ხელი დაუტყაპუნა მუცელზე და მოხუცს რაღაც უთხრა.მან ნადირის თავი ფრთხილად ჩამოუშვა ძირს,გასწორდა,უმცროსს შეხედა და მოხუცმა რომელსაც გაბრიელი ერქვა, მოულოდნელად  ხელი გაჰკრა,ის არ ელოდებოდა და თავიც კი არ გაუწევია,სილამ შეაქანა და ხელების ქნევა დაიწყო წონასწორობის დასაცავად.თოფი მხრიდან ჩამოუვარდა და გაკვირვებული მიაჩერდა მოხუცს.მეორე მოხუცი,რომელსაც მარტია ერქვა,მათ შორის ჩადგა და ამხანაგის დამშვიდება დაიწყო.მაგრამ ის ახლა უფროს ძმას უყურებდა.ის მიხვდა და ხელი ერთ-ერთი მთისაკენ გაიშვირა,რომელზეც დანგრეული კოშკი იდგა და ერქვა ქოროღლი და მოუყვა რომ ტყეში მოკლეს,როცა სადღაც მიძუნძულებდა და იქამდე ვერ შეამჩნია,სანამ პირველი ტყვია არ ესროლეს ბეჭში,მაშინ იგრძნო ისინი და მოტრიალდა,რათა გაემართა უკანასკნელი ომი,მაგრამ მეორე ტყვია პირდაპირ მკერდში მოხვდა და წაიქცა,რადგან ყველაზე ძლიერი მეომარიც კი ვერ გაუძლებს ფეხზე მდგომი ამდენ სიკვდილს.შემდეგ ეგდო ტალახში და ბორგავდა,რადგან იცოდა რომ უკვე მკვდარი იყო და არ უნდოდა ასე უბრალოდ წასვლა ასეთ დიდებულს და საოცარს.მას კი მხოლოდ იმის ძალა შერჩენოდა რომ ბრჭყალებით ბალახის ფესვებში გაბლანდული მიწა ეთხარა,რომელიც წვიმასა და სისხლს დაესველებინა.ბოლოს მხოლოდ იწვა,ძლივღა სუნთქავდა და  იმას უყურებდა,ვინც მოკლა,მაგრამ არა ძმებს.


ბოლოთქმა
ეს ამბავი მთლად გამონაგონი არ არის.
1922 წლის ნოემბერში მართლაც მოკლეს თურანის ვეფხვი თბილისთან ახლოს,ამბობენ რომ ის აზერბაიჯანიდან ან ირანიდან მოვიდა და ის უკანასკნელი იყო კავკასიაში და იქნებ მთელ ახლო აღმოსავლეთში.ამჟამად თურანის ანუ კასპიური ვეფხვი გადაშენებულია.


15.04.1996




                                                                                                2


                                                        ჯონათანისაგან მის ყმათა ძებნად წასვლა.


  საქმე იმაში იყო რომ,იმ დღის შემდეგ,როცა მაწანწალამ თოლიებზე მოუყვა,რომლებსაც ზღვა არ ენახათ,მოხუცმა ჯონათანმა მოსვენება დაკარგა.ვერ წარმოედგინა,როგორ შეიძლებოდა რომ თოლიას ზღვა აღარ ხსომებოდა.ჯონათანი თოლია იყო და როგორც მოგეხსენებათ თოლია და ზღვა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს.
  ამიტომ იმ დღესაც,როცა “გახვრეტილი ბადის“ სახურავზე ისხდნენ,ქვევიდან კი მეზღვაურების სიმღერისა და ჭურჭლის მტვრევის ხმა ამოდიოდა,ჯონათანმა ისევ ამაზე წამოიწყო ლაპარაკი და ნელ-ნელა სახურავზე მყოფი ყველა ფრინველა გაშემო შემოიკრიბა.
-გამიგონეთ ბიჭებო,ეგრეა,სადღაც არიან თოლიები,რომლებსაც ზღვისთვის თვალიც არ მოუკრავთ,-ფრინველებმა ჩაიცნეს,ისევე როგორც ჩვენ,მათაც ვერ წარმოედგინათ ასეთი ამბავი,-აბა სად ცხოვრობენ, - წამოაყრანტალა ერთ-ერთმა ბეღურამ.ჯონათანი ვერ ხვდებოდა,რომ დასცინოდნენ და განაგრძობდა, - ქალაქში ,სადაც ჭუჭყიანი მდინარე ჩამოდის,მდინარის ნაპირზე კი,კლდეებზე უცნაურ აივნიანი სახლები დგას.ამ კლდეებში ბუდობენ ისინი და მდინარის თევზს ჭამენ.რომც გინდოდეთ,იმ ქალაქში,მარილიანი წყლის წვეთსაც კი ვერ იშოვით,-ფრინველები ისევ ახარხარდნენ,მათ უყვარდათ ჯონათანის ამბები,ზურგს უკან გამოჩერჩეტებულსაც კი ეძახდნენ.
-მერე?-უკნიდან შემოასმა ჯონათანს.
-მეტი აღარ ვიცი,მერე დაეძინა მაწანწალას,-ამოიხვნეშა მან.როგორ არ ეცადა მაშინ მაგრამ მაინც ვერ გააღვიძა უგონოდ დამთვრალი ყვავი,რომელსაც,როგორც თვითონ ამბობდა,მთელი მსოფლიო მოევლო და ისეთ ადგილებზე ყოფილიყო,რომლებიც არცერთ ფრინველს არ ენახა.ამიტომ ხშირად ყვებოდა უცნაურ ამბებს ვეშაპებზე,გემებზე რომლებსაც წყლის ქვეშ შეეძლოთ ცურვა და ასე შემდეგ.ასე რომ მოხუცი თოლიის ნათქვამზე კიდევ ერთხელ ატეხეს სიცილ-ხარხარი.
ამ დროს ქათქათა ალბატროსი დაეშვა სახურავზე,ფრთები გააფართხუნა,შეიკეცა და ჯონათანთან მივიდა,
-რა იყო თოლია,კიდევ ტყუილებით უვსებ ახალგაზრდებს თავებს? - თან ეშმაკურად ეღიმებოდა და  სხვა ფრინველებისკენ იყურებოდა,აბა თუ გაეცინებათო, - ახლა რაღა ხდება,ისევ რომელიმე კაპიტანს მოაჭამა ფეხი ჩვენმა ვეშაპმა?თუ გემი ჩაძირა?
-ზვიგენმა შეგჭამოს ალბატროსო!-ჯონათანს  მკერდი გაეჯგიმა,-ჩემი თვალით ვნახე ერთხელ,მაშინ როცა პატარა ბიჭი ვიყავი და ისიც ჯერ კიდევ ოკეანეში დაცურავდა.
-და ამას ბებერ მობიზე ამბობ,იმ კაშალოტზე,რომელიც ნავსადგურის ყურეს ვერ გასცდენია? - ახლა უკვე დაუფარავად იცინოდა ქათქათა ალბატროსი,გარშემო ფრინველებიც აყვნენ,-კარგი,კარგი,ეგ ამბები ჩვენც მოგვისმენია,მაწანწალას ყველა ამბავი მოგონილია,იმის გარდა,ეკლესიის ფლუგერს რომ დაეჯახა ფრენისას,-ბეღურები უკვე ვეღარ სუნთქავდნენ სიცილისგან,ორი მათგანი ერთმანეთს მიყუდებოდა და ისე ხარხარებდნენ.
  თოლია ჯონათანმა მოიწყინა.მიბრუნდა და სახურავისკენ წავიდა ბებრული ნაბიჯებით,გზა და გზა ფრთებს ავარჯიშებდა.უკნიდან ფრინველების ხარხარი ისმოდა.
-თოლია მოიცადე,-ქათქათა ალბატრონი ფრთების ორი მოქნევით გაჩნდა სახურავის კიდესთან.მოხუცი თოლია ჯონათანი იქ იდგა და ზღვის ხმას უსმენდა.ტალღები გემის ღუზებს ეხეთქებოდნენ,ბრიზს კი უცხო ქვეყნების მოტკბო სუნი მოჰქონდა.
-ვიხუმრე!უკვე ისე...-და სიტყვა შუაში გაუწყდა,როცა ჯონათანის სახე დაინახა.
-რა გჭირს მოხუცო.მაპატიე არ ვიცოდი თუ ასე გაბრაზდებოდი,-ჯონათანს თითქოს არც გაეგო.
-ისინი იქ არიან,ალბატროსო
-აა,იმ ლეგენდის გჯერა?-გვერდზე დაუდგა ალბატროსი,მოხუცი თოლიის ბავშვურ ლაპარაკზე ეღიმებოდა,-მეც გავიგე ეგ ამბავი,მაგრამ არა მგონია მართალი იყოს,თოლია ზღვის გარეშე ვერ გაძლებს.ყანჩა კი,ქარიშხალაც.მაგრამ თოლია ზღვის გარეშე?არა მგონია ჯონათან.
-მაგრამ ისინი ძლებენ,იმიტომ რომ არ იციან ზღვა რა არის,-თავისას არ იშლიდა ბებერი თოლია,-იქნებ ვინმემ რომ...
-არა,არა,ვიცი რასაც ფიქრობ შეშლილო მოხუცო,-ფრთების ქნევით შესძახა ქათქათა ალბატროსნა,-ისინი არ არსებობენ,ის ამბავიც იმიტომ მოიგონა მაწანწალამ,რომ ზედმეტი თევზი ეშოვნა.დაანებე ასეთ ფიქრებს თავი.მე ხომ ვიცი ვინც ხარ,მარტო მე ვიცი ამ ნავსადგურში,ვიცი რაც შეგეძლო,მაგრამ აღარ იფიქრო ამაზე.
-ჰო,მართალი ხარ,-თოლია ჯონათანს თვალი გაშტერებოდა და სადღაც შორს იყურებოდა,
-კარგი,ალბატროსო.
მაგრამ მას ახალი აზრი მოუვიდა თავში.
                                                                       
                                                                      ***

მეორე დილით,როცა სიზმარში მსუქან ქორჭილებს ხედავდა,ქათქათა ალბატროსი მეზობელი ყვავის ბახალების ჭივილ-ხივილმა გააღვიძა.თავის საყვარელ ადგილას,შუქურის სახურავზე ეძინა.გაიზმორა და მიიხედ-მოიხედა,უკვე საკმაო ნათელი იდგა,მეთევზეები ბადეებს ალაგებდნენ და ზღვაში გასასვლელად ემზადებოდნენ,წყნარი დილა მათ კარგ ნადავლს უქადდა.“იმედია“გაიფიქრა ალბატროსმა,მასაც ეს უნდოდა,თუ მეთევზეები ბევრ თევზს დაიჭერდნენ,მათი ნარჩენები მას ხვდებოდა წილად.მთავარია სხვა ფრინველებისთვის დაესწრო,რომლებიც უკვე თავს დასტრიალებდნენ პატარა ჟანგიან თევზსაჭერ გემებს.არა,თავის წილს ის ყოველთვის დაითრევდა,მაგრამ როგორც იტყვიან,თევზი არასდროსაა ზემდეტი.ამიტომ ფრთები აიქნია და აფრინდა.
  დილის ჰაერი ესიამოვნა,რამდენიმე წრე დაარტყა შუქურას.მკვეთრად ზევით აიჭრა და იქამდე მიქროდა ვერტიკალურად,სანამ ბოლომდე არ დაკარგა ენერგია,რამდენიმე წამი ილივლივა გულაღმა ქარზე და შემდეგ ტყვიასავით დაეშვა ქვევით,ვინმე უცხოს რომ შეეხედა,იფიქრებდა გული წაუვიდა და ახლა უკონტროლოდ ვარდებაო,მაგრამ ასე არ იყო,ზღვის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრში ამობრუნდა,ფრთები ძლიერად მოიქნია და ისევ ზევით აიჭრა.ასეთ მანევრზე ფრინველების უმეტესობას ფრთები მოტყდებოდა ან კონტროლს დაკარგავდა,მაგრამ არა ალბატროსი,მას უყვარდა ფრენა და კარგი მასწავლებელიც ყავდა...
  ეს ილეთი რამდენჯერმე გაიმეორა,ფრენა კარგი იყო,როცა მესამედ აკრიფა სიმაღლე,უკან აღარ ჩამოსულა,გასწორდა და ნელი ლივლივით გაუყვა სანაპიროს.აქედან ყველაფერი ერთი ბეწო ჩანდა,გიგანტური გემებიც კი პატარა თევზებს გავდნენ,ეს ესიამოვნა.ახლა შეიძლება რომელიმე ადამიანი ზევით იყურებოდა და ციცქნა,თეთრ წერტილს ხედავდა.“ოხ,ამაყო ადამიანო,შენ ხომ პლანეტა დაიპყარი,ყველგან ჩახვედი და აფრინდი,მაგრამ როცა მე მიყურებ,გულში,სადღაც ღრმად,შური გიბყრობს“.ამ ფიქრმა საიდან გაუელვა თავში,თვითონაც ვერ მიხდა,მაგრამ მაინც გაეღიმა და მიწის თვალიერება განაგრძო.
იქიდან დაინახა,რომ ქალაქის მთავარ მოედანზე უამრავი ჩიტი შეკრებილიყო,ზოგი სახლებისა და მაღაზიების სახურავებზე ისხდნენ,ზოგს მოაჯირებსა და დენის სადენებზე ეპოვათ ადგილი,ერთი-ორს კი,ყველაზე თამამებს,მოედნის ცენტრში მდგარ დაღუპული მეზღვაურების მემორიალზე მოეკალათებინათ.ქვევით ნამდვილად რაღაც საინტერესო ხდებოდა,ამიტომ ალბატროსმა არ დააყოვნა და დაშვება დაიწყო.
***

-რა ხდება, - ალბატროსი დაფრინდა და იქვე მდგარ გაქუცულ თოლიას ჰკითხა,
-მოხუცი ჯონათანი უზღვო ქალაქის თოლიებთან მიფრინავს,ზღვა რომ გაახსენოს,-უპასუხა შავ ფრთებიანმა თოლიამ.ალბატროსმა იქით გაიხედა,ჯონათანს გარშემო ფრინველები ეხვივნენ და ყაყანებდნენ. „ესეიგი მაინც მიფრინავს“ გაიფიქრა მან.ჰო,გუშინვე ეჭვობდა ამას,მაგრამ ვერ იჯერებდა,მოხუცი თოლია ისევ გაფრენას აპირებს.
- ჯონათან მაინც მიფრინავ? - ახლოს მიუჯდა ალბატროსი,იმის შემდეგ რაც ცნობისმოყვარე ჩიტები გაყარა.
-დიახ!-შეუყეფა თოლიამ,მას სახე გაჰქვავებოდა.ხვდებოდა ალბატროსი,რატომაც,მრავალი წელი გავიდა,იმის შემდეგ რაც ბოლოჯერ იფრინა ბებერმა თოლიამ.თუ არ ჩავთვლით გამოსაძინებელი ადგილიდან თევზის ბაზრის ნაგვის ურნებამდე მანძილს.მას ეშინოდა ფრენის,მაგრამ თვითონ ჯონათანს მიზეზებზე არ ულაპარაკია მასთან.ალბატროსი ჭკვიანი ფრინველი იყო,მიზეზებსაც ხვდებოდა და ძველი ამბებიც ჰქონდა გაგონილი,ლეგენდარულ დიად თოლიაზე.
-ვცადო და გადაგაფიქრებინო,აქვს აზრი?-ჰკითხა მან.ჯონათანს გაეღიმა,
-აქ ის არ ვარ,ვინც უნდა ვიყო,ალბატროსო,ამ პატარა,ბინძურ ქუჩებიან ქალაქში ყველას უბრალო ბებერი თოლია ვგონივარ,დამსხვრეული ფრთებით.იქ უნდა წავიდე,უნდა ვასწავლო.
-ამდენი ხნის შემდეგ!!!გუშინ გაგახსენდა რომ დამსხვრეული გაქვს ფრთები?-ტონი შეეცვალა ალბატროსს,-ეგოისტიც ყოფილხარ.აქამდე ვერ ხვდებოდი რომ ხანდახან შენ ლაპარაკზე ეცინებოდათ?
-მე იცი ვინ ვიყავი?-აიფოფრა მოხუცი თოლია,რომელსაც დარჩენილი ბუბმულები გაჰბუებოდა,-იცი?ვინ აღარ მოდიოდა ჩემთან,ვისთვის აღარ დამინახებია ნამდვილი ფრენა,ნამდვილი თავისუფლება.ყველას ვასწავლიდი!მე რკინის ფრინველისთვის მიჯობნია ფრენაში.აქ კიდევ ჩემი ნათქვამი ამბები ტყუილი და მოგონილი ჰგონიათ.
ქათქათა ალბატროსმა უკან შეკრებილი სეირის მაცქერალი ფრინველებისკენ გაიხედა.ისინი ერთმანეთზე გადადიოდნენ და ყველაფრერს სკინტლით სვრიდნენ,მონუმენტს,სახურავებს,ტროტუარებს.იმ წუთში მართლაც ეზიზღებოდა ეს მარტივი არსებები.
-შეხედე ამათ?ფრენა ჭამა გონიათ.საკმარისი თევზი და ადამიანების ნაგავი რომ ეყაროთ წინ,აღარასდროს გაანძრევდნენ ფრთებს.
-მაშ რისთვის ჩამოხვედი?!-დაიყივლა ალბატროსმა გაგულისებულმა,-შენ,ასეთი საოცარი ფრინველი,რატომ ჩამოხვედი ამ პატარა ქალაქში?არ იცოდი რომ ასე იქნებოდა?
-მაშინ...ადრე..- ბუტბუტებდა მოხუცი,და თვალებს გარშემო აცეცებდა,თითქოს პასუხის პოვნა იქვე ნავსადგურის ბინძურ მწვანე წყალში უნდოდა,თითქოს მიაგნო.რამდენიმე წამი გაშტერებული უყურებდა ერთ წერტილს,შემდეგ ახედა ალბატროს როგორც იქნა,-შენ მე მტანჯავ.გთხოვ,გამიშვი.
-ხო,შენი ნებაა,-ამოიხვნეშა ალბატროსმა,მცირე დუმილის შემდეგ.გაბრაზებამ უცებ გადაუარა.საშინლად არ ეთმობოდა ეს მოხუცი,-იქნებ გადადო,ჯონათან,არაა ასე ადვილი ოკიანის გადაღმა ფრენა,ხომ იცი?
ბებერი თოლია ხმის ამოუღებლად უყურებდა,სულ ოდნავი ღიმილით.წეღანდელი გაბრაზება უკვე აღარც მას ეტყობოდა.“ესეც მოხუცის წესია“გაიფიქრა ალბატროსმა.
-აფრენისას ეცადე ქარი მარჯვენა თვალში გირტყავდეს,-ვითომ სხვათაშორის უთხრა ალბატროსტმა.
-აბა,არ არსებობენო?-ეშმაკური ხმით ჰკითხა მოხუცმა თოლიამ ფრთების სწორებით.ბუმბული არეული და გაქუცული ჰქონდა.ალბატროსი იმაზე ფიქრობდა რა მანძილის გაფრენას შეძლებდა თოლია,სანამ ზღვაში ჩავარდებოდა.ასეთ ბანაობას კი მისი დაძაბუნებული სხეული ვეღარ გაუძლებდა.
-რაღაცეები გამიგია და სხვათაშრის,მაწანწალა ყვავზე უკეთესი წყაროებიდან, - გაეცინა მას,ჯონათანიც აჰყვა და რამდენიმე წამი გულიანად იცინოდნენ.ის ხედავდა როგორ თავისუფლად და გემრიელად იცინოდა ჯონათანი.მას კი ცრემლები ერეოდა.კი,უნდა გაეშვა რათქმაუნდა.ასე ტყუილად არ იცინიან.ეს გათავისუფლებული პატიმრის სიცილი იყო.
-ეჰ,მომენატრება ეს ქალაქი,-თქვა ბებერმა თოლია ჯონათანმა ცოტა ხნის შემდეგ,-ჩემნაირი ბებრისთვის ზედ გამოჭრილია.ისე,კარგი ცოლი,ლამაზი სახლი,სხვა კიდევ რა არის საჭირო კარგი სიბერისათვის,არა?
                                                                              ***



ჯონათანმა აფრენა დაიწყო,არ გამოუვიდა ლამაზად,ფრთებს არათანაბრად და მოკლედ იქნევდა,ალბატროსი ფიქრობდა რომ რამდენიმე წამში წყალში ჩავარდებოდა და  ტყულად ჰქონდა სასწაულის იმედი,რატომღაც ელოდა,რომ სხვა რამე მოხდებოდა.ის იყო თვითონაც უნდა აფრენილიყო,ჯონათანის მისახმარებლად,რომ საოცრება მოხდა,ბებერმა თოლიამ ტანი შეიბერტყა და გასწორდა,ბუმბულები თავის ადგილზე დაუდგა,ფრთები თითქოს გაეზარდა.
„ზვიგენმა შემჭამოს“ ხმამაღლა წამოსცდა ქათქათა ალბატროსს.ის იყო,ნამდვილად ის,თუ აქამდე რაიმე ეჭვი ჰქონდა,გაუქრა,მოხუცი თოლიის ადგილას ახლა ვიღაც სხვა მიფრინავდა,სიმაღლეს ისე კრეფდა,თვალს ვერ შეასწრებდი.ასე ფრენა არავის შეეძლო.ეს არარეალური იყო.
ზურგიდან გაოცებული შეძახილები მოესმა,მიიხედა და დაინახა,რომ ფრინველებს ზევით აეწიათ და ჯონათანს უყურებდნენ,რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით შორდებოდათ.
ის მიხვდა რომ ახლა სიჩუმე გულს და ფილტვებს დაუხეთქავდა,აღარ შეეძლო ამდენი ჩუმად ყოფნა.
-შეხედეთ! - დაიყივლა ქათქათა ალბატროსმა,-შეხედეთ!ეს ჯონათან ლივინგსტონია და ის ისევ ჰაერშია!!!
ზურგს უკან კი დგაფუნი მოესმა,მიტრიალდა და დიდი,თეთრი ვეშაპის კუდსღა მოჰკრა თვალი,რომელიც წყალში გაუჩინარდა.
   

                               
  ეპილოგი
არავინ იცის რა მოუვიდა მოხუც თოლიას,რომელიც ოდესღაც საშინელი ჭრილობებით მოფრინდა ამ პატარა ქალაქში,რათა ძველ ცხოვრებას გაჰქცეოდა.ამ ამბავს შემდეგი რამდენიმე თვე ყველა ფუნდუკში და მის სახურავზე ყვებოდნენ და ეს ისტორიები უფრო და უფრო შორდებოდა სინამდვილეს.ბოლოს იმასაც კი ამბობდნენ რომ ჯონათანი არსადაც არ გაფრენილა,უბრალოდ გაქრა,სხვა სამყაროში წავიდა.ვინ იცის.


15.04.1996.


                                             







                                                                                                    3



                                                              ამბის ცნობა მამისაგან შვილის დაკარგვისა.


  ორი სიტყვა,იქამდე სანამ კითხვას დაიწყებდით.ეს ამბავი მოპარულია tom waits-ს სიმღერიდან little rain. ტექსტს ყველა თავისებურად იგებს.ქვემოთ მოყვანილი ნაწერიც იმ ემოციების გადმოცემის მცდელობააა,რომელსაც მე ვგრძნობ,სიმღერის სმენისას.



-რა ჰქენი ელიოზ,იპოვე შენი ნატვრის ხე?-შევეკითხებოდი ღიმილით.
-ვერა,მაგრამ ვნახავ.
-ტყეში რომ ცივა,რომ ბაბანებ და თრთი ამ ფიცხელ ტყეში?
-მა როგორ გინდა შე ოჯახაშენებულო?

გიორგი ლეონიძე - ნატვრის ხე.



  სველ ქუჩაზე ზურგჩანთამოკიდებული კაცი მოდიოდა.სქელი ქურთუკი,ლურჯი ჯინსი,რამდენიმე დღის გასაპარსი წვერი,მოკლე თმა,ფართო მხრები.სქელძირიან,სამგზავრო ჩექმებს ღონივრად აბიჯებდა ასფალტზე და ძირს იყურებოდა.შორიდან რომ შეგეხედათ ცალი თვალით,მაშინვე მიხვდებოდით რომ მოგზაური იყო,უფრო მეტიც,რაღაცის მაძებარი მოგზაური და ამ ალაგ-ალაგ მოზანზარე ადგილშიც რაღაცის საპოვნელად მოსულიყო.  დაიქუხა,შორს,მთებში,მაგრამ წვიმა მალე აქაც მოაღწევდა,რადგან ჰაერი იხუთებოდა და გარშემო ნესტის სუნი დგებოდა,რომელიც სინამდვილეში დასველებული მტვრის სუნია.კაცმა ცარიელ ქილას ფეხი გაჰკრა და გაბრაზებული ტროტუარზე გადავიდა,მაგრამ მისი გაბრაზების მიზეზი მხოლოდ უდროო წვიმა არ იქნებოდა.მიმოიხედა,ფიქრობდა ,სად შეფარებოდა ავდარს.ამ პატარა,უსახელო ქალაქში ბევრი არ იქნებოდა ასეთი ადგილი,სულ,რამდენიმე პატარა ქუჩა,ბენზინგასამართი სადგურით,მაღაზიითა და ადმინისტრაციის შენობით გაქუცულგაზონიან მოედანზე.სადმე საოჯახო სასტუმროც,მაგრამ სასტუმროსი არც ფული ჰქონდა და არც ამდენ ხანს აპირებდა აქ გაჩერებას,ამიტომ ქუჩის ბოლოსკენ წავიდა,სადაც ლიანდაგები ჩანდა,ეს ქალაქიც ამის გამო აეშენებინათ ძველ დროში,მატარებლის სადგური ყოფილიყო.მაგრამ ახლა ჩქაროსნული ლოკომოტივები აქ აღარ ჩერდებოდნენ და მატარებლის ფანჯრიდანაც მხოლოდ ერთი წამით თუ შეავლებდნენ თვალს აქაურობის ჩანაცრისფრებულ კედლებს.
  ქუჩას როგორც კი გასცდა,რკინიგზას გახედა,რომელიც წიწვოვანი ხეების კორომში იკარგებოდა.ხეებს შორის შენობა დაინახა და იქით წავიდა.ლიანდაგებს მიჰყვებოდა,რადგან შენობა თითქმის მის პირზე იდგა.კიდევ ერთხელ დაიქუხა,ამჯერად უფრო ახლოს და ხმამაღლა,კაცმა ცას ახედა და დაინახა,რომ ბინდისფერი ღრუბელი ქალაქს უახლოვდებოდა. ნაბიჯს აუჩქარა და თითქმის სირბილით ახტებოდა ხის მორებს.მალე მიუახლოვდა შენობას.ლიანდაგებიდან გადავიდა,მცირე დაღმართი ჩაირბინა და რამდენიმე ნაბიჯში უკვე ორ სართულიანი კვადრატული ნაგებობის უკან იყო,კარი ვერ იპოვა,ამიტომ შემოუარა და კედელზე დაკიდებული ლურჯი ნეილონის აბრა დაინახა,რომელიც მომსვლელს ამცნობდა რომ აქ იყო ბარი.აბრა არც ისე გამართულად მუშაობდა და ნარწერები გამაღიზიანებლად ციმციმებდა.
დაინახა გზაც,რომელიც ქალაქიდან მოდიოდა ან იქით მიდიოდა.გზის პირზე,პატარა ავტოსადგომზე ძველისძველი სედანი იდგა.მის გვერდით კი ჯორი.კაცი გაოცებული მიშტერებოდა ცხოველს,რომლისთვისაც უცნაური ტვირთი აეკიდათ.ყინულის ორი უზარმაზარი კუბი,ყინული ნელა დნებოდა,ძირს წვეთავდა და ჯორის ფეხებთან პატარა გუბე იდგა.ის კი,ვითომც არაფერიაო,ყურების პარტყუნით ალაგ-ალაგ ამოსულ გამხმარ ბალახს ციცქნიდა.“რა ოხრობაა“ გაიფიქრა კაცმა,რომელსაც საკმაოდ ბევრი ენახა  და გაეცინა.ნამდვილად უცნაურ ადგილზე მოხვდა.ცოტა ხანს ათვალიერა ჯორი და შესასვლელისკენ წავიდა.
შენობას წინიდან გადახურული ვერანდა ჰქონდა.სადაც სარწეველაში მოხუცი იჯდა და თავჩაქინდრული თვლემდა.კაცი ახლოს მივიდა და ვერანდის კიბეებზე ავიდა.საფეხურების ჭღიალმა მოხუცი გააღვიძა და მომსვლელ მიაჩერდა.კაცმა თავი დაუქნია,მოხუცმაც უპასუხა და მოაჯირზე ლუდის ქილას დასწვდა.დაიქუხა,ჭახუნით.ორივემ ცას გაჰხედა.
„იწვიმებს“თქვა მოხუცმა.“ალბათ“ უპასუხა კაცმა და კარი გამოაღო.ცხვირში მაშინვე ალკოჰოლის,სიგარეტისა და ოფლის სუნი ეცა.სუსტად განათებულ მოზრდილ ოთახში,სასმელების ბართან,მრგვალ მაგიდებს შორის ჯუჯა ზოლებიან მაისურში და პატარა,ალბათ ცხრა-ათი წლის გაჩხიკული ბიჭი ენერგიულად ცეკვავდნენ და იცინოდნენ სიმღერაზე,რომელსაც ოთახის კუთხეში მჯდარი გიტარისტი ასრულებდა ჩახლეჩილი ხმით.
  ერთ-ერთ მაგიდასთან ორი დიდი მეზღვაური  იჯდა,ზედ უკვე დაეხვავებინათ ცარიელი ლუდის ჭიქები და ახლა დიდი ხელებით და დიდი მონდომებით ტაშს უკრავდნენ.მისი შემოსვლა ვერავინ შეამჩნია,ამიტომ წყნარად მივიდა ბართან და ერთ-ერთ მაღალ,უზურგო სკამს მიუჯდა.ბარის ზედაპირი ერთიანად დაჩხაპნული იყო.ვიღაცას მთლიანი ფრაზაც ამოეკვეთა არც თუ ისე ოსტატურად.ბარმენი ჩუმად მიუხლოვდა და წინ დაუდგა.ქათქათა ნაჭრით ჭიქას აპრიალდებდა .კაცი მიესალმა და ლუდი სთხოვა,მაგიდაზე კი ჯიბიდან ამოღებული ხურდები დაყარა.მის სისაბრალეს სასმელი ვერ უშველიდა,ამას უკვე მიხვდა დიდი ხანია,მაგრამ უნდოდა რამით დაკავებულიყო,რახან აქ შემოვიდა.ბარმენმა მაღალი უყურო ჭიქა ონკანს შეუშვირა და ქაფქაფა სითხით შეავსო.შემდეგ ძირი ნაჭრით გაუწმინდა და კაცს დაუდგა წინ.თითით კი მაგიდაზე დატოვებული მონეტებიდან რამდენიმე გადაიყარა მუჭში.კაცმა მადლობა გადაუხადა,როცა კათხიდან პირველი სამი,დიდი ყლუპი მოსვა.ესიამოვნა,იგრძნო როგორც გაიგნო გზა ცივმა სასმელმა კუჭისაკენ.
  ის ტიპი ისევ უკრავდა და მანაც მოცეკვავეებისაკენ გაიხედა.შემოსვლისას,სუსტი განათების გამო ვერ შეამჩნია,მაგრამ ახლა,როცა კარგად დააკვირდა,დაინახა,რომ მარცხენა ხელზე არცერთი თითი არ ჰქონდა,მაგრამ მაინც ყოჩაღად უფხაკუნებდა სიმებს.სიმღერა მთავრდებოდა:“დილით კი გავქრები,დილით კი გავქრები“ ამოიხრიალა უკანასკნელი სტრიქონები უთითო კაცმა და მელოდია რამდენიმე ენერგიული აკორდით დაასრულა.ყველამ დაუკრა ტაში და კაციც მათ შეუერთდა.ჯუჯამ და პატარა ბიჭმა,რომელსაც ტანზემოთ გაეხადა,ერთმანეთს ჩასჭიდეს ხელი და აუდიტორიას თეატრალურად დაუკრეს თავი.დიდხელება მეზღვაურები ისევ იცინოდნენ.ერთ-ერთმა დაიყვირა  რომ მოცეკვავეებისათვის ლუდი ჩამოესხათ. და სანამ ჯუჯა და ბიჭი ბარისაკენ მოდიოდნენ გაოფლილები,მაგიდაზე ორი ლუდით სავსე ჭიქა დადგა ბარმენმა.ისინი კი,ძლივს აბობღდნენ სკამებზე და სასმელს დაეწაფნენ.ჯუჯა დიდ ხანს სვამდა,დიდი ყლუპებით,ეტყობოდა გამოცდილება.ბიჭმა კი მოსვა და დაიჭყანა.მისმა მეგობარმა გაიცინა და უთხრა,რომ ალბათ ჯერ ადრე იყო მისთვის სასმელი,მაგრამ როცა მან თავისი მოკლე ხელი გასწია ჭიქის გამოსათმევად,იჭმა არ დაანება და სასმისი ორივე ხელით გულზე მიიხუტა.მაშინ ჯუჯამ ურჩია,რომ დაელია,სანამ ლუდი გაცივდებოდა.ბიჭმაც მოიყუდა და სმა დაიწყო,როცა დაამთავრა,ჭიქა თითქმის დაცლილი იყო,ბიჭს კი ლოყები უწითლდებოდა.ჯუჯამ და მეზღვაურებმა შეაქეს,უთხრეს რომ უკვე კაცი იყო,ამიტომ ბიჭმა დარჩნილი სასმელიც გადაჰკრა,შემდეგ კი ცარიელი ჭიქა ამოატრიალებული დაიჭირა თავს ზემოთ და გამარჯვებლი სახით მიმოიხედა.როცა ბიჭმა კაცს შეხედა,ეს უკანასკნელი მიხვდა,რომ ბავშვს უკვე მოჰკიდებოდა სასმელი.,მაგრამ მან კიდევ მოსთხოვა ბარმენს ლუდი,პატარა თითები დააკაკუნა ბარის მაგიდაზე,გაიმეორეო,ამის პასუხად ბარმენმა ჭიქა გამოართვა და გასარეცხ ჭურჭელში ჩადო,ბიჭს კი თავში წამოარყა,.მას შეწინააღმდეგების თავიც კი აღარ ჰქონდა,ამიტომ რაღაც ჩაილუღლუღა და მაგიდაზე ჩამოდო შუბლი.კაცმა ჩაიცინა...

   

                                                                                                ***
სცენა N1.სახლი,სამზარეულო.დღე,17:00
ქმარი დგას სამზარეულოს შემოსასვლელში,უყურებს ცოლს,რომელიც ზის სამაზრეულოს მაგიდასთან და ეწევა.
ქმარი:სად არის.
ცოლი (სიგარეტის კვამლში გახვეული): ვერ პოულობ.
ქმარი: სად არის.
ცოლი (სკამთან მჯდომი): ვერ იპოვი.
ქმარი: სად არის.
ცოლი(საფერფლეში სიგარეტის სრესს): შენთვის ის დაკარგულია.
<...>


                                                                                                  ***


  ბარში სიჩუმე ჩამოწვა.აღარავინ ხმაურობდა.დიდხელება მეზღვაურები თავისთვის ბუბუნებდნენ,ჯუჯა ცარიელ ჭიქას აგორავებდა ხელით და დაბალის ხმით ღიღნებდა რაღაცას,უცხო ენაზე.ბარმენმა მაგიდის ქვეშიდან გაქუცული ყავისფერი პირსახოცი ამოიღო და პატარას მხრებზე დააფარა.პირსახოცშიც კი გააარჩევდით,როგორი გამხდარი იყო ის და როგორ ამოყროდა ბეჭები.
კაცი მას უყურებდა და თვალს ვერ სწყვეტდა.რაღაცა ახსენდებოდა,რაღაცაზე ფიქრობდა.ჩვენთვის,უცხო თვალისთვის შეუმჩნეველზე.არ ემჩნეოდა,იმიტომ რომ ის კაცი იყო,ყველაფერს გულზე იხვევდა.იჭმუჭნიდა და ნეკნებს გარეთ არ უშვებდა.
ბარმენს კი ამასობაში ლანგარზე საჭმელი დაეწყო და უთითო მუსიკოსისაკენ მიდიოდა მაგიდების გვერდის ავლით.საჭმელი წინ დაუწყო,სკამზე და მხარზე ხელი დაადო,მან მადლობის ნიშნად თავი დაუქნია და ჭამა დაიწყო.ერთ ხელში ბუტერბროდი ეჭირა,მეორეს ნარჩენით კი როგორღაც ჭიქას იკავებდა და იქიდან ხვრეპდა სასმელს.კაცმა მუსიკოსიდან მზეა მის თავზე ჩამოკიდებული ძველი ნუარის აფიშაზე გადაიტანა.რამდენიმე ამდაგვარი სხვაგანაც ეკიდა ხის თხელ ჩარჩოებში.კედლებზე კი ოდესღაც მწვანე შპალერი ეკრა,რომლისთვისაც დროს და სიგარეტის კვამლს ფერი დაეკარგვინებინა.საერთოდ აქ ყველაფერს დაჰკარგვოდა ფერი,თთქოს დაძველებული ფილმი ყოფილიყოს.მხოლოდ ორ რამეს შერჩენოდა სიხასხაზე,სასმელს თაროებზე და მძინარე ბიჭს.უთითო მუსიკოსმა ჭამა დაამთავრა და ისევ დაიწყო დაკვრა,მაგრამ ამჯერად უფრო ნელა,თან ჩახლეჩილ ხმას აყოლებდა.

„მზე წითელია,მთვარე არეული.
მამა წავიდა და აღარ მოვა.
არაფერია შენი სამუდამოდ,
ამიტომ დახუჭე თვალები და დაიძინე
და თუ მე მანამდე მოვკვდი,
სანამ შენ გაიღვიძებ,
არ იტირო,გთხოვ არ იტირო.
ყველაფერი ისეთი არაა,როგორიც შენ გგონია.
აჰყევი შენი ოცნებების კიბეს.
და თუ მანამდე მოვკვდი,
სანამ შენ გაიღვიძებ,
არ იტირო,გთხოვ არ იტირო.
არაფერია შენი სამუდამოდ,
ამიტომ დახუჭე თვალები და დაიძინე

                                                                  ***
<...>
ქმარი:სად არის.
ცოლი (საფერფლეს ისვრის): შენ მე მომკალი!
ქმარი:სად არის.
ცოლი(ახალ ღერს იღებს): მასაც კლავდი,მაგრამ ვერ მოასწარი.
ქმარი:სად არის.
ცოლი (კვამლის უშვებს ფილტვებშ): დაგასწრო და გაგექცა.

                                                                        ****


სიჩუმეში კვლავ გაისმა  ქუხილის ყრუ გრუხუნი,ეს შენობა ხმას და დროს აკავებდა.
-იწვიმებს,-თქვა ხმამ მის გვერდით.
კაცი გაოცებული შეტრიალდა მთლი ტანით.მის მარჯვნივ ვიღაც იჯდა.უპასუხა,იმის შემდეგ რაც გაკვირვებისაგან გამოერკვა.
-ვერ შეგამჩნიე.
-პირველი არ ხარ,ეგ არაფერი,-თქვა ხანში შესულმა კაცმა,რომელსაც სახე ქვაბში გაციებულ შვრიის ფაფას მიუგავდა.ალბათ შეუმჩნევლად შემოვიდა,სანამ ის ფიქრობდა.მაგრამ ახლად შემჩნეულს წინ უკვე ნახევრად დაცლილი წიქა ედგა.თვითონ გულზე დაკრფილი ხელები მაგიდაზე ჩამიეწყო,თავი მხრებში ჩაერგო და გვერდულად უცქერდა ოდნავ ღიმილით.
კაცმა ვერ მოიფიქრა რა ეპასუხა,ამიტომ მხოლოდ ცალყბად გაუღიმა და ისევ ბავშვისაკენ მიიხედა.მაგრამ კეფაზე უცნობის მზერას გრძნობდა.
-მეგობარო,იცი სად მიდიან მკვდარი კატები?- უკნიდან ისევ მისი ხმა მოესმა ღიმილი ვერ შეიკავა,ამ ადამიანისაგან ყველაფერს მოელოდა ამის გარდა.
-არა,არ ვიცი.
შვრიის ფაფის სახიანმა კაცმა მუხლზე ხელი დაირტყა და დანანებით ჩაილაპარაკა:
-დამწყევლოს ეშმაკმა.ახალგაზრდობაში მკითხა ერთმა ბოშამ.იმის მერე ვცდილობ გაგებას.მეგონა გეცოდინებოდა,შორიდან ჩამოსულ კაცს ჰგავხარ.
კაცმა კვლავ გაიღიმა,მოსწონდა ეს ტიპი.ეტყობა საუბრის აწყობას ცდილობდა.
-არა,ჩვენ მხარეშიც არ იციან სად მიდიან მკვდარი კატები.
-ესეიგი შორიდან ხარ.
კაცი მიხვდა საით მიყავდა  საუბარი,ამიტომ კითხვა შეუბრუა და თავი კარისკენ გაიქნია:
-ყინულებიანი ვირი შენია?
-როზიტა?ჰო ჩემია,ჩემი სიყვარული,-გაიცინა კაცმა და ჯიბიდან ამოღებულ სიგარეტის კოლოფს ძირში წკიპურტი ამოჰკრა,ამოვარდნილი ღერი ჰაერშივე დაიჭირა თითებით და დაკაწრული სანთბელით მოუკიდა ცეცხლი.სახე სიამოვნებისაგან გაუცისკროვნდა.თავი უკან გადასწია და ბოლი ჭერში გაუშვა.
-პატარა სიამოვნებები,აი რა მიყვარს,-თქვა მან და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე გაუცურა კაცს.კოლოფი იყო დაჭმუჭნული,ჯინსის წინა ჯიბეში ნადები,სახურავმოხეული,შიგნით ოთხსიგარეტდარჩენილი.მანაც ამოიღო ერთი ღერი.უჩვეულოდ ძლიერმა თამბაქომ მაშინვე თავბრუ დაახვია,იფიქრა,ლუდის ბრალიც იქნებაო.გამოსაფხიზლებლად თვალები ფართოდ გაახილა რამდენჯერმე და ყბა გაამოძრავა.
-ესეიგი მეყინულე ხარ,-უთხრა სიგარეტის პატრონს და კოლოფი უკან დაუბრუნა,-აღარც მეგონა თ კიდეც არსებობდა ეს საქმე.
-ჰომ,ბევრი აღარ ვართ,-მხრები აიჩეჩა ყინულის კაცმა,-აღარავის უნდა მთის ტბის ყინული.
-არ გიფიქრია პროფესიის შეცვლაზე?
-ჰაჰ,როგორც კი სკოლა დავამთავრე,მამაჩემმა სასწავლებელში გამაგდო ოთხი წლით,არ მინდა ჩემი შვილი იმ საქმეს აკეთებდეს,რამაც მე მომკლაო.თვითონ ყოველდღე მთაში ადიოდა,საწყალი კაცი,ფეხები სულ გაშავებული ჰქონდა,მაგრამ ყოველთვე იმდენ ფულს მიგზავნიდა,თავი რომ გამეტანა,თან ყველა წერილში,არ დაბრუნდე აქაო,მწერდა.ოთხი წელი კანონებს ვსწავლობდი და სამართალს.მერე მივხვდი,რომ ეს ყველაფერი ტყუილია და დავბრუნდი.კარი რომ გააღო და დამინახა,ტანსაცმლის საკიდზე ჩამოდიკებული ვირის მოსართავი გადმომიგდო.იმ დღეს პირველად ამოვჭერი ყინული და მივხვდი,რომ რამდენიც არ უნდა ისწავლო და სადაც არ უნდა გაიქცე,ბოლოს მაინც ისე მოხდება,როგორც იმ ძუკნას უნდა.
-ძუკნას?-ჰკითხა კაცმა და ბარმენს რაღაც ბოთლზე ანიშნა,ორი ჭიქაო.
-ჰომ,ცხოვრება,მეორენაირად რომ ვთქვათ, ძუკნაა,სულ უნდა რომ უკან სდიო,არ გაეკიდები და ერთი შენიც! - მეყინულემა მუხლზე დაირტყა მუშტი,-თუ გაეკიდები და იქნებ კიდეც დაგანახოს რა აქვს კაბის ქვეშ ერთი-ორჯერ.დანარჩენ დროს კი უკან უნდა მისდევდე და ცდილობდე მისი თმის სუნი მაინც იყნოსო.

                                                                      ***
ქმარი:როდის წავიდა.
ცოლი(იატაკზე აფერფლებს): დილით
ქმარი:სად წავიდა.
ცოლი (მხრებს იჩეჩავს):არ ვიცი,ვიღაცას ჩაუჯდა ფურგონში.
ქმარი:უცხოს გაატანე.
ცოლი(ყვირის):შენთან ყოფნას ყველაფერი სჯობს.
ქმარი:ვიღაც მაწანწალას.
ცოლი (ოდნავ შეცბუნებული ხმით):შენთან ყოფნას...

სცენის დასასრული.


                                                                  ***

                                                                   

კაცმა თავი დაუქნია და პატარა სქელძირიანი ჭიქა გაუცურა მაგიდაზე.
უსმენდა მას და უნდოდა რომ მასაც ასე შესძლებოდა ყველაფერზე ლაპარაკი.სადღაც ბარში,გადაკარგულში.უცხოებთან,ბოლომდე ამოიღებდა და ამ დაჩხაპნილ დახლზე დაახეთქებდა,ისე რომ საბოლოოდ გადაეგდო,რომ ვეღარ შეეწუხებინა და ვეღარ გეღვიძებინა ღამე.ამეებს ფიქრობდა კაცი,მაგრამ არ შეეძლო,ამიტომ ჩაიდო გულში და შემდეგ ნეკნები ხის სქელი ფიცრებით ამოიჭედა,კარგად რომ დაეგმანა და დანარჩენი ამბები,რომლებსაც გულისკენ უნდოდათ წასვლა, ამ ფიცრებს ყრუ ბრახუნით ეხლებოდნენ,შიგნით კი ვერ აღწევდნენ.შიგნით  ის იყო დარჩენილი,იზრდებოდა და კედლებსაც აწვებოდა მტკივნეულად,რითაც თავს ახსენდებდა,აქა ვარ,შენი სამუდამო ამბავი და გპირდები რომ ერთ საათსაც კი ვერ დაიძინებ მშვიდი ძილითო.
-ეგრეა,-უპასუხა მცირე პაუზის შემდეგ.
-რაც კარგია,კარგია!-თქვა მეყინულემ ხელების ფჩვნეტით,იმის შემდეგ რაც ორივემ ერთად გადაჰკრეს სასმელი.სიგარეტი პირის კუთხეში ედო და ლაპარაკისას თვალმოჭუტული ეწეოდა.
-ხოდა რას გეუბნები,ესენი ცდილობენ ბოლომდე გაიმარტივონ ცხოვრება.ელექტრონით გაკეთებული ყინული.ჰაჰ.გონიათ რომ ეგრეა.მარტივად გაკეთებული საქმისგან მიღებული სიამოვნება გინახავს?მე არა.
მეყინულემ ნამწვი სველძირიან საფერფლეში ჩაასრისა შიშინით და კოლოფიდან ახალი ღერი ამოაგდო.
-ქვეყანამ რომანტიკა დაკარგა მეგობარო,რომანტიკა და პირისგემო.ნამდვილ ყინულს ასეთ ბუნაგებში თუღა იპოვი.ბოდიში შენთან გერასიმე,-ბარმენს აუწია ხელი პატიების ნიშნად,-ესეც იმიტომ მართმევს,რომ წარსულ არის ჩაბღაუჭებული კბილებით და მეც ვეცოდები ალბათ ცოტა.
ბარმენმა არაფერი უპასუხა,მხოლოდ თვალი ჩაუკრა ცალყბა ღიმილით.თუ მის დაწესებულებას დააკვირდებოდით,ნამდვილად შეამჩნევდით,რომ არაფერი ეცხო აწმყოსი,ეს ნებით ხდებოდა თუ ძალით,ღმერთმა იცოდეს.
-ასეა ამბები,-აგრძელებდა მეყინულე სევდიანი ღიმილით სახეზე,-ცუდია ეს?რავიცი.მგონია,რომ უბრალოდ ასეა და მორჩა.ალბათ თავიდან ორთქმავალსაც ასე უყურებდნენ ჩემნაირი წარსულის გადმონაშთები.
კაცმა თავი დაუქნია.სასმელი უკვე საკმაოდ ეკიდებოდა და მის საუბარს აღარც უსმენდა.ბარის ფერები ედღაბნებოდა,ამავე დროს კი მაგიდაზე დაყრილი ფერფლის ნაწილებს განსაკუთრებულად მკვეთრად ხედავდა.ისევ მასზე ფიქრობდა,ეძებდა,მაგრამ წინასწარ არ იცოდა რა უნდა ეთქვა,როცა იპოვიდა.ამაზე არ ფიქრობდა.ალბათ უბრალოდ უნდოდა რომ ეპოვნა.ანდაც არ უნდა უთხრა,იმას ვინც შენგან გაიქცა.არ იცოდა.იქნებ სულაც არ დარდობდა და უბრალოდ დაკნინებული ღირსების აღდგენას ცდილობდა .მაგრამ მეყინულის ლაპარაკი მოსწყინდა.ერთი სიტყვის გაგონებას აღარ უნდოდა.
-გაჩუმდი!-დაიყვირა მან და ჭიქიანი ხელი ბარის მაგიდაზე დაარტყა,-ყველამ ხმა ჩაიგდეთ!
მის მოსაუბრეს სიტყვა პირზე შეახმა და ახლა ჭკუანაკლულივით უყურებდა.სიგარეტი გაშეშებულ ხელში დარჩენოდა.ბიჭს გაეღვიძა,გაშტერებულმა წამოყო თავი და ახლა მას ეძებდა თვალებით,ვინც ყვიროდა.
-შენი აზრით ფეხებზე არ მკიდია შენი პრობლემები?!თურმე ყინული აღარ უნდათ.ერთი შენიც!ბავშვი ვერ მიპოვია!
ერთ-ერთმა დიდხელება მეზღვაურმა სკამი გამოსწია ხმაურით და ფეხზე ადგა,რათა ამ უზრდელი უცნობისათვის ჭკუა ესწავლებინა.
-დაჯექი! - თითი გაიშვირა კაცმა მისკენ და დაინახა რომ შეკრული ხელისგულიდან სისხლი სდიოდა.დიდხელება კი გაჩერებას არ ფიქრობდა.“ჩხუბი მომიწევსო“დანანებით გაიფიქრა კაცმა და მომზადება დაიწყო.მართალია ის მასზე დიდი იყო,მაგრამ უარესებსაც მორეოდა,ამის არ ეშინოდა.მეზღვაურმა კი მის ზურგს უკან რაღაცას გახედა და გაჩერდა.
  კაცმა ახლაღა შეამჩნია,რომ ფეხზე იდგა და გარშემო ყველა მას უყურებდა.შერცხვა.უცებ საშინლად ასტკივდა თავი,აქედან გაქცევა უნდოდა.ბარისკენ შემოტრიალდა და უღონოდ დაეგდო სკამზე.ბარმენი მის წინ იდგა,ერთი ხელი მაგიდაზე ედო,მეორე კი მის ქვეშ შეეყო.კაცმა იფიქრა,რომ ან კეტი ეჭირა ანდაც რამე უარესი.


                                                                        ***
სცენა N2.იმავე სახლის ეზო.საღამო.
(ქმარი ეზოში გადის.მოკირწყლულ ბილიკზე დგას.ეზო მოვლილია.ყველაფერი თავის ადგილზე.კაცი არაფერს უყურებს.თხელი ცისფერი პერანგი წვიმისგან ინამება.ცოლი კარში დგას.ეზოში არ გადის.)
ქმარი:სადღაც სველდება ახლა.
ცოლი(ღიმილით):ნუ ღელავ,პატარა წვიმა არავის აწყენს.

სცენის დასასრული.


                                                                    ***

-მაპატიე,-თავი ხელებში ჩარგო და მაგრამ ამოისრუტუნა,-კაი ხანია არ დამილევია,- სხვებსაც გახედა და ძალად გაიღიმა,-ბოდიში ყველას.დავიღალე უბრალოდ ვეძებ,ვეძებ და არაფერი.
-ვერაფერი ვერ გავიგე,-ამოთქვა ჯუჯამ,რომელიც დაბნეულად იქექავდა კეფას.
კაცი დაიხარა,ზურგჩანთა აიღო,მუხლებზე დაიდო და ერთ-ერთი ჯიბიდან პატარა,გაქუცული წიგნი ამოიღო.წიგნის ფურცლებში სურათი იდო.სიგანე წიგნზე მეტი ჰქონდა,ამიტომ გვერდი მოჰკეცვოდა.კაცმა ფოტო ამოიღო და უსიტყვოდ დაუდო წინ ჯუჯას.მან ჯერ საგულდაგულოდ შეიწმინდა შარვალზე ხელი და მხოლოდ შემდეგ მოჰკიდა ორი თითი მარჯვენა ქვედა კუთხეში,ისე თითქოს წმინდა ნაწილი ყოფილიყოს.პატარა ბიჭმაც შეხედა და თავის ქნევით თქვა:“ლამაზია“.კაცს გაეღიმა.ჯუჯამ მეყინულეს გადააწოდა ფოტო.მან ხელის გულზე დაიდო და ისე უყურებდა.ასე შემოიარა ფოტომ მთელი ბარი,ერთი მეორეს აწოდებდნენ და ბოლოს ისევ მეყინულეს დაუბრუნდა სურათი.
-რამდენი წლისაა,-თქვა თვალებმოუცილებლად.
-თხუთმეტის მაგ სურათში,ახლა არ ვიცი.
-მართლა ლამაზია.დიდი ხანია ეძებ?
-ვეძებ.
-მოძებნე,არსებობოს რაღაცეები,რომელთა გამოც ქვეყანას შემოივლი,-ბეჭზე ხელი დაადო მეყინულემ.
კაცმა თავი დაუქნია.ფიქრისაგან თავი გაუსკდებოდა მალე.საკუთარი უღონობა შიგნიდან ახრჩობდა და ნაწლავებს უგლეჯდა.ბარმენმა ჭიქა დაუდგა წინ და შიგნით იგივე სასმელი ჩაუსხა,რაც მეყინულეს ედგა.შემდეგ კი სუფრის საწმენდ ტილოს გვერდი ჩამოახია და ისიც მიაწოდა.მან ჯიბეში ჩაიყო ხელი ფულის ამოსაღბად,მაგრამ ბარმენმა ხელები გაასავსავა და თითი მკერდზე მიიდო.
-ჰო,გმადლობთ,-მიუხვდა კაცი ჟესტს და თავი დაუქნია.ნაჭერი კი ხელზე გადაიხვია.


                                                                                                                    ***

უთითო გიტარისტი ახალ სიმღერას იწყებდა.პატარა ბიჭი სკამიდან ჩამოხტა და სწრაფ მელოდიას ტანი ააყოლა.ჯუჯამაც რაღაც შესძახა უცხო ენაზე და მას მიჰყვა.ყველაფერ ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა,დიდხელება კაცებმა ისევ დაიწყეს სიცილი,ბარმენი ისევ წმენდდა ჭიქებს თავისთვის.
კაცი ფოტოს დასწვდა.მეყინულეს თვალი ჩაუკრა და კარისკენ წამოვიდა.ვერავინ შეამჩნია,რადგან მოცეკვავეებს უყურებდნენ.მათთვის ის არავინ იყო და მისი ამბავიც ფეხებზე ეკიდათ.არც ამტყუნება,რთულია სხვისი დარდი მოიხვედრო გულზე,როცა შენიც ბევრი გაქვს აკრული აქეთ-იქიდან.
ვერანდაზე გასულს ცივი ჰაერი ესიამოვნა,ნაწყვეტ-ნაწყვეტ ჩაისუნთქა,ნდომით.შორს,მთებს გახედა..წვიმა კი,პირიქით,სულ ახლოს იყო და უკვე მის თავზე ანჯღრევდა ღრუბლებს ჭექა-ქუხილი.
„იწვიმებს“თქვა მოხუცმა,რომელიც მოჭრიალე სარწეველაში იჯდა.
კაცმა თავი დაუქნია,-ჰო,პატარა წვიმა არავის აწყენს,-უთხრა მან და ვერანდიდან ჩავიდა.პირველი მლაშე წვეთები კი მის ფეხებთან დაეცა.

15.04.1996.




გამოყენებული ლიტერატურა:
Tom waits – little rain
Tom waits – lullaby.
რიჩარდ ბახი - თოლია ჯონატან ლივინგსტონი.
და ა.შ.


გ.გ

©  საავტორო უფლება დაცულია







კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს