ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2015


.................................................

აი, ასეა:
შენმზეშემომდგარს არ მაწუხებს სხვა სადარდელი...
შენ ყველა ჩემი დარდი გადაფარე,
ყველა ჩემ ტკივილზე მეტი გახდი...
ახლა მზის გულზე ვდგავარ და ვითვლი:
დღეებს კი არა, წუთებს, როცა
არ ვიყავი და არ გიცნობდი;
არ ვიყავი და არ მიყვარდი;
არ ვიყავი და...
და მაწუხებს ეს უშენობა,
იმდროინდელი უშენობა, როცა ჯერ კიდევ არ ვიყავი;
დედის საშოში გაყურსულს ალბათ,
დედა მეგონა შენი თავი,
ანდა პირიქით,
ჩემთვის მაშინ დედა იყო მიწაც,
ქვეყანაც,
ზეცაც,
სამშობლოც...
ახლა ხომ ვარ;
ახლა ხომ გხედავ;
ახლა გიცნობ;
ახლა გიღიმი...
და მაინც...
მაინც:
რაღაცნაირად არ მყოფნიხარ...
რაღაცნაირად ვერ გკმარობ...
უფრო მეტი მინდა იყო:
მზეზე მეტი,
ცაზე მეტი,
მიწაზე მეტი,
ყველა ჩემ დარდსა და ტკივილზე მეტი;
ყველა სიხარულზე მეტი...
ვერ გიტევ გულში...
გულიდან მსურს გამოგიტანო...
სხეულის ყველა უჯრედში ჩაგატიო;
გაქციო პლაზმად,
რომ სისხლად იარო ჩემ ძარღვებში...
არადა, ვატყობ ანემია მჭირს...
ანუ მაკლიხარ,
ანუ არ მყოფნი...
მინდა ხელები გავშალო და მკერდში ჩაგიკრა...
თუმცაღა ვხვდები, დამეკარგები...
იმ გამოცანასავით ხარ,
ბავშვობაში რომ მუდამ მაოცებდა:
ჭალას ჩიტი მომკვდარიყო,
დიდ ქვაბში ვერ ეტეოდა,
პატარაში სულ არ იყოო.
მარადიულად აუხსნელო და სამარადისოდ ახსნილო,
შენმზეშემომდგარს შემოდგომა შემომადგა ახლა სხეულზე,
შენი ზღვისსურნელითგაჟღენთილი,
შენი ფერებითუხვი,
შენი ოქროსფერითოქროცურვილი შემოდგომა,
გოლეულივით ტკბილი რომაა და თრობა რომ იცის...
და არ მაწუხებს სხვა სადარდელი,
და აღარ მტკივა სხვა სატკივარი:
შენზე დარდის და ტკივილის გარდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები