ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კამელია
ჟანრი: პოეზია
6 მაისი, 2015


და მე არ ვიცი..

და მე არ ვიცი ვინ ვარ რა მქვია,
ვის ხევს შემოვრჩი ნეტავ ვიცოდე
მთები კლდეები სულზე მატყვია
და როგორ მინდა მე შენ გიცნობდე..

ახლა ფარას რომ დაჰყურებ ისევ,
მოლს რომ ნამისფერ ნიავს აშორებ..
მე შენ ხმაურით ქუჩიდან გისმენ,
მზერას შორსწასულს ვეღარ გაშორებ..

და მინდა სახლი უფრო მთის ბოლოს
ბავშვები მთისფერ თვალებს არ თმობდნენ,
გული უძარღვო უთქვენოდ გლოვობს
შუა ცეცხლი და მზე ჩვენ გვათბობდეს..

ვის ვუთხრა მთებში წასვლა, რომ მინდა,
მოწამლულ ჰავას გული ვერ იტევს
გრძნობები მინდა უტერფო წმინდა,
ვლპები და მხოლოდ ოცნება მიწევს..

ხელისგულებზე ამომყავს მთვარე,
თითებს ვარსკვლავებს ვაჩვევ და ვაცვამ
და მე არ მყოფნის მჟავე ეს არე,
მაჯებზე დღეებს ქუჩისფერს ვკაწრავ..

და როგორ მინდა მთები კვლავ მთები,
ჯიხვების ტერფებს ავკიდო მზერა
მე ყოველ ღამე ხევსურს მივყვები,
რომ შემოვკინძო სულს თბილი კერა..

და რომ ვთენდებით ქალაქი და მე
მთვარე მიკვდება მთაც და ხევსურიც
ვოცნებობ ვნახო სიზმარი რამე,
ტროტუარი მკლავს და კვლავ მემდურის..

სარეცხის თოკებს სხეულს ვამაგრებ,
ტალახი როგორ თქეშად ჩამომდის
და ახლა მხოლოდ ღმერთს შეგადარებ
თვალებიდან რომ მთები ამოსდის...

და ნაცრისფერი უფროა დილა
უფრო და უფრო ფსკერისკენ ვიწევ
ახლოა ახლა თოკიდან მიწა
ქაღალდის ნავს კვლავ შენამდე მივწევ..

და გამოვყვები სუფთა ამინდებს
მაინც მოვაღწევ გეტყვი გიპოვნე
აქ გაზაფხულის წვიმას აპირებს
მას ჩამოჰყევი სად ხარ გიხმობ მე..

და მე არ ვიცი ვინ ვარ რა მქვია,
ვის ხევს შემოვრჩი ნეტავ ვიცოდე
მთები კლდეები სულზე მატყვია
და როგორ მინდა მე შენ გიცნობდე..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები