ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
16 მაისი, 2015


”პატარა თეონას პატარა ისტორიები”. თავი 13. პირველი ლექსი

თეონა ექვსი  წლისა შესრულდა!
დაბადების დღეზე ბევრი სტუმარი ჰყავდა, - ნათესავები,  თანაკლასელები, ”ახალეზოელები”...
საჩუქრებიც ბევრი მიიღო, -  საინტერესო წიგნები,  ლამაზი სათამაშოები, თოჯინები...
მამიკომ  ახალი, დიდი ველოსიპედი უყიდა! აბა, ახლა როგორღა გაეჯიბრებოდნენ უბნის დიდი ბიჭები, როცა თეონა თავისი პატარა ველოსიპედითაც კი ყველას ჯობნიდა?!...
მამიდამ კი დიდი ხნის ნანატრი ოცნება აუსრულა და გორგოლაჭებიანი ციგურები - ”როლიკები” აჩუქა!... თანაც ისეთები, რომლებიც დიდხანს არ დაუპატარავდებოდა, რადგან წინ ცხვირები არ ჰქონდა და შუაწელში - მათი ”გაწელვა” და ფეხის ზომაზე მორგება შეიძლებოდა.
ერთი - ორი დღე შედარებით ნელა დადიოდა ამ ციგურებით, - ეჩვეოდა სრიალს... მესამე დღიდან სისწრაფეს მოუმატა... ათი დღის შემდეგ კი ისე სრიალებდა, გეგონებოდა ფეხზე ციგურებამოცმული დაიბადაო. რა ილეთებს აღარ იგონებდა, რა პოზაში აღარ სრიალებდა... ჩაცუცქულიო, ცალფეხამოკეცილიო, ცალფეხზე მდგომი "მერცხალიო"... ტრიალებდა, ხტოდა... რაც კი ტანვარჯიშზე ილეთებს ასწავლიდნენ, ყველა გამოიყენა, მხოლოდ საკუთარი ინტერპრეტაციით...
თეონას სრიალს ისეთივე ინტერესითა და აღფრთოვანებით შესცქეროდნენ მეზობლები, როგორც ციგურებით ყინულზე სრიალის ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებს... ხანდახან წამოსცდებოდათ კიდეც, - "ამ ილეთს ჩვენი თეონა  "როლიკებით" უკეთ აკეთებს,  ვიდრე ეს ვაი-ჩემპიონებიო..." არ დაგავიწყდეთ, თეონა მაშინ მხოლოდ  ექვსი წლისა იყო!

სახლში ასული ან წიგნებს ჩაჰკირკიტებდა და ან თოჯინებით თამაშობდა.
თოჯინები არც მანამდე აკლდა, მაგრამ... ერთ-ერთი იმდენად მოეწონა, რომ გვერდიდან არ იშორებდა.

ამ თოჯინას თეონასავით ზღვისფერი თვალები და გრძელი ოქროსფერი კულულები ჰქონდა. აკი ასე უთხრა კიდეც მამიდამ: ერთ თეონას მეორე თეონა გაჩუქესო!... და ნათლობაც მაშინვე შედგა, - თოჯინას "თეკო" დაერქვა.

ერთ დღეს თეონა ეზოდან ამოვიდა და თავის საწოლზე მიწვა. ჩაეძინა...  დედამ მაშინვე სიცხე გაუზომა, - 38,4  აჩვებდა სინდიყის სვეტი!
უცნაური ბავშვი იყო თეონა. ავადმყოფობაც კი უცნაური იცოდა. ავად კარგახანს არ გახდებოდა, სიცივეშიც კი არ უყვარდა თბილად ჩაცმა, და მაინც,  შეიძლება მთელი წელი გასულიყო ისე, რომ ერთხელ არ დააცემინებდა, მაგრამ... თუ ავად გახდებოდა? - მტრისას და ავისას... ვიდრე თერმომეტრის სინდიყის სვეტი  40 გრადუსს არ მიუკაკუნებდა, სიცხე არ იწევდა დაბლა.

რამდენიმე დღე მაღალი სიცხით გათანგული იწვა თეონა. აღარაფრის თავი  ჰქონდა... შემდეგ სიცხემ დაუწია და თეონაც გამოცოცხლდა, გამოყოჩაღდა... თამაშის ხასიათზე მოვიდა. პირველ  ყოვლისა თოჯინა თეკო მოიკითხა. ლოგინში ჩაიწვინა, ელაპარაკებოდა, ეტიტინებოდა, უმღეროდა, ზღაპრებს უყვებოდა, აძინებდა... ისევ აღვიძებდა და საჭმელს ”აჭმევდა” თავისი თეფშიდან... 

და აი, თეკოსთვის ერთ-ერთი ზღაპრის მოყოლის დროს თეონამ კისელი ახსენა და...
- დედა, კისელი მინდა... - გასძახა დედას, რომელიც სარეცხის რეცხვით იყო დაკავებული.
- არ მცალია, თეონა! ცოტა ხანს მაცალე...
- მინდა, ვააა!
- აი, სარეცხს გავავლებ, გავფენ და მერე  კისელსაც გაგიკეთებ და კომპოტსაც!...
- არ მინდა კომპოტი... მე კისელი მინდა და თანაც - ახლავე...
- ცოტა ხანს მაცალე-მეთქი...

დედამ სარეცხის გავლება განაგრძო,  თეონამ კი - თეკოთი თამაში.
მაგრამ თამაშობდა კი?...

- არ გაგვიკეთეს, თეკო, კისელი... აღარ ვუყვარვართ, ალბათ, მე და შენ, თორემ ამდენს არ მახვეწნინებდა დედიკო... ეჰ, ალბათ, ავად რომ გავხდი, ამიტომ აღარ ვუყვარვარ... კარგად რომ ვყოფილიყავი, ისევ ვეყვარებოდი, ახლა კი... - თეონას ისე შეეცოდა თავისი თავი, ისე, ისე, რომ ცრემლები გადმოსცვივდა.

თვალცრემლიანმა თეონამ თავისი თეკო გულზე დაისვა და... ”ლექსის სიმღერით გამოგონება” დაიწყო.

  წავიდეთ, წავიდეთ,
  ცხრა მთას იქით წავიდეთ,
  მტერი როცა დავინახოთ,
  მთაზე კი არ ავიდეთ?
  მიწაში კი არ ჩავძვრეთ,
  წყალში კი არ ჩავიდეთ?

  შევებრძოლოთ მტერს,
  მოვუგრიხოთ კისერი,
  შემდეგ სახლში წავიდეთ და
  ვჭამოთ ტკბილი კისელი!...

ოთახის ღია კარიდან დედას თეონას სიმღერის ხმა შემოესმა, მაგრამ არც მელოდია ეცნო და არც სიტყვები... ამიტომ, სარეცხის დაფენას თავი დაანება  და ბავშვების ოთახთან ახლოს მივიდა, მაგრამ შიგნით არ შევიდა, თეონას ხმამაღალი ფიქრისთვის რომ ხელი არ შეეშალა და ისე უსმენდა.  დედას ხმამაღლა გაეცინა ბოლო სიტყვების გაგონებაზე... ბოლო სიტყვებს თეონას ამოსლუკუნებაც მოჰყვა.
დედა ოთახში შევიდა, თეონა გულში ჩაიკრა და ლექსი-სიმღერა კიდევ ერთხელ გაამეორებინა.
- შენ მოგიკვდი, დედიკო, ასე გინდა კისელი? ახლავე, დედი...

დედამ ალუბლის მურაბით უგემრიელესი კისელი გაუკეთა და დიდი ჭიქით დაუდგა თეონას.
დედა ოთახიდან გავიდა თუ არა, თეონამ გულში ჩაიხუტა თეკო და ჩასჩურჩულა:
- თეკო, ისევ ვყვარებივარ დედიკოს!... ნახე? ავად ვარ, მაგრამ მაინც ვუყვარვარ თურმე!...
შემდეგ კი მთელი ხმით დაიყვირა:
- დეე-დაააა!!!  მეც ძალიან მიყვარხაააარ!!!... და სულ ყოველთვის მეყვარები, დეეე!!!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები