ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2015


რა მეგონა?!

გადარევა შეიძლება
ამოდენა ოცნებებით,
გადარბიან ღრუბლები და
ზეცას სწვდება ქარი რძისფერს,
რა მეგონა მეც, ამხელა
ემოციებს რომ შევები,
სიზმრებივით ვბოდავ სტროფებს -
გამდინარე წყალი მისმენს.

შორეული მთების მკერდზე
თოვლის გული დახატულა,
ჰორიზონტის გაშლილ ველზე
ჩამოვჯექი ფიქრიანად,
ციცქნა გოგო ასკინკილით
დათამაშობს - თვალხატულა,
მომანატრა ბავშვობა და
გულისცემა მიფრიალებს.

თავადაც გამკვირვებია -
როგორ ვუძლებ ამ მძაფრ განცდებს,
ისიც ერთგვარი შვებაა,
ლექსებს რომ ვემეგობრები,
ჩემ გარშემო ყველაფერი
პოეზიით გადავავსე,
თუმც, მით უფრო ვუძლურდები,
ტკივილი რომ მეღობება.

მაგრამ მაინც წამოდგომის
ძალას მაძლევს-ხოლმე ღმერთი,
მივენდობი მის სიდიდეს,
ვამბობ: იყავ შენი ნება...
ბოლოს მაინც რჩება რაღაც,
რაც ვერასდროს სრულად ვერ ვთქვი -
შეგრძნებები, რომლებითაც
გადარევა შეიძლება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები