ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: თარგმანი
24 აგვისტო, 2015


იურგა ივანაუსკაიტე (ციკლიდან "ცეკვა უდაბნოში")

იურგა ივანაუსკაიტე (Jurga Ivanauskaitė; 1961-2007) - პროზაიკოსი, პოეტი, ესეისტი, დრამატურგი, მხატვარი. დებიუტით წარსდგა პრესაში, როგორც პოეტი, თუმცა, წარმატებას მიაღწია 1985 წელს გამოცემული ნოველების კრებულით „შროშანების წელიწადი“. არის ათობით რომანის (მათ შორის ყველაზე ცნობილია „ჯადოქარი და წვიმა“, 1993 წ.), მოთხრობებისა და ლექსების რამდენიმე კრებულის, ინდოეთსა და ტიბეტში მოგზაურობის შემდეგ დაწერილი კულტუროლოგიური და ავტობიოგრაფიული ესსეების ავტორი. ლექსების პირველი კრებული - „ცეკვა უდაბნოში“ 2004 წელს გამოიცა. 2005 წელს ტიბეტზე დაწერილი წიგნისთვის იურგა ივანაუსკაიტე დაჯილდოვდა ლიტვის ეროვნული პრემიით. იგი ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი თანამედროვე ლიტველი ავტორია, რომლის შემოქმედებაშიც ერთმანეთს უახლოვდება „მაღალი“ და მასობრივი ლიტერატურა.

***
ჩემი ოჩანი თავისუფლება
საკუთარ თავს ხრავს
გამოძღება და
უცხო-უცხო არსებებს აფრქვევს


***
გადაიფრენენ ფრინველები ცის კამარაზე
და კვალსაც აღარ დატოვებენ
წამახული ვერცხლი თევზების
წყალს ვეღარ გაჰკვეთს
მხოლოდ მე ვათრევ
დამპალ გროვას მოგონებების
და ჩემს წებოვან მოლოდინთა გამოისობით
ქარიც ასე დგას ერთმანეთთან მიკრული ფრთებით


***
ვით დამთხვეულ მაგს
აწიოკებენ ურჩხულები
მისივე ქმნილი
შენზე რომ ვფიქრობ
ვიგრაგნები ტკივილისაგან


***
მთის ცივ წყაროსთან
შვიდი ფერით გარშემორტყმულთან
ვიხსენებ სიკვდილს
იგი არ არის


***
ბროლივით კედლებს ილუზიის
ვერაფრით გავცდი
თუმც ისე ვგრძნობ თავისუფლებას
როგორც წყალს მხეცი
უდაბნოს გულში


***
შევძლებდი წასვლას
მაგრამ საით უნდა წავიდე
არასოდეს მქონია სახლი


***
შევძლებდი სიკვდილს
მაგრამ როგორ შევძლო არ ვიცი
ის არ არსებობს


***
როდესაც გიხმობ
პასუხს არ მცემ
ნაყოფივით ვიწვდენ სიჩუმეს
ძმრად და ღვინოდ ჰხვალ
ჩემს ძარღვებში
უფალო ღმერთო


***
მივიწყებული ხმა მოისმის
ოკეანის გაღმა ნაპირით
როგორც ექო სხვა სამყაროთა
უიმედოდ ჟღერს
„სიყვარული“


***
ჩვენ ზედმეტად ვგავდით ერთმანეთს
სიახლოვეც ზედმეტი გვქონდა
უმნიშვნელო დისონანსიც კი
გვაშფოთებდა დიდ წუხილივით
გვშურდა იმათი
ვისაც ტანჯავს სხვადასხვაობა
მცირე მსგავსების პოვნისას რომ
სიხარულით აღარ არიან

(თარგმნა რ. მესხმა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები