ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
28 დეკემბერი, 2008


სასწაული (ციკლიდან: "თეონას პატარა ისტორიები")

თებერვლის თბილი საღამო იყო. 
ცხრის ნახევარზე, ჩვეულებრივ, თეონამ ნიკუშა, თავისი 1 წლისა და 10 თვის ბიჭუნა დააძინა.
თორმეტის ნახევარზე ნიკამ უეცრად ტირილი დაიწყო. მაგრამ ტირილიც არის და ტირილიც... ეს იყო რაღაც ისტერიული ტირილი, კივილნარევი... საერთოდ, ბავშვი იმდენად იშვიათად ტიროდა, რომ ეკითხებოდნენ, „ტირილი თუ იცისო?”

სინათლე აანთო, ბავშვი ხელში აიყვანა, მაგრამ... ნიკა ვერც გააღვიძა და ვერც გააჩუმა. ნიკა ფეხს იქნევდა, თითქოს ვიღაცას ფეხით იგერიებსო და კიოდა: „ხელი გამიშვი!.. არ მინდა!.. წადი!..”

თითქმის საათნახევარი გაგრძელდა ეს ისტერიკა. მთელი ოჯახი ცდილობდა ნიკას დაწყნარებას, მაგრამ ამაოდ. უეცრად, თითქოს გონება გაუნათდაო, თეონამ იყვირა:
- ყველანი გადით ოთახიდან...

როგორც კი მარტონი დარჩნენ, ნიკა გულში ჩაიკრა, იმ უხილავი „არსებისკენ” ხელი გაიქნია და „უყვირა”:
- ახლავე წადი აქედან! ნიკა ჩემია! არავის გავატან! - შემდეგ წმ. გიორგის ხატისკენ შებრუნდა:
- წმ. გიორგი, მიშველე! - და მუხლზე დამდგარმა „მამაო ჩვენო” დაიწყო...

მხოლოდ ეს ორი სიტყვა "მამაო ჩვენო" ჰქონდა ჯერ წარმოთქმული, რომ ნიკამ მოსხლეტით შეწყვიტა ტირილი, მხარზე თავი მიაყრდნო და „დედა, დედაო” - ამოისლუკუნა.

-------

თბილი დილა გათენდა.  თეონამ საძინებელში ფანჯარა გამოაღო. შემდეგ - გაზქურაზე წყლიანი ვედრო შემოდგა გასაცხელებლად...

ყველანი ლოჯიაში ისხედნენ,-  მამაც, ბებიაც, მისი ძმაც...  ნიკაც მათთან ერთად იყო, ლექსებს ამბობდა.მალე მათ თეონაც შეუერთდათ.
საუბარში გაერთო და ვერ შენიშნა, როდის გავიდა ბავშვი ლოჯიიდან.

უეცრად  ნაცნობი ხმა შემოესმა, რომელიც ყურებიდან კი არ ესმოდა, თითქოს ეს ხმა მის თავში ყვიროდა:
- თეონა, ჩქარა!..

ფეხზე წამოხტა და  საძინებლისკენ გაიქცა. შემდეგ თავადაც ვერ ხსნიდა, რატომ წავიდა იქით, - ნიკა არც მანამდე და არც შემდეგ კარგა ხანს,  ღია ფანჯარასთან არ მისულა.

რაც თეონამ იქ დაინახა, იმის გახსენებაზე დღესაც ყალყზე უდგება თმა და  სისხლი ეყინება ძარღვებში: ნიკა იდგა ღია ფანჯრის რაფაზე. ხელები ზევით ჰქონდა აღმართული, სხეულით ისე იყო გადაწეული ფანჯრიდან, რომ ფიზიკის კანონების მიხედვით, გადავარდნილი უნდა ყოფილიყო, ის კი, რაღაც „იდუმალი კანონის” ძალით, ჰაერში იყო გაშეშებული...

პირზე ხელები აიფარა თეონამ, სუნთქვაც კი შეაჩერა, რომ ეს უნებლიე 
„წონასწორობა”  არ დაერღვია...

ჩუმად მიუახლოვდა ფანჯრის რაფას და როდესაც ნიკას შარვალში  სტაცა ხელი და თავისკენ გადმოათრია, მერე ჩავარდა ისტერიკაში. ამასობაში,ოჯახის სხვა წევრებიც შეყვნენ ოთახში და როცა ნახეს, საიდან „მოათრევდა” ბავშვს, ისინიც თეონას მოსაბრუნებლები გახდნენ.

მიხვდა თეონა, რომ მის მეტი პატრონი არავინ ჰყავდათ, ამიტომ სააბაზანოში შევარდა და მთელი ვედრო ცივი წყალი გადაივლო თავზე...

------

მოსაღამოვდა...
ცხრის ნახევარზე ნიკა დააწვინა.  თუ სხვა დროს 5-10 წუთში აძინებდა, ახლა თითქმის 2 საათი მოანდომა მის დაძინებას, მაგრამ უშედეგოდ.

უეცრად ნიკა მიუბრუნდა და ეუბნება:
- დედა, ის თეთრტაბიანი ტაცი, ათ რომ იყო...
- ვინ, ნიკა, ლადო პაპა? - ჰკითხა თეონამ და გაუღიმა.
- არა, ლადო პაპა ლოჯში იყო, ის ტაცი ტიდე - ათ...
- მერე სად წავიდა ის კაცი?
- აიიიი, ითით წავიდა, - უთხრა ნიკამ და ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა.
- მერე? - ამის შემდეგ თეონას აღარაფერი უკითხავს...
- მერე იმ ტაცმა დამიძახა, „წამოდიო”... მერე მე ჯერ დივანზე ავედი, შემდედ ფანჯარაზე... მერე ეს მოვიდა (ნიკამ წმ. გიორგის ხატისკენ გაიშვირა ხელი), მადან თითი დამითნია, ხელით დამიჭირა და შენ დადიძახა...

მერე ის იყო, თეონამ რომ გაიგო „თეონა, ჩქარაო” და ფეხზე რომ წამოხტა...
- ახლა რატო მაძინებ, რომ არ დვილოცია? - გააგრძელა ნიკამ თავისი უჩვეულო დიალოგი, - შენ წმინდა დიორდის ხატთან ილოცე, მე წმინდა ნიტოლოზის ხატთანო, - უთხრა, მუხლებზე დადგა და სამჯერ თქვა მხოლოდ ეს ორი სიტყვა:„მამაო ჩვენო”...

შემდეგ დაწვა და მომენტალურად დაიძინა.

------
გავიდა სამი დღე.
ღამის თორმეტის ნახევარზე ზუსტად იგივე განმეორდა, რაც პირველ ღამეს: ნიკუშას მოულოდნელი ტირილი, ყვირილი, - „ხელი გამიშვი! თავი დამანებე! არ წამოვალ!..”

შემდეგ თეონას მიერ წარმოთქმული „წმ. გიორგი, შენ მიშველე!” და ხატის წინ წაკითხული „მამაო ჩვენო”...
და... მომენტალური სიჩუმე!...

მეორე დღეს ნიკა ეუბნება:
- დედა, შეხედე. წმინდა დიორდი!
- სად, ნიკა? - ჰკითხა გაკვირვებულმა თეონამ.
- აი, როდორ ვერ ხედავ? ნახე, როიალის ფეხზე მიაბა ცხენი... დედა, ცხენი მიტბენს?...
- არა, ნიკა, ცხენი არ გიკბენს, - უპასუხე თეონამ, თან თვალს ვერ აშორებდა როიალის იმ ფეხს, სადაც ნიკა ცხენს ხედავდა, თავად კი - ვერაფერს.

ნიკა როიალს მიუახლოვდა და... „ცხენისკენ” ხელი გაიწვდინა, თითქოს თავზე უნდოდა ხელის გადასმა. შემდეგ თეონა ხედავდა, როგორ იმეორებდა ნიკას ხელი ცხენის თავის მოხაზულობას.

ნიკა ხან იცინოდა ხოლმე, - „ტუჩებით ხელისგულზე მიღიტინებსო”, ხან თავით ეხუტებოდა უჩინარ ცხენს...

ცოტა ხნის შემდეგ ნიკამ ჰკითხა:
- დედა, წმინდა დიორდი სულ იმ ოთახში დამოდის-ხოლმე, სადაც მე დავდივარ... სულ დარშემო მივლის, რატომ, დე?...
- გიცავს, ნიკა...
- წმინდა დიორდი, მართლა მიცავ? ტარდი, დამიცავი...

ასე გაგრძელდა სამი დღე და ღამე.
თეონა შიშით შეჰყურებდა თავისთვის, უჩინარ ცხენთან მოთამაშე პატარა ნიკას... თან იმას შიშობდა: "ახლა რომ ის ცხენი დაწვეს, ნიკა ზურგზე შეისვას და შემდეგ წამოდგეს? რა მომივა, ჰაერში აწეული ნიკა რომ დავინახო?!".....
უსაფუძვლო გამოდგა მისი შიში, - მსგავსი არაფერი მომხდარა!

მეოთხე დილას ნიკა ფანჯრიდან ემშვიდობებოდა წმ. გიორგის და მის თეთრ ცხენს.
- წმინდა დიორდიიიიი, ტიდე მოდი ხოლმე, ტიიიი-დეეეეე! 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები