ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
7 ივნისი, 2015


"პატარა თეონას პატარა ისტორიები". თავი 15. ზღვაზე

ოთხი წლის იყო თეონა, დედამ და ბებიამ პირველად რომ წაიყვანეს ზღვაზე გაგრაში.
პატარა, წითელი რეზინის ”კამერები” უყიდა მამიკომ თეონასაც და ნინუცასაც.
ზღვის დანახვაზე გოგონები შეცბნენ. შიშით მიუახლოვდნენ ამდენ წყალს და  ნაპირთან შეჩერდნენ.

ზღვამ თითქოს იგრძნო, გოგონები შიშით რომ ვერ მიდიოდნენ წყალთან და თავად გადაწყვიტა ახლოს მისვლა, - წყლის კალთა აიკეცა, უფრო ძლიერად წამოიწია წინ და გოგონების ფეხებთან  ალმასივით გამჭვირვალე წვეთებად ჩამოიმსხვრა....

მექანიკურად, თეონამ წინ წადგა ნაბიჯი, ნინუცამ კი - უკან დაიხია...

- დე, დღეს უტვე შეიძლება ბანაობა? რა ლამაზია, არა? დე, ხო ვიბანავებთ დღეს?
- კი, თეონა, იბანავებთ... მოდი, ტანზე გაგხდით.
- ნინუცა, დღეს უტვე ვიბანავებთო, ვაშაააა!
- თეონა, არ გეშინია? ნახე რა ბევრი წყალია?
- არა, ნინუცა, არ მეშინია! და შენ რატო დეშინია? ტამერა ხო დვიყიდა მამამ?
- მერე რა? მაინც მეშინია...

თეონამ დედას თავისი ”კამერა” გააბერინა, ტანზე ჩამოიცვა და სველ კენჭებზე ჩამოჯდა.

დედამ ნინუცა  ნაპირზე დატოვა ბებოსთან, თეონას კი - ხელი მოჰკიდა და ფრთხილად შევიდა წყალში.  ზღვამ თეონას ”კამერა” აიტაცა და  თეონა წყალის  ზედაპირზე აატივტივა.

მოეწონა თეონას ზღვაში ბანაობა...
სასიამოვნოდ შემოხვია ზღვამ სველი ხელები, მიუალერსა, მიესიყვარულა...
შიში გაუქრა თეონას და თავადაც მოეფერა წყალს...
და ჰოი, საოცრებავ, - თეონას ”კამერა” ადგილს მოსწყდა და გაცურდა!

მოეწონა ცურვა, კიდევ მოუსვა ხელი...
- თეონა რას აკეთებ? საით გაცურდი, დედიკო?!
- ათეთ, დე, ათეთ მივცურავ, ნახე!
- უკან დაბრუნდი, დედი...

ცოტა ხანში დედამ თეონა ნაპირზე აიყვანა და ახლა ნინუცასთან ერთად ჩავიდა წყალში.
შეეშინდა ნინუცას, დედას ხელები მაგრად შემოხვია კისერზე და ასე მიწებებულივით დასრიალებდა დედასთან ერთად.

. . . . . . . . . . .

მეორე წელიწადს ზღვაზე მამიკოც წაჰყვა ბავშვებს.

თეონას გასაბერი ცხენი უყიდეს, ნინუცას კი - გასაბერი იხვი. ამ  ”კამერებს” უცნაური ფორმა ჰქონდა: ამოჭრილ რგოლში სკამი იყო ჩაკიდებული.

ვიდრე თეონა წითელი რეზინის მაშველი რგოლით ცურავდა, თამამად შედიოდა წყალში და საკმაოდ ღრმად გადიოდა კიდეც ზღვაში (ოთხი წლის ბავშვის კვალობაზე!).

და აი, მამამ ახალი მაშველი რგოლები გაუბერა გოგონებს, თან გააფრთხილა, - უჩემოდ ზღვაში არ შეხვიდეთო...
უფ, რა კარგად დაცურავდნენ გოგონები ამ ახალი რგოლებით?! მამიკო და დედიკოც სულ გვერდით ჰყავდათ!!! ზღვა კი ისეთი წყნარი იყო, თითქოს არც კი მოძრაობდა!
მხოლოდ ვიწრო არშიად  ქაფდებოდა პაწაწა ტალღები და უფაქიზესი თეთრი მაქმანივით  ეფინებოდა  ნაირფერ სველ კენჭებს.

ერთ დღეს კი სანაპიროზე გასულებს ზღვა აქოჩრილი დაუხვდათ.
არა,  ტალღები არც ახლა იყო დიდი, მაგრამ... ზღვა აღარ იყო გუშინდელივით მშვიდი.

თეონა დაღონებული შეჰყურებდა ხან აქოჩრილ ზღვას და ხან თავის გაბერილ ცხენს...
- მამიკო, დღეს არ ვიბანავებთ?
- იბანავებთ, მაგრამ მხოლოდ ჩემთან ერთად!

თეონამ  ”ცხენი” ამოიცვა და სველ კენჭებზე ჩამოჯდა. ცხენის გასაბერი რგოლი მჭიდროდ ესალტებოდა თეონას და ამიტომ მისი ცხენიდან ამოვარდნა - გამორიცხული იყო. ვერც ქვემოთ გაძვრებოდა, - ჩაკიდებული სკამი სანდოდ იცავდა ბავშვს.

ტალღა ტალღას მოსდევდა და თეონაც ნელ-ნელა ცოცდებოდა წყლისკენ...
მშობლები ხედავდნენ, რომ თეონა კენჭებზე იჯდა და ამიტომ მშვიდად იყვნენ.

მამას ვიღაც კაცი მიუახლოვდა... ხელი ჩამოართვეს, გადაკოცნეს ერთმანეთი...
თეონა ფეხზე წამოდგა და... ისე, რომ მშობლებს არ დაუნახავთ, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა წინ.

ტალღამ თეონას ცხენი აატივტივა და სიღრმისკენ შეაცურა.
თეონამ ფეხი ჰკრა მიწას და ...
უეცრად მოვარდნილმა დიდმა ტალღამ გაბერილ ცხენს თითქოს წიხლი ამოარტყაო, - მთელი ძალით  ამოჰკრა ქვემოდან და ცხენი ამოაყირავა!
თეონა მჭიდროდ იჯდა ცხენის რგოლში და ამიტომ თავდაყირა ჩაეკიდა წყალში, მაგრამ სულ ერთი წამით, რადგან ამ ტალღას კიდევ უფრო დიდი ტალღა მოჰყვა და თეონა თავისი ცხენიანად სიღრმეში შეითრია.

ტალღა რომ მოვარდა, მამამ თეონას დაუწყო თვალებით ძებნა და დაინახა კიდეც, როგორ შეითრია წყალმა ტალღის ქვეშ.  ტანსაცმლიანად შევარდა წყალში და ჩაყვინთა.
ვერ იპოვა. ჰაერიც აღარ ეყო, -  ამოყვინთა, ჩაისუნთქა და კვლავ ჩაყვინთა...

როცა თეონა ტალღამ დაფარა, იქვე ახალგაზრდა, 17-18  წლის ვაჟი იდგა. მან დაინახა, როგორ უმწეოდ ფართხალებდა გოგონა და მის კვალდაკვალ შეცურდა ტალღის ქვეშ.
ძლივს დაეწია და დიდი წვალებით გამოხსნა თეონა გასაბერი ცხენის  ”ტყვეობიდან”.

გალურჯებული და ბლომად წყალნაყლაპი თეონა იმ ვაჟმა წყლიდან გამოიყვანა და ხელში აყვანილი აიყვანა ნაპირზე.

და ამ დროს მამამ თვალი მოჰკრა თეონას წითელ ცხენს, რომელიც თავდაყირა ამოტივტივდა წყლიდან. მთელი სისწრაფით გაცურდა ცხენისკენ...
გასაბერი ცხენი ცარიელი დაუხვდა!
- თეონა, მამაააა! - განწირულად ამოიყვირა გიზომ და ტირილი აუვარდა. კინაღამ ჩაიძირა, ხელის მოსმა ვეღარ მოახერხა...

გიზომ პლაჟს გახედა და... პლაჟზე  ჩოჩქოლი შენიშნა.
მერე თინიკოც დაინახა...
თეონაც, ვიღაც ვაჟს რომ ეჭირა ხელში...
სწრაფად გამოცურა ნაპირისკენ...
თეონასთან მიიჭრა და ბავშვი ვაჟს ხელიდან გამოსტაცა.
- თეონა, რას მიშვები, მამა, რას?! -ამოიხრიალა გიზომ და თეონა გულში ჩაიკრა.

თეონას შიშისაგან ფერი არ ედო სახეზე, ტუჩები უკანკალებდა.
- მამიკო, ტალღამ მომიტაცა... მე ნაპირზე ვიჯექი... მერე ფეხზე ავდექი და იმან კიდე - მომიტაცა! ალბათ ჩემი ცხენი მოეწონა და წართმევა უნდოდა...

ვიღაც გოგონამ გასაბერ ცხენს აღვირში წაავლო ხელი,  ნაპირზე გამოიტანა  და თეონას მიუტანა.
გიზომ, ამ ცხენის დანახვაზე, თეონა დაბლა ჩამოსვა, ჩანთიდან სწრაფად ამოიღო ჯაყვა და გასაბერი ცხენი  ნაკუწებად აქცია.

გავიდა  ერთი დღე, მეორე, მესამე...
თეონა წყალში ვეღარ შეიყვანეს. წყალთან ახლოს მისვლისაც კი ეშინოდა.
ჩუმად იჯდა-ხოლმე მშრალ კენჭებზე და შიშჩამდგარი ზღვისფერი თვალებით შეჰყურებდა ზღვას...
და მხოლოდ გაგრაში ყოფნის ბოლო დღეს გაბედა თეონამ სველ კენჭებამდე მისვლა და ამ სველ კენჭებზე ჩამოჯდომა, - ეგონა, ისევ მოვარდებოდა ტალღა და თეონა კვლავ  უზარმაზარი ტალღის ქვეშ აღმოჩნდებოდა...

* * *
მხოლოდ 10 წლის შემდეგ გაბედა თეონამ ხელმეორედ ზღვაში შესვლა...
მანამდე, ყოველ წელიწადს ზღვაზე ისვენებდნენ და,  ყოველთვის, მოვარდნილი ტალღის შიში ჰქონდა.

თეონა და ნინუცა იმ ზაფხულს გაგრაში ისვენებდნენ, დედიკოსთან და მამიკოსთან ერთად.
მამამ თხუთმეტი წლის თეონას უზარმაზარი მაშველი რგოლი უყიდა...
აი, ამ რგოლით იჯდა ხოლმე თეონა სველ კენჭებზე და შეჰყურებდა ზღვაში მობანავე ნინუცას, რომელმაც ჯერ კიდევ გასულ წელს ისწავლა ცურვა და ახლა ცდილობდა, თეონა შეეტყუებინა ზღვაში.

- თეონა, შეხედე, ზღვა სულ არ ღელავს. გაბედე და შემოცურდი... რა სულელი გოგო ხარ, ახლაც ხუთი წლის ხომ არ ხარ, ტალღამ რომ  ამოგაყირავოს?
- დამანებე თავი! ახალგაზრდა მკვდარი არასოდეს გინახავს? ძალიან იცის ამ ზღვამ, ხუთი წლის ვარ მე თუ თხუთმეტის?!...
- გოგო, არ ღელავს ზღვა! რა ამოგაყირავებს?
- ოოო, შენ რომ ადამიანს შეუჩნდები, რაააა....

თეონა წამოდგა და ფრთხილად გადადგა ზღვისკენ რამდენიმე ნაბიჯი.

”ზღვა იყო მაშინ ისეთი მშვიდი,
რომ არც კი მახსოვს, იყო თუ არა...” 
თავისთავად ამოტივტივდა თავში ნაცნობი სტრიქონები....

ხო, ასეთი ზღვა არ აშინებდა თეონას...
ტერფი  ჩაყო წყალში...
თბილი იყო წყალი, თბილი და ალერსიანი...
გაბედა თეონამ და მუხლამდე წყალში შევიდა...
მოეფერა ზღვა,  მუხლისთავები დაუკოცნა...
წყალს გაუთამამდა და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა... შემდეგ კიდევ ერთი...
იმარჯვა ზღვამ, წელზე შემოხვია ხელები და...
უცნაური კვნესა მოსწყდა ბაგეებს!
შეჩერდა თეონა!...

თეონა  შეჩერდა, მაგრამ ზღვა - აღარ... მკერდზე შეეხო გრილი და სველი ხელებით...
საკუთარ თავს აღარ ეკუთვნოდა თეონა, – გრძნობდა, რომ უნდოდა მიწას მოწყვიტილიყო და ზღვის  სამყაროში შეცურებულიყო!...
სუნთქვა შეაჩერა, უნდოდა ეს წამიც შეეჩერებინა და ნეტარების წამები გაეხანგრძლივებინა!...
უნდოდა თეონას, რომ მთელი ხმით ეყვირა, მაგრამ... მხოლოდ ჩურჩულით ნათქვამი „მიყვარხარ“  მოსწყდა ბაგეებს!!!
ხელები გაშალა, რათა მკერდში ჩაეკრა ზღვის ლბილი წყალი, მაგრამ ზღვამ დაასწრო და პატარა ბავშვივით აიტაცა ხელში!!!

და თეონას რაღაც უცნაური კივილი აღმოხდა:
- მივცურაააავ! ნინუცა, შემომხედეეეე!
- რა გაყვირებს, გოგო... შენ კი არა, კამერა მიცურავს და კამერასთან ერთად შენც ტივტივებ წყალზე... სულ გაგიჟდა, რააა!
- ფუ, რა ცუდი ხარ... დიდი ხანია, რაც ცურვა ისწავლე?
- შენზე ადრე ხომ მაინც ვისწავლე, ოოოჰ!
ნინუცამ თავისი გასაბერი იხვი ზღვის სირღმისკენ ისროლა და მისკენ გაცურდა.

თეონა კი ნება-ნება უსვამდა ხელს წყალს და მაშველი რგოლიც ასევე ნება-ნება დაცურავდა ზღვის სარკისებურ ზედაპირზე.

იმ დღის შემდეგ მთელი კვირა გავიდა.
თეონა წყლიდან ვეღარ ამოჰყავდათ, სულ ზღვაში უნდოდა ყოფნა.
და აი, ერთ დღეს მამამ გადაწყვიტა, ლიძავაში მის ბიძაშვილთან სტუმრად ჩასვლა.

მეორე დღეს მამა, დედა, თეონა და ნინუცა მანქანით ლიძავაში ჩავიდნენ.
გენადის და ნუნუს ძალიან გაუხარდათ მათი ჩასვლა.
მალე პლაჟზე გადაწყვიტეს გასვლა.
საბარგული გახსნეს და...
სადაა თეონას კამერა?
სახლში დარჩათ, გაგრაში...
- უკამეროდ რა გავაკეთო? თქვენ იცურაოთ და მე გიყუროთ? ოოოფ?!...  გაგრაში დავბრუნდეთ!!! - წუწუნებდა თეონა, მაგრამ მისი წუწუნი რჩებოდა ”ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”!
- კარგი, ხო... რამდენი ხანია არ მინახიხართ... რა გაწუწუნებს? ხათუნას კამერა აიღე... - უთხრა გენადიმ.
- ხათო სამი წლის არის და... მისი კამერა როგორ ავიღო?
- ხელში დაჭირე და ისე იცურავე... ჩემსავით, - წაეხმარა ნინუცა...
- ოოო, მასე არ შემიძლია...
- აბა, როგორც გაგიხარდება, ისე იცურავე! ნუ შეგვაწუხე შენი კამერით... - ეს დედამ უთხრა მკაცრი ხმით...

თეონას ცრემლებით აევსო თვალები.
უხმოდ აიღო ხათოს მაშველი რგოლი  და პლაჟისკენ წავიდა.
პლაჟთან მისასვლელად ქუჩაზე უნდა გადასულიყო მხოლოდ...
წავიდა თეონა და სველ კენჭებზე ჩამოჯდა, წყალთან ახლოს. თან მაშველ რგოლს ატრიალებდა ხელში... თავისსავე  მაშველ რგოლს, რომელიც შარშან აჩუქა ხათოს, - წითელი რეზინისას, ყვითელსალტეებიანს, მძიმეს...

ცრემლები წამოუვიდა...
ტერფზე ნაზი შეხება იგრძნო, ალერსიანი, - ზღვის ტალღა მიეპარა და მიუალერსა...
თეონამ მაქსიმალურად გაბერა რგოლი, თავზე ჩამოიცვა, ცალი ხელი გაჰყო და...
ნურას უკაცრავად, მეტად ვერ ჩაეტია... ვეღარც გამოძვრა ამ რგოლიდან. დარჩა ასე, თავზე მაშველი რგოლის საშუალებით  მიბმული ხელით.
მაინც ჩავიდა ზღვაში და... ვაი ამ გაცურვას, მაგრამ მაინც გაცურდა.
ხანდახან თვალს ამოაპარებდა-ხოლმე პლაჟისკენ და ხედავდა ხალხის გაოცებულ თვალებს, მისი "თავ-მკლავური" ცურვის შემხედვარე...

დაიღალა.
პლაჟზე ამოვიდა და ასე, ასვეტილი ხელით ჩამოჯდა ცხელ ქვებზე.
ისევ ვერაფრით მოიხსნა შემოსალტული რეზინის რგოლი.
ნინუცა მიეხმარა, - რგოლი დაჩუტა და ისე მოაძრო თავ-მკლავიდან...

კარგა ხანს იჯდა პლაჟზე.
- მოიცა, რა, არ წავიდეთ ჯერ... ვნახოთ, კიდევ ჩავა წყალში? - შემოესმა ახალგაზრდა, ჩვიდმეტიოდე  წლის ბიჭის ხმა.
- აუ, ბიჭო, ეგეთი რამე არასდროს მინახავს... ან როგორ დაცურავს, ტო?... - აჰყვა მეორე, ცოტა უფრო ბიჭის  ბოხი ხმა.
- აბა, ბიჭო?! - ეს კიდევ ახალი ხმა იყო..

თეონამ თვალი გააპარა...
ათიოდე ბიჭი მათ სიახლოვეს იჯდა და აშკარა ინტერესით შეჰყურებდნენ თეონას.
თეონა მაშველ რგოლს წაეტანა და გაბერა.

- აუ, თუ ძმა ხარ, მარტო იმას ვნახავ, როგორ გაეკვეხება ამ რგოლში და მერე წავიდეთ, რა?
- ხო, კაი, ვიყოთ ჯერ...
- გეუბნები, რა, ასე, თუ არ ვივარჯიშე, ვერც გაცვურავ, ტო... - და ხარხარი გაისმა!

თეონას ნინუცა მიუახლოვდა და კბილებს შორის გამოუცრა:
- დადე ახლა ეს კამერა და არ გაბედო ზღვაში შესვლა... დაწყდნენ ის ბიჭები სიცილით!!!

თეონამ მკვეთრი მოძრაობით მიაბრუნა თავი ბიჭების ჯგუფისკენ, რგოლს ხელი დაავლო და საკმაოდ ხმამაღლა ”იმათ” გასაგონად თქვა:
- შე სულელო, გგონია ცურვა არ ვიცი? Ради спортивного интереса, მაინტერესებს, ასე თუ შევძლებდი ცურვას. არ გჯერა?  აი, მიყურე...

თეონა სწრაფად მივიდა წყალთან, რეზინის რგოლი სალტით დაიჭირა, თავს ზემოთ რამდენჯერმე სწრაფად დაატრიალა და... ისროლა!
რგოლი საკმაოდ მძიმე იყო და ამ უქარო ამინდში ძალიან შორს გაფრინდა.
უკან დასახევი გზა მოჭრილი იყო, - თეონა სირბილით წავიდა, წყალში გადახტა და ...

გაცურა!
გაცურა ისე, თითქოს ბავშვობიდან ცურვის მეტი არაფერი უკეთებიაო!
დედა, მამა, ბიძა თუ ბიცოლა - ფეხზე წამოხტნენ და საშველად მოემზადნენ, მაგრამ თეონას არ სჭირდებოდა მიშველება -  ლაღად, თავისუფლად, უშიშრად მიაპობდა წყალს!!!

მამამ სწრაფად გაიხადა შორტები, ისიც წყალში გადახტა, თეონას დაეწია და მის მხარდამხარ განაგრძო ცურვა.
- მამიკო, როდის ისწავლე ასეთი ცურვა? - ჰკითხა გაკვირვებით, - ან სუნთქვა როგორ დაარეგულირე ასე?
- ახლა მამა, ხუთიოდე წუთის წინ... უფრო ზუსტად კი - მე სულ ვიცოდი ცურვა და... გიმალავდით! - შესცინა თეონამ, - და სუნთქვა... რა, ”სუნთქვა”? ჩვეულებრივად ვსუნთქავ, როგორც ხმელეთზე...
- ყველაფერში უცნაური ხარ, მამიკო, დაბადებიდან!... გინდა, უფრო ღრმად შევცურდეთ?
- მინდა! მე მიყვარს ზღვა! და ზღვასაც ვუყვარვარ, მამა!!!  მე შენ მიყვარხარ, ზღვაოოოო!!! - მთელი ხმით შესძახა თეონამ და ზღვას ჩაეხუტა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები