ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2015


”პატარა თეონას პატარა ისტორიები”. თავი 11. ბაკურიანში

თეონა დიდი გოგო იყო უკვე, 2-3 თვეში ხუთი წლის უნდა გამხდარიყო.
კითხვა უყვარდა, - თავისუფლად კითხულობდა ქართულ და რუსულ ენაზე. თან სწრაფადაც კითხულობდა.

მას შემდეგ, რაც ო’გენრის თხზულებები ჩამოართვეს, მშობლები მიხვდნენ, რომ მისთვის უფრო მეტი  საბავშვო წიგნი უნდა ეყიდათ და ამ სიამოვნებას არასდროს აკლებდნენ.
თეონასთვის გამოყოფილი თარო თანდათან ივსებოდა ქართულ-რუსული საბავშვო წიგნებით, ქართული თუ მსოფლიო ხალხთა ზღაპრებით...

მელიებზე, კურდღლებზე, დათვებზე ზღაპრები არ უყვარდა, სამაგიეროდ დედოფლებსა და უფლისწულებზე ჯადოსნური ზღაპრების კითხვა არ ბეზრდებოდა....

ამ ზღაპრების საფუძველზე მისი საკუთარი სამყარო შექმნა და იმ სამყაროში ”დასახლდა”! ის იყო იმ დიდი და ლამაზი, ჯადოსნური სამყაროს პატარა დიასახლისი.... საიდუმლოდ უნდა გითხრათ, - თეონა ახლაც იმ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ბოროტი ყოველთვის უნდა მარცხდებოდეს, სადაც სიყვარული და სიკეთე ყოველთვის უნდა იმარჯვებდეს და  სადაც, უბრალოდ, არ შეიძლება უსიყვარულოდ ცხოვრება!...  და როცა ხედავს, რომ ეს რეალური სამყარო ძალიან განსხვავდება იმ ჯადოსნური სამყაროსგან, თეონა უკანმოუხედავად გარბის თავისი ლამაზი სამყაროსკენ... იქ პოულობს სიმშვიდეს, სითბოს, სიყვარულს... იქ ხომ არავის არავინ სძულს! იქ არავინ მოგიკლავს გულს, არავინ ჩაგაფურთხებს სულში, არავინ დაგიშენს ხელკეტებს, არავინ მოგწამლავს ცრემლმდენი თუ სხვა რომელიმე შხამიანი აირით, არავინ გესვრის ტყვიას, თუნდაც რეზინისას...

თემას ავცდით... ჩვენ ხომ პატარა თეონაზე ვსაუბრობდით, რომელსაც ჯადოსნური ზღაპრების კითხვა უყვარდა!!!

ზამთრის არდადაგებზე (ის არადადაგები დედიკოს ჰქონდა და არა თეონას!) დედამ და ბებიამ თეონა და ნინუცა ბაკურიანში წაიყვანეს! თეონამ უამრავი წიგნი წაიღო თან.
- ბაკურიანში წიგნები რად გინდა, თეონა? მაგისთვის იქ ვერ მოიცლიო, - უთხრეს თბილისში.
- როგორ ვერ მოვიცლი? შუადღეზე ნინუცა რომ დაიძინებს, მე რა უნდა ვაკეთო? მე ხომ უკვე დიდი ვარ და სულ არ მეძინება შუადღეზე... ხოდა, წავიკითხავ-ხოლმე...

ნინუცა სამი წლის იყო მხოლოდ. იმ წელს თბილისში თოვლი არ მოვიდა. არადა, დედიკოს და მამიკოს ძალიან უნდოდათ ბავშვების თოვლით გახარება. სპეციალურად თოვლში სათამაშოდ შეუძინეს წყალგაუმტარი კომბინიზონები,  ულამაზესი თბილი სვიტერები, ქუდები და ხელთათმანები...

ორი წლით ადრე, როცა  წლისა და 10 თვის  ნინუცამ ფანჯრიდან პირველი თოვლი დაინახა, გახარებულმა ტაში შემოჰკრა და დაიყვირა:
- ბელი-ბელი რძეეეე!

და როცა ამ ”ბევრი რძის” სიცივე საკუთარი ხელებითა და ლოყებით შეიგრძნო, დიდი მწვანე თვალები ცრემლებით აევსო და დედას შესჩივლა:
- ნინუცა თათო ფუა-ვავა!!! (ანუ ხელები გამეყინაო...)

ბაკურიანში წიწვნართან, მდინარის ახლოს იქირავეს ბინა.
ისე, მდინარის სიახლოვე ზაფხულშია კარგი, თორემ ზამთარში?!...
მაგრამ სხვაგან ცარიელი ბინები არ იყო და რადგან სახლის პატრონებიც ძალიან მოეწონათ, ამ სახლზე შეაჩერეს არჩევანი.

ძია ვასო და დეიდა თამარი ზრუნვასა და ყურადღებას არ აკლებდნენ დამსვენებლებს. დიდ საერთო ოთახში დილიდან დაღამებამდე გიზგიზებდა ბუხარი, თითოეულ ოთახს კი - შეშის ღუმელით ათბობდნენ.

მათი ოთახი საკმაოდ დიდი იყო. თავისუფლად ეტეოდა სამი საწოლი, დიდი მაგიდა თავისი სკამებით, უზარმაზარი გარდერობი, რომელიც კუთხეში სწორად კი არ იყო მიდგმული, არამედ ოთახის კუთხეს ირიბად კვეთდა, მომცრო ბუფეტი და უზარმაზარი შეშის ღუმელი... ორი კვირით ჩასული დამსვენებლებისთვის მეტი არც არაფერი იყო საჭირო.

თეონამ არც ბაკურიანში მოიშალა თავისი ”თეონობა”... და თუ ნინუცა მუდმივად თვალწინ ჰყავდათ, დედაც და ბებიაც სულ თეონას ძებნაში იყვნენ. თუმცა, ცოტათი მაინც უნდა დავიცვა თეონა, - ის არსად მიდიოდა, უბრალოდ, ვასო პაპას დაჰყვებოდა ფეხდაფეხ. ვასო პაპა დურგალი იყო და თეონა მის სახელოსნოში იმდენ საინტერესო რამეს პოულობდაააააა?!!!  აკი  ”ვასოს კუდი” დაარქვა თამარა ბებომ... გაფაციცებით უყურებდა-ხოლმე ვასო პაპას ხელებში, მოსწონდა, როგორ ივსებოდა სახელოსნოს იატაკი ფიჭვის ბურბუშელითა და თავად სახელოსნო -  ამ ბურბუშელის სურნელით. ბურბუშელას მუჭით იღებდა, შიგ ჩაჰყოფდა-ხოლმე თავის პატარა ცხვირს და ხარბად ისუნთქავდა ფიჭვის სურნელს...
და როცა ვასო პაპამ თეონას თოჯინას ნამდვილი აკვანი გაუკეთა, თეონაზე ბედნიერი დედამიწის ზურგზე არავინ იყო !

თამარა ბებოსთან ერთადაც უყვარდა თეონას ყოფნა: აბა სხვაგან სად ნახავდა ცოცხალ ძროხას და სად დალევდა მარლაში გადაწურულ ახლადმოწველილ თბილ-თბილ რძეს?! ბოსლისა და ნაკელის სუნი, ბარემ, ძალიანაც არ მოსწონდა, მაგრამ... იმ თბილი რძის ხათრით ამ სუნსაც ვაჟკაცურად იტანდა თეონა.

დედა და ბებო დეიდა თამარისგან ყოველ დილით ყიდულობდნენ ბავშვებისთვის რძეს, აუდუღებდნენ ხოლმე და სასაუზმოდ ეძახდნენ გოგონებს. ნინუცა სიამოვნებით სვამდა-ხოლმე ქაფქაფა სურნელოვან რძეს, რომელიც ძალიან უყვარდა, თეონა კი ყოველთვის უარს ამბობდა ამ რძის დალევაზე... ვერაფრით დაითანხმეს თეონა... დედამ და ბებომ სულ არ იცოდნენ, თეონა რომ აუდუღარ რძეს მიირთმევდა ყოველ დილით და, უბრალოდ, მეტი რძის დალევა აღარ უნდოდა-ხოლმე...

საუზმის შემდეგ გოგონები ეზოში ჩადიოდნენ სათამაშოდ, ვიდრე დედა და ბებია გაემზადებოდნენ პარკში გასასვლელად. მერე დედა ორივეს ერთად დასვამდა  დიდ ციგაზე და სულ სრიალ-სრიალით მიდიოდნენ პარკისკენ.  კოხტა-გორაზე სრიალი უყვარდათ, თუმცა იქამდე კარგა შორი მანძილი ჰქონდათ-ხოლმე გასავლელი.

მაგრამ მანამდე, როგორც კი გოგონები ეზოში ჩავიდოდნენ, უცვლელი რიტუალივით, ან დედას და ან ბებიას აივნიდან უნდა გადმოეძახა:
- თეონა, მდინარესთან არ მიხვიდე! ხომ იცი, მდინარე აქ ღრმა არის!

და პასუხადაც ყოველ დღე ისმოდა:
- არა, დედიკო, არ მივალ!...
- არა, ბებო, არ მივალ მდინარესთან...
- მდინარესთან რა მინდა, ოოოფ!!!...
- ვერ ხედავთ, რომ არ მივდივარ ამ თქვენს მდინარესთან?!...
- რატომ არ უნდა მივიდე? ძალიან ღრმა არის?....
- ასე რომ გეშინიათ, იქნებ სულაც არ არის ღრმა?...
- აბა, ის დიდი ბიჭები რომ მიდიან და არაფერი ემართებათ?....
- სულაც არ არის საშიში ის თქვენი მდინარე!...

და არავინ დაფიქრებულა იმაზე, რომ წვეთ-წვეთად, თანდათან თეონას მათ თავად გაუღვიძეს ამ მდინარესთან  ახლოს მისვლის ინტერესი.

მდინარე გაყინული იყო. ”ის დიდი ბიჭები” სპორტსმენები იყვნენ, რომლებიც სავარჯიშოდ იყვნენ ჩამოსულნი ბაკურიანში და, გაკაჟების მიზნით, მდინარეზე მათ მიერვე გაკეთებული ყინულჭრილიდან ამოღებული წყლით იბანდნენ-ხოლმე ხელ-პირს.

უცნაური ბავშვი იყო თეონა! მობეზრდა ყოველდღიური გაფრთხილება ”მდინარესთან არ მიხვიდეო” და გადაწყვიტა ”ჭკუა ესწავლებინა ჯიუტი უფროსებისთვის”, რომლებიც ვერაფრით დააჯერა, რომ სულაც არ აინტერესებდა ამ მდინარესთან მისვლა.
- სწორედაც რომ მივალ ამ მდინარესთან! ვნახოთ, აბა, რა მომივა! არაფერიც არ მომივა, ვაა!

იმ დღეს დედას ”ჯერი” იყო აივნიდან გადმოძახებისა.
- თეონა, მდინარესთან... ნინუცა, სად არის თეონა?
- არ ვიცი, დედიკო... მე აქ დამტოვა, თვითონ კი სადღაც წავიდა.
- სად წავიდა, საით? ვასო პაპასკენ? - და ვიდრე ნინუცა რამეს უპასუხებდა, დედა სახელოსნოსკენ გაიქცა.
- ძია ვასო, თეონა თქვენთან არის, ხომ?
- არა, თინიკო... დღეს თეონა აქ არ მოსულა!... თამარას ხომ არ გაჰყვა? ბოსელში ან თავლაში ნახე...

- თეონააა!... დეიდა თამააარ! თეონა თქვენთან არის?
- არა, თინიკო! აქ არ შემოსულა თეონა!!! ელისოსთან ხომ არ გადავიდოდა? მოიცა, გავძახო... ელისოოო! ელოოო! თეონა შენთან ხომ არ გადმოსულა, გოგო?!
- არა, დედა! ჩემთან არ გადმოსულა! სახლში არ არის?... უიმე, დამაცათ ცოტა ხანს!...
- რა იყო, ელისო, რა დაინახე?! ხმა ამოიღე, გოგო! - გასძახა თამარამ შვილს, რომელიც გვერდით ეზოში ცხოვრობდა.
- რა და... მდინარესთან რაღაცეები ყრია! თეონას სათამაშოებს გავს... მოიცა, ჩავალ!

ვიდრე ელისო ჩავიდოდა, თინიკო უკვე მდინარისკენ გარბოდა.
მდინარის ყინულჭრილთან თეონას კაშნე ეგდო, რომლის ერთი ბოლო წყალში იყო ჩაშვებული, იქვე ეყარა თეონას სათამაშო ვედრო და ნიჩაბი... ყინულჭრილამდე გზა ისე იყო დატკეპნილი, რომ თეონას ნაფეხურები არ იმჩნეოდა გარკვევით. მდინარესთან ახლოს მისულ დედას ახალი საშინელი სანახაობა ელოდა: ყინულჭრილი კიდეებთან  თეონას პატარა თითებით იყო დაფხაჭნილი, თითქოს მდინარეში ჩავარდნილი ბავშვი ამ თითებით ებღაუჭებოდა  ყინულჭრილის კიდეებს და... ვერაფერი გააწყო, ვერ ამოვიდაო.

დედა მოცელილივით ჩაიკეცა და გონი დაკარგა.
მთელი ის უბანი უკვე მისკენ გარბოდა და ამიტომ მალევე მოიყვანეს გონს.
თინიკო სახლში წაიყვანეს... ოთახში რომ შეიყვანეს, იატაკზე გულწასული ბებია იპოვეს... მოკლედ იქ ამბავი ატყდა, ”დედა შვილს არ აიყვანდა ხელში”.

სპორტსმენი ბიჭები კაუჭიანი ხის გრძელი ჯოხებით ჩხრეკდნენ მდინარის ფსკერს, მაგრამ ვერაფერს პოულობდნენ.
- მდინარე ხომ არ წაიღებდა? ასე უცებ როგორ უნდა დამხრჩვალიყო?!
- გითხარი, რა, არ გინდა ამ ყინულჭრილის ამოტეხვა-მეთქი!...
- რა ვიცოდი, ასე მოხდებოდა?! ბიჭო, რა ხათაბალაში ვართ!
- ჩვენს ხათაბალაზე ფიქრობ? ნეტა ის ბავშვი მაპოვნინა და არაფერი მინდა სხვა!...
- მისმინე, მყვინთავები არ ეყოლებათ ბაკურიანში?
- გონზე მოდი, რა! ბაკურიანში ხარ, ქობულეთში კი არა?! მომინდომა, რა, ამანაც!...
- ჰო, კაი! აბა რა ვქნათ? რასაც ვწვდებით ამ აჯოხებით, აქ არ არის ის მაიმუნი ბავშვი და... არა, რა უნდოდა აქ, ა?

ელისო ხან ამ ბიჭებს ადგათ თავს, ხან კი დედამისის სახლისკენ გარბოდა, სადაც დიდ საერთო ოთახში ბუხართან დაესვათ დედაც და ბებიაც და ხან ერთს ასულიერებდნენ და ხან მეორეს.

დეიდა თამარის ყურს თეონას ოთახის გარდერობის უკნიდან რაღაც ფაჩუნი შემოესმა და იფიქრა, ”კატა შემოძვრაო”... მერე გაახსენდა, როგორ არ უყვარდა თინიკოს კატები და მის გასაგდებად ოთახში შევიდა.
- აცხა, კატა! აცხა-მეთქი, არ გესმის?!... უყურე, რომ არც გამოდის მაქედან?!

დეიდა თამარმა ცოცხს დაავლო ხელი, დაიჩოქა და კარადის ქვეშ შეიხედა კატას რომ კარგად მიწვდენოდა ცოცხით და...

- ხალხნო! აქ არის თეონა! აი, კარადის უკან არის და სძინავს!... - მთელი ხმით იყვირა თამარმა.
- სად არის ჩემი თეონა?! - ყვირილით წამოხტა დედა...
- თეონა, ბებიკო, ცოცხალი ხარ? - დედას არც ბებია ჩამორჩა და ისიც ოთახისკენ გავარდა.
- ჩუუუ, ქალებო! უცებ არ გააღვიძოთ... არ შეშინდეს ბავშვი!... - გადაუდგათ წინ ვასო ძია.

ოთახში შესულებს საოცარი სურათი დახვდათ: თეონას გარდერობის უკან შექმნილ სამკუთხედზე შეუტანია დიდი თბილი "ადიალა" და პატარა ბალიში,  იატაკზე გაუშლია, ზედ ფისოსავით მოკუნტულად წამოწოლილა, "ადიალის" ერთი ფენა ზევიდანაც გადაუფარებია და ტკბილად დაუძინია,  გვერდით კი გადაშლილად იდო მისი საყვარელი ანდერსენის ზღაპრების წიგნი...

ნეტა რა ნახა სიზმარში?
ალბათ თავისი  ჯადოსნური ქვეყანა, სადაც ყველას ყველა უყვარს და სადაც აუცილებლად იმარჯვებს სიკეთე!...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები