ნაწარმოებები



ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2008


ჩიხური ციკლიდან

           

                            ჩიხა -- სოფელია ზემო იმერეთში...

                შემოდგომა

მზე ღიმილით ჩაგორდება მთების იქით...
და წვიმს... თითქოს ეფერება ფოთლებს...
მოვა... მოვა... დამპირდება და ოცნება
ჩუმად, ჩუმად ჩამოჯდება ტოტზე.

სადღაც თითქოს გაიხურა შორეთს კარი,
ზაფხულს გაჰყვა ხმაური და ხვატი,
მოგვეპარა მზით მტევნებში ნაგუბარი,
ჩალისფერი შემოდგომის დარდი.

არასოდეს დაილევა სიზმრის ძაფი,
ნისლისფერად ჩაეთვლიმათ კორდებს,
მოვიდა და მოგვიტანა ცის ნობათი,
მონატრება გაუქარვა ფოთლებს.

                მონატრება

კი არ წვიმს...
            აქა-იქა ცრემლი მეცემა...
                                    ღრუბლის ცრემლები...
კი არ წვიმს...
            დედამიწას მოასკდა დარდი...
                                      შენ გელოდები...
კი არ წვიმს...
              მზე პირს იბანს...
                                და არსად ჩნდები...…
კი არ წვიმს...
              მზის და ქარის ნაქარგებით
                                          დავიფარები...
კი არ წვიმს...
              მონატრებით მევსება ეზო...
და... წვიმს...
              თურმე მართლა გაწვიმებულა...
მე კი მგონია...
              ღრუბლის უკან შენ მემალები...
წვიმს...
          გნატრობ...
                      და გიღიმი...
                                წვიმის-ფერებით...…


      ორი ნაწყვეტი ჩიხის დღიურიდან

                  1.
აქაური დღიურები მუდამ იმედით სავსეა
                    და მომტანია თავისუფლების...
რადგან აქ, როგორც არსად ვსუნთქავ თავისუფლად...
და მოლოდინით შევხარი დილის უნაზეს სუნთქვას...
აქ ღამეებიც დილებივით ნათელი და იმედიანია...
თითქოს...
        ეს ,,თითქოს’’ მკლავს და მღლის მხოლოდ...

                    2.
ქარს უფრო ხშირად დაჰყვება სევდა
        და უფრო ხშირად არა აქვს ფერი...
მეც თითქოს მინდა გავყვე და მზერა
                              შევიგრძნო შენი...
იღიმის, იკლავს სურვილს და ნელა
        გაჰყვება ცისფერ ნაპირს ფერებით,
ნუ დამიბრუნებ!... არ მინდა შვება...
            და იმ ჩუმ სევდას ისევ მოველი...


                  ჩიხას

მიყვარს და მინდა! ამ მიწის სიზმარს
არ გავცვლი სხვა მზის სამოთხის ფერზე...
დავკოცნი სახლის კედლებს და წინკარს,
მოვეფერები ვაზს გასულს ხეზე...

აქ ეკალიც კი ალერსით მჩხვლიტავს...
და ყველა კენჭი სიყვარულს მწირავს...
აქ თვით ბალახიც მშველის და მიცავს...
ღვითისშობლის მადლმა, და არ გამწირავს...

აქ არის ჩემი სამოთხის მიწა,
            სამარის მიწაც ჩემი აქ არის...
და ვფიცავ, არსად არც მზე, არც მიწა
              ასე ლამაზი ქვეყნად არ არის!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები