ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
14 სექტემბერი, 2015


მე გენიოსი ვარ!

    არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საერთოდ არ იციან რისთვის ან ვისთვის არიან გაჩენილები. მე მივხვდი… ამისთვის დამჭირდა სულ ორიოდე საათი. ჯერ დავფიქრდი იმაზე, თუ ვინ ვარ, განვიხილე ყველა სავარაუდო პასუხი, მეწაღიდან დაწყებული  ”სტაიანშჩიკამდე” დამთავრებული. გამოვრიცხე ყველა.  მერე ეჭვი გამიჩნდა გენიოსი ხომ არ ვარ მეთქი, მერე ცოტაც ვიფიქრე და საბოლოოდ დავასკვენი რომ ესეა.  სულ ორი საათი იყო ამისთვის საჭირო.  რა თქმა უნდა ის ვარაუდი არც განმიხილია ჩვეულებრივი ადამიანი ხომ არ ვარ მეთქი. არც ღირდა. ეს არც მომსვლია თავში აზრად. იმიტომ რომ ამას ზუსტადაც, რომ ჩევულებრივი ადამიანები ფიქრობენ. ხოლო მე გენიოსი ვარ. ამით კიდევ უფრო განვამტკიცე ჩემი ვარაუდი. ჩვეულებრივ ადამიანებს ახასითებთ ესეთი  მარტივი პასუხები თითქოს და თავმდაბლები არიან , თითქოს და არ უნდათ სხვებზე მეტნი იყვნენ, თითქოს ისინი და კიდე ყველა თანასწორები უნდა იყვნენ, თითქოსდა მათ არ უნდათ მეტი უპირატესობა, თითქოს …  კიდევ ათასი თითქოს, მაგრამ უბედურება სწორედ ის არის რომ ”თითქოს”. არადა, ყველამ კარგად იცის რა უნდა. ყველაფერს კარგად ხვდებიან. ეს, რომ ისე იყოს, როგორ იცხოვრებდა. ეს, რომ გააკეთოს ამდენი ექნებოდა შემოსავალი და ა.შ. ანუ, თავის თავთან ყველა გენიოსია. ვერ ვიტან ჩუმალა გენიოსებს . მეზიზღებიან. მათი გენიოსობა გრძელდება წამოწოლიდან ჩაძინებამდე. ტრანსპორტში ჩაჯდომიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლამდე. ისიც თუ  მარტო არიან და ფიქრის დრო აქვთ. არადა, გენიოსობა თან დროში შეზღუდული უბრალოდ დამამცირებელია.  ეს უნდა იცოდე მუდმივად. ამაზე ფიქრი სულ თან უნდა გსდევდს. ჭეშმარიტი გენიოსი არასდროს ივიწყებს მის გენიოსობას. სწორედ ამიტომ არის გენიოსი. სხვათაშორის ჩემს ამ სტატუსზე ადრეც მიმითითებდა რაღაც ფაქტები, მაგრამ აქამდე არ დავფიქრებულვარ ვინ ვარ. ხოლო ახლა რაღაცებს, რომ ვიხსენებ ვხვდები თუ რაოდენ დიდი გენიოსი ვარ და ვტკბები. შესანიშნავი გრძნობაა. ზიხარ,  ფეხები მაგიდაზე გაქვს შემოწყობილი თან ერთმანეთზე გადადებული , იხსენებ სხვადასხვა ფაქტებს დაბადებიდან მოყოლებული დღემდე და ნელ ნელა ამაყობ. გეღიმება… სიამაყე მოდის და მოდის. ღრმა ნაფაზს არტყამ, ბოლს უშვებ და  ხვდები, რომ აი ამისთვის ღირდა ცხოვრება. არის წამები, როცა ფიქრობ შემთხვევით თვითკმაყოფილი იდიოტი ხომ არ ვარო, მაგრამ ეს გაფიქრება ეგრევე უნდა ჩაკლა ტვინში.  თუ ვერ შეძელი  ე.ი  არც ისეთი გენიოსი ხარ როგორიც გეგონა. ეს სამყაროს თავზე ჩამონგრევას უდრის. ეს არის სუიციდის ტოლფასი. თუ ამას გაიფიქრებ და თან მის ჩაკვლასაც ვერ შეძლებ, ჯობია ეგრევე ჩამოიღო ფეხები მაგიდიდან სიგარეტი ჩააქრო და გახდე თავმდაბალი, ჩვეულებრივი ადამიანი . დადგე სარკესთან და ყური შენ თვითონვე აიწიო ამ უპასუხისმგებლო საქციელისათვის. დილით წახვიდე ისევ სამსახურში. სახლიდან გასვლისას ყველა შემხვედრს თავი დაუკრა, მოიკითხო, ავტობუსში ფული გადაიხადო ისე , რომ  კონტროლიორს არც შეეკამათო, იმიტომ, რომ იმის პრეტენზია აღარ გაქვს, რომ გენიოსი ხარ. მიხვიდე სამსახურში დაჯდე და მითითებებს დაელოდო. მერე თვის ბოლოს გროშები აიღო და როგორმე გადაანაწილო მეორე თვის ბოლომდე ისე, რომ მანამდე როგორმე ვალი არ დაგედოს . ნისიად რამე არ აიღო. მოსაწყენია ასე ყოფნა, მაგრამ პრაქტიურად თავს თვითონ უწერ განაჩენს, როცა შენს გენიოსობაში ეჭვი გეპარება . გენიოსობა ეს ძალიან ძნელად შესანარჩუნებელი რამ არის. არ არის ადვილი საქმე. შენ უნდა გჯეროდეს რომ ყველაფერი იცი. რომ არასდროს ხარ მტყუანი და რომც არ იყოს ყველაფერი ისე, როგორც გინდა, უნდა იფიქრო, რომ ზუსტად ისეა როგორც გინდა. აბა რა …

აბა როგორ. ასე მაგალითად, გინდა დაბანა და წყალი შეწყდა… არამც და არამც არ  ფიქრობ ”ფუ რა დროს დაწყდა დაბანა მინდოდა”. არა ბატონო ჩემო.  შენ ფიქრობ ”კიდევ კარგი დაწყდა დაბანა მეზარებოდა” აი უკვე სამყარო დაგემორჩილა.  ადიხართ ავტობუსში და არ იხდით მგზავრობის საფასურს განა იმიტომ, რომ არ გაქვთ ან უპასუხისმგებლო ხართ ან რამე სხვა ჩვეულებრივი ადამიანის მიზეზები. არამედ გნებავთ, კონტროლიორს გაესაუბროთ და მერე თითქოსდა მისი გაატანინოთ იმ მიზეზით, რომ მას გაუხარდება და აიღოთ ბილეთი. ხომ არსებობს კეთილი გენიოსებიც.  გშიათ და არ გაქვთ საჭმელი… არ დარდობთ, პირიქით 2 კგ უნდა დაგეკლოთ აშკარად. თუ საჭირო გახდება კიდევ უფრო მეტი. შეყვარებული ხართ და ვერ ქმნით ოჯახს უსახსრობის გამო … ღმერთო ჩემო, რა მოსატანია უსახსრობა უბრალოდ ოჯახური ცხოვრება მოსაწყენია. ჯერ თავს არიდებთ მაინც . ნისიად იღებთ რამეს … განა იმიტომ, რომ ფული არ გაქვთ, უბრალოდ, გამყიდველის ნერვებზე თამაშობთ და მის მოთმინებას ცდით. ხომ არსებობენ ნაგავი გენიოსებიც. გარეგნულად  არანაირი ცვლილება არ არის სჭირო . უბრაოდ მზერაა დასახვეწი. გაიგებთ ახალ ამბავს? ისეთი მზერაა სააჭირო, რომ თითქოს იცოდით და კიდევ თავის ოდნავ დაქნევა.  ამ დროს აღტაცებულ თანამოსაუბრეს, რომელსაც უნდოდა ახალი ამბავი ემცნო თქვენთვის, ღიმილი სახეზე ეყინება. შესანიშნავი გრძნობაა. და საღამოს ამის გახსენება ხომ უფრო უკეთესი.  ყველა კითხვაზე პასუხის ქონა აუციებელია. მინიმუმ თავის მოჩვენება მაინც. არაფრით არ ეთანხმებით ჩვეულებრივ ადამიანებს. არ გაქვთ საწინააღმდეგო აზრი? მერე რა. ის ამტკიცებს რამეს? თქვენ ეუბნებით  ”და თქვენ ყველაფერი ესე მარტივად გგონიათ მეგობარო? რა სამწუხაროა ” და ჩაიცინებთ . აქ მზერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს . ის უნდა იყოს ისეთი, რომ მოსაუბრეს უბრალოდ მოერიდოს კითხვა  ”აბა თქვენ როგორ ფიქრობთ?”. ხომ ვამბობ არ არის ადვილი საქმე გენიოსობა. ჩემი აზრით, გენიოსი ყველაზე მაღალანაზღაურებადი  ადამიანი უნდა იყოს მსოფლიოში. მოიცა, ამ დროს ჩემს გენიოსობასთან წინააღმდეგობაში ხომ არ მოვდივარ? არა რა თქმა უნდა. აი… ხედავთ? ეგრევე ვკლავ ამ აზრს ჩემს თავში. ასეა საჭირო.

მე გენიოსი ვარ. მე ვიცი, რომ ხვალ დილით  ჩემი მეზობელი დონარა შემხვდება  და თავს თვითონ დამიკრავს მიუხედავად იმისა, რომ 63 წლის არის. იმიტომ , რომ მე ის ჩემს გენიოსობაში დავარწმუნე, როცა ვთქვი ”ხვალ იწვიმებს” და მეორე დღეს გაწვიმდა. და მითუმეტეს დავარწმუნე როცა ოდნავ მოჭუტული თვალებით ვუთხარი, რომ მისი ნაოჭები დაახლოებით 50 წელზე მიუთითებდა და არა 63-ზე. ის ხვალ თავს დამიკრავს და მე შევიფერებ. მეორე სართულზე მეზობლის ძაღლი მომელაქუცება მიუხდავა იმისა , რომ მე საამისოდ არაფერს დავუგდებ მას. თვის ბოლოს ავიღებ ხელფასს და ეჭვიც არ შემეპარება , რომ ეს ზუსტად იმდენია, რამდენიც მჭირდება და შეიძლება მომრჩეს კიდეც. რაც მომრჩება იმით აუცილებლად გავხსნი ანგარიშს ბანკში ჩემი მომავალი გენიოსი შვილისათვის და ის ამას იმყოფინებს. უფრო მეტიც,  მადლობასაც შემომითვლის ხოლმე მოხუც გენიოსს და  იტყვის, რომ ამაყობს ჩემით. თუმცა მე ეს სიტყვები არც გამიკვირდება  და არც სასიამოვნოდ დამბურძგლავს იმიტომ, რომ მოულოდნელი არაფერი იქნება. მე ხომ  ამას წინაადების დაწერის წამიდან ვვარაუდობ. არა ვვარაუდობ რას მიქვია, დარწმუნებული ვარ.

იცით, ზოგიერთი ადრეული ასაკიდანვე ამჟღავნებს გენიოსობას. გუშინ საღამოს,  მეზობლის ბავშვი დაეცა ეზოში და მუხლი მარტივად, რომ ვთქვა გადაიყვლიფა. რა თქმა უნდა,  დედამისი რა დედა იქნებოდა რომ არ მივარდნილიყო და არ ეცემა რატომ წაიქეციო. ბავშვმა ძალიან მშვიდად უპასუხა, მაინტერესებდა რა მოხდებოდაო. ფაქტიურად გენიოსია. რა თქმა უნდა მას ეს აფერიტობაში ჩამოართვეს ,მაგრამ მე ხომ ვიცი რომ ის გენიოსია. საერთოდ ჩვეულებრივ ადამიანებს ხშირად ერევათ აფერისტობა და გენიოსობა ერთმანეთისგან .სწორედ ამიტომ მან მიიღო კიდევ ერთი თავში წამორტყმა. სამაგიეროდ, მეორე მეზობლის ბავშვმა რომელმაც სულ რაღაც 2 დღეა ენა აიდგა და ძირითადად მეზობლებს გვაგინებს, ასე უტიფრად დაიმსახურა ვითომ და გენიოსის ტიტული, რადგან მამის დასმულ შეკითხვაზე რა უნდა უთხრა დედას? სწორად გასცა პასუხი ” შენი დედა მოვტყან” . ახარხარდა ოჯახი, სამეზობლო გამხიარულდა და რაღა დაგიმალოთ ჩემზე ნაკლებად არც მას სჯერა, რომ გენიოსია. ვერ ვიტან დაუმსახურებლად მინიჭებულ ტიტულებს. და გულითადად ვგულშემატკივრობ პირველი მეზობლის ბავშვს, რომელიც მოვლენებს უნდა ვინმეს თუ არა თავის სასარგებლოდ იყენებს.

მოკლედ, მე გენიოსი ვარ და ამაყად ვინარჩუნებ ამ ტიტულს. მჯერა, რომ სამყარო მე მემორჩილება, რომ ისეა ყველაფერი როგორც მე მინდა, რომ  თუ მომინდება ყველაფერის შეცვლა შემიძლია, რომ ძალიან კარგად ვარ, რომ ყველაფერი ვიცი, ყველაფერი მესმის.

და ბოლოს, ჭეშმარიტი გენიოსი ყოველთვის კითხულობს თავის ნააზრევს, რათა იმაზე დიდი სიამოვნება მიიღოს ვიდრე ვითომდა ”კლასიკოსების ნაჯღაბნების ” კითხვისას იღებს. ხოდა მეც გადავავლე ამ ნაწერს თვალი… გენიალურია… უბრალოდ ერთი უმნიშვნელო კითხვა მაწუხებს. შემთხვევით თვითკმაყოფილი იდიოტი ხომ არ ვარ ?!  ამ კითხვამ რაღაც ძალიან მოუხშირა სტუმრობას.  ღმერთმანი, რა უცნაურია …

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები