ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
25 აგვისტო, 2015


მოგონებები

ძარღვებდაბერილი
და სისხლნაკლული
და თვალებდამეწყრილი გაზაფხული
ბავშვობის ტკივილიან მოგონებად შემომრჩა...
13 წლის კიკინებიანი გოგონასთვის მძიმე
აღსაქმელი იყო
16 წლის გოგონების სისხლით მორწყული
დედა ქუჩა დედა ქალაქში
და ჯერდაუბადებელი ჩვილი,
სამშობლომ ზვარაკად რომ მიიღო...
ან როგორ უნდა აღმექვა,
ან როგორ უნდა მეგრძნო:
კიკინებიანს,
თვალებადქცეულს,
ყველაზე უცნაურ მდიდარს...
და მაინც:
მას შემდეგ დათალხული აპრილის შვილი ვარ...
და დღემდე მტკივა:
თვალებდასულდაყვავილებდამეწყრილი გაზაფხული...
ჩემი ბავშვობის დღეებიდან იმდენი ტკივილი შემომრჩა,
რომ უტკივილოდ ცხოვრება მიჭირს...
ყველა გზა გავლილია,
ყველა მთა ავლილია,
ყველა წყალიც ჩავლილი,
რაღამ უნდა გამაკვირვოს...
მოდიოდა თეთრი წყალი,
მას დავკარი თეთრი ჯოხი
და თეთრი გველი ამოვიყვანე...
ღრუბელ-ღრუბელ დავეძებდი ჩემი ოცნებების გამართლებას,
ბებო კი ამ დროს მულინის ძაფით კაბებს მიქარგავდა...
მეც ისე მეცვა ბებოს მოქარგული კაბები,
როგორც დედოფალს,
დედაჩემი კი თვალებშიმომწყვდეული ღიმილით მიცქერდა,
მერე და მერე უზარმაზარ დარდად რომ ექცა...
ყველა გზა გავლილია,
ყველა მთა ავლილია,
ყველა წყალიც ჩავლილი...
მოდიოდა წითელი წყალი,
მას დავკარი წითელი ჯოხი და
წითელი გველი ამოვიყვანე...
და დაიგრაგნა...
ამოიზიდა...
ამოიზნიქა:
ჩემი თვალებიდან - წლები;
ჩემი თითებიდან - სიტყვები;
ჩემი ბაგეებიდან - ბგერები
და ყალბი ბგერა თუ შემომხვდა,
ისე დამახრჩობს,
როგორც უეცრად გადაცდენილი ლუკმა...
ჩემი ბავშვობის დღეებიდან ტკივილი მახსოვს და
ტკივილები გაშინაურდნენ...
და კიკინებიანს,
თვალებადქცეულს
დედა მიკითხავდა წიგნს მერაბ კოსტავაზე
და სამშობლოს სიყვარულს მასწავლიდა...
ესღა მინდოდა???
ისედაც ცეცხლად მეკიდებოდა
16 წლის გოგონების სისხლით მორწყული დედა ქუჩა
და ჯერდაუბადებელი ჩვილი,
სამშობლომ ზვარაკად რომ მიიღო...
და ვეწირებოდი ჩემი მამულის გზებს...
და ვეწირებოდი ჩემი მამულის მთებს...
და ვეწირებოდი ჩემი მამულის წყლებს...
და მოდიოდა შავი წყალი,
მას დავკარი შავი ჯოხი და შავი გველი ამოვიყვანე...
შემეცოდა გველი და გავუშვი...
თავისი წილი ცხოვრება აქვს მასაც...
თავისი წილი ტკივილებიც - გამოსაცადი...
მე კი...
მე რაღა???
გზაც არ სრულდება...
მთაც არ მთავრდება...
წყალიც არ ჩერდება -
მეც ვეწირები...
ბებოს მოქარგული კაბა მაცვია და
დედის ნასწავლ სიმღერას ვმღერი:
"ჩემო კარგო ქვეყანავ, რისთვის მოგიწყენია..."
ჯერდაუბადებელი ჩვილი გვტკივა;
16 წლის გოგონების სისხლით მორწყული ქუჩაც და
გევედრები:
მომეცი უფლება მოგიყვე ახალი ზღაპარი:
ნაოცნებარ ქალაქზე,
რომელიც თეთრია,
რომელიც სუნთქავს,
რომლის დედა ქუჩაზე გოგონების სისხლიდან
ყაყაჩოები ამომზეურდნენ...
მომეცი ძალა,
სისხლნაკლულ გაზაფხულს ფერები დავუბრუნო...
ჩემი ბავშობის დღეებიდან მახსოვს ტკივილები,
მერე რომ გაშინაურდნენ...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები