ნაწარმოებები



ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 მაისი, 2015


შევხვდი

შევხვდი.
ყაყაჩოებმა  მიმიტყუეს...ფერდობიდან წითლად მიცინოდნენ, მიხმობდნენ. ტროტუარიდან ბორდიურზე ავაბიჯე და გადავახტი.
ჩემი მიწაზე დახტომა და მისი გასრიალება ერთი იყო.
წამებში მოხდა ყველაფერი.
ისე მედიდურად, ისე სწრაფად...-შეშინებაც ვერ მოვასწარი.
ამ ადგილას ნამდვილად არ მოველოდი. ზოგადად მიფიქრია მასთან შეხვედრაზე, მაგრამ არა აქ,  ამ შუა ქალაქში. იქვე გავშეშდი სადაც დავხტი. 
გააასრიიალდა...-ეს არაა ის "სიტყვა"...
ჰო, ასეა, შიშით არ შემშინებია, თორემ შეუძლებელია შეშინებულმა ადამიანმა ასე მკვეთრად დააფიქსირო...-სამი დღეა თვალიდან არ გადამდის მისი ტანის , თავიდან მძიმე-მძიმე მიხვრა-მოხვრა... შემდეგ კი , თითქოს სიჩქარე აკრიფაო, ისე უცებ გაშპა.
წავიდა, გამერიდა,  გრაციოზულად, ღირსებებით  სავსე...-არა, არც ეს სიტყვები აღნიშნავენ იმას, რაც მის წასვლაში გამოიხატებოდა.
"ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ სიმშვიდე დამირღვიე, ან რამენაირად შეგეძლო ამის გაკეთება, არც ის რომ ვერ გავბედავდი შენთან შებრძოლებას, - მაგ შემთხვევაში ჩემ გამარჯვებას მხოლოდ წამი დასჭირდებოდა.- არც ის, რომ რაიმე ლტოლვა მქონდა, შენთან,როგორც ჭკვიანი მოდგმის წარმომადგენელთან...( აქ ალბათ ჩაეცინებოდა მთელ ტანში) არც ის, რომ თავის გამოჩენა მინდოდა, არც ის , რომ დამალვა არ შემეძლო...არც ის და არც ის....უბრალოდ მინდოდა გენახა, მინდოდა გენახა, რომ  ეს ყველაფერი შემეძლო თავისუფლად, მაგრამ წავედი, გაგეცალე...შენ ხომ ყაყაჩოებთან მიდიოდი, გზას ვერ გადაგიჭრიდი, არ ვიქნებოდი მართალი. შემეძლო ჩუმად წასვლაც, მაგრამ სულმა წამძლია, მინდოდა დაგნახვებოდი ჯერ..."
აი, რამდენი რამ მითხრა, ტანის ერთი მსუბუქი აქნევით და გაცურებით. არადა ყველაფერი ერთ წამში მოხდა.
არ ვიცი , არ ვიცი, სამი დღეა ამაზე ვფიქრობ.
ახლა ვიზაფრები შიშით...ხომ შეიძლებოდა?...-არა, არაფერი შეეშლებოდა
თითქმის დარწმუნებული ვარ, მაგრამ ისეთი მედიდური მოძრაობა ქონდა და ისეთი ძლევამოსილება იმალებოდა მის ტანში, ჯობია მეორედ აღარ შემხვდეს. ეგება სხვა ხასიათზე იყოს?...ისევ გადამარჩენენ ვითომ მიამიტი ყაყაჩოები?...მეორედაც გავივლი ბეწვის ხიდზე?...ჩემი თავის უფრო მეეჭვება, მის ღირსებაში კი ვერც გავბედავ ეჭვის შეტანას. ერთი მოძრაობით მომნუსხა და მომაჯადოვა. სამი დღეა მასზე ვფიქრობ.
ჰო, შევხვდი და ამ შეხვედრის მერე,  მეტად მნიშვნელოვანი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში... -"სიტყვებმა"  დაკარგეს, ძალა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები