ნაწარმოებები



ავტორი: ლიპო
ჟანრი: პოეზია
26 მაისი, 2015


მახსოვს

მახსოვს,იყავი პირველ ფანტელზე ნაზი,
ოცნებით სავსე,ბავშვის თვალები გქონდა,
ღამე ფიქრივით იკლაკნებოდა გზაზე,
შენ, მიდიოდი ამ გზით და ისე თოვდა,
რომ ოცნებაც კი ვერ დაიტევდა ამ თოვლს,
შენ მიდიოდი და მიტოვებდი ტკივილს,
ზოგჯერ ძნელია,რომ მარტოობა დათმო,
ზოგჯერ ნაპირთან ძაღლივით დაბმულ ტივებს,
აღარ უნდათ რომ ტალღებს თამაშში აჰყვნენ...
და მეც გაგიშვი,მეც მოგაცილე მზერა,
მერე სიგიჟეს ავეკვიატე,ვაფრენ
ახლა და ქუჩებს ღამის ქარივით ვსერავ.
შენ,ვერ გპოულობ,თოვლიც უდროოდ დადნა,
გზაც გადაკვეთა არაფრის მთქმელმა შარამ,
ახლა,თოვლივით ციდან სიჩუმე ბარდნის,
მეც ჩემს ტკივილებს ნაზი ღიმილით ვფარავ.
დრომ დამავიწყა შენსკენ სავალი გზები,
დრო ლაჩარია,დრო დაბერდა და ფრთხილობს,
მალე ზამთარი თავიდან დაიწყება,
მე კი ვეცდები რომ აღარ გავაფრინო.
მახსოვს? მე უკვე აღარაფერი მახსოვს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები