ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
25 მაისი, 2015


საზღვრებს გარეთ

თუ ეჭვი გაქვს, რომ ეს ცხოვრება მარათონია,
პასუხად უნდა გადაშალო ძველი ალბომი,
ქმარსგაყრილ ღამეს, რომ გაექცე, არამგონია,
არც ის მგონია, მე გამექცე, ჩემო, სახელი...

ჩვენი განრიგი გაცილებით პედანტურია,
ვიდრე შენ ფიქრობ, ფესვებიდან ამოკვეთილო,
ძველ წიგნში თავი ჩაგინიშნე, რომ მოგენატრო,
ეს და ეს გვერდი. ეს აბზაცი. ეს მონაკვეთი.

თუ წიგნზე გული არ მიგივა, ნაცნობ ფასონზე
გამოეწყვე და თავი ასე მოიწესრიგე...
მერე ის ფოტო მოიგონე, ჩემგან, სახსოვრად,
ფანქრით, რომ ლექსი მიგიწერე დათარიღებით.

ჩემზე რა გითხრა, სულ ჩავწყვიტე ხიდი წარსულთან,
არც უბრალო ვარ, არც რთული და არც თავმომწონე.
აქ წვიმის შემდეგ, ხის ქვეშ, ობლად ამოსულები,
ლამის დავკრიფო მეგობრები სოკოებივით.

ხან ისე მტკივა ყველაფერი, მინდა ვიყვირო,
ხან ისე მღრნიან ეს დღეები, როგორც ვირთხები,
ბალახებში ვარ გაჩხერილი, როგორც გვირილა,
და ქარი ფოთლებს ისე მაცლის არც მეკითხება,

ბოლოს და ბოლოს არც ძალაა რამის კეთების,
და მხოლოდ ის, რომ უმეტეს დროს ფიქრისას გითმობ,
აჰა, ამ წერილს გამოვგზავნი პოლონეთიდან,
ამა და ამ წელს. ესა თუ ის. მაისი. სითბო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები