ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2015


მეარღნე

მზე-მილიონგზის ამოსული და მაინც პირმშო,
გამთენიისას ჩემს სარკმელთან მტრედებს მოიყვანს,
რომ უფრთოობის მომეძალოს ბავშვური შიში,
რომ ყველა ფრთოსანს უნებლიედ გამოვერიყო,
მერე ღვინოში გამომბალი პურის ყუათი
დავათრობ მტრედებს, თვალები რომ ურცხვად მილულონ,
ხარბად მივითვლი მძინარეებს: მეცხრე, მეათე,
ავიღებ ფუნჯს და მწოლიარე ცოლის მალულად
დავიწყებ ხატვას, უახლოეს გამოთრობამდე,
მტრედების გუნდი გამოვლეშე იმავე ღვინით...
ძველი ფირფიტაც ააჟღერებს ვინმე ტრუბადურს
ან სულერთია ააკივლოს კლარნეტი ვინმემ.
მე კი დავხატავ, სანამ ღვინით ვიგრძნობ გალეშვას,
სანამ თვალიდან არ გადავა დილიდ ესკიზი;
მე კი დავხატავ უაზროდ და კანონგარეშე:
მძინარე მტრედებს, ეჭვიან ცოლს, მერე მზის კისერს
და სიგარეტიც გათავდება, ისიც ნისია-
ასიოდ მეტრში გაჩხერილი ლურჯი ჯიხურის,
ცოლიც იღვიძებს და ტრიალებს უმაქნისივით,
მწვანე, დიდრონი თვალებიდან ისე მიყურებს,
როგორც მევახშე, ჩვენი ბინის იპოთეკარი,
რაღაც უცნაურ ახირებით სიზმარს იხსენებს...
ჩემო ძვირფასო, რაც მაგიჟებს, სწორედ ეგ არი,
რომ ყოველ დილით ჩემს მტრედებზე ეჭვით ივსები.
მე რა ვიღონო, მოგიდუღებ შენს თურქულ ყავას,
თვალების ფშვნეტას აგაცილებ ანუ რიტუალს,
რომელსაც დილით მიმართავენ და მერე წავალ
იქ, სადაც ჩემი სამსახური-სამიკიტნოა
და ვატრიალებ უმოწყალოდ არღნის სახელურს,
სვენებ-სვენებით, დალევით და მოღლილ მკლავებით
და მენატრება მზე და მისი ცხელი საყელო,
ღამის ღრიანცელს რომ მავიწყებს და გაავებულ
ლოთურ სიმღერებს და ხრინწიან, უმ მოძახილებს:
"მაშ, შენ დაუკარ, აატირე შენი არღანი!"
და აკვარელში ამოვლებულ ველურ ძახველებს
თამბაქოს კვამლი ამოგუდავს ისევ ამაღამ,
მე კი გავასწრებ სამიკიტნოს ალიონამდე,
გამთენიისას მზე სარკმელთან მტრედებს მოიყვანს,
რომ ყველა მტრედი გამომბალი ყუით მომენდოს,
რომ ყველა ფრთოსანს უნებლიედ გამოვერიყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები