ნაწარმოებები


გამოიწვიე პოზიტივისათვის     * * *     შეიხედეთ ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ჯოანა
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2015


შავი და თეთრი

ბროლის ჭაღები უკვე დეკორაციად
იქცნენ ჩამომტვრეულ, ჩამომტვერილ ჭერებზე.
კედლები ტირილს დაეჩვიენ, იმ ბებერივით
რომელმაც უწყის რომ ამ ზამთარს ვეღარ გაატანს.
და ყველა წვრილმანზე, ამომშრალი
თეთრი გუგები უსველდება, წირპლი ედება.
ჩაიში პურს ილბობს და უკბილო ღრძილებით
ცდილობს გალოღვნას.
ამასობაში კი იქ ზემოთ, საგვარეულო საფლავზე
დიდ შავ ორმოს დაუღია პირი.
და ელოდება ადამიანური ხორცით როდის განოყიერდება მისი სხეული.
კედლები კი როგორც ვთქვით ქვითინებენ.
უნდა განადგურდნენ, უნდა მოიშალონ.
მოგონებების ხეები უნდა დაიჩეხონ
ღობეები დაინგრნენ, სახლებს საძირკველი გამოეთხაროს.
რომ არაფერმა გვაიძულოს ჩვენ თავზევე დაფიქრება
რომ გრძნობები ახლა მოდაში აღარ არის
და თავის შეკავება სჯობს.
რაღა თქმა უნდა.
ჰორიზონტი როცა გასუფთავდება
და აღარც ერთი საგანი - ჭაღები, ბროლები, ფინჯნები, ხეები, ღობეები
აღარ გაგვახსენებს ჩვენს თავს,
როდესაც ვიფიქრებთ, აი, გათავდა, მორჩა
დადგა სიცარიელის, შვების, უგრძნობი ეპოქა,
რომ ამოვისუნთქებთ, ამოვიოხრებთ
და იმ უკანასკნელ, წლების წინ ხეზე მილურსმულ
ბეღურების, ხის სახლსაც ჩამოვაგდებთ
(ისიც გარკვეულწილად ემოციებს იწვევს და გვაშფოთებს),
სიზმრები აფუთფუთდებიან, ამბოხს მოგიწყობენ
აგიჯანყდებიან.
დავბრუნდით, დავბრუნდით
მოყვებიან გველებივით სისინს.
თეთრი ღამეებიც დაგიდგება, თეთრი კოშმარები
თეთრი მოგონებები - გაგათეთრებენ.
კანს დაგიჭმუჭნიან, დაგაბერებენ.
რატომღაც რწმუნდები, რომ ადამიანი
მხოლოდ წყალია, ცარიელა წყალი -
ასე, რომ იყოს, აბა საიდან ამდენი ცრემლი, ამდენი სისველე.
ასე მოხუცს რომ გაწუხებს და სულს გიშფოთებს, ასე რომ იღვრები, წურწურით რომ ჩამოგდის ხორცები, ძვლები, ორგანოები რომ გეკიდება
და გილპება.
წყალი ხარ, მთლიანად წყალი.
მიწაც იმიტომ მოგითხოვს, მიწასაც იმიტომ სჭირდები რომ წყალი ხარ და
უნდა დარწყულდეს შენით, უნდა შეგსვას, დაგლიოს, დაგცალოს.
ახლად ამოთხრილი, შავად პირ დაღებული ორმოც გელოდება
წყლად ქცეულ თეთრს.
შავი და თეთრი - კლასიკური კომბინაცია.
და აი, ამ დროს უნდა გაიფიქრო, არ უნდა დაგენგრია.
აზრი არ ქონდა.
მაინც მოვიდა და თეთრად გაქცია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები