ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რ_____ო_____ი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2015


რამოდენიმე. ძველი. პატარა


# # #

სხვა რა მოგიყვე? სხვას ვერაფერს ვეღარ მოყვები,
იანვრის ამინდს მოუხურავს თოვლის ფარაჯა,
გავსცქერით ვარსკვლავს ღამღამობით როგორც მოგვები
და რახანია ჩვენს ზეცაზე ქრისტე არა ჩანს
და ეს მაფიქრებს, მაგონდება განვლილი წლები,
სანამდის ღამე ერთად ყოფნის წუთებს გატიხრავს,
მერე კი ლექსი არ მასვენებს როცა შენ წვები,
თვალებს ხუჭავ და ოთახიდან ძილში გადიხარ.


  # # #

ღამე. ყავა და სამზერო
დავიმეგობრე წელს,
ისე მსურს შენზე დავწერო,
რომ ვეღარაფერს ვწერ.
ყელში გამჩრია სიტყვა და
ეს უთქმელობაც მძიმს,
გადაუღებლად მიყვარხარ.
გადაუღებლად წვიმს.


      ფირი

ჩვენ დიდი სახლი გვაქვს, ასევე
ფანჯრები, რომლებშიც დავღამდით
და თეთრი ზღაპრები ასობით,
საფერფლით, “ჯეკით” და ქაღალდით.

ამჯერად - ვენა თუ რუანდა?
ვსაუბრობთ, ვაგროვებთ ნეტავებს...
ვნებებიც მოწოლილ ჟრუანტელს,
ჩემს ზურგზე შენით თმით ხვეტავენ.

- უჩემოდ სიზმრებშიც ნუ წახვალ!... -
ფანჯრები, ზღაპრები, წვეთები.
ჩვენ დიდი სახლი გვაქვს თუმცაღა
სამ სტროფშიც მშვენივრად ვეტევით.


ბათუმს

წვეთები ტოტებს აესხა მძივად
და ქარის ხმაში კრთოდა გიტარა,
წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა,
ანუ ბათუმში გამოიდარა.

უკანასკნელი ფოთოლი ტოკავს,
მოდის ზამთარი ვრცელი და ცივი
და როგორც წყაროს შედგმული კოკა,
მთელი ქალაქი ივსება წვიმით.


# # #

ერთ დღესაც როცა გადაგიყვარე,
შენ შეგიყვარა სულ ყველამ ირგვლივ
და კარგად მახსოვს სწორედ იმ ღამეს,
როგორ იყოფდნენ ჩემს კუთვნილ გვირგვინს...
იყოფდნენ თუმცა მთლად ვერ იყოფდნენ,
შენ გიხაროდა და ხარხარებდი,
რომ ერთ მზერაში შემომიღობე,
წარსული, გრძნობა, მზერა, თვალები
და გამომიტყდი თუ როგორ გძულდა
რომ მე მიყვარდი მხოლოდ და მხოლოდ
და მაშინ როცა გადაგიყვარე,
მოეღო ყველა შენს წუხილს ბოლო.
საღამო მთვარეს ხრამში რიყავდა,
გზა თვლიდა გზიდან გადაყრილ ურმებს
და მე დავრწმუნდი როცა მიყვარდი,
ყველას მაგივრად მიყვარდი თურმე...

2008-2009-2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები