ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2015


ღამე

არაფერი უთქვამს,
სულ არაფერი.
ადგა და თავის თავს შეერია.
არ უნდოდა, დამენახა,
როგორ უთრთოდა მხრები,
ან როგორ ჰქონდა ზურგზე მოგდებული
ჩემი მარტოობის სიმძიმე.
გაუძელიო ახლა შენ თვითონ, _
მეუბნებოდნენ მისი ნაბიჯები,
მაგრამ ვერ ვხედავდი.
გზამდე მაინც გაჰყევიო, _
იდაყვი გამკრეს კარის მორყეულმა სახელურებმა,
ან ყური მაინც დაუგდეო ალაყაფის ჭრიალს,
იქნებ არც წასულაო.
მოულოდნელად რომ მოტრიალდეს-მეთქი,
ამოვთქვი ჩემთვის.
იქნებ თავისი ჯიბის ვარსკვლავი დარჩა
საძინებელი ოთახის ბათქაშჩამონგრეულ კედელზე,
ანდა სულაც,
საკუთარი ფეხის ხმა უნდა აკრიფოს
გათელილი ბალახის ბილიკიდან
და უცბად რომ შემეჩეხოს
ყურდაგდებულს და მიყურადებულს,
დაკვნეტილი და გაცრეცილი ტუჩებით ხელში,
ხო გადამივლის სახეზე მერე მთელი ალმური
და ალიყურსაც გადაიწნავს ჩემი ტანიდან აყალო მიწა.

წავიდა და წავიდეს!
მაინც არასოდეს ეცალა ჩემი დღეების დასაღამებლად.
სულ სხვებთან მიჰქონდა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული
ჭრელი სიზმრები__დაშაქრული შავი ალუბლები.
ათასში ერთხელ თუ გაიმეტებდა და
სასთუმალთან დამიდებდა ჟანგიან მონეტას.
მერე მთელი ზამთარი სულ უმი მადლობები უნდა მეხარშა,
მთელი თვის სამყოფი კვერები მეცხო,
მერეცხა წვიმიანი შემოდგომაც
და ჭირვეული გაზაფხულისთვის
სულ ხონჩით მიმერთმია გამოლოცვილი ბატონები.

ჰოდა, დავიღალე, ბატონო-ჩემო.
სულ თვალები დამეთხარა მაგის ლოდინში.
ვიჯექი ხოლმე ფიქრებდაყუდებული და
ციცინათელასავით ციცქნა იმედს
ჩემი ოცნებებდაჭიანებული მუჭიდან
სხვაგან არსად ვუშვებდი.
იქნებ ახლა მაინც მომიტანოს-მეთქი
შეპირებული ძილი, საშობაო სიზმარი,
ან სააღდგომოდ ნუშის ხის ტოტების ნაცნობი მზერა.
იქნებ ერთხელ თვითონაც დაიღალოს-მეთქი
ამდენი აბლაბუდა ამბით,
ჩემს მუხლებზედაც ჩამოდოს ის დასაბერებელი თავი,
წათვლიმოს მაინც,
რომ მისი ნაცრისფერი რულით
მეც ავიხვიო დაჭყეტილი ჩემი თვალები.

იქნება, იმ წუთში მდინარეც დამდგარიყო,
წყაროც ქვის გულ-მკერდზე გარინდებულიყო,
მოწყვეტილი ვარსკვლავიც იქვე გაშტერებულიყო და
ქარის გადარეულ ფრთებსაც
ჩვენი ქვიტკირის სუნთქვისთვის ედარაჯათ.
იქნებ მეც აღარ გავდგომოდი იმ ორპირს მარტო,
უჟმურიც არ ამეკიდებინა
და საგულეში არც ის მუჭისსიმსხო მონატრება გამეცივებინა.
არადა, როგორ ვუვლიდი.
სულ ვაფრთხილებდი,
აღმოსავლეთის ქარს ერიდე-მეთქი,
მაგ თავდაკარგულ ნიავს.
ერთი ნახვით თუ არსებობს შეყვარება,
გადაყვარებაც იცის უსაშველო უამინდობამ.
ხანდახან მაინც დატოვე გულის კარი ღია-თქო.
ღამე მაინც ღამეა.
რა იცი, სად დაუღამდება?
რა იცი, როდის მიატოვებენ მოხეტიალე სურვილები?
იქნებ ერთხელ
შენს უსიზმრო ზეწარზეც შეკვროდა კუპრივით შავი სუნთქვა,
ხელისცეცებითაც გამოეგნო გზა შენს გულისყურამდე
და ვინ იცის,
სულ მოციმციმე ვარსკვლავები დაემცნია
მაგ ღიმილაწყვეტილ საღილეზე.

ეჰ, რას გაუგებ მთვარეულ და ფეხებარეულ ღამეს?
არც გეტყვის რამეს.
ისე ამოიშაქრავს ხველებისგან ჩახრენწილ ყელს,
ისე მოადგება ჭიშკარს, მერე ეზოს, კიბეს და წინკარს,
თითქოს არცერთი წელიწადი ხელს გაყოლებული არ ჰქონდეს.
არცერთი ზამთარი უთოვლოდ არ თოვდეს...
...

ჩემი თვალების დარაბებთან კი თეთრი ღამეების სუფრა _
სქელი, მუქი ფერის ფარდები იყო ჩამოფარებული.
თვითონვე ვიგონებდი ფერად ფიგურებს,
ფიქრებით სხვადასხვა თარგებზე ვჭრიდი
და სიბერეში ბედნიერად დასასიზმრებელი
სიზმრების კალთებზე ვაკერებდი.

შიშველ მხრებზე რომ ჩრდილი წამომადგა,
მივხვდი, დაბრუნებულიყო.
თავიც ვერ მივატრიალე,
თვალებსაც ვერ მოვიფშვნეტდი.
სულ სიბნელეში ჩამეშლებოდა
მარტოხელა ქალის წინსაფარში გამოკრული
ამოდენა ხელსაქმე,
წვალებით დახვეული ამდენი გორგალი და
ხისგან გამოჩორკნილი ყაისნაღი,
მთვარე და კუდიანი ვარსკვლავები
და სულ ციმციმა ვერცხლისფერი _
ლოკოკინას ნაკვალევით ნაგვირისტევი.

აბა, ასე შექუჩებული მარტოობა _
მთელი სამყარო
კალთიდან როგორ ჩამომებერტყა?
ან ამხელა მოლოდინი
გულიდან როგორ მომეგლიჯა?
და ეს ყველაფერი,
სულ ერთი თვალის წადებისთვის,
ერთი ღამის მასპინძლობისთვის,
ერთადერთი სიზმრის ასრულებისთვის.

ავდექი და
აღარც ავდექი.
არც არაფერი მითქვამს.
სულ არაფერი.
ისიც ადგა და წავიდა.
თავის თავს შეერია...
წუხანდელს აქეთ
ღამე მაქვს თვალებში.
ღამეს კიდევ ვარსკვლავები _
ჩემი თვალების ჩინი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები