ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
15 ივნისი, 2015


პერსი ბიში შელი - აპოლონის ჰიმნი

მიცქერენ მწოლარს  საათები უძინარობის,
ვარსკვლავ-ნაქარგი გობელენის როს მბურავს შირმა,
დაფარულია როცა ჩემგან ღამის მნათობი
და მიფანტავენ თვალებიდან მშფოთვარე სიზმართ, - 
ღვიძლი მშობელი ოდეს მათი - რუხი რიჟრაჟი,
ეტყვის - ზმანებებს და მთოვარეს გასვლია ყავლი.

მაშინ აღვდგები, ავცოცდები  ზეცის თავანზე,
მთაგრეხილებზე და ტალღებზე ვიწყებ სიარულს,
ოკეანეთა ქაფზე ვტოვებ მოხდილ საფარველს,
ნატერფალებით ვაკიაფებ ღრუბლებს და ქვაბულთ
თანადასწრებით გავანათებ, ხოლო ჰაერი
მწვანე მიწასთან შემატოვებს - ჩავიკრა მკერდში.
 
მზის სხივებია შუბ-ისრები ჩემი კაპარჭის,
მათით სიბნელეს დავამარცხებ და მოვკლავ ტყუილს;
ყოველი კაცი ავისმქნელი, ბოროტი ზრახვის,
სხივმომფინარე სიდიადეს  ძრწოლით გაურბის, 
კეთილ ზრახვებს და ქველ საქმეებს ვუახლებ ძალას,
ღამის საუფლოს ბატონობა ვიდრე დასძალავს. 
 
ღრუბლებს, ყვავილებს, ცისსარტყელათ ვანიჭებ საზრდოს,
ციურ ფერებით ავაჭრელებ; ბადრ სფეროს მთვარის,
ცის ვარსკვლავებსაც, მათ სამყოფელს სამარადჟამოს
ძალმოსილებით შემოვსალტავ თითეულს ქამრით;
დედამიწაზე რაც კაშკაშებს, მნათობთა შუქიც,
ნაწილებია ერთი ძალის, მე რომ მეკუთვნის.

ნიადაგ ვდგავარ შუბის ტარზე შუადღით ცაში
და ფეხათრევით უხალისოდ ვეშვები დაბლა,
დასალიერში ატლანტიკის შევხვდები დაისს,
შეიშმუშნება მწუხარებით ღრუბელთა დასტა
და რა იქნება ჩემს ღიმილზე  აღმტაცი მზერა,
შვების მიმცემი, ლაჟვარდისფრად ოდეს შეფერავს?
 
მე ვარ ის თვალი, სამყარო რომ სამარადჟამოდ
თავისთავს უჭვრეტს, აღიარებს თვალად ღვთაების;
კეთილხმოვნება საკრავების, ლექსთწყობა ამო,
მომავლის ცნობა, მკურნალობა, შუქი ნათების
ხელოვნების თუ ბუნებრივი - ჩემგან ეძლევათ,
შეშვენის ხოტბა, გამარჯვება მარად ჩემს მღერას.

15 ივნისი, 2015 წ.


ორიგინალი იხილეთ აქ:  http://allpoetry.com/Hymn-of-Apollo

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები