ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
22 აგვისტო, 2015


რას ნიშნავს ჩემთვის (ზოგადადაც) პოეზია

მოდი, დავიწყოთ იქიდან, რომ „პირველად იყო სიტყვა“, შესაბამისად, ცხადია (უფრო, იმედია), ყველა ვხვდებით, რომ სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. აქ კარგი იქნება სულხან-საბას იგავ-არაკს „ენით დაკოდილს“ თუ გავიხსენებთ და ჩვენი გონებიდან ისიც ამოტივტივდება, რომ ცულით დაკოდილი თავი მთელდება, ენით დაკოდილი გული კი - არა.
სიტყვას რომ დიდი ძალა აქვს, ბიბლიურადაც განმტკიცებულია არაერთი მაგალითით და უმთავრესი მაინც ქრისტეს ანდერძია: იყვარებოდეთ ურთიერთას...
თუმცა სიღრმეებში წასვლა არ გვინდა. აქ მთავარი იმის გარკვევაა რას ნიშნავს პოეზია და საერთოდ, ხელოვნება, უფრო დაწვრილმანებით, ლიტერატურა და თან ღირებული, გემოვნებიანი ლიტერატურა.
პოეზია ჩემი ღრმა რწმენით (და რაც დრო გადის, ეს რწმენა უფრო მიმტკიცდება), არაა მხოლოდ გარითმული სტრიქონები, ანუ ფორმა აქ არაფერ შუაშია. სავალალო ისაა, რომ დღესაც კი, 21-ე საუკუნის აჩქარებულ რიტმსა და რეჟიმში ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ლექსში ფორმაა მთავარი, არადა, ცხადია ასე არაა. პოეზია შეიძლება იყოს თუნდაც ერთი წინადადებაც კი, ერთი ფრაზაც, მაგალითად:
„ის მხოლოდ საკუთარი ბედნიერებით იყო ბედნიერი“... დიახ, ეს პოეზიაა... საკუთარი ბედნიერებით ბედნიერება უკვე არის ლექსი, დასრულებული ლექსი...
და ასეთ ფრაზებს, ლექსად თქმულ ფრაზებს არ სჭირდება განმარტებები, ახსნები... საერთოდაც, ნამდვილი ლიტერატურაც (ხელოვნებაც) სწორედ ისაა, როცა შემოქმედი საფიქრალს გიტოვებს, ბოლომდე არ ამბობს სათქმელს, ყველა კარტს არ გიხსნის და დაღეჭილი ლუკმასავით არ გაწვდის მთავარს, არამედ მთავარი დაფარულია და კეთილი უნდა ინებო და მიხვდე, ანუ ჭეშმარიტი შემოქმედება ერთგვარად ნდობაცაა შემოქმედსა და მკითხველს-მსენელს-მაყურებელს შორის.
დაფარულ მთავარზე ეკზიუპერი გამახსენდა: „მთავარს თვალებით ვერ დაინახავ“, მთავარი უნდა იგრძნო...
ანუ აღქმაშია მთელი ფილოსოფია, წაკითხულის, ნანახის, მოსმენილის აღქმაში და თუ სწორად ვერ აღიქვი რაიმე, აქ პრობლემა შემქმნელში კი არაა, არამედ შენში, ანუ მკითხველში, რაკი ამჟამად პოეზიაზე ვსაუბრობთ (სხვა შემთხვევაში: მაყურებელსა და მსმენელში). გემოვნების საკითხიცაა, თუმცა, რაც ჭეშმარიტია, ერთნაირად მოსწონს ერსაც და ბერსაც... შესაძლოა, ამბიციური დილეტანტის გემოვნებას „ვერ აკმაყოფილებდეს“ ნამდვილი ლიტერატურა, რადგან აქ ხელშემშლელი ფაქტორი ამბიცია იყოს, მაგრამ ამგვარი ადამიანიც კი, როცა მარტო რჩება, ჭეშმარიტების ხიბლს ვერ გაურბის. ზუსტად ისე, როგორც სალიერი აღიარებდა მოცარტის უდიდეს ნიჭს, მიუხედავად შურისა და მისადმი დაუოკებელი სიძულვილისა...
რა არის პოეზია... ეს უფრო მეტია, ვიდრე რითმები, წესები, კონვენცია ან ვერლიბრი... პოეზია - ეს არის რიტმი, პულსაცია, ცხოვრება...
შექმნა - ეს არის ამოსუნთქვა, გათავისუფლება, ან როგორც გურამ რჩეულიშვილი წერდა, „ვნების სიმძაფრე“... შექმნა რაღაცით ჰგავს ვულკანის ამოფრქვევას, პროცესი კი იმდენად სასიამოვნოა, რომ შედეგზე არც ფიქრობ. შედეგი პროცესშივე იგულისხმება, ისევე, როგორც ფორმა.
პოეზია არ არის გარითმული სიტყვები: ბზრიალი-ტრიალი; დამებედა - გაგებედა, სული - გული - გაზაფხული და ასე შემდეგ... პოეზიას ვერ დაუდგენ ნორმებს, წესებს, ჩარჩოებს.
„შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი“ - და ყველაფერი ძალიან ნათელია, ძალიან ცხადი. აქ არაფერი საჭიროებს ახსნას, ანუ პოეზიაში თითოეული სიტყვა იმდენად ზუსტად უნდა იყოს ნათქვამი, რომ ასახსნელი არაფერი უნდა ჰქონდეს პოეტს, მკითხველს უნდა ენდოს. ზემოთაც ვთქვი, შემოქმედება ნდობაა-მეთქი და ასეცაა. ოღონდაც ეს ნდობა უნდა გაამართლო.
რა არის პოეზია?
არც სიტყვების უაზრო ბრახა-ბრუხია; არც უადგილოდ კავშირების თუ სასვენი ნიშნების გამოყენება და არც პირვეკლასელის დონის რითმები. პოეზია ყველაფერ მიწიერზე ამაღლებულია, თუმცა თავიდან ბოლომდე მიწიერია... რთულია გასაგებად, მაგრამ მარტივიცაა, ზუსტად ისე, როგორც მზის ამოსვლაა ხოლმე...
„ანა-მარია ქალი იყო, მაგრამ შველს ჰგავდა“ - აი, ესაა პოეზია...
„და როცა ქარი მიკოცნის მაჯას,
მიშვერილი მაქვს წვიმისთვის სახე“ - ესეც...
და მეტად შორს აღარ წავალ... მხოლოდ ერთს დავძენ და დავასრულებ:
ჭეშმარიტება ძიებაშია. უნდა ეძებო. ეძებო ის მთავარი სიტყვაც, ძარღვიც, იდეაც, ფორმაც, რომელიც ქმნის ხელოვნებას, პოეზიას. ოღონდ ყველაფერი უნდა იყოს ახლებურად ნათქვამი, ახლებურად გააზრებული, მხოლოდ შენ სულისმიერ პრიზმაში გატარებული და გარდატეხილი. ახალ ველოსიპედს ვერავინ გამოვიგონებთ, ვერც „ვეფხისტყაოსანს“ დავწერთ და ვერც „სულიკოს“, მაგრამ ის, რაც ითქვა, შეიძლება სხვანაირად ვთქვათ, მხოლოდ ჩვენეულად, ჩვენებურად, ახალი ხედით, ახალი შეგრძნებით, ახალი სახეებით. ყველა ბოთლში ერთნაირი ჯინია გამომწყვდეული, გააჩნია როგორ, რა ხერხით გაათავისუფლებ მას.
და კიდევ, თუ გინდა იყო მართალი და ენდო, კეთილი უნდა ინებო და უპირველეს ყოვლისა, პატივი სცე იმ ენას, რომელზედაც წერ. პატივი სცე ყველანაირი გაგებით, რადგან „გრამატიკა ღვთაებრივ ქართულის არის პოეზია!!!“

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები