ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
1 მაისი, 2008


თავი 3. დაბადების დღე ("მაგდა")

შეუმჩნევლად გაირბინა ერთმა წელმა. უკან დარჩა ზაფხულის არდადეგებიც. მაგდა უკვე მეათე კლასის მოსწავლეა. დათო და მაგდა კვლავ განუყრელი მეგობრები არიან. მაიკო კვლავ მხოლოდ მაგდასთან მეგობრობს...

X-ა  კლასში თითქმის არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით ახალი მოსწავლის შემომატებას: მისივე დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, პარალელური კლასიდან მათთან გადმოვიდა მაგდას მეგობარი გია გეგეჭკორი. სკოლის დირექტორს ვერაფერი გაეგო, რატომ არ უნდოდა გიას თავის კლასში დარჩენა და რატომ ითხოვდა ასე  X-ა კლასში გადასვლას, მაგრამ, როგორც ფრიადოსან მოსწავლეს, უარი არ უთხრა.

მაგდამ და დათომ არც უკანასკნელ წელიწადს დაარღვიეს ტრადიცია და ერთ მერხზე მოთავსდნენ. მათ უკან მაიკომ და გიამ დაიკავეს ადგილები.

მთელი წელი აკვირდებოდა მაგდა თავის თანაკლასელებს, განსაკუთრებით კი - დათოს, უნდოდა ამოეცნო ის პიროვნება, რომელიც ასე დაფარულად გამოუტყდა მაგდას სიყვარულში... მათ კალიგრაფიასაც მონდომებით ადარებდა წერილთან, მაგრამ - უშედეგოდ... ვერაფრით იპოვა იმ სანუკვარი წერილის ავტორი. და ალბათ კიდევ კარგა ხანს ვერ იპოვიდა, ერთ ასეთ შემთხვევას რომ არ ჰქონოდა ადგილი.

დეკემბრის შუა რიცხვებში თემურის დაბადების დღეზე თითქმის მთელი კლასი შეიკრიბა. თამადად თემურის მამა იყო არჩეული. უყვარდათ ბავშვებს თემურის "ჯიგარი მამა" - ბიძინა ბიძია, რომელიც თან ეძმაკაცებოდა მათ და თან მეთვალყურეობდა. სადღეგრძელოს სიმღერა ცვლიდა, სიმღერას - ცეკვა... ყველა მხიარულად იყო...

მხოლოდ ორნი, დათო და გია არ ერთვებოდნენ საერთო მხიარულებაში. ორივეს საოცრად სევდიანი თვალები ჰქონდა, მაგრამ სევდის მიზეზი ჰქონდათ სხვადასხვა. გია სავარძელში მოკალათებულიყო და იქიდან ადევნებდა თვალს თანაკლასელებს, დათო კი ადგილს ვერ პოულობდა, ხან სუფრიდან წამოხტებოდა და აივანზე გადიოდა, ხან სუფრასთან ბრუნდებოდა და ცდილობდა ზედმეტი დაელია.
- დათო, ერთი წუთით გავიდეთ, - უთხრა ბიძინამ და თავის ოთახში შეიყვანა. - გამაგებინე, რა ხდება?! ჩვენ ხომ ძმაკაცები ვართ?! მითხარი, შვილო, თუ რამე გიჭირს. არ მომწონს, ასე რომ წრიალებ, ვერ ისვენებ... თუ შენს მშობლებს ვერ ეუბნები მიზეზს, იქნება მე დაგეხმარო?! ან იქნებ ყველას ერთად დადგომა არის საჭირო?! გამიმხილე, რა გაწუხებს და გულზე მოგეშვება...
- არა, ბიძინა ბიძია, არაფერი მაწუხებს, ყოველ შემთხვევაში, ისეთი არაფერია, ვინმეს ჩარევა იყოს საჭირო!... სხვა რომ არაფერი გეგონოთ, საიდუმლოდ მხოლოდ თქვენ გეტყვით: შეყვარებული ვარ... მეორე წელია მიყვარს და თქმა კი ვერ გამიბედავს...  თქვენ ვერ უშველით ჩემს საწუხარს. ამას ჩემით უნდა მივხედო. სხვა არაფერი მჭირს. და გმადლობთ თანადგომისთვის... არც კი ვიცი, რატომ გითხარით, მაგრამ... არ მინდოდა ჩემზე ცუდად გეფიქრათ და რამეში ეჭვი შეგპარვოდათ...
- მაშინ, ჩემო კარგო, ღვინის უკუღმა მოპარვას არ ვიყოთ, კარგი?
- უკუღმა მოპარვა რას ნიშნავს? - გაეცინა დათოს, - ასეთი ტერმინი არასოდეს გამიგია...
- რას ნიშნავს და, როცა სუფრასთან ღვინოს იპარავენ, ითვლება, რომ სადღეგრძელოებს ტოვებენ და ნაკლებს სვამენ, რომ არ დათვრნენ. უკუღმა მოპარვა კი ნიშნავს, რომ სადღეგრძელოს არ ელოდები და თამადაზე მეტი გინდა დალიო... ამისათვის, ჩემო ძმაო, ღვინის უკუღმა მომპარავს სუფრიდან აძევებდნენ, რადგან ითვლებოდა, რომ ამით ის თამადას შეურაცხყოფდა... აბა?!
- ბოდიშს გიხდით, ბიძინა ბიძია, ოთახში დავბრუნდეთ...

მაგდა სუფრიდან წამოდგა და გიას გვერდით, მეორე სავარძელში გადაჯდა. იქიდან ადევნებდა თვალს დათოს და ცდილობდა მისი სევდის მიზეზი ამოეცნო.

"დათო, ნუთუ შენ გამომიგზავნე ის წერილი და იმის მერე კვლავ ასე ოსტატურად მალავ სიყვარულს მეგობრობის ნიღაბქვეშ?... მე ხომ რამდენჯერმე ვახსენე შენთან წერილი,  შენ კი წარბიც არ შეგტოკებია?!... თუ არა შენ, სხვამ ვინ მომწერა ასეთი წერილი?... მაგრამ მე მჯერა, რომ შენ ხარ ამ წერილის ავტორი, რადგან... რადგან... მე შენ მიყვარხარ, დათო!... ღმერთო ჩემო, მე ხომ ეს სიტყვები ხმამაღლა არ მითქვამს?! და საკუთარ ფიქრებშიც კი როგორ გამიჭირდა მათი წარმოთქმა!..." - მაგდამ ამოიოხრა და თვალებდახუჭული მიესვენა საზურგეს.

- შენც მოიწყინე, პატარავ? რატომ არ ცეკვავ? ხედავ, მაიკო რა ამბავშია? - გამოელაპარაკა გია.
- არა, გია, არ მოვიწყინე, დავიღალე მხოლოდ.
- დაიღალე?  კი, მაგრამ, რით? - გია წამოდგა და თავისი სავარძელი მაგდასკენ ახლოს მიაცურა, - ხელს ხომ არ შეგიშლი ასე? შენს ახლოს ისეთი სიმყუდროვეა...
გიამ მაგდას ხელი აიღო და მოკრძალებით ეამბორა. უცებ ორივეს გაეცინა და სევდაც სადღაც მიიმალა.
- შენ ძალიან კარგი გოგო ხარ, მაგდა, - უთხრა გიამ და ის იყო, წამოდგომა დააპირა მაგდას საცეკვაოდ გასაწვევად, რომ...

ნუკრიმ დაასწრო - მაგდა საცეკვაოდ გაიწვია. მაგდამ უარი არ უთხრა.

იმ საღამოს ყველაზე მეტს მაიკო ცეკვავდა. თითქმის ყველასთან იცეკვა და თან ისე ხმამაღლა იცინოდა, რომ ძალაუნებურად იქცევდა ყურადღებას.
- მაიკო, ცოტა ჩუმად, - მაგდამ ღიმილით ჩაულაპარაკა მეგობარს, როცა მას მიუახლოვდნენ.
- ნუკრი, მომაცილე ეს მრჩეველი! - კიდევ უფრო ხმამაღლა გაიცინა მაიკომ.

მაგდამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ თვალი გააყოლა და თავი გადაიქნია.
- საწყალი დათო... - ნუკრიმ დათოს გახედა, - შეხედე, როგორი მოწყენილი ზის!
- მართლაც... რატომ არის ასეთ ცუდ ხასიათზე? ვკითხე, მაგრამ არ მიპასუხა!...
- შეყვარებულია ეს სულელი და იმიტომ!
- შეყვარებული? კი, მაგრამ ვისზე? - და მაგდას მოლოდინისაგან ყელი გაუშრა. ის დარწმუნებული იყო, რომ ნუკრი ეტყოდა: შენზეო და მაშინ მაგდაზე ბედნიერი არავინ იქნებოდა.
- ვისზე?!... ვისზე და აი, ამ ქარაფშუტა მაიკოზე! მეცოდება დათო, მაგრამ რას იზამ? მისთვის მაიკოზე კარგი ქვეყნად არავინ დადის!
- მაიკოზე?... - მაგდას, თითქოს ცივი წყალი გადაასხესო, გული მოეწურა, - ნუკრი, ეს თვითონ დათომ გითხრა თუ შენ თავად ფიქრობ ასე?
- წინა კვირას თვითონ დათომ გვითხრა მე და ზურას. რა არ ვუთხარით, რა არ ვურჩიეთ: "მაიკო საშენო გოგო არ არის-თქო", ვერაფერი გავაგებინეთ. მაიკომაც იცის ეს ამბავი და, დათოს ჯიბრზე, ნახე რა ამბავშია!
- მაიკოს თავად დათომ უთხრა?
- არა, სხვებისგან გაიგო... დათომ - "დღეს უნდა ვუთხრაო", დაიჯინა და ამიტომ არის ასეთ ხასიათზე... მაიკომ კი ახლოს არ გაიკარა, რომ დათოს რამე ეთქვა.  მაგდა, შენ ვერ დაეხმარები დათოს?
- მე?... - მაგდას ბურთივით გაეჩხირა სიტყვა ყელში, - კი, მაგრამ, როგორ?!
- ჰო, შენ... იქნებ გეთქვა მაიკოსთვის, "დათოს საქმე აქვს-თქო"? მაიკო შენ დაგიჯერებს.  მიდი, რა...

მაგდამ ცეკვას თავი ანება, დათოს მიუახლოვდა და მხარზე დაადო ხელი. დათომ ისეთი ნაღვლიანი თვალებით ახედა, რომ მაგდას გული შეეკუმშა.
- დათო, შენთან საქმე მაქვს, ერთი წუთით აივანზე გავიდეთ.

დათო უხმოდ წამოდგა და მაგდას გაჰყვა.
- დათო, ნუკრიმ ყველაფერი მითხრა!... აი, თურმე რას მიმალავდი, მე კი ვერ მიგიხვდი... მაპატიე.  რატომ თავად არ მითხარი ყველაფერი? არ მენდობოდი? მგონი, აქამდე არ ვყოფილვარ ცუდი მეგობარი და არც ამის შემდეგ ვიქნები.  აქ იყავი...
მაგდამ გაოგნებული დათო აივანზე დატოვა, თვითონ კი ოთახში შებრუნდა, მაიკოს ხელი ჩაჰკიდა და ძალით გაიყვანა აივანზე.

ოთახში შემობრუნებული მაგდა პირდაპირ დერეფნისკენ წავიდა, პალტო ჩაიცვა და ნუკრის დაუძახა:
- ნუკრი, ყველაფერი რიგზეა... მე სახლში წავალ, რაღაც თავი მტკივა, მგონი გავცივდი.
- გაცილება თუ გინდა, გაგაცილებ. 
- არა, ნუკრი, არ მინდა... აქ დარჩი.

მაგდამ ფრთხილად გააღო კარი და ჩუმად გავიდა სახლიდან.

- ნუკრი, მაგდა სად წავიდა? - იკითხა გიამ, როგორც კი ნუკრი ოთახში შებრუნდა.
- სახლში, გია...

გიას ხმაც არ ამოუღია, თავის პალტოს დაავლო ხელი და სახლიდან გავიდა.
კიბეზე დაეწია მაგდას. პალტოს გზადაგზა იცვამდა.
- რატომ გამომეპარე?! 
- გია, შენ ხარ? რა გაცილება მინდოდა? ორი გაჩერებაა სულ.
- მე მაინც გაგაცილებ... მოდი, ფეხით წავიდეთ.  შეხედე, რა თბილი ღამეა!  თანაც საქმე მაქვს შენთან...
- ჰო, თუ გავითვალისწინებთ, რომ დეკემბერია, საკმაოდ თბილა... ისე კი - გვარიანი სიცივეა, - გაეცინა მაგდას და პალტოს საყელო აიწია.

მაგდა და გია კარგა ხანს ჩუმად მიდიოდნენ. უეცრად გია გაჩერდა. მაგდაც შეჩერდა.  გია რაღაც უცნაურად უყურებდა.
- გია, რა მოგივიდა, ცუდად ხომ არ ხარ?! - მზრუნველი ხმით ჰკითხა მაგდამ.
- არა... მაგდა, ერთ კითხვაზე მიპასუხე, მხოლოდ არ მომატყუო: რატომ წამოხვედი ასე უცებ? შენ ხომ ძალიან კარგ ხასიათზე იყავი, სანამ ნუკრიმ რაღაც არ გითხრა?! 
- კი, მაგრამ, რა იცი, რომ მანამდე კარგ ხასიათზე ვიყავი?... ან ნუკრის რა უნდა ეთქვა ისეთი?
- არ ვიცი... მე მთელი საღამო გაკვირდებოდი.
- რატომ? მეტი საქმე არ გქონდა?
- არა!... მე უნდა ვიცოდე, რა გითხრა ნუკრიმ!
- და იქნებ ეს საიდუმლოა, რომელიც არ მინდა სხვას ვუთხრა?
- მე სხვა არა ვარ!... მაგდა, გთხოვ, გემუდარები... მითხარი, რა გითხრა ნუკრიმ? 

გიამ ისეთი თვალებით შეხედა მაგდას, რომ მან თავისდაუნებურად თქვა:
- მითხრა, რომ დათოს მაიკო უყვარს...
- და შენ ამიტომ წამოხვედი? ღმერთო, არ მჯერა!... მაგდა, რა იყო შენი წამოსვლის მიზეზი?!

მაგდამ ვერ გაიგო, რატომ არ დაიჯერა ეს საშინელი სიმართლე გიამ... სიმართლე, რომელმაც თავდაყირა დააყენა მაგდას წარმოდგენა სიყვარულზე, ბედნიერებაზე...
- გია, შემცივდა!.. მოდი, თან ვიაროთ და გზადაგზა ყველაფერს მოგიყვები.  ჩვენ ხომ მეგობრები ვართ?
- სიმართლეს მეტყვი?
- რა თქმა უნდა... ისე, მე აქამდეც სიმართლე გითხარი...

მაგდა ადგილიდან დაიძრა. გიაც მას მიჰყვა.
- შარშან ივლისში მივიღე წერილი, რომელშიც ვიღაც სიყვარულში გამომიტყდა... წერილი ხელმოუწერელი იყო.
- შენ მიხვდი, ვინ იყო იმ წერილის ავტორი?
- ვერა, გია, სამწუხაროდ - ვერა... მაგრამ, მეგონა, რომ დათო იყო.
- დათო?... კი, მაგრამ, რატომ გეგონა, რომ მაინცა და მაინც დათო უნდა ყოფილიყო?
- თავადაც არ ვიცი... გია, იქ ეწერა ერთი წინადადება: "და ჩვენი მეგობრობაც..."
- "... ამ სიყვარულის საფარია და მეტი არაფერი..." - გიამ სიტყვა ჩამოართვა მაგდას.
- კიდევ, გია? კიდევ რა ეწერა წერილში? - გაოცებული, გაოგნებული, დაბნეული სახით წარმოთქვა მაგდამ.
- "ო, სიყვარულო! სიყვარულით ტანჯულო სულო!... სათუთი გრძნობით შეპყრობილო..."
- კმარა! - შეჰყვირა მაგდამ, - ესე იგი, ეს წერილი შენ გამომიგზავნე?... კი, მაგრამ, რატომ?!
- გავიმეორო, რაც წერილში მიწერია?...  მაგდა, მე შენს გამო გადმოვედი თქვენს კლასში!
- ჩემს გამო?!
- ჰო, შენს გამო!... აი, ახლა შენ ყველაფერი იცი. მაგრამ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ წამოხვედი ასე მოულოდნელად. არავის დამშვიდობებიხარ, გამოიპარე!
ან რა შუაშია აქ ჩემი წერილი?!...
- შენ გინდა, რომ ესეც გითხრა?  კარგი, მისმინე: უკვე გითხარი, წერილის ავტორი დათო მეგონა-მეთქი. ნელ-ნელა დათოზე ფიქრი ამეკვიატა და ბოლოს ჩემში ამ ფიქრებმა ისე შორს გაიდგეს ფესვები, რომ მივხვდი: მე დათო შემიყვარდა!
- გამოდის, იმ წერილით ძალით დავიღუპე თავი? - გიამ თავი დახარა და გამშრალი ტუჩები მოილოკა.
- მაცადე, ნუ მაწყვეტინებ... მე დათო შემიყვარდა!... თანდათან სულ უფრო ნაკლებად წარმომედგინა, რომ წერილის ავტორი სხვა შეიძლებოდა ყოფილიყო. მერე, თითქოს, იმაშიც დავრწმუნდი, დათოს ნამდვილად ვუყვარვარ-მეთქი... მე ხომ მას შეყვარებული თვალით ვუყურებდი?! ამიტომ მისგან ნებისმიერ თბილ დამოკიდებულებას სიყვარულს ვარქმევდი!... და აი, დღეს ნუკრიმ გამიმხილა, რომ დათოს მაიკო უყვარს!.. გესმის? მაიკო, და არა მე!... გაოგნებული დავრჩი!  თითქოს ცივი წყალი გადამასხესო, უცებ გამოვფხიზლდი!... დროზე მოვედი გონს! "მაგდა, - ვუთხარი საკუთარ თავს, - შენთვის დათოც და მაიკოც მეგობრები არიან! მეგობრებს კი, თუ შეგიძლია, უნდა დაეხმარო-მეთქი..." ძალა მოვიკრიბე და საკუთარი ხელით მივუყვანე მაიკო დათოს სიყვარულის ასახსნელად... მაგრამ მე თავად საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საკუთარი თავი რომ არ გამეცა, ამიტომ წამოვედი. დამშვიდობება რომ დამეწყო, აუცილებლად გაჩნდებოდა კითხვა, რატომ მივდიოდი ასე მალე... მე კი პასუხი არ მქონდა... ახლა შენც ყველაფერი იცი.
- გმადლობთ, ღმერთო! მე ხომ მეგონა, რომ შენ ნუკრი გამოგიტყდა სიყვარულში?!... ვიცოდი, რომ დათოს მაიკო უყვარდა, ამიტომ მას კონკურენტად არ ვთვლიდი... ნუკრი კი... ნუკრი ძალიან კარგი ბიჭია და არ მინდოდა, მას გადავღობებოდი გზაზე!... რა ბედნიერებაა, რომ ნუკრის არ უყვარხარ!... არა, უყვარხარ, მაგრამ მხოლოდ მეგობრულად...

მაგდამ ისეთი გაოცებული სახით შეხედა, რომ  გიას გაეცინა.
- გმადლობთ, მაგდა, რომ სიმართლე მითხარი, თუმცა კი ჩემთვის არც თუ სასიამოვნო სიმართლე... ახლა კი ჩემს წერილზე გამეცი პასუხი. შენ... მაგდა, მე არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე ჩემსკენ მოგიბრუნდება გული. და, იცი, რატომ? იმიტომ რომ დათო შენ ჩემი წერილის შემდეგ შეგიყვარდა! ფაქტიურად, შენ ამ წერილის ავტორი შეგიყვარდა! ასე არ არის? 
- სირანო დე ბერჟერაკი...
- ჰო, თუნდაც!.. შენ მე უნდა გიყვარდე, და არა დათო.  შენ არ გაქვს უფლება, რომ არ გიყვარდე! იმიტომ რომ მე შენს გამო სიცოცხლეს დავთმობ!  ჰო, სიცოცხლეს დავთმობ და შენ - ვერა!  მე შენ მიყვარხარ, მაგდა! შეგიძლია ეს გამიგო?  - გიამ მხრებში მოჰკიდა ხელი, თავისკენ მიიზიდა და სანამ მაგდა რამეს მოიფიქრებდა, გულში ჩაიკრა.

მაგდამ თავი დაღუნა და გიას მკლავებიდან გათავისუფლება სცადა, მაგრამ გიამ კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები.
- გია, გეხვეწები, გამიშვი, გია!... ხალხი დაგვინახავს, გია, გემუდარები!  - მაგდას ცრემლები მოერია და ჩუმად ატირდა.

გიამ ცალი ხელით მაგდას თავი გადაუწია და უცებ მის ცრემლიან თვალებს წააწყდა.
- მაგდა, შენ ტირი? - გია შეცბუნებული შედგა, შემდეგ მაგდას ხელი გაუშვა და დამნაშავის სახით გაჩერდა.
- გია... - მაგდას ტირილი აუვარდა და ახლა თვითონ მიეყრდნო მკერდზე გიას.

გიამ მაგდას ხელები მოხვია, მაგრამ... ეს იყო სულ სხვა გრძნობა, გრძნობა მფარველობისა!... გიამ მაგდაში დაინახა პატარა, უმწეო გოგონა, რომელიც წართმეული სათამაშოს გამო ტიროდა და რომელსაც ალერსიანი, თბილი სიტყვით დამშვიდება სჭირდებოდა. გიამ თავი დახარა და მაგდას შუბლზე აკოცა.
- სუ, ჩემო პატარა! ნუ ტირი! ყველაფერი კარგად იქნება! შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ?! - გიამ თავისი ცხვირსახოცი ამოიღო და მაგდას ცრემლები შეუშრო.

მაგდამ ისეთი გულუბრყვილო თვალებით შეხედა გიას, იმდენი სითბო და ნდობა ჩანდა ამ თვალებში, რომ გიას ძალაუნებურად გაეღიმა, შემდეგ მაგრად, ძალიან მაგრად მოხვია ხელები და ჯერ ლოყაზე აკოცა, შემდეგ კი ჯერ კიდევ სველ ლამაზ თვალებში.
- ჩემი პატარა სულელი გოგო! რა მეშველება უშენოდ, მაგდა?! მე ვერ გავძლებ უშენოდ, გესმის?... შენ ჩემი პატარა ცისფერი ფერია ხარ! ჩემი ოცნება ხარ! ჩემი სიზმარი ხარ და, რადაც არ უნდა დამიჯდეს, ვიცი, რომ სინამდვილედ იქცევი!  მე მჯერა ამის. მე შენზე ფიქრით ვარსებობ... გჯერა ჩემი? უნდა გჯეროდეს! შენ არ გაქვს უფლება, არ დამიჯერო! მე შენით ვცოცხლობ და შენ უნდა მაცოცხლო, მაგდა!
- კარგი, გეყოფა, გამიშვი ხელი... გვიან არის უკვე.

გიამ ხელები გაუშვა და გვერდით გაჰყვა მაგდას. მაგდა დროდადრო გიასკენ იხედებოდა და მის დაჟინებულ მზერას რომ აწყდებოდა, თავს დაბლა ხრიდა.

გია მაგდაზე ერთი თავით მაღალი იყო. სწორი, ოდნავ დატალღული მუქი წაბლისფერი თმა ლამაზად ჰქონდა გვერდზე გადავარცხნილი. შავი, ცეცხლოვანი თვალები ჰქონდა, სწორი ცხვირი, ოდნავ სქელი ტუჩები... ჩოგბურთს ბავშვობიდან მისდევდა და გარეგნობაზე ეტყობოდა კიდეც: განიერი ბეჭები ჰქონდა და წვრილი წელი. თავისი ვაჟკაცური იერის გამო, 17 წლის ბიჭი 19-20 წლისას ჰგავდა.

გია პირველი კლასიდან ფრიადოსანი იყო. განსაკუთრებით ფიზიკა-მათემატიკა იტაცებდა, თუმცა არც ლიტერატურისადმი იყო გულგრილი. არასოდეს სჯერდებოდა მხოლოდ სასკოლო პროგრამას. გალაკტიონს აღმერთებდა, ზეპირად იცოდა მისი თითქმის ყველა ლექსი.

გიას მეგობრები მასში, ყველაზე მეტად, იუმორის გრძნობას აფასებდნენ. მოსწრებული სიტყვა-პასუხი ჰქონდა, მაგრამ არასოდეს გადადიოდა დაშვებულ ზღვარს. არასოდეს ეშლებოდა, ვისთან როგორ უნდა მოქცეულიყო. კარგი მეგობარი იყო გია, მასზე მინდობა შეიძლებოდა, - თავისი სიტყვის პატრონი იყო. შეცდომას დიდსულოვნად პატიებდა ადამიანს, ღალატს კი - არა... სულ მცირე ღალატსაც კი არ აპატიებდა არავის, თუნდაც საყვარელ ადამიანს. ბევრისთვის გულის მესაიდუმლე იყო, ბევრისთვის - კეთილი მრჩეველი თუ ქომაგი, ბევრს - უწყრებოდა კიდეც, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ ეს გულისწყრომა სამართლიანი იყო. ალალი ბიჭი იყო გია, გულმართალი, მაგრამ გულგახსნილი კი - არა. არავინ იცოდა, რატომ გადმოვიდა გია X-ა კლასში, თუმცა კი ყველას გაუხარდა მისი გადმოსვლა...

და აი, დღეს მაგდასთვის ყველაფერს აეხადა ფარდა. მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. მის გულში რაღაც ახალი გაჩნდა, რომელიც ჩუმად ტოკავდა ერთ ადგილზე, თითქოს გაზრდას, თუ ადგილიდან დაძვრას ცდილობსო... მალე ეს რაღაც გაიზარდა, ფორმა მიეცა და მაგდამ გონების თვალით დაინახა, რომ ეს გიას ხატება იყო!  ამ გიამ ნელ-ნელა შეავიწროვა მაგდას გულში დღემდე ჩაბუდებული დათო...  დათო საცოდავად მიიჭყლიტა გულის კუთხეში. მერე ამ დათომ გაიბრძოლა, თავისი კუთვნილი ადგილის დაბრუნება სცადა მაგდას გულში, მაგრამ გია უფრო ძლიერი აღმოჩნდა, - დაჯაბნა დათო, შეავიწროვა და ბოლოს სულ განდევნა!...

მიხვდა მაგდა, რომ მის გულში გია გაბატონდა, რომ მის გონებას ახლა გია მართავდა... და მაგდას გული აუფართხალდა ამ საოცარი აღმოჩენისაგან!
"ღმერთო ჩემო, რა დამემართა?! რატომ მიცემს გული ასე ძალუმად?! ნუთუ ჩემზე გიას სიტყვებმა იმოქმედა?... არა, ეს შეუძლებელია!"
- რა არის, მაგდა, შეუძლებელი?! - გიას სიტყვებმა მაგდა ფიქრებიდან გამოიყვანა.
- რა იცოდი, რომ ეს გავიფიქრე ამ წუთას?!
- კი არ იფიქრე, ხმამაღლა თქვი: " არა, ეს შეუძლებელიაო..."
- სხვა ხომ არაფერი მითქვამს რამე? - შეცბუნებულმა იკითხა მაგდამ.
- სხვა? არა, არაფერი... მაგრამ, რადგან შეგეშინდა, ესე იგი, კიდევ გაიფიქრე რაღაც. ხომ ვერ გვეტყოდით, მაინც რა?... გიამ ხელი გადახვია მაგდას და თავისკენ მიიზიდა.
- არა, არაფერი, გია!  აი, მოვედით კიდეც... ახლა ჩემით წავალ.
- არავითარ შემთხვევაში! დეიდა ნინოს ჩავაბარებ შენს თავს და მხოლოდ შემდეგ მოგცილდები.

მაგდა და გია სადარბაზოში შევიდნენ და ლიფტი გამოიძახეს.
- ზევითაც ამოხვალ?
გიამ უპასუხოდ დატოვა ეს კითხვა. ლიფტში ჯერ მაგდა შეუშვა, შემდეგ თვითონ შევიდა და "8" ღილაკს მიაჭირა ხელი.
- გია!..
- ჩუუუ!... ავალთ და ჩამოვალთ... დიდხანს მინდა გიყურო!... მაგდა, ერთხელ გაკოცებ და ხომ არ გეწყინება?
- მეწყინება... და თან - ძალიან!
- მაშინ შენ მაკოცე... ერთხელ, მხოლოდ ერთხელ!

მაგდამ გიას თვალი თვალში გაუყარა და გაჩუმდა. მერე თავი გადაიქნია, თითქოს აბეზარი ფიქრი მოიშორაო თავიდან...
- კარგი, გაკოცებ, ოღონდ შენ ხელი არ მახლო, კარგი?

მაგდამ გიას თავი დააწევინა, ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა. უეცრად გიამ ხელები შემოხვია, ძალიან მაგრად მიიკრა მკერდზე და კოცნა დაუწყო. უკოცნიდა შუბლს, თვალებს, ლოყებს, ყელს... გია მაგდას ტუჩებს ეძებდა, ის კი თავს აქეთ-იქით აბრუნებდა და გიას კოცნას თავიდან იცილებდა.
- გია!... გია, ხელი გამიშვი!... უსინდისო!... - მაგდამ სახე გიას მკერდში ჩამალა და თან ხელიდან გასხლტომას ცდილობდა, - გია, თავი დამანებე-მეთქი!

ამ დროს ლიფტი გაჩერდა და გიამ ახლა "4" ღილაკს დააჭირა თითი. ამით ისარგებლა მაგდამ და გიას ხელიდან გაუსხლტა.
- ახლოს მოსვლა არ გაბედო!... უსინდისო!... მე კი, როგორ ვენდე!
- მაგდა...
- ჩემი სახელი არ ახსენო!.. თავი დამანებე!... როგორ მიბედავ?!
- მაგდა... გაიგე, რომ მიყვარხარ! მაპატიე, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი! ღვინის ბრალია!... ხომ მაპატიებ, მაგდა?!  გევედრები... - და გია მუხლებზე დაეშვა მაგდას წინაშე.

მაგდა მოულოდნელობისაგან დაიბნა, ვეღარაფერი თქვა... თავს ვერ უტყდებოდა, თორემ არც თუ ძალიან იყო გიაზე გაბრაზებული... შეეცადა, რომ რაც შეიძლება მკაცრი სახე მიეღო...
- კარგი, გეყოფა... ადექი ფეხზე... მე ღმერთი არა ვარ, ჩემს წინ რომ იჩოქებ! გაპატიებ ერთი პირობით: ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდება!

ამ დროს ლიფტიც გაჩერდა. მაგდა ლიფტიდან გამოვიდა და ისეთი სახით შეხედა გიას, რომ მან წამოდგომაც კი ვერ მოახერხა და ასე, დაჩოქილმა დააჭირა "1" ღილაკს ხელი.

მაგდას კარი ნინომ გაუღო.
- მოხვედი, შვილო?
- ჰო, წამოვედი... - მაგდამ პალტო გაიხადა და ოთახში შევიდა. 
- მარტო შენ? თუ ყველა ერთად?
- არა, სხვები დარჩნენ. მარტო წამოვედი... უფრო სწორედ, გია გეგეჭკორმა გამომაცილა.
- კარგი, შვილო... მაგდა, ჩაის დალევ?
- არა, დე, არაფერი მინდა... მამა სად არის?
- სასწრაფოდ მივლინებაში გაგზავნეს. 3-4 დღე არ ჩამოვა. რატომ მეკითხები?
- ისე... დედი, წავალ, დავწვები... თავი მტკივა რაღაც...

მაგდა თავის ოთახში შევიდა. ლოგინი გაშალა, კაბა გაიხადა და კარადა გამოაღო, რომ საკიდზე ჩამოეკიდა... კარადის სარკეში საკუთარი ანარეკლი დაინახა. ახლოს მივიდა და სარკის წინ გაჩერდა. კარგა ხანს იდგა ასე, თავის თავს ათვალიერებდა. სინათლე არ აუნთია... მეორე ოთახიდან შემოღწეული სინათლის შუქზე მაგდას თეთრი კანი სარკეში თოვლისფრად ირეკლებოდა. განსაკუთრებით მკერდის სითეთრემ მოსტაცა თვალი. რაღაც, დღემდე შეუცნობი ქალური სიამაყე იგრძნო... თავის ორეულს გაუღიმა.

"ნეტა რა შეუყვარდა გიას ჩემში?... ცისფერი ფერია... რატომ ცისფერი და არა, ვთქვათ, თეთრი ან ვარდისფერი?! მე ხომ თეთრი უფრო ვარ, ვიდრე ცისფერი?!... ან არა და, რატომ ვარ მისთვის ფერია?... ნუთუ მართლა ისე ვუყვარვარ, როგორც ამბობს? რა საინტერესოა, როცა ვინმეს უყვარხარ, არა?... არა, საინტერესო კი არ არის, სასიამოვნოა!... ჰო, სასიამოვნო!.. რაღაც, უფრო ამაღლებულად გრძნობ თავს... რა კარგად აქვს ნათქვამი ბალზაკს: "Раба ты, женщина, когда любишь, а царствуешь тогда, когда любима ты!.." მართლაც, მე მიყვარდა დათო და მზად ვიყავი, ყველა მის სურვილს ფეხქვეშ გავგებოდი... მაგრამ... თუმცა, რა მაგრამ?... განა ესეც ჩემი სიყვარულისა და ერთგულების დამტკიცება არ არის, რაც მე დღეს გავაკეთე?... მე ხომ თავად ვუთხარი მაიკოს, რომ დათოს ის უყვარდა?! მე ხომ ჩემი სიყვარული დათოს სიყვარულსა და ბედნიერებას შევწირე მსხვერპლად?!.. სწორად მოვიქეცი? სწორად მოვექეცი საკუთარ თავს?... ან დათო კი იქნება ბედნიერი მაიკოსთან?... თუმცა ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის!... არჩევანი მან თავად გააკეთა! იყოს ნება მისი!... მე, რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე, - გზიდან ჩამოვეცალე... მიხვდება კი დათო, რა მსხვერპლი გავიღე? იქნებ პირიქითაც მოხდა და ჩემი განზე გადგომით ვიძიე შური?!... შურისძიების ობიექტად ვაქციე დათო? მაიკო და დათო... სასაცილოა! ან არ არის სასაცილო!... ვეღარ ვფიქრობ... ვეღარაფერზე!... უნდა დავწვე და დავიძინო! და არაფერზე აღარ უნდა ვიფიქრო!..."

მაგდა ლოგინში ჩაწვა, თვალები დახუჭა... გია წარმოუდგა თვალწინ, მუხლზე დაჩოქილი რომ იდგა მის წინ ეს ამაყი ბიჭი და გაეღიმა... მაგდა ფიქრებმა გაიტაცეს და ამ  ფიქრებში ჩაეძინა კიდეც.


(გაგრძელება იქნება)



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები