ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 მაისი, 2015


ისე, უბრალოდ... (ღია წერილი მეუღლეს)

ჩემი სამშობლო არც მხოლოდ ის მიწაა, ფეხს რომ ვადგამ და არც მხოლოდ ის ზეცა, რომელიც ასე მეძახის და მიხმობს საფრენად... არც მხოლოდ გოლიათი მთებია ჩემი სამშობლო...
ჩემი სამშობლო გაცილებით ღრმაა, გაცილებით ძველია, გაცილებით ძლიერი...
ჩემი სამშობლო ჩემს ეზოში ამოსული იებია გაზაფხულობით...
ჩემი სამშობლო ჩემი ბაბილინას საფლავზე ნაპოვნი ფერადი კენჭია...
ჩემი სამშობლო ფანჯრიდან ჩვენ საძინებელში შემოხეტებული მზის სხივია...
ჩემი სამშობლო ჩემი ილიკოს მოტანილი წყალია, თან რომ ეღვრება და თან რომ საოცარი სიფრთხილით მოაქვს...
ჩემი სამშობლო ჩვენი ტკივილია... გაუნელებელი დარდი და ტკივილი და ისე ჩანს, არც გვინდა დაყუჩდეს, რადგან „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული“ და წუხილი ჩვენი კომფორტული მდგომარეობაა მგონი და მაზოხიზმია ეს თითქოს, მაგრამ როგორ ძალიან დიდი სიმართლეა, ხელშესახებად დიდი სიმართლე...
სამჯერ ვარ ფეხით ასული ჯუმათის მონასტერში. იმ მყოფს სულ სხვა გრძნობა მეუფლება მუდამ: სხვა თვალით, სხვა გულით ვუმზერ და ვუსმენ ირგვლივეთს და ვხვდები, არასოდეს არავის ისეთი სიმართლე არ უთქვამს, როგორც იმ ჯარისკაცს, ნოდარ დუმბაძის ერთ-ერთ ცნობილ წერილში, „სამშობლო“, გენერალს რომ უთხრა: „რა ბედნიერებაა, ამხანაგო გენერალო, რომ მე და თქვენ ამ ხიდის გამოღმა ვცხოვრობთ“ - საზღვარზე იდგნენ და ხიდს იქით თურქეთი იყო. ჰოდა, რა ბედნიერებაა, რომ აქ ვართ და არა სხვაგან. ახლა ვართ და არა ოდესმე... აქ და ახლაა საჭირო ჩვენი ყოფნა და აქ და ახლა ვართ ჩვენც და ამის შეგრძნებაც ბედნიერებაა და ისიც, რომ აქ - ჩვენი სამშობლოა, ჩვენი საქართველო...
და მერე რა, რომ ეს ვიღაცისთვის პათეტიკაა... მერე რა, რომ ვიღაცისთვის ეს ოდენ სისულელეა... მერე რა, რომ... მერე რა, რომ... მერე რა, რომ... იცის უფალმა და საქართველომ... და ყველაფერი დანარჩენი ერთი დიდი მიქარვაა მხოლოდ და მეტი არაფერი...
და კიდევ: ჰო, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ ხომ არ შეიძლება ბოროტება ბოროტებით აღმოიფხვრას, ამოიძირკვოს? მკვლელის მოკვლაც ხომ დანაშაულია და ამგვარი ქცევით ხომ ბოროტება მრავლდება და ეშმა ძლიერდება? ჰოდა, რა ვიცი... ალბათ, ერთმა ბოდიშის მოხდა უნდა ისწავლოს, მეორემ კი - პატიება, თორემ არაფერი გამოვა ისე და საქართველო ცარცის წრეში მდგარ მიშიკოს დაემსგავსება... აი, გრუშე კი არსადაა, რომ დაიყვიროს: შუაში ხომ ვერ გავგლეჯ!!!
და არც აზდაკია სადმე, შუაში გახლეჩვას გადარჩენილი მიშიკო - საქართველო, ნამდვილ დედას რომ მიაკუთვნოს.
და ნამდვილიც მხოლოდ ისაა, ვინც ზრუნავს; ვინც იკლებს თავისთვის და მას აძლევს; ვისაც ღამეები არ სძინავს მის გამო; ვინც ბეწვის ხიდზე გადის აკანკალებული, ქვევით კი ადიდებული მდინარე მოარღვევს კალაპოტს; ვინც ფეხშიშველი ივლის, ოღონდ კი მას ჰქონდეს; ვინც საკუთარ ბედნიერებაზე უარს ამბობს, ოღონდ კი ის იყოს ბედნიერი... ჰო, აი, ესაა ნამდვილი... და არა ის, ვისაც ტარსიკონის ქოშებმა და კაბებმა დაავიწყეს იატაკზე დაწვენილი, საფენებში გახვეული პატარა მიშიკო აბაშვილი... ჰო, ტარსიკონის ქოშები გვირჩევნია ფეხშიშველა წანწალს; ჰო, გაქცევა გვირჩევნია დარჩენას და ბრძოლის გაგრძელებას; ჰო, საკუთარი ბედნიერების სანაცვალოდ საკუთარ სისხლსა და ხორცს იოლად გავწირავთ, ოღონდ კი კომფორტულად ვიგრძნოთ თავი ყველგან და ყოველთვის... ჰო... ჰო... ჰო...
და შვილიც მხოლოდ მაშინ გაგვახსენდება, როცა სამემკვიდრო მამულის უკან დაბრუნება მოგვესურვება... სულ ესაა...
პატარა მიშიკო აბაშვილად ქცეული მიწებწართმეული და შვილებდაღუპული საქართველო კი, ისევ ცარცის წრეში დგას და საბოლოო განაჩენს ელოდება, რომელიც აღარ დაექვემდებარება გასაჩივრებას!!!
ჩვენი სამშობლო არც მხოლოდ გოლიათი მთებია და არც მხოლოდ გაშლილი ზვრები; ჩვენი სამშობლო არც მხოლოდ გელათია და არც მხოლოდ სამების საკათედრო ტაძარი;ჩვენი სამშობლო არც მხოლოდ ის მიწაა, რომელზედაც დავაბიჯებ და არც მხოლოდ ის ზეცა, რომელიც საფრენად მიხმობს მუდამ...
ჩვენი სამშობლო ჩემი ბაბილინას დანატოვარი, ნაცრისფერ ნაჭერში გახვეული ორი პატარა ქვაა, სასთუმალთან რომ მიდევს დღემდე; ჩემი სამშობლო დედაჩემის თვალებში დამალული სევდაა; ჩემი სამშობლო მამაჩემის დაკოჟრილი თითებია;ჩემი სამშობლო შენ თვალებში ვერდამალული უზარმაზარი დარდია, ჩემო... ჩემი სამშობლო ჩემს ეზოში ჩიტების გადაფრენის წყალობით (ნისკარტით თუ მიჰქონდათ ალბათ) ამოსული ველური გვირილებია; ჩემი სამშობლო ჯუმათის მონასტერიდან დანახული სანახებია, რომლის სანახავად მართლა შვიდი მთა უნდა გადაიარო, რომ აღიარო: „რა ბედნიერებაა, ამხანაგო გენერალო, რომ მე და თქვენ ამ ხიდის გამოღმა ვცხოვრობთ!!!“
ეს ჩვენი სამშობლოა, გი. ჩვენ მესაკუთრეები ვართ!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები