ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
11 მაისი, 2015


”პატარა თეონას პატარა ისტორიები”. თავი 12. ბიჭების ”ძმაკაცი”

შვიდი წლის  თეონა სკოლაში მიიყვანეს.
ეს ახლა მიჰყავთ სკოლაში ბავშვები ექვსი და ზოგჯერ - ხუთი წლის  წლის ასაკშიც,  მაგრამ მაშინ, თუ სრული შვიდი  წლის არ იყო, ბავშვს სკოლაში არ ღებულობდნენ.
დედამ თეონა ექვსი წლის ასაკშიც მიიყვანა სკოლაში... დირექტორმა თეონას ქართულ და რუსულ ენაზე წაკითხულიც მოიწონა, მათემატიკაშიც გამოსცადა, მაგრამ... პასუხი ცალსახა იყო:
- ბავშვს მომავალ წლამდე ვერ მივიღებთ... აი, სექტემბერში რომ ყოფილიყო დაბადებული, შეიძლება მიგვეღო, მაგრამ.... გაზაფხულზე  დაბადებულს ვერაფრით მივიღებთო...

სოლოლაკიდან საბურთალოზე  ”გადაცხოვრდნენ” და სკოლაშიც, შესაბამისად, იქვე მიიყვანეს თეონა.

ელიკო მასწავლებელს დანახვისთანავე გულში ჩაუვარდა პატარა, ოქროსფერთმიანი და ზღვისფერთვალება გოგონა. და როცა პირველ სექტემბერს პირველკლასელთათვის პირველი ზარი დაირეკა, ელიკო მასწავლებელმა თეონა დაიყენა გვერდით, მაგრად ჩასჭიდა ხელი და მასთან ერთად  შეუძღვა თავის სადამრიგებლო  კლასს სკოლის შენობაში.

და დაიწყო თეონასთვის უინტერესო დღეების კასკადი...
არა, არ შემშლია: უინტერესო დღეები საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს... რადგან მაშინ, როცა თეონას მეგობრები ქართულ დამწერლობას ითვისებდნენ და თითოეულ ასოს ჩაჰკირკიტებდნენ, თეონას არაფერი ჰქონდა საკეთებელი.... წერა-კითხვას თავიდან ხომ არ ისწავლიდა?! და ამიტომ თეონამ აღარ იცოდა, რითი მოეკლა დრო და ხან რა გასართობს იგონებდა თავისთვის და ხან რას, ხან კლასგარეშე წიგნის კითხვით ირთობდა თავს, ხან ხატავდა რაღაცას...

ბავშვის სწავლის პროცესში ჩასართავად ელიკო მასწავლებელმა თეონა, ლამის, ასისტენტად დაიყენა: ახალი მასალის ახსნის დროს თეონა დაფასთან იდგა და თავისი ლამაზი კალიგრაფიით გამოჰყავდა ასოები. მოკლედ, ელიკო მასწავლებელი თეონასთან ერთად თამაშობდა ”მასწავლებლობანას”...

თანაკლასელებს სხვანაირი რიდი და მოწიწება გაუჩნდათ თეონას მიმართ, - მან ხომ ელიკო მასწავლებელივით ბევრი იცოდა?!...
და იმავდროულად თეონა თავის ”თეონობას” არ იშლიდა, - როგორც კი სკოლის შენობიდან გამოვიდოდა, მის ცელქობებს საზღვარი არ ჰქონდა...

სახლში მისული 15-20 წუთში სწავლობდა გაკვეთილებს და მერე ჰერიიიი! ჩიტივით თავისუფალი იყო! ჩადიოდა ეზოში, მოახტებოდა თავის ველოსიპედს და დააქროლებდა აღმა-დაღმა. გოგონებზე აღარაფერს ვამბობ, უბნის ვერცერთ ბიჭს ვერ დაჰყავდა ველოსიპედი ისე, როგორც თეონას. ამან ბიჭებშიც საოცარი სახელი მოუპოვა თეონას, თუმცა თავიდან მთლად მასე მარტივად არ ყოფილა საქმე.
უბნის ბიჭები (თეონაზე დიდებიც!) სულ იმას ცდილობდნენ, უპირატესობა მოეპოვებინათ და დაემტკიცებინათ, რომ ისინი თეონაზე უკეთესი ველომრბოლელები იყვნენ. და ეს ქიშპობა ალბათ კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, ერთი პატარა შემთხვევა რომ არა...

ნუცუბიძის ქუჩაზე 15-მდე ველოსიპედი ”სტარტზე” იდგა, - უბნის ბიჭები ველოსიპედებით პირველობისთვის იბრძოდნენ. უნდა გამოეარათ თოფურიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირზე გასულიყვნენ, შემდეგ კორპუსებისთვის მეორე მხრიდან შემოეარათ და დაბრუნებულიყვნენ საწყის წერტილში, ნუცუბიძის ქუჩაზე.

თეონას საცხოვრებელი კორპუსი ვაჟა-ფშაველას გამზირზე იდგა და  თეონაც ამ  ექვსსადარბაზოიანი კორპუსის უზარმაზარ ეზოში დააქროლებდა თავის ველოსიპედს.
- თეონა, შვილო, მამუკა ხომ არ გინახავს? - გადმოსძახა ფანჯრიდან მეზობელმა, - თუ ნახო, უთხარი, სახლში წამოვიდეს, სხვაგან მივდივართ და მეჩქარება...
- არა, დეიდა ლია, არ მინახავს. შეიძლება ”გასწრობანას” თამაშობს ველოსიპედით?... აიიიი, იქიდან უნდა წამოვიდნენ...

თეონა ეზოდან ქუჩაში გავიდა და ნუცუბიძის ქუჩისკენ მიმავალ აღმართს გახედა.
მამუკა იქ იყო, შორიდანვე  იცნო მისი ლურჯი ველოსიპედი.

”მსაჯმა” ქუჩას გამოხედა და ხელების ქნევასა და ყვირილს მოჰყვა: ”გაიწიე, თეონა, დაგეჯახებიან!”...

თეონას ბევრი არ უფიქრია, კორპუსებს მეორე მხრიდან აჰყვა ნუცუბიძის ქუჩამდე, შემდეგ სტარტთან მივიდა, თოფურიას ქუჩას დაუყვა, ბიჭების ველოსიპედებს გადაუსწრო და მამუკას რომ ჩაუქროლა, მიაძახა: ”მამუკა, ლია დეიდამ, მალე მოდიოოოო!”.....

და თოფურიას ქუჩის ასფალტი ერთდროულად დახაზა თხუთმეტი დამუხრუჭებული ველოსიპედის საბურავებმა...
- დამანებე თავი!... რას ვეჯიბრებით ერთმანეთს? თითისტოლა გოგომ ყველას გვაჯობა!
- არა, ძმაო, "კალიასკიანი" გიჟია ეს ბავშვი, რა!..
-      კალიასკიანი გიჟი რაღას ნიშნავს, ზურა?
-      ველოსიპეტი - ერთადგილიანია, უკალიასკო მოტოციკლეტი - ორადგილიანი, კალიასკიანი მოტოციკლეტი კი - სამადგილიანი... ჰოდა, ასე, სამი ადამიანის სამყოფი სიგიჟე აქვს თავში...
-      რას ერჩი? მშვენიერი, ლამაზი, ნიჭიერი გოგოა... შენ ველოსიპედის ტარება არ იცოდე, ეს თეონას ბრალია? - გამოექომაგა თეონას მის სადარბაზოში მცხოვრები ირაკლი.
- ენას მოუკელი! ვინ არ იცის ტარება? მაგრამ.. ბიჭო, რას ვიფიქრებდი, ამ თითისსიგრძე გოგოს თუ შეეძლო ველოსიპედის ასე ტარება? ახლა არ იყო, ეზოდან რომ გამოყო თავი?...
- აუუუ! გოგო კი არა, ქაჯია, რა...
- ქაჯი კი არა, ძალიან საყვარელი ბავშვია!... და ჩვენზე უკეთ თუ დაჰყავს ველოსიპედი, ეს არ არის ქაჯობა!... თეონაზე ვინმეს ცუდად არაფერი დაგცდეთ, თორემ...
- ჰა, რა ”თორემ”?
- თორემ ჩემთან გექნებათ საქმე!...  - თვალები დაუბრიალა ირაკლიმ ბიჭებს და ამით უთხრა, "თეონაზე ლაპარაკი დამთავრებულიაო".


    * * *
ერთ მშვენიერ დღეს, გაკვეთილების შემდეგ, თეონა სკოლიდან გამოვიდა და სახლისკენ გაუყვა გზას.
რაღაც ხმაური შემოესმა სკოლის უკანა ეზოდან. ახლოს მივიდა და...
მისი თანაკლასელები ჩხუბობდნენ.
- რა მოხდა, ბიჭებო? გაგიჟდით?... ექვსნი ერთს სცემთ?... არ გრცხვენიათ?... გაჩერდით-მეთქი...
- მიდი, რა, შენი გზა ნახე! აქაც ”მასწავლებელი” კი არ ხარ?!  -  გამოეპასუხა ერთი, რომელიც კლასში ”ყოჩობას” უმიზნებდა...
- ”მასწავლებელი” რა შუაშია? ერთს მოერიეთ არა?
- გოგო, გაიარე-მეთქი!... არ გესმის?

”გაიარე” მასე არ უნდაო, - იფიქრა თეონამ, სკოლის ეზოში შებრუნდა და მოჩხუბრებთან ახლოს მივიდა.
- შენ რა, არ გესმის, რომ გითხარი გაჩერდი-მეთქი? ექვსი რომ ერთს სცემთ, ეს არის თქვენი ვაჟკაცობა?
- გოგო, გადი, თორემ შენც მოგხვდება ახლა!... - თქვა ”ყოჩმა” და თეონას ხელი ჰკრა.
- აჰა, ასე, არა? აბა, ახლა მიყურე!... -  და თეონა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება....

ჩხუბი მალე დამთავრდა... ბიჭები მტვრიან შარვლებს იწმენდდნენ. თეონამ კი ერთი ხელის ჩამოსმით მოიშორა მტვერი სასკოლო ფორმის წინსაფრიდან.
- მე რა, ჩემს თავს ვერ დავიცავდი? ვინ შეგეხვეწა, ა? - ცოტა ხანში თავი გამოიდო იმან, ვისი დაცვაც სცადა თეონამ.
- შენი თავის დაცვა თუ შეგეძლო, რას აცემინე ექვს ბიჭს თავი?
- შენ ვინ გეკითხებოდა?
გაბრაზდა თეონა. ვის გამოც უკანმოუხედავად გადაეშვა ხელჩართულ ბრძოლაში, ზუსტად ის საყვედურობდა!... ძალიან გაბრაზდა და... ერთი-ორჯერ იმასაც მისცხო...
ცოტა ხანში სკოლის უკანა ეზოდან  შვიდი ნაცემი ბიჭი და თეონა გამოვიდნენ.

გათენდა მეორე დილა.
სკოლაში დირექტორის კაბინეტთან შვიდი მშობელი და შვიდი ნაცემი ბიჭი იდგა.
დირექტორი მათთან ერთად გაემართა საკლასო ოთახისკენ.
გაკვეთილის დაწყებისთანავე შევიდა დირექტორი საკლასო ოთახში მშობლებთან და მათ შვილებთან ერთად.
- ბავშვებო, გუშინ თქვენი კლასის მოსწავლეებმა ეზოში იჩხუბეს... ეს შვიდი ბავშვია ნაცემი და  იმედი მაქვს, იტყვით, კიდევ ვინ ღებულობდით ამ ჩხუბში მონაწილეობას.

კლასში სიჩუმე ჩამოვარდა. არავინ იღებდა ხმას.
თეონაც ჩუმად იჯდა და ინტერესით შეჰყურებდა ნაცემ თანაკლასელებს, აინტერესებდა, იტყოდნენ თუ არა, რომ  მან, თეონამ დააწყო ”შტაბელებად” შვიდივე  ბიჭი...
არც ნაცემი ბიჭები ამბობდნენ რამეს..  მუნჯებივით, თავჩაქინდრულები იდგნენ და თეონასკენ თვალის გაპარებისაც კი ეშინოდათ.
- ბავშვებო, თუ იტყვით, ვინ და ვინ იჩხუბებთ, გაპატიებთ, თუ არა და, დამნაშავეებს სკოლიდან გავრიცხავთ... - თქვა დირექტორმა.
სიჩუმე არც ახლა დაურღვევია ვინმეს......
- თუ არც თქვენ იტყვით დამნაშავეთა სახელებს, მაშინ თქვენ გაგრიცხავთ ... - ახლა ”დაზარალებულებს” მიუბრუნდა დირექტორი.

ნაცემმა ბიჭებმა შიშჩამდგარი თვალებით ახედეს დირექტორს. შემდეგ მზერა ელიკო მასწავლებელზე გადაიტანეს... მერე კლასს მოავლეს თვალი.  კლასელთა თვალებში თანაგრძნობა და გაურკვევლობა ამოიკითხეს...  ისევ დირექტორს გახედეს და მიხვდნენ, რომ მათი მშველელი არავინ იყო...
ორმა ბიჭმა ჩუმად დაიწყო სლუკუნი, დანარჩენებმა კი  თავები  ისევ  ჩაქინდრეს და ხელით იწმენდნენ ლოყაზე დაგორებულ ცრემლებს.  მხოლოდ ერთი მათგანი, - ბოლოს ნაცემი ბიჭი ხანდახან, შეპარვით გახედავდა-ხოლმე თეონას და მისგან ელოდა შველას.

ვეღარ მოითმინა თეონამ და ხელი ასწია. ელიკო მასწავლებელმა თავი გაუქნია, - "შენი თავი არ გვაქვს ახლაო"...
- ლაჩრები ყოფილხართ... - თქვა თეონამ და ფეხზე წამოდგა, -  ელიკო მასწავლებელო, მე ვცემე ესენი...
- თეონა, დაჯექი...  - თქვა ელიკო მასწავლებელმა, რომელმაც იფიქრა, "გოგონა თვითონ იბრალებს, რათა სხვები  გადაარჩინოსო..."
- ელიკო მასწავლებელო, მართლა მე ვცემე ესენი... 
- შენ? - თვალები შუბლზე აუცოცდა დირექტორს,  - კი, მაგრამ, რატომ?... ან როგორ?...
- ღირსები იყვნენ...  ექვსი ერთს სცემდა და ვერ მოვითმინე...
- რომელს სცემდნენ? - იკითხა გაოგნებულმა ელიკო მასწავლებელმა.
- მე დამსმენი კი არ ვარ?! ეს თვითონ თქვან!... და ჩემს გამო სხვა რატომ უნდა გაირიცხოს? თუ საჭიროა, მე გამრიცხეთ... იმიტომ, რომ, თუ ვნახე რომ ისევ დაუწყებს ექვსი ბიჭი ცემას ერთს, ისევ შემომელახებიან... და თანაც - ყველანი.
- რას ჰქვია, გაირიცხოს?! თეონა არ არის დამნაშავე! - ხმა ამოიღეს აქამდე უხმოდ მდგარმა მშობლებმა და, თითქოს შეთანხმებულები იყვნენო, ერთდროულად დაიძრნენ კარებისკენ.

თეონა ჯერ ფეხზე იდგა და ელოდებოდა, როდის ეტყოდა დირექტორი, ”კაბინეტში წამოდიო”, მაგრამ... მსგავსი არაფერი მომხდარა.
ყველანი რომ გავიდნენ, ელიკო მასწავლებელმა თავით ანიშნა, დაჯექიო და თეონაც დაჯდა.

მეორე დღეს შვიდივე ბიჭმა ბოდიში მოუხადა თეონას: სათითაოდ აკოცეს ლოყაზე, სათითაოდ მიუტანეს ზოგმა შოკოლადის ფილა, ზოგმა კამფეტები, ერთ-ერთმა - ლამაზი წიგნი წარწერით ”დღეის შემდეგ ვიყოთ მეგობრები”...  ”ყოჩმა” კი მთელი კლასის გასაგონად უთხრა:
- თეონა, შენ მართლა მაგარი გოგო ხარ! და დღეის შემდეგ შენ თუ ვინმემ გაწყენინა, ჩემთან ექნება საქმე...
- თქვენ ნუ მაწყენინებთ და...  პირიქით, თქვენ თუ ვინმემ გაწყენინათ, მეც ყველგან და ყოველთვის გვერდით მიგულეთო, - ღიმილით უპასუხა თეონამ და თანაკლასელებს კამფეტებით გაუმასპინძლდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები