ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
7 სექტემბერი, 2015


ჩემი ბავშვობა

ჩემი ბავშვობა იისფერი სიზმრების კონად შევკარი თითქოს...
ზღაპრად, რომელსაც ვერასოდეს გადაივიწყებ...
ახლა ვზივარ და ჩემთვის ვკითხულობ
და ფერწასული დღეების ხიბლი ისე მიზიდავს,
ყველაფერი გუშინ მოხდა ასე მგონია...
ჰოდა, ვუბრუნებ ფერებს ბავშვობის დღეებს,
ვუბრუნებ ხალისს...
შაბათი დღე მიყვარდა:
სკოლიდან დაბრუნებულს შინ დედა მხვდებოდა.
დედას თვალებში ღიმილი ედგა,
ბებოს ხელებს კი სანელებლების სურნელება ასდიოდა და
მე იმ ხელებს სახესთან ახლოს მივიტანდი, ისე ვყონსავდი...
მამა პოლიტიკაზე საუბრობდა მეზობლის კაცთან და
ირჩეოდა მსოფლიო საქმე ჭიქა არაყთან ან „ადესასთან“...
საღამოობით, მით უმეტეს,
ჩვენ ხმამაღლა ვკითხულობდით საყვარელ ლექსებს და
პოეტები უნდა გამოგვეცნო.
მე და ჩემი ძმა ყოველთვის ვმარცხდებოდით,
რადგან დიდებმა მეტი იცოდნენ.
ჩვენ ვთამაშობდით გამოცანებს,
ოღონდ საყვარელი წიგნების სახელები უნდა გამოგვეცნო...
და ასე ვერთობოდით,
მით უმეტეს, ზამთრის საშინლად გრძელ ღაამებში...
ჩემი ბავშვობა:
ტკივილთან და ცრემლთან შეზავებული ბედნიერება,
რომელსაც მიზეზი არა აქვს...
ჩემი ბავშვობა:
ყველა პრობლემის მიუხედავად მაინც ნათელი,
მზიანი და ხალისიანი...
ვინ იცის, ეგებ სწორედ ამიტომ გავუძელი დოლაბის ტრიალს,
დარდის გუდურას...
ალბათ ამიტომ...
იმიტომაც, შინ სიყვარულს რომ მასწავლიდნენ...
ლექსის სიყვარულს,
მიწის სიყვარულს...
და იმიტომაც,
ჭიქა არაყთან საქვეყნო საქმე რომ ირჩეოდა;
ბებოს ხელებს სანელებლების სუნი რომ ჰქონდა;
დედას თვალებში მზე რომ ენთო, ორი მზე თანაც...
და ახლა, როცა არ მინდობენ წლები არაფრით,
ჯიუტად ვამბობ:
ნაოჭები ჩემი თვალის უპეებთან წლების კი არა,
იმის ბრალია, რომ სიცილი ძალიან მიყვარს...
და ჯიუტად ვუბრუნდები ისევ ბავშვობას,
როცა ძალიან იოლი იყო,
ყველა ტკივილის მიუხედავად,
დამეჯერებინა, რომ თითისწვერებზე თუკი ივლი,
ზეცას მიწვდები;
რომ ხელები შეიძლება აქციო ფრთებად;
რომ წყალს შეიძლება მოუყვე ცუდი სიზმარი და
წყალმა წაიღოს...
რომ:
სისხლის ნაცვლად შენ ძარღვებში მზემ იდინოს და
რომ გიყვარდეს...
უბრალოდ, გიყვარდეს და მეტი არაფერი...
ჩემი ბავშვობა...
ტკივილებთან შეზავებული სინაზის ფერი -
ყველაზე ტკბილი კოქტეილი გალაქტიკაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები